მუსიკა

პეტ მეთინის იმპროვიზირებული შოუ თბილისის ჯაზ ფესტივალზე

Marketer.ge

მარტი 25, 2019

ფავორიტი ჯაზ მუსიკოსების იმიტატორიდან, ინოვატორობამდე, თინეიჯერი ვუნდერკინდიდან ბერკლის ყველაზე ახალგაზრდა ტუტორამდე – ასეთია პეტ მეთინის მუსიკალური გზა. ბავშვობაში, მაილს დევისის „Four & More“-ის მოსმენის შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. პირველი ინსტრუმენტი საყვირი იყო, თუმცა ბითლზის გამოსვლის ნახვით აღფრთოვანებულმა გიტარა არჩია.


მოზარდობის პერიოდში დღის უდიდეს ნაწილს ინსტრუმენტთან მუშაობას უთმობდა. გატაცებული იყო იმ პერიოდის ჯაზ გიგანტების შემოქმედებით, როგორიცაა თელონიუს მონქი, ჩარლი პარკერი, სონი როლინსი და, რა თქმა უნდა, ფავორიტი გიტარისტი უეს მონტგომერი, რომლით აღფრთოვანებაც 60 წელს გადაცილებულ მუსიკოსს ახლაც მოჰყვება.

თითოეულ ჩამოთვლილ მუსიკოსს მკაცრად ჩამოყალიბებული ინდივიდუალური ხელწერა ახასიათებდა და მეთინიც სწორედ ამ გზის გავლას ცდილობდა. როდესაც 70-იანი წლების დასაწყისში ვიბრაფონისტ გარი ბარტონის კვარტეტში მოხვდა, სტანდარტები საკმარისი არ აღმოჩნდა მისი მუსიკალური ბუნებისთვის. ცდუნება, რომ სადებიუტო ალბომი სწორედ მსგავსი კომპოზიციებისგან შემდგარიყო, დიდი იყო. თუმცა, დიდი იყო გამოწვევაც. რითი უნდა ყოფილიყო დამწყები ჯაზ მუსიკოსის „Autumn Leaves” გამორჩეული იქამდე შესრულებული ვერსიებისგან?


ამავე პერიოდში ახლო მეგობრობა აკავშირებდა ლეგენდარულ, თუმცა, იმ დროისთვის დამწყებ ბასისტთან – ჯაკო პასტორიუსთან. სხვადასხვა თაობის მუსიკოსებთან მიღებულმა გამოცდილებამ, მეთინის შემდგომი პერიოდის ორიენტირი გამოკვეთა. იგი მიხვდა, რომ გიტარა როგორც ინსტრუმენტი, უფრო დიდ შესაძლებლობას იძლეოდა, ვიდრე იმ პერიოდის მუსიკოსები იყენებდნენ. ამ საშუალებების აღმოჩენა კი, პრაქტიკას და, რაც მთავარია, კომპოზიცირების საფუძვლების კარგ ცოდნას მოითხოვდა. იმპროვიზაციის ის უნარი, რომლითაც მსმენელი წლების შემდეგ კვლავ იხიბლება, სწორედ ამ პერიოდში იღებს სათავეს.

თავისთავად კი არაფერი არ ხდება – მეთინის სიყვარულმა სხვადასხვა სტილის მუსიკისადმი, სწორედ ეს შედეგი გამოიღო. ამით ახერხებს იგი თანაბრად დაფასებული იყოს მუსიკალურ წრეებში და მსმენელშიც მოიპოვოს პოპულარობა. შემოქმედებითობის მსგავსი ნაზავი და ფართო აუდიტორიაზე წვდომა ჯაზ მუსიკოსისთვის ადვილი როდია.


პეტ მეთინის ჯგუფი – გიტარისტის სახლია, რომელიც წლებია უკვე შენდება. სწორედ აქ იპოვა მან ის მუსიკალური სიმყუდროვე, რომელსაც სხვადასხვა შემსრულებლებთან ერთად დღემდე ქმნის. მისი მუსიკალური პალიტრის მაგიურობა, სწორედ ინდივიდუალური კულტურული გამოცდილების გააზრებაშია.


უამრავი გრემის, ფილმებისთვის მუსიკის წერის შემდეგ, მეთინი ჟღერადობასა და მუსიკოსებთან ექსპერიმენტირებას აგრძელებს. თანამშრომლობა ჯონ სკოფილდთან, free jazz ალბომი ინოვატორ ორნეტ ქოულმენთან და მინიმალისტ სტივ რეიხთან – პეტ მეთინის მუსიკამ გიტარა ჯაზ მუსიკაში საყვირისა და საქსაფონის მნიშვნელობის დონეზე აიყვანა


პირველად დაარსებიდან, 22 წლის განმავლობაში ფესტივალის პირველი ღონისძიება კონსერვატორიის დიდ დარბაზში 28 თებერვალს გაიმართა, ამასთანავე, პირველი ღონისძიება ქართველ შემსრულებლებს – თბილისის ბიგ ბენდს და ჯაზ მუსიკოსების ახალ თაობას დაეთმო – რაც გამოწვევა იყო თავად ბენდისთვის, ქალაქისთვის, აუდიტორიისთვის.


ბიგ ბენდში ცვლილებები, კონსერვატორიის ახალგაზრდა სტუდენტების როტაციით იყო განპირობებული. იმის გათვალისწინებით, რომ კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, ხშირად საქართველოში უპერსპექტივოა მუსიკოსთა ბედი, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს შემთხვევა მეტნაკლებად მომავალში ხელს შეუწყობს მათ სტაბილურ შემოქმედებით ზრდას.


1 მარტს ფესტივალის მეორე და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე აღმოჩნდა. მეთინის ტრიო სპეციალურად თბილისური საღამოსთვის შეიკრიბა. გიტარისტის გარდა, ტრიოს შეადგენდა ჯონათან ბარბერი, რომელიც 28 წლის ასაკში უკვე დასახელდა ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა დრამერად „Modern Drummer“ გამოცემის მიერ. სოლო კარიერის გარდა კი, იგი ლიდერია ბენდში „Vision Ahead“, რომელიც გოსპელსა და ფანკის ჟღერადობას ჯაზთან აზავებს.


თავისუფალი იმპროვიზაციის წარმომადგენელი, პოლონელი დერეკ ოლეჟკიევიჩი კი ჯაზის სრულიად სხვა სამყაროდანაა. მუსიკოსებისთვისაც ეს ერთობლივი პირველი გამოსვლა აღმოჩნდა აუდიტორიის წინაშე, შესაბამისად წინასაკონცერტო მოლოდინი დიდი იყო.


20:00 საათზე ივენთ ჰოლის კარები გაიხსნა და მსმენელმაც შეკრება დაიწყო. თვალსაჩინო აღმოჩნდა მათი მრავალფეროვნებაც, იშვიათად თუ შეესწრები თბილისში ღონისძიებას, სადაც სასულიერო პირი და 20 წლის ფერადი ჰიპსტერი გოგონა ერთ სივრცეში მუსიკის მოსასმენად იკრიბებიან. მალევე ყველა ადგილი შეივსო და მუსიკოსებიც სცენაზე გამოჩნდნენ.


პირველი კომპოზიცია მეთინმა მისივე ხელით მოდიფიცირებულ, უნიკალურ 42 სიმიან ე.წ. პიკასო გიტარაზე შეასრულა. დასაწყისიდანვე იგრძნობოდა, რომ სრულიად გენიალური და შემოქმედებითი მუსიკოსის წინაშე ვისხედით – უძრავად და გარინდულები. მალევე მას ტრიოს ორი დანარჩენი წევრიც შეუერთდა. შუალედებში მუსიკოსი ინსტრუმენტებს ცვლილიდა, პიკასო გიტარა მალევე ჩაანაცვლა Roland GR-300-მა, რომელიც მეთინისთვის, როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი ფავორიტია და მისი დახმარებით სხვადასხვა მუსიკალურ ტერიტორიაზეც ახერხებს თავისუფლად შებიჯებას. ამასთან, წარმატებით და უბრალოებით, მუსიკოსი ბალადებისთვის სტანდარტულ ექვსსიმიან გიტარასაც იყენებდა. აშკარა იყო, რომ მეთინმა საკუთარ, 40 წლიან გამოცდილებაში ისეთ მუსიკალური ენისა და ტექნიკის შემუშავება შეძლო, რომელიც ინსრუმენტებსა და სტილებს შორის ლაღად მიმოიქცეოდა.


ტრიოს სხვა მუსიკოსები, ოლეჟკიევიჩი და ბარბერი სრულყოფილ აკომპანიმენტს უწევდნენ გიტარისტს. ორივე მათგანს საღამოს განმავლობაში საკუთარი ინდივიდუალური სტილის წარმოჩენის შესაძლებლობა მიეცა. ახალგაზრდა ბარბერისთვის ვეტერანებთან ერთად დაკვრა შესანიშნავი საშუალება აღმოჩნდა. მისი კომპლექსური, დახვეწილი დაკვრის სტილი მთლიან შესრულებას ჯაზისთვის დამახასიათებელ „ზანგურ“ და აუცილებელ კომპონენტს მატებდა.


მთლიანობაში ტრიო ერთმანეთთან კარგად შეთამაშებული აღმოჩნდა, მეთინის ლიდერობის დაჩრდილვა სხვა წევრებს არც უცდიათ, თუმცა, უკან მათი დაკვრის ლაღი სტილი შეუმჩნეველი არ რჩებოდა.


ფესტივალის ბოლო დღე უფრო მასშტაბური აღმოჩნდა -ამჯერად ფილარმონიის დიდ დარბაზში. მსმენელმა 1 საათით ადრე დაიწყო შეკრება. ასაკობრივი თუ სოციალური სტატუსის მრავალფეროვნება აქაც შეიმჩნეოდა. რამდენიმე მოკლე გასაუბრების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ უამრავი მათგანი ფილარმონიის სივრცეს პირველად სტუმრობდა და წინ დიდი შთაბეჭდილების დიდი დოზა ელოდათ.


დარბაზი თითქმის სრულიად გაივსო. მუსიკოსის მენეჯმენტმა მკაცრად მოითხოვა ფოტო/ვიდეო გადაღების შეზღუდვა და სხვა წინა გამოცდილებებისგან განსხვავებით, ეს თხოვნა გასაკვირად გათვალისწინებული აღმოჩნდა აუდიტორიისგან.


ფილარმონიის დიდ დარბაზში წარმოდგენილი პროექტი გასული საღამოსგან სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. ტრიოს გარდა, სცენას თბილისის სიმფონიური ორკესტრი ამშვენებდა. პროექტი ამჯერადაც ექსპერიმენტული იყო. „Beyond the Missouri Sky“ – მეთინის და რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი ლეგენდარული კონტრაბასისტის, ჩარლი ჰეიდენის 1997 წლის ალბომია. დუეტმა შემოქმედების საწყისი წლები სწორედ ამერიკის შუადასავლეთში გაატარა. ალბომმა თავის დროზე გრემის ჯილდო დაიმსახურა საუკეთესო ჯაზ შესრულებისთვის. სხვა კომპოზიტორების ნამუშევრების საკუთარი ინტერპრეტაციის მოსმენის შემდეგ, ადვილად მისახვედრია, თუ რატომ იქნა ეს მომენტი აღნიშნული ჯაზ მუსიკის ისტორიაში.


ჰეიდენის შეცვლა ოლეჟკიევიჩისთვის თამამი ნაბიჯი აღმოჩნდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ შესრულების დროს ძირითადი აქცენტი მაინც მეთინისა და სიმფონიური ორკესტრის შეკავშირებაზე მოდიოდა. გიტარისტმა ისევ რამდენიმე ინსტრუმენტი გამოიცვალა საღამოს განმავლობაში. ჩემი ფავორიტი კომპოზიცია „The Moon Is A Harsh Mistress“ აღმოჩნდა, რომელიც მეთინმა ექვსსიმიან გიტარაზე შეასრულა. უნდა აღინიშნოს ორკესტრის და მაესტრო ვახტანგ კახიძის სრული სინქრონული კავშირი ტრიოს სხვა წევრებთან.

სიმყუდროვეში აღმოჩენილი მსმენელი მეთინის შემოქმედებითი ბუნების მასტერკლასის თვითმხილველი შეიქმნა, ალბათ, ჩარლი ჰეიდენიც სადღაც იქ, მისურის ცის მიღმიდან დაჰყურებდა თბილისში მოქმედ სასწაულს.


საღამოს დასასრულს გიტარისტმა აღნიშნა რომ 40 წელი მოუნდა საქართველოში მოხვედრას და შემდგომი ვიზიტის სურვილიც გამოთქვა, ჩვენც იმედი ვიქონიოთ, რომ შემდეგ წლებში სულ სხვაგვარი რაკურსით შევძლებთ მეთინის მუსიკალური უნიკალურობის შეგრძნებას.


ავტორი: Marketer.ge