ბიზნესი

თვითგანვითარება, როგორც ცხოვრების წესი

თიბისი სტატუს შეხვედრები

მარტი 25, 2019

სტატუს შეხვედრები


„არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ შენ, რას საქმიანობ, ან რა მიზნები გამოძრავებს ცხოვრებაში. ყოველ დღე გაქვს ახალი შანსი და შესაძლებლობა, რომ განვითარდე და შეიცვალო - გახდე საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.“ - ზუსტად არავინ იცის ვინ და როდის თქვა ეს სიტყვები, თუმცა ადამიანების მოტივაციის ასამაღლებლად შექმნილი ვებ-გვერდები მათ ხან მაჰათმა განდის, ხანაც მადონას და ზოგადად ბევრ სხვადასხვა წარმატებულ ადამიანს მიაწერენ. გამორიცხული არც ერთი ავტორი არაა, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ სფეროში თვითგანვითარება ყველა ადამიანისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. 


რა არის თვითგანვითარება? მარტივად - წინგადადგმული ნაბიჯები უკეთესი „მე“-სკენ. უფრო ვრცლად კი, მთელი ცხოვრების ხანგრძლივი პროცესი, რომლის განმავლობაშიც ადამიანები საკუთარ შესაძლებლობებს განსაზღვრავენ, ახალ მიზნებს ისახავენ და პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებას ცდილობენ.



„ადამიანს არა მარტო გააჩნია უნარი რომ განვითარდეს, არამედ ეს მისი არსებობის ერთ-ერთი ფორმაა. თუ ადამიანი არ ვითარდება, ეს ნიშნავს, რომ ბუნებას, კოსმოსს ეწინააღმდეგება. გამოვა, რომ თითქოს ბუნებას უფრო მეტი სჯერა ჩვენი, ვიდრე ჩვენ ჩვენი თავის. განვითარებას სხვა ვერ მოიტანს. სხვამ შეიძლება გაკვეთილი მოიტანოს მხოლოდ, ამოხსნას კი ჩვენი ნებისყოფა და აზროვნება სჭირდება. ამდენად, ადამიანი „განწირულია“, რომ თვითგანვითარებას მიჰყვეს და თუ ამაში გარემო ხელს არ შეუწყობს, ან ადამიანი გაიქცევა ან გარემო დეგრადირდება.“ - ანდრო დგებუაძე, ფილოსოფოსი.


სხვადასხვა გამოცდილებებითა და გადაწყვეტილებებით ფორმირებასა და ჩამოყალიბებას ადრეული ასაკიდან - სახლიდან, საბავშვო ბაღიდან, სკოლიდან ვიწყებთ და ეს მთელი ცხოვრება გრძელდება. სწორედ ამიტომ, სასურველი აწმყოსა თუ მომავლის შესაქმნელად, თვითგანვითარება არა ერთ-ერთი საფეხური ან ეტაპი, არამედ ხანგრძლივი და დაუსრულებელი პროცესია. 


“კაცობრიობამ ჯერ კიდევ ათასწლეულების წინ დასახა თვითშემეცნება ნაყოფიერი ცხოვრების ამოსავალ პრინციპად. ამიტომ, თვითგანვითარებაზე ზრუნვა, შესაძლოა, ადამიანის უმაღლეს პასუხისმგებლობებს შორის მოვიაზროთ.” - პაატა პაპავა, განათლების სფეროს ექსპერტი.



21-ე საუკუნის ცხოვრების სტილმა, სადაც გარემო მუდმივად ცვალებადია, ადამიანები კი თითქმის ვერაფერს ასწრებენ - ცხოვრების აჩქარებულმა ტემპმა საკუთარ თავთან დარჩენის დრო წაგვართვა. არადა, იმ შესაძლებლობების განვითარება, რომლებიც პიროვნულად და პროფესიულად გვზრდის, ჩვენივე კმაყოფილებას, კომფორტსა და კეთილდღეობას განსაზღვრავს. ამიტომ, მნიშვნელოვანია წინასწარ გავიაზროთ - რა მოხდება თუკი ამ პროცესს შევწყვეტთ?


„ადამიანები ხშირად ვფიქრობთ, რომ მივაღწიეთ სასურველ ეტაპს, გავხდით რაღაცის მენეჯერები, გვაქვს “ამდენწლიანი” გამოცდილება. სამწუხაროდ, ასეთი ნიშნულები აფერხებს იმ აუცილებელ აქტივობას, რასაც დღევანდელი ეპოქა განვითარებად მოიაზრებს. არ არსებობს სფერო, პროფესია ან თუნდაც თემა, რაზეც ადამიანს შეუძლია თქვას, რომ სრულად დაეუფლა ან ზედმიწევნით კარგად იცის. მრავალწლიან გამოცდილებას გამდიდრება და ხშირად შეცვლაც კი სჭირდება. ადრე გულდასმით ნასწავლს კი - განახლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცირე უნარებითა და მწირი ცოდნით მოგვიწევს ახალ მოცემულობაში საკუთარი ადგილის მოძებნა, შემდეგ კი თავის დამკვიდრება.“ - მედეა ტაბატაძე, HR სპეციალისტი.

სხვა კომპონენტებთან ერთად სწორედ თვითგანვითარება ქმნის წარმატების მტკიცე საფუძველს. თვითგანვითარება, ანუ საკუთარ თავზე მუშაობის უნარი, არსებობს იმისთვის, რომ ახალი გადაწყვეტები, შესაძლებლობები და მიმართულებები აღმოგვაჩენინოს. ამისათვის კი ძველმა ადგილი უნდა დაუთმოს ახალს. ამიტომ, მუდმივად უნდა დავუსვათ საკუთარ თავს კითხვები: ვინ ვარ მე დღეს? საით მივდივარ? როგორი მინდა რომ ვიყო მომავალში?


თუკი გგონია, რომ შენი საქმე ყოველდღიურ რუტინად და მონოტონურ პროცესად იქცა, უნდა გახსოვდეს, რომ ერთი და იმავე გარემოში და პოზიციაზეც კი არსებოს შენში ამოუწურავი რესურსი - განავითარო საკუთარი თავი და აღმოაჩინო სრულიად ახალი შესაძლებლობები. საინტერესოა იმ ადამიანებზე დაკვირვებაც, რომლებიც დატვირთული პროფესიული თუ პირადი ცხოვრების რიტმში, მაინც ახერხებენ მუდმივ განვითარებას.


„დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ დილის რიტუალს. დილის პოზიტიურად დაწყება დიდ გავლენას ახდენს დღის შედეგებსა და განწყობაზე. ასეთი დილა ძალას მაძლევს გავუმკლავდე ახალ ამოცანებს და ვიარო ჯერ კიდევ ჩემთვის გაუკვალავ ბილიკებზე. ყოველდღიურად ვიღებ ახალ ინფორმაციას - იქნება ეს კარგი წიგნი, ახალგაცნობილი ადამიანისგან მიღებული ცოდნა, თუ ბავშვებთან ერთად ნანახი ვიდეო. შემდეგ ვფიქრობ - ჩემს პროფესიულ კონტექსტში როგორ შემიძლია ამ ახალი ცოდნის გამოყენება. ყოველი პროექტის დაწყების წინ, ან მიზნის დასახვისას, ჩემს თავს ვეკითხები: მივიყვან თუ არა ბოლომდე, ან გავაკეთებ თუ არა ამ საქმეს მთელი გულით იმ შემთხვევაშიც, თუკი დიდი დაბრკოლება შემხვდება გზაზე? თუ ამ კითხვებზე ჩემი პასუხია “კი”, მაშინ ვხვდები, რომ ეს მიზანი ჩემია.”- ეკა ბაბუნაშვილი, ქოუჩი და ბიზნეს ტრენერი


თვითგანვითარების ხანგრძლივ პროცესში მნიშვნელოვანია დიდი მიზნიდან პატარ-პატარა ამოცანები და ყოველდღიური ნაბიჯები განვსაზღვროთ, ახალი მიგნებებით ეტაპობრივად მივუახლოვდეთ სასურველ შედეგს.  


„ყოველთვის მაქვს თვის ახალი სფერო, რაზეც უნდა მოვიძიო ლიტერატურა ან ინფორმაცია. მაქვს კვირის სამეცადინოც, რომლის დროსაც 2 საათი აუცილებლად უნდა ვისწავლო -ვგულისხმობ ონლაინ სასწავლო პლატფორმებსა და წიგნებს; კრეატიული აზროვნების განვითარებისთვის კი უქმე დღეებია ეფექტური, როდესაც მხატვრული ლიტერატურა გონებას ხან ამსუბუქებს, ხან კი ახალ ფიქრებს აჩენს. ინტერესის გასაჩენად ან დასაზუსტებლად ერთი კარგი მეთოდიც არსებობს - თუ უცხო სიტყვას, ახალ ტერმინს ან მოვლენას გადააწყდებით, აუცილებლად მოძებნეთ და გაიგეთ მისი მნიშვნელობა.“ - მედეა ტაბატაძე, HR სპეციალისტი.


„თვითგანვითარებისთვის რამდენიმე ოქროს გასაღებს ვიყენებ. პირველი უდავოდ არის კითხვა. კითხვა ავითარებს წარმოსახვას, ემპათიას, კრიტიკულ აზროვნებას, ამიტომ ვკითხულობ თითქმის ყველგან და არა მხოლოდ პროფესიულ-საქმიან ლიტერატურას. მეორე არის ფორმალური თუ არაფორმალური სასწავლო აქტივობები. ვარ MOOC-ების - მასობრივი ღია ონლაინ კურსების აქტიური მომხმარებელი. სწავლაზე ორიენტირებული ადამიანისთვის, შეიძლება თამამად ითქვას, სამოთხეში ვცხოვრობთ. კიდევ ერთი დიდი ოქროს გასაღებია მოსმენა. ვცდილობ, გულისყურით ვუსმინო ადამიანებს. ვუსმენ, როგორც ცოცხალი ინტერაქციისას, ისე მიმოწერაში. წიგნების, სპექტაკლების, ფილმების პერსონაჟებსაც კი ვუსმენ. ადამიანები უამრავ რამეს ამბობენ, რაც განვითარების იმპულსებითა და ახალი აღმოჩენებით გვამდიდრებს. მუდმივი განვითარებისთვის კიდევ ერთი წყარო არსებობს - ურთიერთობა ბავშვებთან.“ - პაატა პაპავა, განათლების სფეროს ექსპერტი.


დღევანდელი დინამიური, დატვირთული და საინტერესო პროცესების პარალელურად, თიბისი სტატუსი მომხმარებლებს, სამუშაო გარემოს გარეთ, სხვადასხვა ცოდნის გამრავალფეროვნებასა და ცხოვრებისათვის მეტ დროს სთავაზობს. 2 თვის წინ ამ მიზნით საგანმანათლებლო პლატფორმა - თიბისის სტატუს-შეხვედრები გაჩნდა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები თიბისი სტატუსის მომხმარებლებს ხვდებიან, საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და უბარლოდ იდეებს უზიარებენ იმ თემებზე, რომლებიც ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც სამუშაო გარემოში, ისე ყოფით ცხოვრებაში.  


თითო შეხვედრასა და შერჩეულ თემას თითო სპიკერი ჰყავს. ანდრო დგებუაძემ, ეკა ბაბუნაშვილმა, ლევან გიგინეიშვილმა, მედეა ტაბატაძემ, პაატა პაპავამ, გიორგი პოპიაშვილმა უკვე ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ემოციური ინტელექტი, კრიტიკული აზროვნება, განათლება ბავშვებში, მენეჯმენტის ტიპები. სპიკერები და თემები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ყველა მსურველი იგებს რაღაც ახალს, მნიშვნელოვანს და მისთვის საინტერესოს.


დიდი ინტერესის გამო შეხვედრები ახლა უკვე კვირაში ორჯერ ჩატარდება და დედაქალაქსაც გასცდება. მომდევნო შეხვედრების გეგმა ასეთია:


12 მარტი - თამარ გაგოშიძე

13 მარტი - ნიკო ნერგაძე და ჯიმი რეხვიაშვილი

15 მარტი - ბათუმი; ანდრო დგებუაძე


თიბისის სტატუს-შეხვედრები მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება. თიბისი სტატუსის მომხმარებლები ყოველი მომდევნო შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ფოსტით მიიღებენ, რის შემდეგაც, დასწრების მსურველები რეგისტრაციას გაივლიან.


ავტორი: მარიამ ყანჩაველი

ფოტო: რეზი ყენია, გიორგი ნაკაშიძე, გურამ კაპანაძე