ლიტერატურა

ჯემალ ქარჩხაძის ლიტერატურული განზომილება

saba.com.ge

მაისი 12, 2019

ეპოქა დიდ გავლენას ახდენს მწერალზე, მისგან ითხოვს დათმობასა და კომპრომისს, ავალებს, აშინებს, „ათვინიერებს“. თუ გადავხედავთ სამოცდაათწლიან საბჭოთა სისტემას, ლიტერატურას, რომელიც ამ გალიის პირობებში ვითარდებოდა, ბევრ მწერალსა თუ ლიტერატურულ ტექსტთან დაკავშირებით გვეცვლება წარმოდგენა.


თუმცა, არიან ისეთი მწერლები, რომლებიც ამ კონიუნქტურას არ ემორჩილებიან, წერისა და ცხოვრების საკუთარი წესები აქვთ, ყოველთვის ცალკე არიან და საზოგადოების ერთგვარ სინდისს წარმოადგენენ. ასეთი იყო ჯემალ ქარჩხაძეც, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი პროზაიკოსი, მოაზროვნე, პუბლიცისტი.



თავად მწერლისვე ჩანაწერი რომ გამოვიყენოთ, არსებობს პროზა, რომელიც კი არ უნდა წაიკითხო, არამედ უნდა იკითხო, ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებები სწორედ ასეთია.


გთავაზობთ, ჯემალ ქარჩხაძის რამდენიმე მნიშვნელოვან დებულებას, რომელიც მისი მხატვრული თუ პუბლიცისტური ნაწარმოებებიდან ამოვკრიფეთ თქვენთვის, 21-ე საუკუნის მკითხველისთვის, რომელმაც ჯემალ ქარხაძის პროზა ჯერ კიდევ ახლა უნდა აღმოაჩინოს.


ენა - „ განსხვავებით ცხოველისაგან‚ რომელიც ორ განზომილებაში – დროსა და სივრცეში – ცხოვრობს‚ ადამიანი ცხოვრობს სამ განზომილებაში – დროში‚ სივრცეში და ენაში“.


ღმერთი - „ღმერთი ორიენტირია, რომელიც მატერიის სამგანზომილებიანი სამყაროდან გასასვლელ და ახალი ცნობიერებისაკენ მიმავალ გზას გვიჩვენებს. სხვა დანარჩენი ჩვენი საქმეა. ბედის ჩარხს ჩვენ თვითონ ვატრიალებთ და ვატრიალებთ ისე, როგორც ჭკუა და სინდისი გაგვიჭრის. თითქმის მთელი ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, სამწუხაროდ, ჭკუაცა და სინდისიც ისე გვიჭრიდა, რომ ერთთავად უკუღმა ვატრიალებთ.“


საშველი - „ერთადერთი საშველი ისაა, მომავალ თაობას ვუშველოთ. მათ ბევრი არაფერი სჭირდებათ ჩვენგან, მხოლოდ ის, რომ ჩვენი მოწამლული ფსიქიკა არ გადავდოთ და ჩვენი მღვრიე სული არ ჩავუდგათ. დანარჩენს თვითონ იზამენ, ვინაიდან მრავალი ძარღვი (მათ შორის ნიჭი) ჯერ კიდევ ცოცხალი და ჯანსაღი გვაქვს.“ 


შეცნობა - „კაცმა რომ თქვას, სამყაროს შეცნობა და საკუთარი თავის შეცნობა, შეიძლება ერთი და იგივე იყოს, რადგან შეიძლება საკუთარი თავი შეიცნო სამყაროში, ან პირიქით, სამყარო შეიცნო საკუთარ თავში, თუმცა უმჯობესია პირველი... საკუთარი თავის შეცნობა უსასრულო გზაა... ადამიანს არ შეუძლია ბოლომდე ამოწუროს თავისი თავი. ბოლომდე როგორც კი ამოწურავს, ის უკვე ადამიანი არ იქნება და ამ თვალსაზრისით წაშლის საკუთარ თავს. ამ გამოთქმაში არ არის ჩადებული ნეგატიური აზრი... როგორც ადამიანი, კარგი გაგებით წაიშლები, თუმცა ვერ გეტყვით რა იქნება იგი საკუთარი თავის ამოწურვის შემდეგ.“


პატარა ქვეყანა - „პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია. ჩვენი ქვეყანა კი იმდენად პატარაა, ხელები რომ გაშალო, თავ-ბოლოს მიწვდები. ასეთ ქვეყანას სხეულივით უნდა გრძნობდე და როცა შენს მიწაზე უცხო მოძალადე დადის, ისე უნდა გტკიოდეს, თითქოს შენს სხეულზე დადიოდეს და შენს სხეულს თელავდეს“.


ადამიანის ცხოვრება - „ადამიანის ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა საიდუმლოებების მუდმივი ძიება, მათი მიგნება და სინათლეზე გამოტანა. ადამიანის საიდუმლო ამოუწურავია, მაგრამ რაღაცის გამოაშკარავება შესაძლებელია. სწორედ ამოხსნილი საიდუმლოებებით განსხვავდება დღევანდელი ადამიანის თვალსაწიერი გასული საუკუნეების ადამიანთა თვალსაწიერისაგან. ოდესღაც ადამიანი ლაპარაკობდა ჯადოსნურ სარკეზე, მფრინავ ხალიჩაზე... ყველაფერი ეს გარკვეულწილად რეალობად იქცა: ადამიანმა გამოიგონა ტელევიზორი, საფრენი აპარატი... ასე რომ, საიდუმლოებების ამოხსნა შეიძლება, ამოწურვა კი არა.“


ლიტერატურული მოდა - „ყოველნაირ მოდას, მათ შორის ლიტერატურულსაც, საკმაოდ ლოიალურად ვუყურებ, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, ზიანის მოტანა არ შეუძლია; ყოველშემთხვევაში, იმდენი ზიანის მოტანა არ შეუძლია, რომ მისი გამაწონასწორებელი (თუ მეტი არა) სარგებელიც არ მოაყოლოს. წამოუბერავს ქარი – ხან ზენა, ხან ქვენა, – ბუღს დააყენებს, ფოთლებს აშლის და აათამაშებს, მერე ჩადგება, ბუღიც გადაივლის და ფოთლებიც ისევ ძირს დაეფინება. თითქოს ესაა და მეტი არაფერი. სინამდვილეში ქარს თან მცენარეთა მტვერი მოაქვს და სხვა მცენარეებს, რომლებიც ვინ იცის რამდენ ხანს ელოდნენ ამ ქარს, ანაყოფიერებს. მაგალითების დასახელება გამიჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არა ერთი და ორი მწერალი იქნება ლიტერატურის ისტორიაში, ვინც სწორედ მოდის მძლავრი მოქცევის დროს იპოვა საკუთარი თავი, საკუთარი ჟანრი, საკუთარი სტილი, საკუთარი შემოქმედებითი დანიშნულება. ქვას, რომელიც მაგრად არის მოჭიდებული ფსკერს, დინება ვერ წაიღებს, იმათგან კი, რომლებსაც წაიღებს, ბევრს უკეთეს ადგილსამყოფელს მიუჩენს.“


ჯემალ ქარჩხაძის ხელნაწერი

წყარო: saba.com.ge