დეკემბერი 01, 2023
გულს ვჩუქნი წიგნებს და მიუხედავად იმისა, რომ აქ ჩამოთვლილ ხუთ წიგნს ბევრი არაფერი აქვთ საერთო გარდა იმისა, რომ ავტორებს დიდებული იდეები დაებადათ თავში, ჩემთვის, როგორც რიგითი მკითხველისთვის კუზიან დედამიწაზე, რომელიც „ჰბრუნავს და გვაბრუნებს ყველას“, ამ წიგნებს ის განცდები და გათენებული ღამეები აერთიანებს, რომლებიც ჩემს გულს დაუტოვეს სახსოვრად.
პატარა ჩვევად მაქვს, წიგნის ბოლო ფურცელზე მივაწერო კითხვის დასრულების თარიღი, საათი და ლოკაცია. ასე ვხუფავ ხოლმე წიგნებს და ყოველი გადაშლისას ტკბილი მურაბასავით მეღვრება ტანში მათთან დაკავშირებული მოგონებები.
ანა კორძაია-სამადაშვილი - „ზინკა ადამიანი“
21 აგვისტო 2022 წელი 02:43სთ - ნანუკამ დაამთავრა წიგნის კითხვა (ერთ დღეში) და ძალიან, ძალიან ბევრი იტირა მისაღებ ოთახში, სავარძელში.
„და დედამიწა ტრიალებდა, ალექსი მღეროდა, და გოგოები ცეკვავდნენ, ხან ბიჭებთან ერთად, ხან მეგობარ ქალებთან ერთად, ხანაც მარტოკები და კაბები უფრიალებდათ და თვალები უციმციმებდათ“ და რა კარგია, როცა ჩუმი ცხოვრებაც გაბედნიერებს - ვიფიქრე, როცა პირველად წავიკითხე ეს სიტყვები.
იყო და არა იყო რა, იყო ანა კორძაია-სამადაშვილი და იყო „ზინკა ადამიანი“, რომელმაც ჩემს გონებაში ზაფხულის ღამის სიზმრად დაიმკვიდრა თავი და რამდენიმე საათით თბილისური ეზოს მკვიდრად მაქცია, სადაც ლამაზების დაკრულ აკორდეონზე თმაგაშლილი და ჭრელი კაბით ვცეკვავდი.
ამბავი ისეთია, ყველა სამეზობლოს, სამეგობროს, სანათესავოს რომ მოერგება და გაგახსენებს. დაიხედავ და აგერ, „გაზაფხულის კაშკაშა დღეა, აყვავებული ალუბალი, ხის ქვეშ - ონკანი, ზედ - კატა“ და მაშინვე გესახება და მაშინვე გრძნობ ხის ჩრდილსა და რბილად მონაბერ გაზაფხულის სიოს.
შემდეგ გვერდზე გადაშლი და ნახე, ის, ლამაზი, შენ რომ მოგწონდა, სხვასთან მოსულა და გულზე გაგკრავს ცოტა მაინც, რადგან ნაცნობია თუ უცნობი, მაინც შენიანია. გულში ჩაიხვევ და შენც გეტკინება.
წაიკითხავ და ნახავ, რომ „თუ ზინკა მზე იყო, ალექსი იყო მზეთამზე, პაპების პაპა, ყველაზე ჭკვიანი, მაღალი, კეთილი და გადასარევი“ და გახსენდება მერე შენი პაპა და გეღიმება.
თბილისური ეზოს იდილია, სეზონებისა და დროის ცვლა და ნამდვილობა - „ეს წიგნი არის სიყვარული. ლამაზი და დახატული, ცოცხალი. სუნთქვითი და არსებითად ნაზი“, - მიუწერია ზაფხულის ნანუკას ბოლო ფურცელზე, მეც დავეთანხმები.
მერე რა თუ პერსონაჟი გიყვარდება, ეგეც ლამაზია და ეგეც ნამდვილი. ჩემნაირი მარტივი რომანტიკოსების იდილიაა „ზინკა ადამიანი“
ზაზა ბურჭულაძე - „ვარდის სურნელი“
21 ივლისი 2022 წელი 18:37 სთ. - ნანუკამ დაამთავრა წიგნის კითხვა რუსთავის ბიბლიოთეკის წინ, ქარში (ბიბლიოთეკაში ვიჯექი, მაგრამ სამკითხველო დარბაზი დაიკეტა).
ზაზა ბურჭულაძის „ვარდის სურნელი“ ის ნაწარმოებია, რომელიც პირველი მახსენდება სიტყვა „წიგნის“ გაგონებისას. რეალური მოვლენების, წარსულისა და აწმყოს ყოველდღიურობის, ნაცრისფერი ბერლინისა და დინამიკური საქართველოს, მთავარი ისტორიისა და „სიტყვების გამოფენის“ ერთობლიობა ქმნის სამყაროს, რომელიც შეიქმნა სიტყვებით სიტყვებისთვის. შეიძლება, ნაცნობებიც იპოვოთ, ან სულაც თქვენი თავი და გადაწყვიტოთ, რომ კითხვის დროს გერქმევათ სიტყვა „სარკე“, რადგან ყველა ერთად ვთამაშობთ სიტყვობანას წიგნით, რომელიც „ძვრება მთვარის კრატერებში და იქაურ წყვდიადებში გვანახებს საიდუმლოს“. სულ ვამბობ, ამ ნაწარმოებში არის ყველაფერი ის, რაც მიყვარს.
პირველივე სიტყვებით ვეჯახებით გამყინავ სინამდვილეს, მთავარ პერსონაჟებს - ბავშვებს, რომელთა „ჟლეტა სისასტიკეა, მაგრამ რამე ხომ უნდა ვუქნათ მათ“ - ეს ავისმომასწავებელი პირველი ხაზი, წინასწარმეტყველება, კითხვის მთელი პროცესის განმავლობაში ეპიზოდურად გვახსენებს თავს და გამოგვარკვევს ბურუსიანი, სართულებიანი და აბსტრაქტული წარმოსახვიდან. ლანდივით დადევნებული ბავშვები გვიკვალავენ გზას კორიანტელში, სადაც „ცა სიზმრებივით დაბალჭერიანი და ნაცრისფერია“, ხოლო თამაში მხოლოდ სიტყვებით და სიტყვებზეა.
„თუ პირველითგან იყო სიტყვა, რა ვიცით, რომ ბოლოთგანაც სიტყვა არ იქნება?“
მონდეგრინები გაუგებარი სიტყვებია სიმღერებიდან და წიგნის კითხვისას წამით შეიძლება ისიც იფიქროთ, რომ აქამდე მთელი თქვენი ცხოვრება ერთი დიდი მონდეგრინებით დაწერილი სიმღერა იყო. „ვარდის სურნელის“ გადაშლისას მიხვდებით, რომ „პირველითგანაც“ და „ბოლოთგანაც“ იყო და იქნება სიტყვა მთელი თავისი დიდებულებით.
ეს წიგნი „ისე ბრდღვიალებს, როგორც ცა ახალი წლის ღამეს“ და კიდევ ერთი დიდი პლუსი აქვს, ჩემს ხუთ წიგნიან ჩამონათვალს ამრავლებს და ხან პერსონაჟით, ხან პასაჟით, ხან ციტატით, ხან სიმღერით, ხან კონცერტით და ხანაც სიტყვით, კიდევ ბევრ არაჩვეულებრივ ნაწარმოებთან მიგიყვანთ. ასე რომ, გირჩევთ, დაამატოთ თქვენი წიგნების თაროს „ვარდის სურნელი“. მერე შეგიძლიათ, ფურცლებს შორის თქვენი სახლიდან შორს დაკრეფილი ყვავილებიც ჩაალაგოთ.
თამთა მელაშვილი - „შაშვი შაშვი მაყვალი“
7 ნოემბერი 2022 წელი 03:00 სთ - ნანუკამ დაამთავრა წიგნის კითხვა მისაღებში, სავარძელთან.
ჰო, ეთერო მაგარი გოგოა. ამ წიგნს ჩემს სანაცნობოში „ეთეროს“ ეძახიან. ეს წიგნია ეთერო და ეთეროა ქალი საქართველოში. და განა მარტივია იყო ეთერო?
„იქნება და რა ნიჭი მქონდა და ვერ ვიპოვე? არ მაპოვნინეს?“ - ეთერო გოგოა და ყოჩაღი გოგოა, ძლიერი გოგოა, ისეთია მარტო ყოფნისა რომ არ ეშინია და არც მომავალს უფრთხის, მაგრამ თან ეთეროა და დარდობს და ცოტას შიშობს და ენატრება. ძლიერად ენატრება და ფიქრობს - „ალბათ, ჩემი ნაბიჯებია დედაჩემის ნაბიჯები“.
ეთერო ქართველი ქალია და დედის გზას აგრძელებს და უყვარს ლამის უნახავად და უყვარს მთელი გულით, რადგან დედაც ქალია.
მე მიყვარს ეთერო, რადგან ორივე ბებრები ვართ, რადგან „ყველა ბებერია ამ ქვეყანაში ოცი წლის მერე“. მე მიყვარს ეთერო, რადგან მას რომ უყურებ და ისიც რომ ამოგხედავს, ნანატრ ნაპოლეონს ერთად რომ შეექცევით, მიხვდები, მაგარია ეთერო, ჰო, ეთერო მაგარი გოგოა.
კარგად გვაცნობს ეთერო ქართველ ქალებს, ჩვენს თავებს, სიყვარულს, მონატრებას, ტკივილს, სიმწარეს, მეგობრობას, მარტოობის მშვენიერებასა და სიმძიმეს.
ეთერო გვიყენებს თანამედროვეობას მთელი თავისი მარწუხებით და მარწუხებში შემოპარული მშვენიერებით, რომლის დაჭერაც ჭირს, თუმცა ხანდახან, ხან გვიან, ხან ადრე, ხანაც საუკეთესო დროს ვიჭერთ და ვიღიმით - თუნდაც ჩუმად, მაგრამ მაინც ვიღიმით.
ეთერო ყველამ უნდა გავიცნოთ, მერე მიმოვიხედოთ და აი, ანარეკლი მიყურებს.
ივა ფეზუაშვილი - „ბუნკერი“
2 მაისი 2023 წელი 01:21 სთ - ნანუკამ დაამთავრა წიგნის კითხვა სავარძელში, მისაღებ ოთახში.
ახლა დროა „დესნა დვაზე“ შემოვსხდეთ. თუ უკან იკავებთ ადგილს, თეთრ წინდებს უფრთხილდით, თორემ მაზუთით დათხვრილი თუ გვიპოვეს, უბედურება გარდაუვალია. ივა ფეზუაშვილის „ბუნკერი“ ისეთი წიგნია ერთი ღრმა ჩასუნთქვით რომ უნდა წაიკითხო. წინადადებები გრძელია, უწერტილო და ისე გგუდავს, როგორც ძველი ბუნკერიდან ამომავალი მოუშორებელი სუნი.
მაგრამ ყველაფერი მაშინ იწყება, როცა „დესნა დვას“ - საოცნებო ტრანსპორტს, თეთრ რაშს, ტესლას (ვა, ჰგავს, ნახე, დესნა - ტესლა) - გვპარავენ და ვიზრდებით.
ჰო, აქ უკვე ცუდადაა საქმე, რადგან ბუნკერიდან ვეღარაფრით გავრბივართ და ვეფლობით, ვეფლობით ღრმად.
ოჯახის, ანუ პატარა სახელმწიფოს ტრაგედია, ქვეყნის, ანუ დიდი სახელმწიფოს ტრაგედიასთან იკვეთება და გვანახებს მრავალფეროვან ადამიანებს.
აქ ვხედავთ ქალებს შინაგანი იმედებით, ტრაგედიებით, სურვილებით, სევდებით.
აქ ვხვდებით კაცებს, უცნაურად, თუმცა ნაცნობად ჩაკეტილებს, ჩაჩუმებულებს.
აქ ვხვდებით ახალგაზრდებს, მიზანდასახულებს, გაბრაზებულებს.
აქ ვხვდებით ქართულ რეპს აღმოცენებულს მიწისქვეშეთიდან, თავისუფლების მაძიებელ მასებთან მისულს (და მართლა სხვა თუ არაფერი, ამ მონოლოგად ღირს „ბუნკერი“).
წარსულის დემონები აწმყოში იჭრებიან და თავბრუს გვახვევენ და მთელი კითხვის პროცესში ფიქრობ, ნეტავ ახლა არ გავიგუდო… ცოტაც, ცოტაც და გადავრჩები.
და თუნდაც სიმძიმე იყოს წიგნის მშობელი, კითხულობ და ხვდები, ეს ის არის, რაც მაფორიაქებს, რაც მაფიქრებს, რაც შემამსუბუქებს, რაც ამოყვინთვას მანდომებს ბუნკერის ფსკერიდან.
მილან კუნდერა - „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“
20 ნოემბერი 2023 წელი 16:53 სთ - ნანუკამ დაამთავრა წიგნის კითხვა ავტობუსში
ესეც ბოლო ჩემს ხუთეულში და პირველი უცხოელი ავტორისაგან.
„ბუნებრივია,არ იცოდე,რა გინდა: ადამიანი მხოლოდ ერთხელ ცხოვრობს და არ შეუძლია, ეს ცხოვრება წარსულ ცხოვრებას შეადაროს ან მომავალ ცხოვრებაში გამოასწოროს…“ - და, აი, იდილია.
ეს წიგნი ერთგვარი პანაცეაა, რომელიც გასწავლის არეულობასთან გამკლავებას და სიყვარულის, თავისუფლებისა და ადამიანის არსებობის ეგზისტენციალურ დილემას გვაცნობს.
გჯერათ შემთხვევითობების? მე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მარტივი რომანტიკოსი გახლავართ და წიგნში ნახსენებ ექვს შემთხვევითობას მაშინვე სიყვარულს დავუკავშირებდი. ბუნებრივია, სიმძიმეს მომავალი, აღუწერელი სიმსუბუქისა, ნამდვილად ვერ გავთვლიდი.
თუმცა პერსპექტივათა ცვალებადობა გვხსნის ცხვირზე მოკალათებულ ვარდისფერ სათვალეს და გვანახებს სუბიექტის აუტანლად მსუბუქ სიყვარულს ობიექტის ტვირთად.
და იქნებ, ძაღლი უფრო მეტად უნდა გვიყვარდეს, ვიდრე ის, ვისაც ცხოვრებას სამუდამოდ ვუკავშირებთ, ან სულაც ჩვენი საქმე და ჩვენი ქვეყანა. და იქნებ, სულაც არ უნდა ვენდოთ სიყვარულს და მის ორპირ ბუნებას, რადგან ჩვენი ბეთჰოვენი, ვიღაცისთვის შესაძლოა უბრალოდ ფონური, უშინაარსო და გაუგებარი მუსიკა იყოს ბნელი დღის ფონზე.
ყოფის აუტანელი სიმსუბუქე დაგვამძიმებს, თუმცა, მსგავსად ჩამონათვალის მეორე წიგნისა, ბოლოსაც აქვს ჯადოსნური ელემენტი, რომელიც კიდევ სხვა, გამორჩეულ ნაწარმოებთან მიგიყვანთ სათაურითა და ერთი სახელით.
ისე რომ არ გამოვიდეს, რომ ეს ბლოგი მეექვსე წიგნად გადაიქცეს, ერთსაც გეტყვით და დავიშალოთ. ამ წიგნებზე ფიქრისას მათ კიდევ ერთი საერთო ვუპოვე - თითოეული მათგანში არის ანალოგი ჩემი რეალობის, ნაფიქრალის, განცდისა და ცრემლის, რომლებიც ყოველდღიურად შემახსენებს ადამიანობას და მაძლევინებს ჩემივე „ყოფის აუტანელ სიმსუბუქეს“.
ხომ გახსოვს, ყოველი თვის 1-5 რიცხვში, სულაკაურის მაღაზიებში ან ვებგვერდზე, თიბისის მოსწავლის ან სტუდენტის Mastercard ბარათით გადახდისას, 30%-ს მომენტალურად უკან დაიბრუნებ.
ავტორი: ნანუკა კოხოძე