ლიტერატურა

5 წიგნი, რომელიც საუკეთესო საშობაო საჩუქარია

"საბა"

იანვარი 06, 2020


წიგნი დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. შენთვის 5 წიგნი შევარჩიეთ, რომელიც საუკეთესო საშობაო საჩუქარი იქნება.


„პატარა ქალები“

ლუიზა მეი ოლკოტი



ლუიზა მეი ოლკოტის ყველაზე ცნობილი რომანი, "პატარა ქალები" 1868 წელს გამოვიდა. წიგნი, რომლის პერსონაჟების პროტოტიპები ავტორის ოჯახის წევრები არიან, დაიწერა მასაჩუსეტსის შტატში, კონკორდში მდებარე სახლში – Orchad House, რომელსაც 350-წლიანი მდიდარი ისტორია აქვს. ამ სახლის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი "Orchad House: Home of Little Women" 2019 წელს სატელევიზიო პრემია "ემით" დაჯილდოვდა.


"პატარა ქალები" გამოსვლის დღიდან წიგნის მაღაზიების თაროებზეა, როგორც კლასიკური ამერიკული ლიტერატურის ნიმუში. 50-ზე მეტ ენაზე თარგმნილი რომანი XXI საუკუნეშიც აქტუალურია, რადგან გვიყვება სოციალური სამართლიანობის, ქალთა უფლებების, მეგობრებისა და ოჯახის მნიშვნელობაზე.


4 განსხვავებული ხასიათის მქონე დის სიკეთით და მომავლის იმედებით სავსე ყოველდღიურობა და შობის დღესასწაული საშობაო განწყობის გარანტიაა.

„მოგვთა საჩუქრები“

ო ჰენრი


მწერალი გვიამბობს ახალგაზრდა, ღარიბი წყვილის შესახებ, რომლებსაც ერთმანეთი ძალიან უყვართ, მიუხედავად სიღარიბისა, რომელსაც მათ კარზე წარწერაც კი გაუცვეთია და უნდათ ერთმანეთს საშობაოდ რაიმე აჩუქონ…


თუ გჯერათ რომ საუკეთესო საჩუქარი, რაც საშობაოდ შეიძლება მიიღოთ სიყვარულია და მასზე ძვირფასი დედამიწაზე არაფერი არსებობს, მაშინ ო ჰენრის საოცრად თბილი, სევდიანი და ამავდროულად მხიარული ისტორია ნამდვილად თქვენთვისაა.

„საშობაო სიმღერა“

ჩარლ დიკენსი



წიგნში მოთხრობილია, მოხუცი სკრუჯის ისტორია, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სიმდიდრის შეგროვებას მიუძღვნა. მას სძულდა მეგობრები, სიყვარული, ბავშვები, საშობაო დღესასწაულიც კი და ყველაფერი ამქვეყნიური ფულის და ქონების გარდა.


შობის წინა ღამეს მას სულები ესტუმრებიან, აჩვენებენ მის წარსულს, საშინელ აწმყოსა და უარეს მომავალს. ეს დაუვიწყარი შობის ღამე აღმოჩნდა ძუნწი და ბუზღუნა სკრუჯის ახალი, კეთილი, ცხოვრების დასაწყისი.

„წერილები სანტა კლაუსისგან“

ჯ.რ.რ ტოლკინი



„წერილები სანტა კლაუსისგან“ ტოლკინის ხელნაწერებისგან შემდგარი წიგნია. შობის დღესასწაულის დროს ავტორი წერილებს შვილებისთვის წერდა და სანტა კლაუსის სახელით უამბობდა მათ უამრავ საინტერესო და სახალისო ისტორიას. წერილებში სანტა ბავშვებს უყვება თავისი საცხოვრებლის, სადღესასწაულო სამზადისის, თეთრი დათვის, ელფების, გნომებისა და ბოროტი გობლინების შესახებ. წიგნი 1976 წელს გამოიცა, ტოლკინის გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ.

„ცნობილი ხუთეული“

ენიდ ბლაიტონი


ჯულიენი, დიკი, ენი, ჯორჯი და ტიმი – მეგობრები ისევ კირინის კოტეჯში იკრიბებიან და საშობაო არდადეგებს ერთად ატარებენ, თუმცა ამჯერად არც ელიან, რომ რაიმე საინტერესო გადახდებათ თავს – ზამთრობით ხომ ზღვა მუდმივად აღელვებულია და კირინის კუნძულზე გამგზავრება ასეთ დროს ძალზე სახიფათოა.


ბავშვებს ახალი თავგადასავლის იმედი ლამის გადაეწუროთ, რომ მოულოდნელად, კირინის ფერმაში სტუმრობისას, ჯულიენი აღმოაჩენს ძველისძველი ქსოვილის ნაგლეჯს, რომელზეც უცნაური მინიშნებებია გამოსახული. სწორედ ამ აღმოჩენის დახმარებით, განუყრელი მეგობრები კიდევ ერთ იდუმალებით მოცულ დანაშაულს გამოიძიებენ.

ავტორი: saba.com.ge