განათლება ლიტერატურა თაობა სიახლეები

5 წიგნი თებერვლისთვის

თებერვალი 02, 2024

ხუთი წიგნის გამორჩევა მკითხველისთვის მარტივი ამბავი ნამდვილად არ არის. ასე მგონია, წერაზე მეტი დრო ამ წიგნებზე შეჯერებას მოვანდომე. თუ მკითხავთ, რაზე ვფიქრობდი მთელი ეს დრო, შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან ისინი არც ერთმანეთთან კავშირის გამო ამირჩევია და არც სხვა კანონზომიერება მომიფიქრებია მათ ასარჩევად. ერთს კი ვხვდები - ამ წიგნების შერჩევაში ის სიყვარული უნდა დამხმარებოდა, რომელიც მათი კითხვისას ვიგრძენი.

ბესიკ ხარანაული „ეჰ, ბესარიონ“


„ვისაც უყვარს, დანარჩენი ადვილად უგვარდება. 

მწყინს, რომ ამდენი რამ მოგაკელი, 

მწყინს, რომ არ ვიყავ ისეთი, რომ შენ გყვარებოდი.“ 

ბესიკ ხარანაულის პოეზიიდან ერთი კრებულის გამორჩევა რთული საქმეა. იშვიათია, პოეტს მუდამ ერთ სამყაროში შევყავდეთ და ყოველ ჯერზე ამ სამყაროს აქამდე შეუცნობელ მიდამოებში გვატარებდეს. მისი ყოველი გამოჩენა ჩვეული ტრადიციისა და სიახლის საკვირველი შერთვაა ხოლმე. ასეთივეა მისი ერთ-ერთი ბოლო კრებული „ეჰ, ბესარიონ“. დაზუსტებით ვერ ვიტყვი, რატომ მოვინდომე მაინცდამაინც მასზე ლაპარაკი. 


ასე მგონია, თითქოს ამ წიგნში ყველაზე შორს მიდის სიყვარულისკენ გზა, ანუ ყველაზე მძაფრად ეხება მკითხველის პიროვნულ გრძნობასა და გამოცდილებას. ალბათ, ეს ჩემი შინაგანი განცდაა, რადგან ბესიკ ხარანაულთან ყოველთვის იყო და არის სიყვარული. რა სევდასა და სიმძიმესაც არ უნდა ატარებდეს ხარანაულის პოეზია, ის მაინც გადარჩენისაა ხოლმე და არა დამარცხების, გათენებისაა და არა სიბნელის.


„ადამიანის სხეული ჯერ კიდევ მზეზეა გამობმული, შუქის ანთებით ვერ მოატყუებ, რომ გათენდა.“ - ამბობს ის „დიდ სმაში“, ამიტომ თებერვლის სუსხში, როცა ჯერ კიდევ სანატრელია მზე და ხანგრძლივი დღის სინათლე, ბესიკ ხარანაულის სხივით გათენება მართლაც შესანიშნავი აზრია, რადგან ის ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე შუქის ანთებით თავის მოტყუება. 

არჩილ ქიქოძე „სამხრეთული სპილო“ 


„ქალაქის შიგნით არსებობდა სხვა დამალული ქალაქი, უფრო სწორად - მთელი ორი ქალაქი. მე მას ჩემს ქალაქს ვაჩვენებდი, ის - თავისას და ნელის ქალაქი მუდამ ჩემსაზე ლამაზი და რომანტიკული იყო.“ 

თუკი ცალკეულ წიგნებს შეუძლიათ იქცნენ თანამედროვე ქართული პროზის სიცოცხლის დადასტურებად, ერთ-ერთი სწორედ არჩილ ქიქოძის „სამხრეთული სპილოა“. ამ რომანში არც დრო და არც სივრცე მწერლის ინსტინქტი არაა. ორივე მათგანი სრულიად გაცნობიერებულ ხერხად არის გამოყენებული აქ გადმოცემული სურათის დასახატად. 


მეტად თვალშისაცემი, ალბათ, დროის ფაქტორი უნდა იყოს. წიგნში მოთხრობილი ამბავი ერთი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. ეს, რასაკვირველია, მწერლისგან დიდ ოსტატობას მოითხოვს, მაგრამ დროის ქსოვილი მასში ბევრად უფრო რთულია. პერსონაჟის სახლიდან სახეტიალოდ გამოსვლისთანავე დრო ორ ხაზად, აწმყოდ და წარსულად იყოფა. ამასთან, რომანში დგას ყველა ლიტერატურული დრო, მათ შორის მითოლოგიური და სამყაროსეული, მარადიული დრო, რაც თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში იშვიათი მოვლენაა. 


რაც შეეხება სივრცეს, ამ რომანის მთავარი სივრცე თბილისის ქუჩებია. ის იმდენად ზედმიწევნითაა აღწერილი, რომ მთავარი გმირის გზის გავლა რეალურადაც შესაძლებელია. ერთდღიანი ხეტიალი მრავალ მიძინებულ ამბავს და გრძნობას აღვიძებს, დაწყებული სიყვარულითა და ვნებიდან, დამთავრებული საქართველოს უახლესი ისტორიით. 


ჩემთვის „სამხრეთული სპილო“ ის წიგნია, რომლის წასაკითხადაც წელიწადის დროის ან თვის, ასაკის ან ლიტერატურული გემოვნების თანხმობა არასდროსაა საჭირო, ამიტომ მისი ხელში აღება საუკეთესო იდეაა ნებისმიერ დროს, თუნდაც ახლა, თებერვალში.

იტალო კალვინო „კოსმოკომიკური ამბები“ 


“- იცი, წუხელ დამესიზმრა, რომ დინოზავრს უნდა გამოევლო ჩემს სახლთან, - მითხრა ერთხელ „გვიმრის ყვავილმა“,

- (...) მე ვიპრანჭებოდი, ლამაზ თავსაფარს ვიხვევდი და ფანჯარაში ვიყურებოდი, მაგრამ ის თითქოს ვერც მამჩნევდა, არც კი მიყურებდა...“ 

იტალო კალვინოს „კოსმოკომიკური ამბები“ ყველაფრით გამორჩეული წიგნია. ეს მოთხრობების კრებულია მთავარი პერსონაჟით, მთავარი ხმით. წიგნი სამყაროს შესახებ საოცარ ამბებზეა და საოცარია როგორც ამბები ამბად, ისე მათი ფორმაცა და სილამაზეც. 


ესაა ავტორი და წიგნი, რომელთანაც თანამედროვე ლიტერატურის ყველა მნიშვნელოვანი ჟანრი გაიელვებს. კომპლექსურია როგორც მოთხრობების ზედაპირი, ისე მათი სიღრმე. კალვინოსეული თხრობა გამორჩეული და უცხო ძალაა მკითხველისთვის. სრულიად ახალი განცდა და შთაბეჭდილებაა მასში პირველად აღმოჩენა. უიშვიათესია წარმოსახვის ასეთი მასშტაბი, აქ ყველა მოთხრობა სიზმრისეული, ზღაპრული და სიყვარულით გამსჭვალულია, რაც კიდევ უფრო დიდ მომაჯადოებელ ზეგავლენას ახდენს მკითხველზე. როცა ამ მოთხრობებს კითხულობ, გრძნობ, რომ ის ლიტერატურის ყველა საზღვარს სცდება. ხედავ, რომ ასეთი რამ არასდროს წაგიკითხავს, და თუ წაგიკითხავს, არასდროს ასეთი ფორმით. აქ ყველაფერი ერთდროულად შორეული და ახლობელია. აქაური ამბები მკითხველის თავში თითქოს მუდმივ გამოცანად რჩება. 


აქვე უნდა ითქვას, რომ ამგვარი სირთულის წიგნსა და ავტორს დიდი პოტენციალი აქვს, თარგმანში ყველა ღირსება დაკარგოს. ამ მხრივ ქართველებს გაგვიმართლა, რადგან როცა საქმე კალვინოს (და არა მხოლოდ მას) ეხება, შეგვიძლია სავსებით მივენდოთ მის მთარგმნელს, ხათუნა ცხადაძეს. 

აირის მერდოკი „ზღვა, ზღვა“ 


„ჩემი სიყვარული უსასრულო აწმყოში ცოცხლობს და შეიძლება ითქვას, რომ დრო სწორედ ამ სიყვარულით აითვლება.“ 

აირის მერდოკის „ზღვა, ზღვა“ ჩემთვის სრულიად განსაკუთრებული წიგნი აღმოჩნდა. ეს წიგნი, შეიძლება ითქვას, ადამიანად ყოფნაზეა, რაც ლიტერატურის მოყვარულთათვის სიახლე ნამდვილად არაა. აქ მთავარი ხიბლი ისაა, როგორ შუქდება ადამიანად ყოფნა სიყვარულისა და ხელოვნების ფონზე. რომანში მრავალგზისაა განხილული ხელოვნების ფუნქცია და მისი მიმართება სიყვარულთან, რომელიც მთელს ამბავს გასდევს მოტივად. 


ლონდონში ძალიან წარმატებული რეჟისორი ჩარლზი გადაწყვეტს თეატრიდან წამოვიდეს და მარტოდმარტო დასახლდეს ძველ, ზღვისპირას მდგარ სახლში. ის მემუარების წერას იწყებს, რომელიც წარსულთან ერთად პერსონაჟის აწმყო ცხოვრების ქრონიკადაც იქცევა. ამ რომანში არ მოქმედებს ობიექტური დრო, მკითხველი მთლიანად ჩარლზის დროშია მოქცეული. ადვილად შესამჩნევია მარტოსულობა, რომელიც ჩარლზის ცხოვრებას ახლავს თან. ზღვა კი მთელი ამბის განმავლობაში მისი მარტოსულობის მუდმივი თანამგზავრია, რაც წიგნის სათაურსაც ხსნის. 


რატომღაც მახსენდება სტრიქონები გურამ რჩეულიშვილის ლექსიდან: „არ ჩამოხვიდე იცოდე ზღვაზე/ ზღვა უდარდელია/ (...) შენ კი უთუოდ დაიხრჩვები ღელვისგან ზღვაში.“ იგივე განცდა მეუფლება აირის მერდოკის ზღვის მიმართაც - მასში ჩამომსვლელიც უთუოდ დაიხრჩობა, მაგრამ მგონია, რომ ამ წიგნის კითხვა დახრჩობად ღირდა. 

ფრანსუა ვიიონი „მცირე ანდერძი, დიდი ანდერძი, ლირიკა“


„ჩემი ამბავი ისე გართულდა, 

დაგვირგვინდება სულის გაცხებით 

და ტრფიალების მაღალ მარტვილთა 

ღვთაებრივ დასში შევირაცხები.“ 

ფრანსუა ვიიონი მეთხუთმეტე საუკუნის ფრანგი პოეტია და, რაღა თქმა უნდა, მისი პოეზია თანამედროვე ცხოვრების ელემენტებს საერთოდაც არ შეიცავს. მიუხედავად ამისა, ის დღევანდელი ეპოქისთვის მეტად ახლობელი აღმოჩნდა. ქართველისათვის ვიიონის წიგნის შინაარსზე ლაპარაკი ძალიან, ძალიან რთული საქმეა. იწყებ ლაპარაკს მასზე და ენაზე თავისთავად გადგება დიდი სახელი - დავით წერედიანი, ვიიონის მთარგმნელი ქართულ ენაზე.  


დავით წერედიანს უამრავი საოცარი თარგმანი ეკუთვნის, რომელზე საუბარიც შორს წაგვიყვანს, ამიტომ მხოლოდ ვიიონის თარგმანზე ვიტყვი ორიოდე სიტყვას. რა თქმა უნდა, თარგმანი ვერასდროს გახდება ორიგინალი, მაგრამ წერედიანის ვიიონი ხელისგულზე მოცემული პასუხია შეკითხვაზე - შესაძლებელია თუ არა, ითარგმნოს პოეზია. ესაა თვალსაჩინო ნიმუში გენიალურად თარგმნილი პოეზიისა, რომელსაც არათუ ჩემი, ალბათ, აღარავის ქება აღარ სჭირდება. 


რაც შეეხება თავად ვიიონს, მას აქვს უნარი საინტერესო აღმოჩნდეს ყველანაირი მკითხველისთვის, რომელსაც სულ მცირედ მაინც შეუძლია იგრძნოს პოეზიის ძალა და მის მიმართ ბოლომდე გულგრილიც არაა. მთარგმნელისავე თქმით, ეს არაა ტექსტი რომელში შესაღწევადაც რაიმე ტიპის განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო. პოეზიაში ჩახედული მკითხველი ბევრ რამეს აღმოაჩენს მასში, სხვა კი, თუნდაც პოეტის ენამოსწრებულობით შეიქცევს თავს. ეს წიგნი უპირველესად მთლიანად სატირაა, მაგრამ ის ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ სატირა. ვიიონი არავის ინდობს და დასცინის ყველას, მათ შორის საკუთარ თავს, მაგრამ ეს წიგნი შეუძლებელია იყოს მხოლოდ ირონია. ის ხან დაფარულად, ხანაც გაცხადებულად - სევდით, ლირიზმითა და სიყვარულითაა სავსე. 

ავტორი: სოსო ჩინჩალაძე