მუსიკა | ცა

432 Hz VS 440 Hz | ლეგენდა სიხშირის კეთილშობილებაზე

Tsa.Music

სექტემბერი 13, 2021

ამ საკითხით, ალბათ, არასდროს დავინტერესდებოდი, ბოლო 15 წლის განმავლობაში გლობალურ ქსელში მასზე უამრავი მასალა რომ არ ქვეყნდებოდეს. ამ სტატიების და მოსაზრებების უმეტესობა მტკიცებითი ფორმით აღიარებს 432 ჰერცზე აწყობილი პირველი ოქტავის, „ლა“ ნოტის კეთილშობილებას. მათ თანახმად, არსებობს ე.წ. კეთილი, ანუ 432 ჰერცზე აწყობილი ინსტრუმენტებით შესრულებელი მუსიკა. ეზოთერიისა და შეთქმულების თეორიის მიმდევართა საკმაოდ დიდი ნაწილი გვარწმუნებს, რომ ეს მუსიკა არგებს სულსაც და ხორცსაც. ბრტყელი დედამიწის თეორიის მომხრეთა მსგავსად, ამ ლეგენდის მიმდევრებმა ლამის დაიფიცონ, რომ 432 ჰერცი „ღვთიური“ სიხშირეა, ხოლო დღეისათვის სტანდარტული 440 ჰერცი – „ეშმაკის“. მე კი ლეგენდები ძალიან მიყვარს და მოდით, ამ თეორიასაც მივყვები.

რისი სწამთ 432 ჰერცის მომხრეებს?

432 ჰერცის სიხშირე პირველი ოქტავის „ლა“-სთვის ბუნებრივი წყობაა, რომელიც შესაბამისობაში მოდის სამყაროს ჰარმონიასთან. ამიტომ, თუ მუსიკა ამ სიხშირეზეა აგებული, იგი კეთილისმყოფელი ენერგიის მატარებელია.

არქაული ეგვიპტური ინსტრუმენტები, რომლებიც დღემდე აღმოუჩენიათ, სწორედ 432 ჰერცზე იყო აწყობილი. ძველ საბერძნეთშიც მუსიკალური ინსტრუმენტების უმეტესობა ამავე სიხშირეზე ჟღერდა. თვით მუსიკის ღმერთი, ორფეოსიც კი ინსტრუმენტებს ამ ტონალობაში უკრავდა.

პლანეტის ლეგენდარული კლასიკოსებიც ინსტრუმენტებს სწორედ 432 ჰერციან ლაზე აწყობდნენ. ამ სიხშირეზე აჟღერებული მუსიკა უფრო მშვიდი და ახლობელია. მას მთელი გულით შეიგრძნობ.

432 ჰერცი ის სიხშირეა, რომელიც მათემატიკური სტრუქტურითაც კი შეესაბამება სამყაროს. ბიოლოგიაში დნმ-საც, გულისცემასაც კი იგივე სიხშირე აქვს...

მე-20 საუკუნეში დამკვიდრებული 440 ჰერცზე აწყობილი პირველი ოქტავის „ლა“ კი კოსმოსურ მოძრაობასთან და სამყაროსთან ჰარმონიაში არ მოდის. 1910 წელს ვინმე დიგენმა, რომელიც ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალებში მსახურობდა და გერმანელი მეცნიერის, ჰერმან ჰელმჰოლცის (ფიზიკოსი, ფიზიოლოგი, ექიმი, ფსიქოლოგი, აკუსტიკოსი და ილუმინატი) მოწაფე იყო, ამერიკის მუსიკოსთა ფედერაციის შეკრებაზე ყველა დაარწმუნა, 440 ჰერციანი წყობა უნივერსალურ საორკესტრო მუსიკალურ სტანდარტად შემოეღოთ. 

1936 წელს ნაცისტური გერმანიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროპაგანდის რაიხმინისტრმა, პაულ იოზეფ გებელსმა მუსიკალურ წყობად 440 ჰერცი შემოიღო. მისი აზრით, ამ სიხშირეზე აწყობილი ინსტრუმენტებით შესრულებული მუსიკა ხალხის ტვინზე ზემოქმედებდა და მათი მართვა ადვილი გახდებოდა. მისი აზრით, ასეთი მუსიკის მოსმენის შემდეგ გაჩნდებოდა ბევრი ფსიქიკური გადახრა, ადამიანები განვითარებას შეწყვეტდნენ, საკუთარ თავებში ჩაიკეტებოდნენ და ა.შ.

სწორედ ამ მიზეზით გერმანიაში „ლა“ ნოტის ახალი სტანდარტი დაამტკიცეს. 1940 წლისთვის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ 440 ჰერცი დაამკვიდრა. 1953 წელს მას ISO სტანდარტი მიენიჭა. 432 ჰერცის 440-ით ჩანაცვლება ადამიანების მუსიკით გაკონტროლებას ნიშნავს. ესაა მასონების – როკფელერისა და როტშილდის გადაწყვეტილება.

დღემდე მუსიკალური ინდუსტრია ამ სიხშირეს იყენებს მოსახლეობის წინააღმდეგ, რათა უფრო მეტ აგრესიას და ფსიქო-სოციალურ გავლენას მიაღწიოს, რომელსაც ადამიანები ფიზიკურ ავადმყოფობამდეც კი მიჰყავს. ასეთი მუსიკა, ამავე დროს, ანტისაზოგადოებრივ ქცევასა და ცნობიერებაში განხეთქილებას იწვევს. არსებობს მეცნიერება კიმატიკა, რომელიც ხმისა და ვიბრაციის ვიზუალიზაციას სწავლობს. ზოგიერთი კიმატიკოსის მტკიცებით, 440 ჰერცი საზიანოა ადამიანის ორგანიზმისთვის. 

როგორ მოვედით 440 ჰერცამდე?

დღევანდელ მუსიკალურ ინდუსტრიაში მიღებულია მუსიკალური ინსტრუმენტების პირველი ოქტავა, „ლა“ 440 ჰერცზე აეწყოს. მუსიკალურ სამყაროში არსებობს კიდევ ერთი აუღიარებელი ოფიციალური სტანდარტი 432 ჰერცი, რომელსაც ზოგიერთი მუსიკოსი და გაცილებით ბევრი არამუსიკოსი უფრო სწორ და ბუნებრივ წყობად მიიჩნევს. მათი მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ უნდა აღინიშნოს, რომ სინამდვილეში, საუკუნეების განმავლობაში, ევროპულ მუსიკაში წყობა მუდმივად იცვლებოდა. ერთიანი წყობის სტანდარტი არ არსებობდა, ამიტომ ნებისმიერი კომპოზიტორი, მუსიკოსი თუ ორკესტრი თავის ინსტრუმენტს ისე აწყობდა, როგორც თვითონ მიიჩნევდა საჭიროდ. ორკესტრები და მუსიკოსები პირველ ოქტავა „ლა“-ს სხვადასხვა სიხშირეზე აწყობდნენ.

ჰერცი, როგორც სიხშირის საზომი ერთეული, იმ პერიოდში საერთოდ არ არსებობდა. მეცნიერმა ჰაინრიხ ჰერცმა, ვიბრაციის სიხშირის გაზომვა 1889 წლისთვის მოახერხა. ხოლო ტერმინი ჰერცი, როგორც სიხშირის საზომი ეტალონი, 1933 წელს დაამტკიცეს. ამასთან ერთად, ცნობილი გახდა, რომ უდიდესი კომპოზიტორები, ბახი, მოცარტი და ბეთჰოვენი (რასაკვირველია, სხვებიც) ინსტრუმენტებს და ორკესტრებს სხვადასხვა სიმაღლეზე აწყობდნენ. მე-18 საუკუნეში გამოგონილი კამერტონებიც არ იყო ერთი ზომის, ფორმის და ჟღერადობის. ამიტომ, მათი სიხშირე, სავარაუდოდ, 400-დან 480 ჰერცამდე მერყეობდა. გაურკვეველია, როგორ ამტკიცებენ 432 ჰერცის მომხრეები, რომ არქაული, ან კლასიკური მუსიკა სწორედ ამ „ღვთიურ“ სიხშირეზე იწერებოდა და სრულდებოდა, ან როგორ იანგარიშეს მე-17 ან მე-18 საუკუნის თუნდაც ვიოლინოს ან ჩელოს პირველი ოქტავის, „ლას“ სიხშირე დღეს, როცა ეს ინსტრუმენტი აწყობილ მდგომარეობაში იდეალურ შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე დღე ძლებს და მერე ირევა? 

წლების განმავლობაში, კომპოზიტორები, დირიჟორები და მუსიკის მოღვაწეები რამდენჯერმე შეეცადნენ, ორკესტრების ჟღერადობა ერთ ტონალობაში მოეყვანათ. საქმეში ჩაერთო სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც შემოიღო სტანდარტი ISO 16:1975.

დადგინდა, რომ პირველი ოქტავის „ლა“-ს ვიბრაციის ეტალონი 440 ჰერცი გამხდარიყო. „ლა“ ნოტსაც კი A440 ეწოდა. მიუხედავად 432 ჰერცის მომხრეების მტკიცებისა, რომ 440 ჰერცი სავალდებულო და საყოველთაო გახდა, მსოფლიოს სხვადასხვა ორკესტრი დღესაც ისე ეწყობა, როგორც თვითონ მიაჩნია საჭიროდ. მაგალითად, ნიუ იორკის ფილარმონიული ორკესტრი ეწყობა პირველი ოქტავის „ლა“-ზე, რომლის სიხშირეც 442 ჰერცია, ბოსტონის ორკესტრი – 441 ჰერცზე. ევროპული სიმფონიური ორკესტრების უმეტესობამ „ლა“-ს სიხშირედ 443 და 444 ჰერცი აირჩია. ასე რომ, მიუხედავად სტანდარტიზაციისა, ორკესტრები (და სხვა სფეროს მუსიკოსებიც) მაინც „თვითნებობენ“. გარდა ამისა, არც ერთი სერიოზული ექიმი არ ამბობს, რომ 440 ჰერციანი წყობის მუსიკა საზიანოა ადამიანის ან თუნდაც ცხოველის ორგანიზმისთვის.

440 Hz

432 Hz

ბოლოთქმა

თუკი თქვენ „გუგლის“ ან „იუთუბის“ საძიებელში მარტო 432 ჰერცს შეიყვანთ, გაოცდებით, იმდენი საკითხავი ამოიყრება. ასეა თუ ისე, ეს მაინც საინტერესოა. ფაქტი კი ერთია, ბოლო წლებში წამოჭრილი ამ აჟიოტაჟის გამო, ბევრი მუსიკოსი უკვე სპეციალურად იწერს მუსიკას 432 ჰერცზეც. ოღონდ ამ ვერსიას ყოველთვის მიწერილი აქვს, რომ შესრულებულია 432 ჰერცის წყობაში. მე „იუთუბზე“ უამრავ ასეთ ვიდეოს ვუყურე და არ დაგიმალავთ, აბსოლუტურად უმეტეს შემთხვევაში, 440 ჰერცზე აწყობილი ინსტრუმენტებით შესრულებული უფრო მომეწონა.

432 ჰერცი კი არც ისე სუფთად ისმის და სულ მინდა, თუნდაც გიტარის ან ვიოლინოს სიმის დამჭერი დავატრიალო, რომ სიმი უფრო დავჭიმო. თუმცა, ეს უკვე გემოვნების საკითხია და 432-ისა და 440-ის დაპირისპირება, აბსოლუტურად ბუნებრივია, როცა საქმე ეხება მათ შორის არჩევანს და იმას, თუ რომელი უფრო მეტად სიამოვნებს ამა თუ იმ ადამიანს. კონსპირაციულ თეორიებსა და ეზოთერიკას კი, მოდით, ნუ მივცემთ საშუალებას, უკარნახონ მუსიკას და ადამიანებს, რას და როგორ სიხშირეზე აწყობილ ინსტრუმენტებს მოუსმინონ.

440 Hz

432 Hz

ავტორი: ლაშა გაბუნია