მუსიკა | ცა

ქართული მუსიკალური სცენა 2023 წელს

დეკემბერი 30, 2023

2023 წელიც მიიწურა და დრო დადგა, ზოგადად, შევაჯამოთ ამ პერიოდის მუსიკალური სცენის მდგომარეობა.

მოდით, დავიწყოთ საფესტივალო მიმართულებით.

ტრადიციულად წარმატებით ჩატარდა Tbilisi Open Air-ის ფესტივალი, რომელმაც წლებთან ერთად გააფართოვა მუსიკალური დიაპაზონი და წელს ერთ-ერთ ჰედლაინერად ირლანდიელი ჰიპ-ჰოპ არტისტი, Rejjie Snow შემოგვთავაზა. კვლავაც გაგვახარა ჯაზ ფესტივალების მთელმა წყებამ - თბილისის, ბათუმისა და წინანდლის ჯაზ ფესტივალს, მომავალ წელს კიდევ ერთი, ზამთრის მიმართულება დაემატება და ყველასეზონური ჯაზაქტივობა გვექნება.

2023 წელს, ტრადიციულ ლოკაციაზე, კიდევ ერთი 4GB ფესტივალიც ჩატარდა. საინტერესო იყო IIIIITKESHI-ც - ახალი მედიისა და ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი, რომელიც წლებთან ერთად გაიზარდა და წელს 2 დღიანი აუდიო-ვიზუალური გამოცდილება კოჯრის ტყეში მოეწყო. ასევე ჩატარდა სხვადასხვა გემოვნების ადამიანზე მორგებული ფესტივალების მთელი წყება:

წინანდლის ფესტივალი, თბილისის რიტმის ფესტივალი, ბაროკოს ფესტივალი და სხვა. აქვე მადლობა Sioni Hi-Fi-ის კოლექტივს, რომლებიც უდიდესი ენთუზიაზმით მუშაობენ ქართული დაბ-რეგი-ბას კულტურის განვითარებისთვის და ამ ენერგიას არ იშურებენ, რომ იგი არამხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონების მასშტაბით გაავრცელონ. იმედია მათ ფესტივალსაც მალე ვიხილავთ.

ეს წელი გამორჩეული იყო იმითაც, რომ Black Sea Arena-ს გუნდმა დაიწყო Starring Georgia-ს კამპანია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მსოფლიო დონის ვარსკვლავები ეწვივნენ. The Killers-ის, Imagine Dragons-ის და Bruno Mars-ის კონცერტებმა, Black Sea Arena და თბილისის ორივე საფეხბურთო სტადიონი გადაჭედა, რაც უპრეცედენტო მოვლენა იყო. ამას დავამატოთ ისიც, რომ ამ ვარსკვლავებამდე, ქართველ შემსრულებლებსაც მიეცათ დიდი აუდიტორიის წინაში თავის გამოხატვის საშუალება.

რაც შეეხება იმ ვენიუებსა და ადგილებს, რომლებიც ყოველკვირეულ პროგრამას გვთავაზობდნენ - რთულია აქ რამის არჩევა, ვინაიდან შეიძლება ითქვას, რომ ქალაქში ამ მიმართულების ბუმია, ყოველთვიურად იხსნება ახალ-ახალი ადგილები, სადაც მუსიკის მოსმენა შეგიძლია, თუმცა უფრო რთულია განასხვავო ისინი ერთმანეთისაგან, ვინაიდან პროგრამა თითქმის იდენტურია.


აშკარაა რომ, ამ ქალაქს მუსიკალურად კიდევ უფრო დივერსიფიკაცია სჭირდება, ვიდრე ეს აქამდე იყო. ყოველ კუთხეში ადვილად მოძებნით სივრცეს, სადაც საცეკვაო ელექტრონული მუსიკა ჟღერს, თუმცა რთულად მიაგნებთ ადგილს, სადაც ჰიპ-ჰოპ, ექსპერიმენტულ, მეტალ და როკ მუსიკას შეიგძნობთ. ამ მიმართულებით, ვფიქრობ, ისევ ჩამოსულმა რუსებმა, ბელორუსებმა თუ უკრაინელებმა შეცვალეს სიტუაცია - აწყობდნენ რა მცირე, მაგრამ საინტერესო შეკრებებს და თავს უყრიდნენ განსხვავებული მუსიკალური გემოვნების ადამიანებს. ვფიქრობ რაღაც კარგის გადმოღება მათგანაც შეიძლება.

სიტუაცია თითქმის უცვლელი იყო ლეიბლების მიმართულებით: Bandcamp-ზე დიდი რაოდენობით შეხვდებით ქართულ ნეტლეიბლებს თაგებით „hardtechno, ebm…” - ყველა ერთმანეთის მსგავსი და უინტერესო. სხვა, მინიმალურად გამორჩეული ლეიბლები კი ისევ თავის ხაზს აგრძელებდნენ 2023-შიც.


გამოვყოფდი ორ მნიშვნელოვან პროექტს - ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა”, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს მნიშვნელოვან მუსიკალურ ალბომებს ფირფიტაზე გამოსცემს და უკვე 6 გამოცემა დაუგროვდა და ახლად შექმნილი ლეიბლი “თბილისი”, რომელმაც დეკემბერში პირველი ფირფიტა, ალექსანდრე კილაძის ჯაზ ქორალის ალბომი გამოსცა.

რაც შეეხება მუსიკალურ მედიას - აქ კარგი ის იყო, რომ მსოფლიო გიგანტი, Billboard საქართველოშიც შემოვიდა და ქართულ მუსიკასაც წინ წამოსაწევად დამატებითი მედიუმი დაემატა. ასევე Euronews-ზე გადის მათი მცირე სატელევიზიო რუბრიკაც, რაც ახალ ქართულ მუსიკას ეხმარება რომ სხვა აუდიტორიასაც მიწვდეს.


ქართველი მუსიკალური ჟურნალისტების კოლექტივმა Dancing On Architecture-მა, გააგრძელა წინა წელს დაწყებული საქმე და “Sounds Of…” სერია, რომელიც ერთის მხრივ სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური კულტურის აუდიო დოკუმენტაციას და არქივაციას ემსახურება, მეორეს მხრივ კი სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებით, თანხას აგროვებს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის. ამ მიზნით მათ 2 წლის განმავლობაში 8 ღონისძიება გამართეს, შეაგროვეს 8 განსხვავებული ქვეყნის 150 საათის მუსიკა და 20000 ლარზე მეტი.

საინტერესო პროექტი დაფუძნდა ონლაინ, სახელად DIACI, რომელიც ქართველ მუსიკოსს ქალებს უკეთ გვაცნობს და გვაჩვენებს მათ პრობლემებსა და საჭიროებებს, 20-მდე ეპიზოდის ფარგლებში უკვე საკმაოდ საინტერესო მასალა დაგროვდა ამ თემით დაინტერესებული მაყურებლისთვის.

მადლობა დავით ჟორჟოლაძეს, რომელიც კვლავ აგრძელებს „ჩემი ალტერნატივის“ გადაცემათა სერიას აჭარის რადიოზე და ხელს უწყობს ქართველი მუსიკოსების საკმაოდ მრავალფეროვან სპექტრს. აღარაფერს ვლაპარაკობ გადაცემა „აკუსტიკაზე“, რომელიც ქართული ტელესივრცის გამორჩეული პროექტია. Mutant Radio-მ და Tempo Radio-მ უფრო საერთაშორისო მასშტაბი მიიღეს და ამ ფარგლებში, ქართული მუსიკა აქტუალური გახადეს უცხოელი მსმენელისთვისაც.

დაფუძნდა ქართული მუსიკალური ბიზნესის ასოციაცია, რომელიც მომავალში თავს მოუყრის ამ სივრცეში აქტიურად მოქმედ ბიზნეს სუბიექტებს - ლეიბლებს, არტისტ მენეჯმენტ კომპანიებს, სტუდიებს, სივრცეებს და ა.შ. დარწმუნებული ვარ, მიუხედავად ლოკალური კონკურენციისა, საერთო მიზნის მისაღწევად მათი გაერთიანება მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს. ასევე წლის ბოლოს დაფუძნდა „საქართველოს გაერთიანებული მუსიკოსთა პროფკავშირიც“ - თუმცა ვფიქრობ რომ მუსიკოსებსაც, გარდა პროფესიული საქმიანობისა, თავის მხრივ ბევრი აქვთ გასაკეთებელი, რომ მთლიანი ეკოსისტემა ჯანსაღი და სამართლიანი იყოს.

და ბოლოს, როგორი იყო 2023 წელი ქართველი მუსიკოსებისთვის? როგორც დასაწყისში ავღნიშნე, სტაბილურობის წელი იყო - ვერ ვიტყვით რომ ვინმე ახალი და განსაკუთრებული გამოჩნდა, თუმცა ვერც უკვე შემდგარი მუსიკალური აქტორების შემოქმედებაზე დავიწუწუნებთ. უმეტესმა საინტერესო პროექტმა თუ შემსრულებელმა ან ახალი ალბომი გამოსცა ან კლიპი გადაიღო. ეს ძალიან კარგი ტენდენციაა, რაც იმედი მაქვს მომავალში არამხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მსმენელის (თუ ლეიბლის) ინტერესსაც გამოიწვევს. თითქოს უკვე ყველა ცდილობს, რაღაც ახალი გაიგოს მუსიკალურ ინდუსტრიაზე, მასში მოქმედების წესებზე და ასე დაგეგმოს საკუთარი მომავალი. ფაქტია, რომ მუსიკოსების გარკვეულ ნაწილს უკვე შესაძლებლობა აქვს რომ ამ საქმიანობით საკუთარი ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყოს და შედეგად მას მიუძღვნას მისი დროც.

მაშ რა გვაკლია? რა თქმა უნდა ქართული მუსიკის ექსპორტი - „ექსპორტი’ როგორც თბილისს გარეთ, საქართველოს რეგიონებში, ასევე ქვეყნის გარეთაც - მნიშვნელოვანია რომ თბილისში მიმდინარე აქტივობები, საწყის ეტაპზე ნაწილობრივ მაინც გავრცელდეს რეგიონების 5-6 მნიშვნელოვან ქალაქში და ამით ერთი მხრივ ქართველმა მუსიკოსებმა გადადგან ნაბიჯი და მოიზიდონ ახალი მსმენელი და მეორე მხრივ რეგიონები კულტურულად გამოცოცხლდნენ. რაც შეეხება ქვეყნის გარეთ ექსპორტს, ეს გრძელვადიანი და აუცილებელი ვერტიკალია, რომელზეც როგორც შემოქმედებმა, ასევე ამ სივრცეში მოქმედმა სხვა აქტორებმა აქტიურად უნდა იზრუნონ. ვიმედოვნებთ რომ 2024 წელი არსებული ინიციატივების გაფართოვების და ახალის გაჩენის პერიოდი იქნება.

იქამდე კი გთავაზობთ 2023 წელს გამოცემული ჩემთვის საინტერესო 30 ქართულ ალბომს (ნაწილობრივი სია)

Tazo Meipariani – Cold Outside

Stia - Home

Natalie Beridze-  If We Could Head

ალექსანდრე ხარანაული - დილით ამომავალო მზეო

Zuka – Celo’s Memories

forestsaurus – forestsaurus

Nino Davadze – Agora

Mokumoku - Off The Record

Tamo Nasidze - The Voices Of Priestesses

KAY G – Blue Magic

Gacha Bakradze - Pancakes

Eko & Vinda Folio - თავშეკავება

Circus Mircus - Furore​/​Fiasco

David Datunashvili - ზ​ო​გ ყ​ვ​ა​ვ​ი​ლ​ს უ​ფ​რ​ო ნ​ა​ზ​ი მ​ო​პ​ყ​რ​ო​ბ​ა უ​ნ​დ​ა​, თუ არ გ​ა​წ​ვ​ი​მ​დ​ა

Levan Svanidze – Dead Soul’s Vacation

Psychonaut 4 - Scrapes From The Past

Erekle Getsadze – Chiptunez

HVL – Lightsail

Bedford Falls – Miende.

Chaos in the Attic - Enter the Attic

Luna Flowers/Sabana – Temple Pharmacy

FH HF - The World Leaps | The Mold Speaks

Sandro Tavartkiladze - Tropikuli Tsvima

Killages – Outcast

VAQO - Shelotsvebi Tanamedrove Bavshvebi Motsamluli Vashlebi

Cozy k - The Producers

Foxkids – SEVSAMORA

Irakli Choladze - IN UP OUT

Pelargonia – Deaf’s Lament

GRB3 - The Mission, Stage III

Rezo Glonti - Subtropics

ავტორი: ჯაბა შავიშვილი