მუსიკა | ცა

20 ახალი ქართული რელიზი

Tsa Music

მაისი 01, 2020


HVL - Alignment 


ელექტონული მუსიკის ქართველი პროდიუსერი, ბასიანი რეზიდენტი DJ გიგი ჯიქია იგივე HVL, მესამე ალბომს, „Alignment“-ს აქვეყნებს. ალბომი ციფრული ფორმატით, მუსიკოსის დაფუძნებული ლეიბლის „HVL”-ის პირველი რელიზია და 19 კომპოზიციას მოიცავს. ტრეკების უმეტესობა ემბიენთ, acid და ელექტრო სტილების თანაკვეთშია და ერთიანი კოსმიურ მოგზაურობისთვის ამზადებს მსმენელს.


Soft Eject - Connecting Times


Soft Eject ძველი შემადგენლობით და ახალი ალბომით დაბრუნდა. Connecting Times ძირითადად ადრეულ წლებში შექმნილი სიმღერებისგან შედგება (ზოგი ჯერ კიდევ 80-იანების წლების შუაში დაიწერა), რომლებისთვისაც სტუდიური სახის მიცემა მხოლოდ ახლა მოახერხეს. 


Anushka Ckheidze - Halfie


"Halfie" ანუშკა ჩხეიძის პირველი პერსონალური ალბომია. „Halfie“, როგორც ანუშკა ამბობს, მის ერთ ნახევარს ნიშნავს. 8 ტრეკისგან შემდგარი ალბომის ბონუს ტრეკი ვინილზეა წარმოდგენილი.


Four Dimensional Monster Lobsters - Solitary Days of Alien Abduction


Four Dimensional Monster Lobsters ქართული ბენდია, რომელიც 2019 წელს ჩამოყალიბდა და აპრილში 13 კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი გამოუშვა, რომელზეც სექტემბრიდან მუშაობდნენ. ალბომის ჟღერადობა აგრძელებს ჯგუფის მიერ არჩეულ გზას სინთ-პოპისა და ფსიქოლედიის გადაკვეთაზე. თოთოელი კომპოზიცია ინდივიდუალური გაფორმებით Youtube-ზეა ხელმისაწვდომი.


Moku J - Symbionese Liberation Army


MokuMoku-ს წევრმა, ჯონდო ჯაფარიძემ aka Moku J-მ ახალი ინსტრუმენტალური ჰიპ-ჰოპ (და არამხოლოდ) ალბომი გამოუშვა. Moku J და Hamurabi - ეს ჯეის განსხვავებული მუსიკალური პროექტების სახელებია, მაშინ როდესაც ჰამურაბი ექპერიმენტებში იძირებოდა, Moku J ბითებს თლიდა და ამ მომენტისთვის ემზადებოდა.


Coo - Adapt


დავით ცინცაძემ, იგივე "Coo"-მ თავისი პირველი ტრეკი "Adapt" გამოუშვა. ვიდეო ავტორის მიერ მისსავე სახლშია გადაღებული.


Mess_Montage - Modular Loops​(​soundpack)


ქართველმა მუსიკოსმა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ლექტორმა თორნიკე მარგველაშვილმა (Mess_montage) მოდულარულ სინთეზატორზე შექმნილი ხმების (ლუპების) კოლექცია გამოაქვეყნა. მსგავსი პაკეტების გამოქვეყნება დიდია ხანია აპრობირებული მეთოდია მუსიკალურ წრეებში, შეძენის შემთხვევაში მუსიკოსებსა და პროდიუსერებს მათი გამოყენება თავისუფლად შეუძლიათ საკუთარი ჩანაწერის შექმნის პროცესში. 


kordz - ბაში-აჩუკი


ალექსანდრე კორძაია, იგივე Kordz აგრძელებს ჩვენთვის დადებითი ემოციების მოწოდებას, ამჯერად მუსიკოსმა სულხან ცინცაძის ყველასთვის ნაცნობი მუსიკალური თემა „ბაში აჩუკის“ ფილმიდან, საკუთარი ინტერპრეტაციით შემოგვთავაზა. კომპოზიციას loop-ად გასდევს ორიგინალიდან სიმღერის მოკლე სემპლი, რომელსაც ქართველი სახალხო არტისტი ზურაბ ანჯაფარიძე ასრულებს - რასაც კორძისთვის ტრადიციული მელოდიური პასაჟები ერთვის თან.


Mush One - მკვდარი სანატორიუმი


ქართული ჰიპ-ჰოპ კოლექტივის, Digmassive-ის წევრი თორნიკე ზურაბიანი aka Mush One სოლო მინიალბომს, „მკვდარ სანატორიუმს“ აქვეყნებს. ეს მისი პირველი ცალკე მდგომი EP-ია, რომელიც 5 მცირე მონაკვეთიანი საყვირის ხმებით გაჯერებული კომპოზიციისგან შედგება და მშობლიურ ქალაქს, წყალტუბოს ეძღვნება.


Sinoptik Music - UNRELEASED


ქართულ ლეიბლზე “Timelapse Of A Dream“, ქართველი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერის, ზურა ჩხარტიშვილის იგივე Sinoptik Music-ის დაურელიზებელი კომპოზიციების კომპილაცია გამოვიდა. ალბომი, რომელიც მუსიკოსისთვის რიგით მეექვსეა, 11 კომპოზიციისგან შედგება და ძირითადად ემბიენთ და drone ჟღერადობაშია გადაწყვეტილი. აქ შემავალი კომპოზიციები მუსიკოსის სოლო ნამუშევრებია, ერთ-ერთი კომპოზიცია „Lines” კი თანამოქმედებით შეიქმნა ნატალი ბერიძესთან ერთად.


სანდრო თავართქილაძე - PC Psychedelia


ქართველი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი, სანდრო თავართქილაძე ახალ ალბომს „PC Psychedelia“-ს აქვეყნებს. ალბომი ფსიქოლედიაური ელემენტებითაა გაჯერებული და 6 აკუსტიკურ და ელექტრონულ კომპოზიციას აერთიანებს.


დარი - ზღვისპირელი


ჰიპ-ჰოპ პროდიუსერი, თორნიკე მამისეიშვილი (TM), განახლებული პროექტით „დარი“, ახალ ინსტრუმენტალურ EP-ს, „ზღვისპირელს“ აქვეყნებს. პროდიუსერის სადებიუტო სოლო მინიალბომი „ფირფიტქექია“ გასულ წელს დარელიზდა და  ჩვეულებისამებრ ქართული ჯაზისა და ვოკალურ ინსტრუმენტალური ანსამბლების ეპოქის ჩანაწერებიდან აღებული სემპლებითაა გაჯერებული.


Boarders Of Known - Hidden Perceptions


27 მარტს, ახალი ქართული მუსიკალური ლეიბლის, “Boarders Of Known”-ის სადებიუტო რელიზი, - “Hidden Perceptions” გამოვიდა. “Boarders Of Known” ორმა ქართველმა არტისტმა, სოფი ჟამურელმა და ირაკლი ჯობავამ დაარსეს და იგი ძირითადად ექსპერიმენტული ტექნოს ჟღერადობაზე იქნება ორიენტირებული. ლეიბლის პირველი რელიზი კომპილაციური მინიალბომია, სადაც ქართველ არტისტებთან ერთად, სტილისთვის საკმაოდ ცნობილი, უცხოელი არტისტებიც ერთიანდებიან. ალბომის შეძენა ციფრულად და ფიზიკურადაც - კასეტის ფორმატში იქნება შესაძლებელი.  


ნიაზი და თემურიკო დიასამიძე - გურული


ჯგუფ 33ა-ს წევრმა და დამაარსებელმა, ნიაზ დიასამიძემ თავის შვილთან, თემურიკო დიასამიძესთან ერთად პირველი სიმღერა „გურული“ გამოაქვეყნა. კომპოზიცია, რომელიც დაუნთემპო მუსიკისა და ნიაზის ტრადიციული ფოლკლორული მღერის სინთეზია. 


Betkho – Homecoming


ქართველმა მუსიკოსმა და ხმის რეჟისორმა ირაკლი „ბეთხო“ მანჩხაშვილმა, რომელიც ამავდროულად ჯგუფი The Bearfox-ის წევრია, პირველი სოლო მინიალბომი გამოუშვა. მინიალბომი „Homecoming”, რომელიც 6 კომპოზიციისგან შედგება, ემბიენთ ჟღერადობაშია გადაწყვეტილი და მთლიანად კასეტის ჩანაწერების ხმოვანი მანიპულაციით და სინთეზატორის დახმარებით იქნა ჩაწერილი.


Crem Fresh - Evil at the Low End 


Crem Fresh თბილისელი MC-ის ალექსანდრე გველესიანის ინგლისურ ენოვანი ჰიპ-ჰოპ პროექტია, რომელმაც აპრილში რიგით მეორე მინიალბომი „Evil at the Low End“ გამოუშვა. პირველი EP-სგან განსხვავებით, სადაც კომპოზიციები ჯაზურ ბითებზე იყო აწყობილი, აქ მუსიკა ექსპერიმენტებითაა სავსე, მასთან ერთად ტექსტები მეტად აგრესიული და ხშირად ნიჰილისტურიცაა.


Okinawa Lifestyle - Sunstorm


აწ უკვე დაშლილმა ქართულმა დუეტმა Okinawa Lifestyle, მათ მიერ 2009-2011 წლებში გამოუქვეყნებელი კომპოზიციებისგან შემდგარი ალბომი „Sunstorm“ გამოაქვეყნა. ალბომი 13 ელექტრონული ტრეკისგან შედგება და მისი მოსმენა დაშეძენა Bandcamp-ზეა შესაძლებელი.


Tete Noise - Relative Distances


ქართველმა მუსიკოსმა სანდრო ჩინჩალაძემ, რომელიც ამჟამად მუსიკას ფსევდონიმით Tete Noise აქვეყნებს, ახალ კონცეპტუალურ ჩანაწერს Relative Distances გაავრცელა. 9 სეგმენტისგან შემდგარი ნამუშევარი როგორც აკუსტიკური, ასევე ანალოგური ინსტრუმენტების დახმარებით სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სივრცეში ჩაიწერა. ჩანაწერში გვხვდება კოლაბორაციები სხვადასხვა მუსიკოსებთა, მათ შორისა Molly Arnol , Nathan Hudson, Scott McCulloch და გიორგი ქორქაშვილი. რაც შეეხება მე-8 სეგმენტს, ამ ნაწილში ჩელოს პარტია Evgeny Inchagov-ს ეკუთვნის.


Boyd Schidt - 003


ლეონ ლოლიშვილმა, იგივე Boyd Schidt, მარტში 4 კომპოზიციისგან შემდგარი კრებული გაავრცელა, რომელიც მისი Self Released ჩანაწერების სერიის მესამე ნაწილია. ექსკლუზიურად ციფრულ ფორმატში დარელიზებული ნამუშევარი შინაარსობრივად თვითიზოლაციის თემას უკავშირდება. კრებულის ყდის დიზაინი საბა შენგელიას ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ პარალელურად ქართველმა არტისტმა ლეიბლთან NovaFuture Recordings თანამშრომლობა დააანონსა, რის ფარგლებშიც მალე ახალი ჩანაწერი Artificial Intelligence გავრცელდება.


Hamatsuki - Observing


ელექტრონული მუსიკის ქართველი არტისტი მამუკა ცხადაია, მუსიკალური ფესვდონიმით Hamatsuki ახალი ჩანაწერებით დაბრუნდა, რომელთაგანაც განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს კომპოზიცია Observing, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რატომ გახდა Hamatsuki ქართული საკლუბო სივრცის ამდენად მნიშვნელოვანი არტისტი. მუსიკოსმა ცოტა ხნის წინ საკუთარი სტუდიური ნამუშევრები კონცეპტუალური სახით, Live From Isolation-ის ფარგლებში შემოგვთავაზა, სადაც ეს უკანასკნელი კომპოზიციაც გვხვდება. Observing ატმოსფერული და მელოდიური კომპოზიციაა, სადაც ბრეიქბითისთვის დამახასიათებელი რიტმული სექცია და ესიდ ჟღერადობის ელემენტებიც გვხვდება.



ცა - Tsa Music

Facebook | Instagram | Youtube | Soundcloud

Special thanks to Jaba Shavishvili and Rezi Khuntselia