მუსიკა | ცა

1971 – Post Industrial Boys-ის დაბრუნება

თებერვალი 14, 2024

გოგი ძოძუაშვილის მუსიკა ყოველთვის პირადი იყო. 1990-იანი წლების დასაწყისიდან იგი ჯგუფ Mother On Mondays-ის წევრი და სიმღერების ავტორი. 1996 წლიდან კი, მას შემდეგ, რაც ელექტრონულმა ბგერებმა მისი მუსიკის აკუსტიკური ხასიათი შედარებით გადაწონეს, სწორედ ამ მიმართულებით დაიწყო სიმღერების წერა და შემდეგ წელს, „მჟავა Message”-ის სახელით გამოსული ალბომის მთავარი წილი, სწორედ მის შემოქმედებაზე დგას. ამ პერიოდიდან, უფრო ნათლად გამოჩნდა, თუ რა ტიპის შემოქმედთან გვქონდა საქმე - ინტროსპექციულ, მშვიდ და მეტად სენტიმენტალურთან. გავიდა წლები და გოგის შემოქმედება თანმიმდევრულად ამ ხაზით ვითარდებოდა, ამას მალევე მოჰყვა თომას ბრაიკმანის Max Ernst-ის ლეიბლზე გამოშვებული 2 ალბომი, მზია არაბულთან ერთად ჩაწერილი „იას უთხარი“, კოლაბორაციული ალბომები ირაკლი კაკაბაძისა და რატი ამაღლობელის ტექსტებზე და მრავალი სხვა.

10 წლიანი პაუზის შემდეგ, 2016 წელს, გოგი ძოძუაშვილმა გააქტიურა პროექტი Post Industrial Boys და Karaoke Kalk-ზე ალბომი Unintended გამოუშვა. ამ დროს მელომანებმა მისი სახელი როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც კარგად იცოდნენ. 2000-იან წლებში გამოშვებულმა ალბომებმა ბევრი მოაჯადოვა და მუსიკოსის სამყაროში სამუდამოდ შეიპატიჟა.

გოგის არაერთხელ უხსენებია, რომ მუსიკას პირველ რიგში საკუთარი თავისთვის ქმნის, თუმცა გარე სამყაროში გაშვების შემდეგ, შემოქმედება საკუთარ გზას თავად პოულობს. მუსიკოსი, რომელიც მცირე საზოგადოებრივი აქტივობით გამოირჩევა, დიდად არც ისეთ ცოცხლად შესრულებებს წყალობს, სადაც მისი ვოკალური ჩართვაც აუცილებელი ხდება.  ესეც მისი პიროვნული ხასიათის შტრიხების შემოქმედებითი ელემენტია. ამიტომაც მსმენელს ჩანაწერებზე კონცენტრირება გვიწევს.

2024 წელი გოგისთვის ნაყოფიერად დაიწყო. 8 წლიანი პაუზის შემდეგ, მაროკოში დაფუძნებულ ლეიბლზე, Casa Voyager-ზე, სადაც სხვა ქართველი მუსიკოსის, გიორგი კობერიძის მუსიკაც გამოდის, Post Industrial Boys-ის ახალი ალბომი გამოიცა.

1971 - ასე ქვია ალბომს, რომელიც მუსიკოსის დაბადების წელს აღნიშნავს და სათაურიდან გამომდინარე, არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ მის შემოქმედებაში ყველაზე პერსონალურ მუსიკას შეიცავს, სადაც ტექსტის ავტორიც თავად არის.

ალბომის ამავე დასახელების სიმღერით იწყება - ავტორი გვიყვება თუ როგორ დაიბადა არც ისე მნიშვნელოვან ქალაქში, როგორი იყო ბავშვობის დასამახსოვრებელი მომენტები, როგორ ცდილობდა მოზარდობისას გადაელახა სიმორცხვე და ყოფილიყო კეთილი გარშემომყოფების მიმართ. ბოლოს იმ დროსაც ახსენებს, რომლის გადმოსახედიდანაც, უკვე შუახანს მიღწეული წერს სიმღერას. მელოდია აქ გოგისთვის დამახასიათებელი მინიმალიზმით და ჰარმონიულობითაა ნაკვები.


შემდეგი სიმღერა ლილიანზე და მისი ცხოვრების ერთ რიგით დღეზეა. თითქოს არაფრით გამორჩეული ტექსტი, სიმღერის მანერითა და თხრობით მსმენელის დაინტერესებას მაინც ახერხებს.


უფრო ნათელი მუსიკალური ტონია Becky-ში, რომელიც ბავშვობის დროინდელ ზამთრის ერთი თოვლიანი ღამისა მოგონებას აღწერს - რომელმაც როგორც ჩანს ავტორის მეხსიერებაში დიდი სიხარულის კვალი დატოვა.


შემდეგი სიმღერა Cook იგივე მუსიკალური მიმართულების გაგრძელებაა, დრამისა და მოკლე ფორტეპიანოს პასაჟების თანხლებით უფრო დინამური ხდება - ტექსტობრივი მხარე კი დიდ ჩართულობას არ იწვევს, გარდა ბოლოს გაჟღერებული ციტატისა - „Doors Open, Doors Close – To All Our Passions That’ Coundn’t Live Long:


Flowers - ჩემთვის ალბომის ერთ-ერთი ფავორიტია - ემოციური მელოდია, ინტიმური ატმოსფერო და ტექსტი, რომელიც გოგის ძველ ალბომებთან აქტიური პარალელების გავლების საშუალებას გვაძლევს. 


Strange 2 - ამ სიმღერის პირველი ნაწილი „Unintended“ -ში მოხვდა - ეს კი უფრო მელოდიური, მსუბუქი და პირადულია. გოგიც ტექსტს თითქოს უფრო კითხულობს, ვიდრე მღერის.


I See და When You Are- ორი სენტიმენტალური სიმღერაა, ავტორი აქაც მინიმალური რიტმითა და ჰაეროვანი სინთეტური თუ კლავიშის ხმოვანებით კონკრეტული ატმოსფეროს შექმნას ცდილობს - რაც მარტივად გამოსდის და მსმენელისთვის შეუმჩნევლად გადის ეს მნიშვნელოვანი წუთები.


ბოლო სიმღერა Dreams ალბომიდან კიდევ ერთი ფავორიტია, სიზმრისეული, როგორც სათაური გვაუწყებს და მთავარი მესიჯით იმის შესახებ, რომ ხშირად ოცნებები რასაც ვეხებით ან გვესმის იმაზე მეტად რეალურია.

გოგის ეს ალბომი მისთვის ყველაზე პერსონალურია, ჩვენთვის კი კიდევ ერთი საშუალებაა, რომ დიდი ხნის შემდეგ, საყვარელი მუსიკოსის ახალი ნამუშევარით დავტკბეთ. მისი მუსიკა ისევ უპრეტენზიო რჩება, ჟღერადობის პალიტრაც თითქმის 25 წლის განმავლობაში უცვლელია - ეს მუსიკა სენსიტიური ადამიანებისთვისაა, რომლებიც სამყაროს საკუთარი ემოციური კომპასის მიხედვით აღიქვამენ - ავტორმა თავისი საქმე უკვე გააკეთა, მუსიკა კი შესაბამისი მსმენელის ძიებაშია.

ავტორი : ჯაბა შავიშვილი

Powered by VISA