ლიტერატურა სიახლეები

1937- რამდენიმე ეპიზოდი პრესის ფურცლებიდან

„საბა"

აპრილი 15, 2024

ის, რომ წითელმა ტერორმა ქართული ინტელექტი გაანადგურა და საქართველოს საუკეთესო შვილები გადაუსახლა, დაუკარგა ან დაუხვრიტა, დღეს უკვე ყველამ ვიცით. მიუხედავად იმისა, რომ რეპრესიები დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, რამდენიმე ეტაპი ჰქონდა და უამრავი მსხვერპლიც მოიტანა, ჩვენთვის, ამ ყველაფრის სიმბოლო მაინც 1937 წელია, რეპრესიების ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი წელი, დიდი ტერორის წელი, ეს რიცხვი ერთგვარად მეტაფორად იქცა, რომლის მიღმაც უამრავი სხვა წელი იგულისხმება.


რეპრესიები შეეხო ყველა საბჭოთა რესპუბლიკას, საქართველოში კი რეპრესიების მსხვერპლი გახდა თითქმის 30 000 ადამიანი, მათ შორის, ნახევარი დახვრიტეს, ნახევარი-გადაასახლეს.

მიხეილ ჯავახიშვილი, დიმიტრი შევარდნაძე, მემედ აბაშიძე, პეტრე ოცხელი, ვახტანგ კოტეტიშვილი, ტიციან ტაბიძე, სანდრო ახმეტელი, ევგენი მიქელაძე… 1937 წელს დახვრეტილი ადამიანების სია ძალიან დიდია.

ლიტერატურას, როგორც ეროვნული ცნობიერებისა და აზროვნების უმთავრეს წყაროს, როგორც სიტყვის სივრცეს, რომელიც განსაკუთრებით საშიშია დამპყრობლისათვის, რეპრესიები გვერდს ვერ აუვლიდა და, რასაკვირველია, არც აუვლია. დასმენებისა და ჯაშუშობის პროცესმა აქ წარმოუდგენელ მასშტაბს მიაღწია.


ეს ლექსიკური შხამი, რომელიც ლიტერატურულ სივრცეში იღვრებოდა, კარგად იკითხება პრესის ფურცლებიდანაც. სწორედ 1937 წლის ქართულ პრესაში მოგზაურობას გთავაზობთ. უფრო ზუსტად კი ქართული საბჭოთა ლიტერატურის მთავარი ლიტერატურული ორგანოს „ლიტერატურული საქართველოს“ 1937 წლის სხვადასხვა ნომრის ფურცლებში ჩახედვას.


ლიტერატურას არ ვიცი და სტალინს აქ ნამდვილად ვერ მოისაკლისებთ, ბელადის ფოტო საგაზეთო ნომრის აუცილებელი ატრიბუტია, თუ მისი გამოსვლა არაა დაბეჭდილი, მაშინ ლექსები მასსა და დედამისზე:

 ან მისი მრავალმხრივი „შემოქმედების“ მრავალმხრივი განხილვა, მაგალითად, ეს:

ან ეს:


1937 არჩევნების წელიცაა, ამიტომ პროპაგანდა მეტად უნდა გაძლიერდეს.


კრიტიკაც საჭიროა, პარტიული ამხანაგების უნდა შეაფუცხუნო და შეაშინო:


„ზოგიერთი ჩვენი პარტიული ამხანაგის შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ მათ ვერ შეამჩნიეს, ვერ გაიგეს მთელი ეს განსხვავება ძველ და ახალ მავნებლებს შორის, შახტელებს და ტროცკისტებს შორის და, ვერ შეამჩნიეს რა ეს, ვერ შესძლეს დროზე გარდაქმნილიყვნენ, რომ ახლებურად გაეჩაღებინათ ბრძოლა ახალ მავნებლებთან“.

საჭიროა მათი გარიცხვა, თან ისეთებისაც, ვინც ერთგულად ემსახურებოდა პარტიას, ერთგულად უთხრიდა ძირს კოლეგებს, არც შხამიან კალამს, არც ანონიმურ წერილს იშურებდა მათ დასაღუპად. თუმცა, ფაბულა და არქეტიპი ერთია - ჯალათი აუცილებლად იქცევა მსხვერპლად.


ცენზურა? ცენზურის გარეშე როგორ იქნება:


„საჭიროა, შემოვიღოთ ჯერ კიდევ დაუბეჭდავი ნაწარმოების საფუძვლიანი განხილვა. ბევრი ისეთი ნაწარმოები იცემა, რომლის დაბეჭდვა არა ღირს, რომელსაც ზიანი მოაქვს მკითხველისათვის. თუ ასეთი მკაცრი შერ5ჩევა იქნება, ჩვენი ლიტერატურა ამით დიდად მოიგებს“.

ჩვენ მხოლოდ საბჭოთა მწერლები გვჭირდება, როგორია საბჭოთა მწერალი? აი, ასეთი:

„ საბჭოთა მწერალი უწინარეს ყოვლისა უნდა იყოს საბჭოთა ხელისუფლების, სოციალისტური სამშობლოს, ლენინ-სტალინის პარტიის ერთგული ადამიანი, მას უნდა უყვარდეს საბჭოთა ხალხი, თავისი საბჭოთა სამშობლო, ღრმად სწამდეს მისი ძალა და ძლიერება. იგი უნდა იყოს გულწრფელი და მართლისმთქმელი თავის ნაწარმოებებში, იგი უნდა განამტკიცებდეს, აფართოებდეს თავის კავშირს მშრომელთა ფართო ფენებთან“ - საქართველოს ბოლშევიკების სახელოვანი ხელმძღვანელის - ამხ. ლავრენტი ბერიას ამ სიტყვებში მკაფიოდ და ზუსტად აღნუსხულია საბჭოთა მწერლობის ის საუკეთესო და ძირითად თვისებანი, რომლებიც განსაზღვრავენ საბჭოთა ეპოქის ლიტერატურულ მოძრაობას და მის უპირატესობას ყველა სხვა ქვეყნის ლიტერატურასთან შედარებით“.

საბჭოთა ლირიკა როგორი უნდა იყოს?


„ საბჭოთა ლირიკის მაგისტრალური გზა უნდა იყოს გახსნას ის შესანიშნავი თვისებები, რომლებიც ახალმა ადამიანმა შეიძინა კაპიტალიზმის წინააღმდეგ უკლასო საზოგადოებისათვის ბრძოლაში“!

მთლად საბჭოთა პოეტი არ უნდა იყოს ტიციან ტაბიძე, ამიტომაც შეეწირება 1937 წლის ტერორს, კრიტიკოსი „მახვილ“ კალამს არ იშურებს:

„დღეს ისინი, რასაკვირველია, უარს არ ამბობენ ბოლშევიკურ პოლიტიკურ თემატიკაზე, მაგრამ მაინც თავის მოწოდებად არ თვლიან დიდი სტილის პოლიტიკურ პოეზიას, პოეზიას, რომელიც აფართოებს და აღრმავებს მასების პოლიტიკურ შეგნებას. დიდი სტილის პოლიტიკური პოეზიის ნიმუად ვერ ჩავთვლით, მაგალითად, ტიც.ტაბიძის ბაღდადის ზეცას.“

არც მიხეილ ჯავახიშვილია საბჭოთა მწერალი, მისი თავიდან მოშორებაც აუცილებელია, ამას კი შესანიშნავად შეასრულებს ერთი ორი ერთგული ამხანაგი.


„უნდა ითქვას, რომ ჯავახიშვილისათვის საბჭოთა მწერლის რეპუტაციის შექმნაში განსაკუთრებული „ღვაწლი“ მიუძღვისთ ჩვენი ხალხის დღეს უკვე საბოლოოდ ნიღაბახდილ და განადგურებულ მტრებს“.

„ამგვარი ცილისმწამებლური, დამახინჯებული და გამყალბებელი „ნაწარმოებებიდან“ მ. ჯავახიშვილი გადავიდა ვულგარულ პორნოგრაფიული ხასიათის პატარა მოთხრობებზე, როგორიცაა, „მუსუსი“, „პატარა დედაკაცი“, „ოქროს კბილი“ და სხვა.


ამ „ნაწარმოებთა ერთადერთ „დანიშნულებას“ შეადგენდა საბჭოთა ხალხის მორალური შეგნების შებღალვა, ამ „მოთხრობებით“ მწერლის ნიღაბში დამალული კლასობრივი მტერი ცდილობდა გამოეთიშა მკითხველის აზრი და გრძნობა ჯანსაღი სოციალური იდეების სფეროდან“.

ამიტომაც საჭიროა:


 

მოსპეს კიდეც.