10 ქვეყანა, სადაც 2022 წელს იაფად იმოგზაურებ

ივლისი 26, 2022

სად დავისვენოთ ამ ზაფხულს — ეს ის კითხვაა, რომელსაც ცხელი დღეების მოახლოებასთან ერთად ყველაზე უფრო ხშირად ვუსვამთ საკუთარ თავს და მეგობრებს. თუ ორწლიანი იზოლაციის დასრულება თქვენც დიდი მოგზაურობებით გინდათ აღნიშნოთ, მაშინ სწორ ადგილას მოხვდით. ჩვენ ათ ყველაზე იაფ ქვეყანაზე გიამბობთ და გეტყვით, რატომ უნდა ესტუმროთ მათ დასასვენებლად.

ინდოეთი

ფოტო: Forbes

ინდოეთი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომლითაც 2022 წელს მოგზაურები ყველაზე მეტად ინტერესდებიან. აქ ყველაფერია, რაც დიდი თავგადასავლების გამოსაცდელად გჭირდებათ — უმშვენიერესი მთები, სანაპიროები, ტურები ველურ ბუნებაში, ეგზოტიკური სამზარეულო…


რაც შეეხება ფასებს, როგორც გამოცდილი ტურისტები ამბობენ, თუ 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ან კურორტზე არ აპირებთ დარჩენას, მაშინ რთულია, აქ დღეში 50 დოლარზე მეტი დაგეხარჯოთ. ინდოეთის ყველა ქალაქში შეხვდებით იაფ ჰოსტელებს, რომელთა საშუალო ფასი ერთი ადამიანისთვის, დაახლოებით, 1120 რუპია, იგივე 15 დოლარია.


თურქეთი

ფოტო: Telegraph

თუ შორეული მიწების აღმოჩენას ჯერ არ გეგმავთ, მაშინ თურქეთი საუკეთესო გამოსავალია იაფი მოგზაურობისთვის. კეთილმოწყობილი, მაღალი დონის და თან იაფი საზღვაო კურორტების გარდა, თურქეთში მოგზაურობა მისი ყველაზე დიდი ქალაქის, სტამბოლის სანახავად აუცილებლად ღირს. ეს ქალაქი ნებისმიერი ტიპის მოგზაურისთვისაა — მათთვის, ვინც იაფად, რამდენიმე დღით აპირებს დარჩენას და მათთვისაც, ვისაც უფრო ხელგაშლილად უნდა დასვენება. 


სტამბოლში ყველაზე ახლოს გაიცნობთ მრავლისმნახველი ქალაქის ისტორიას, გასინჯავთ უგემრიელეს, სურნელოვან და თან ძალიან იაფ კერძებს და აუცილებლად მოიხიბლებით ადამიანებით, რომლებიც ფუსფუსს დილიდან იწყებენ. თურქეთში მაღალი დონის სასტუმრო ერთი ღამით, საშუალოდ, 100 დოლარი დაგიჯდებათ, შედარებით უფრო მოკრძალებულ ჰოსტელში კი 20 დოლარადაც დარჩებით.


ინდონეზია

ფოტო: Indonesia Travel

თავგადასავლების მოყვარულებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დანიშნულების ადგილი ინდონეზია, კონკრეტულად კი კუნძული ლომბოკია. რას გამოცდით აქ? – ჯუნგლებში გაივლით საფეხმავლო გზას, რომელსაც თვალისმომჭრელ ჩანჩქერამდე მიჰყავხართ, ისწავლით ყვინთვას და ნახავთ ფერად წყალქვეშა სამყაროს, დალაშქრავთ მთა რინჯანის, რომელიც აქტიური ვულკანია და ბოლოს, როცა ველური ბუნების აღმოჩენით დაიღლებით, აირ კალაკის ცხელ წყაროებზე განიტვირთებით.


ინდონეზიაში კიდევ მრავალი ადგილი შეგიძლიათ ნახოთ. მათი უმეტესობა საკმაოდ იაფია, თანაც საქართველოდან უვიზო მიმოსვლით შეგიძლიათ ისარგებლოთ. რაც შეეხება ლობოკს, აქ სასტუმროები 30 დოლარი ღირს, საკვები კი განსაკუთრებით ხელმისაწვდომია — ახალი თევზის უგემრიელეს კერძებს აქ, საშუალოდ, 8- 10 დოლარად გასინჯავთ.

ტაილანდი

ფოტო: Travellers worldwide

თუ აზია გიზიდავთ, ტაილანდში მოგზაურობაზე აუცილებლად უნდა იფიქროთ. აქ ველური ბუნება და დიდებული არქიტექტურა იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.


თუ ფრენას არ ჩავთვლით, ეს ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქვეყანაა დასასვენებლად და ახალი აღმოჩენების გასაკეთებლად. შიდა ტრანსპორტით გადაადგილება ხელსაყრელია, განსაკუთრებით სახალისო და საინტერესოა ტუკ-ტუკები, რომლებითაც ადგილობრივები ფერად ქუჩებს შემოგატარებენ. კეთილმოწყობილ სასტუმროს 50 დოლარზე იაფადაც ნახავთ. კვებაზე კი, ფაქტობრივად, არ უნდა იდარდოთ — აქაური კერძები რამდენიმე ერთეულ დოლარადაც შეგიძლიათ გასინჯოთ.

ნეპალი

ფოტო: Times of India

ნეპალი სწორედ ის ადგილია, რომელიც ერთ ძალიან გაცვეთილ ფრაზას — თავისუფლება მთებშია — ამართლებს. უმშვენიერეს ბუნებასთან ერთად ეს ადგილი განსაკუთრებულად მიმზიდველი მისი სიიაფის გამოა. ბუდისტური ტაძრები და თვალუწვდენელი მთები ნეპალის სავიზიტო ბარათებია. განსაკუთრებით ხშირად აქ მოლაშქრეები მიდიან, მთებში ლაშქრობა კი, როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად, ძალიან იაფია. ზურგჩანთით მოხეტიალე მოგზაურებისთვის ნეპალში ცხოვრება დღეში 20 დოლარი შეიძლება დაჯდეს, საშუალო რანგის მოგზაურებისთვის კი დაახლოებით - 40 დოლარი.


საქართველოდან ნეპალის მიმართულებით სხვადასხვა ტურისტული კომპანიაც აწყობს ტურებს. აქ 10 ღამის სასტუმროში გატარება, ავიაბილეთები, ტრანსფერი, კვება, ვიზის მოსაკრებელი და სხვა სამოგზაურო კომპონენტები, საშუალოდ, 3000-4000 ლარის ფარგლებში ჯდება. 

ეგვიპტე

ფოტო: Travel of path

ეგვიპტეში მოგზაურობა გარანტირებულად ნიშნავს უნიკალური თავგადასავლების, გემრიელი კერძების, შთამბეჭდავი ხედების, მეგობრული ადამიანებისა და მრავალფეროვანი კულტურების ნაზავს.


განსაკუთრებით მიმზიდველი კი კაიროა, რომელიც ცივილიზაციის საწყისებისკენ გამოგზაურებთ. რაც მთავარია, იგი ერთ-ერთი ყველზე იაფი ქალაქია არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელ მსოფლიოშიც კი. 


ყველაზე მეტი ფული აქ მოგზაურობისას მხოლოდ ფრენაში დაგეხარჯებათ. საცხოვრებელი, საჭმელი, შიდა ტრანსპორტი და ტურისტული სანახაობები კი მართლაც იაფია. და თუ ზოგიერთ სიტუაციასა და აქტივობაზე, მაგალითად მდიდრულ სასტუმროში დარჩენაზე ან ტურისტულ ადგილებში აქლემით გასეირნებაზე უარს იტყვით, თქვენს ბიუჯეტს ამ მოგზაურობით არაფერი დაეტყობა. 


ჩეხეთი

ფოტო: Lonelyplanet

ჩეხეთის რესპუბლიკა გარდა ძალიან ლამაზისა, ძალიან იაფი ქვეყანაცაა სამოგზაუროდ. იგი ტურისტებს ათასგვარ სანახაობას ჰპირდება. ასე რომ, თუ ევროპისკენ მიგიწევთ გული, ჩეხეთი აუცილებლად უნდა მოხვდეს თქვენს სამოგზაურო გეგმებში. 


ამ ქვეყანას გასაოცარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა გამოარჩევს. ადგილობრივები კი ინგლისურად შესანიშნავად ლაპარაკობენ, ასე რომ ყველაფერში ძალიან მარტივად გაერკვევით.


პრაღის ლუდის ბარში ლუდი საშუალოდ 1 ევრო ღირს, საცხოვრებელი კი ერთი ღამით 10-15 ევროდანაც კი შეიძლება მოძებნოთ. პრაღა განსაკუთრებულად მოეწონებათ მათ, ვისაც ღამის ცხოვრება იზიდავს. გარდა ამისა, ხელმისაწვდომ ფასად შეძლებთ ჭამას ადგილობრივ რესტორნებში.


პოლონეთი

ფოტო: Hotels.com

პოლონეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, თუმცა აქ ეროვნული ვალუტა, ზლოტი გამოიყენება, რომელიც ევროზე ოთხჯერ იაფია. ასე რომ, დასავლეთ ევროპასთან შედარებით, ამ ქვეყანაში ფასები დაბალია და ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია სამოგზაუროდ. 

ყველაზე პოპულარული ქალაქები ვარშავა და კრაკოვია, თუმცა გამოცდილი მოგზაურები ნაკლებად ცნობილ ქალაქებსაც უწევენ რეკომენდაციას.


ზღვა, მთები, ტბები და უნიკალური ეროვნული პარკები მხოლოდ ნაწილია იმ სანახაობისა, რომელსაც პოლონეთი დაგახვედრებთ. იგი ერთნაირად მიმზიდველია ბუნების მოყვარულებისთვის და მათთვის, ვისაც ისტორია და არქიტექტურა იზიდავს. 


ბუნების საოცრებების ნახვას აქ უფასოდ შეძლებთ, ზოგიერთ ეროვნულ პარკში კი ძალიან მცირე გადასახადია დაწესებული. მუზეუმებისა და სასახლეების მონახულება კი 3-5 ევრო დაგიჯდებათ. რაც შეეხება საჭმელსა და საცხოვრებელს - აქ ნებისმიერი ბიუჯეტით შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო რამ აღმოაჩინოთ.

ჩრდილოეთ მაკედონია

ფოტო: Nomad Paradise

ეს პატარა და ლამაზი ქვეყანა ბალკანეთის ნამდვილი მარგალიტია. მისი უმშვენიერესი, კოხტა სოფლები, მდიდარი კულტურა, გემრიელი კერძები და საინტერესო ისტორია თავს ნამდვილად დაგამახსოვრებთ. დედაქალაქი სკოპიე ცნობილია უამრავი სკულპტურით, თუმცა ნამდვილი სილამაზე ქალაქიდან 15 კილომეტრში, მატკას კანიონზე შეგხვდებათ. 


ეს ყველაზე საინტერესო ადგილია მოლაშქრეებისა და წყლის სპორტის მოყვარულებისთვის. მოგზაურები განსაკუთრებულ რეკომენდაციას ალბანეთის საზღვართან მდებარე ორჰიდის ტბას უწევენ. იგი ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ტბაა ევროპაში და გასაოცარი ადგილია კაიაკის, ცურვის, სკუბა დაივინგის და პარაგლაიდინგის მოყვარულებისთვის.


რაც შეეხება ბიუჯეტს, აქ დღეში, საშუალოდ, 30-45 ევრო დაგჭირდებათ. სასტუმროებს 10 ევროდანაც ნახავთ, ერთი კერძი რესტორანში დაახლოებით 4 ევრო ღირს, ლუდი კი 1.5 ევრომდე. ასე რომ, დროა, პირველმა აღმოაჩინოთ საოცრებები, რომლებიც ბევრი მოგზაურისთვის ჯერ კიდევ უცხოა.


ხორვატია

ფოტო: Euronews

თუ მზე, ფირუზისფერი წყალი და წვეულებები გიზიდავთ, ხორვატიაში მოგზაურობაზე აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ. აქ მაისიდან ოქტომბრამდე იდეალური ამინდია. ათასზე მეტ პატარა კუნძულზე კი აუცილებლად გადაგხდებათ თავგადასავლები, რომლებიც არასდროს დაგავიწყდებათ. 


მთავარი ხარჯები - საცხოვრებელი, ტრანსპორტი და საკვები ხელმისაწვდომია. ამას კი უმშვენიერესი არქიტექტურა, მუზეუმები და პატარა ქალაქები ემატება. ხორვატიაში დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობისთვის უმჯობესია, თუ ტურისტულ სეზონს მოერიდებით — ეს ივლისიდან აგვისტომდე პერიოდია. საკვები დღეში 15 ევრომდე დაგიჯდებათ, პატარა ჰოსტელებში ერთი ღამის გატარება კი 15-20 ევრომდე ღირს.


ბონუსი - ბალტიის ქვეყნები

ფოტო: Lonely Planet

შესაძლოა ეს სამი ქვეყანა ევროპაში ყველაზე იაფი არაა, მაგრამ თუ “დაბალბიუჯეტიანი სკანდინავიის” ნახვა გსურთ, ბალტიის ქვეყნებისკენ აუცილებლად უნდა გაეშუროთ. 


უმშვენიერესი ტყეებით, ტბებითა და ჭაობებით აქაურობა ფინეთს აუცილებლად მოგაგონებთ. აქაურებს, სკანდინავიელების მსგავსად, სრიალი, საუნა და არაყი უყვართ, განსხვავება კი ისაა, რომ აქ ყველაფერი სამჯერ იაფია.


სამეულში ერთ-ერთი ყველაზე უცხო და გამორჩეული ქვეყანა ესტონეთია, რომელიც თანამედროვეობის და სიძველის ნაზავს გახვედრებთ. 


რაც შეეხება ფასებს, ერთხელ ჭამა, დაახლოებით, 7 ევრო ჯდება, საცხოვრებელს კი 30-40 ევროდ ნახავთ. 


და ბოლოს, თითქმის ყველა სიაში, რომელიც იაფი მოგზაურობების შესახებ შედგენილა, აუცილებლად შეხვდებით საქართველოს. ასე რომ, თუკი ჯერ საზღვარგარეთ წასვლას არ გეგმავთ, საქართველოშიც შეგიძლიათ მოიწყოთ გასაოცარი თავგადასავალი. აღმოსაჩენი ხომ აქ ძალიან ბევრია.


ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!