ლიტერატურა

10 წიგნი მოზარდებისთვის

"საბა"

იანვარი 29, 2020

1.     ჯ.კ. როულინგი „ჰარი პოტერი“


ალბათ არავის გაუკვირდება თუ “ჰარი პოტერის” სერია ამ ჩამონათვალში პირველ ადგილს დაიკავებს. ეს წიგნი მთელი მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებული სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს და ამ ფაქტს დროც კი ვერაფერს აკლებს.

2.      ასტრიდ ლინდგრენი „ძმები ლომგულები“


გასაკვირი არც ბებია ასტრიდის ამ განსაკუთრებულად საყვარელი წიგნის მოხვედრაა ამ სიაში. ამ ზღაპარში ყველაფერია, რაც საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებს უნდა ახასიათებდეს - მეგობრობა და თავდადება, გმირები და საზარელი ურჩხულები, იდუმალი ჯადოსნური ქვეყნები და მარადიული ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის…

3.     რ.ჯ. პალაციო „საოცრება“


Young adult მიმართულებიდან თანამედროვე ბესტსელერის ხსენებაზე, ხშირად სწორედ „საოცრება“ გვახსენდება. საოცარი ისტორია პატარა ავგუს პულმანის შესახებ, რომელიც შეუძლებელია ემოციების, ცრემლებისა და აღფრთოვანების გარეშე წაიკითხო.

4.     მარკუს ზუზაკი „წიგნის ქურდი“


წიგნს შეუძლია ჩვენი საუკეთესო მეგობარი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვგონია, რომ ასეთი ირგვლივ არავინ არის. ეს წიგნი 9 წლის ლიზელის ისტორიას მოგვითხრობს და იმას, თუ როგორ გადაატანინა მოპარულმა წიგნებმა გოგონას ურთულესი პერიოდი.

5.     ჰარპერ ლი „ნუ მოკლავ ჯაფარას“


თავის დროზე ეს წიგნი, სრულიად სამართლიანად აღიარეს ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად. 6 წლის გოგონას, ჯინ ლუიზა ფინჩის, თვალით დანახული მოვლენები თანამედროვე მკითხველსაც ასწავლის, რა არის კარგი და რა – ცუდი, რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.

6.     მარჯან სატრაპი „პერსეპოლისი“


ტექსტის ზომა რომ მის მნიშვნელობაზე არ მეტყველებს, ამაში „პერსეპოლისი“ დაგარწმუნებთ. გრაფიკულ რომანში ავტორი ბრწყინვალე ილუსტრაციებითა და უშუალო იუმორით სავსე ტექსტით საკუთარ ცხოვრებაზე გვიამბობს და გვიჩვენებს მეამბოხე ირანელი გოგონას ყოფას ისლამისტურ ირანსა და ევროპაში.

7.     ლინდა მალალა ჰანთი „თევზი ხეზე“


თუ სწავლა ის არის, რაც ყველაზე უკეთ ნამდვილად არ გამოგდის, მაშინ ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხო და შენს მასწავლებლებსა და მეგობრებსაც ურჩიო. წიგნი მოგვითხრობს პატარა გოგონას, ელის შესახებ, რომელსაც კითხვა უჭირს და ვერაფრით გაუგია, როგორ კითხულობენ სხვები ასე მარტივად. მას შემდეგ, რაც სკოლაში ახალი მასწავლებელი მოვა, ელი საკუთარ შესაძლებლობებში დღითიდღე რწმუნდება.

8.     ჯეფ კინი „წრიპა ბიჭის დღიური“


შესაძლოა, კითხვა ჯერ ძალიანაც არ გიყვარს, მარტივად იღლები და გეზარება დიდ ტექსტებს შეეჭიდო, მარამ შენი თანატოლი გრეგის ისტორიები აუცილებლად მოგაგონებს შენსას და გარწმუნებთ, ამ იუმორით და საოცარი ისტორიებით სავსე წიგნს ვერ მოსწყდები. შემთხვევითი სულაც არ არის, რომ წრიპა ბიჭის 150 მილიონზე მეტი ეგზემპლარი მსოფლიოს 90 ქვეყანაში გაიყიდა.

9.     სიუზენ კოლინზი „შიმშილის თამაშები“


შიმშილის თამაშები თინეიჯერებისთვის ერთ-ერთი საყვარელი წიგნია. მას გამოსვლისთანავე დიდი პოპულარობა ხვდა წილად და წიგნი მალევე ითარგმნა 27 ენაზე და განსაკუთრებულად შეიყვარა მკითხველმა. წიგნი 16 წლის უშიშარი ქეთნის ევერდინის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საკუთარი დის გადასარჩენად სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს.

10.     მარკ ჰედონი „რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები“


უცნაური არაფერია იმაში, რომ სხვებს არ ჰგავხარ, ციფრებთან მეგობრობ, ყველა ქვეყნის დედაქალაქი ზეპირად იცი და უსაშველოდ გაინტერესებს, რა შეემთხვა ღამით იმ ძაღლს, რომელიც სახლთან ახლოს მკვდარი იპოვე. წიგნი კრისტოფერ ბუნის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საიდუმლოს ამოხსნის პროცესში ბევრ სირთულეს შეხვდება.

ავტორი: saba.com.ge