მარტი 24, 2022
2019 წელს თიბისიმ ეჯაილ ტრანსფორმაცია დაიწყო — შეიცვალა მუშაობისადმი მიდგომები, გუნდის სტრუქტურა და, რაც მთავარია, ორგანიზაციული ხედვა. შედეგად, კიდევ უფრო ნათელი გახდა პასუხი კითხვაზე — სად დგას თიბისი ახლა?
თიბისი დიდ ტექნოლოგიურ კომპანიად იქცა, რომელიც მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებისთვის ინოვაციურ პროდუქტებსა და სერვისებს ყოველდღე ნერგავს.
ამ გზაზე კი მთავარ როლს მისი თანამშრომლები თამაშობენ — პროფესიონალები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
უკვე წელიწადზე მეტია, თიბისის გუნდი საერთაშორისო მასშტაბით ფართოვდება და სხვადასხვა ქვეყნიდან იზიდავს ტალანტებს ტექნოლოგიების მიმართულებით. ეს კი კომპანიას დღითიდღე აახლოებს მიზანთან — დადგეს ტექნოლოგიური გიგანტების გვერდით, როგორებიც, თუნდაც, გუგლი ან მაიკროსოფტია.
თიბისიზე, როგორც ტექნოლოგიურ კომპანიასა და დამსაქმებელზე ნიკა მამულაშვილი, თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ლიდერი საუბრობს.
ტალანტების ძიება საზღვარგარეთ
“
ჩვენი მიზანია, ტექნოლოგიების დარგში უახლესი საერთაშორისო გამოცდილება შემოვიტანოთ და უწყვეტ რეჟიმში ვიყოთ ტექ-სამყაროსთან”
- ნიკა მამულაშვილი
თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ლიდერი
“მსოფლიოში ტექნოლოგიური კომპანიები არნახული ტემპებით ვითარდებიან, შესაბამისად, გვსურს, ის მიდგომები, რომლებიც მათთან გამოიყენება, ჩვენც დავნერგოთ. ჩვენი მიზანია, ტექნოლოგიების დარგში უახლესი საერთაშორისო გამოცდილება შემოვიტანოთ და უწყვეტ რეჟიმში ვიყოთ ტექ-სამყაროსთან”, — ამბობს ნიკა.
ტექნოლოგიურ სივრცეებთან უწყვეტი კავშირისთვის თიბისიმ თანამშრომლების გარე ბაზრებიდან მოზიდვა დაიწყო. ამას ხელი, ნაწილობრივ პანდემიამაც შეუწყო, რადგან ადამიანებმა მთელ მსოფლიოში დაინახეს, რომ კარგად მუშაობისთვის ზოგჯერ ოფისი საჭირო სულაც არ არის, მეტიც, არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაში ხარ ეკრანს მიღმა.
“იმუშავე საიდანაც გინდა” — ეს თიბისის გრძელვადიანი სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო 2020 წელს, რამაც კიდევ უფრო გაამარტივა ურთიერთობები ქართველ და უცხოელ თანამშრომლებს შორის.
“საქართველოს ბაზარი პატარაა. ეს ბუნებრივია. მოსახლეობაც ცოტანი ვართ, შესაბამისად, ახალ ტექნოლოგიებსა და ინსტრუმენტებზე ხელი ბევრს არ მიუწვდება, ამიტომ დავიწყეთ ტალანტების ძიება საზღვარგარეთაც. ეს იმანაც გაგვიადვილა, რომ, ფაქტობრივად, აღარ არსებობს შეზღუდვები და მთელი მსოფლიო, პანდემიის გამო, დისტანციურ მუშაობაზე გადაეწყო”, — აღნიშნავს ნიკა.
პროცესი პანდემიამდე დაიწყო — თიბისის რამდენიმე წელია, გუნდები ჰყავს უზბეკეთში, უკრაინაში თუ ისრაელში, თუმცა ახლა მასშტაბები უფრო გაფართოვდა და კომპანიას ტექნოლოგიური მიმართულების სპეციალისტები ათი ქვეყნიდან შემოუერთდა. მათ შორის არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ინდოეთი, ყაზახეთი, სომხეთი და სხვა.
თავის მხრივ, უზბეკეთში თიბისის 700-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, რომელიც ციფრული ბანკის განვითარებაში იღებს მონაწილეობას და მათი 97% ადგილობრივია. საგულისხმოა, რომ გასულ წელს The Global Economics-მა თიბისი უზბეკეთში წლის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა.
"თიბისის უცხოელი გუნდის წევრები პრაქტიკულად ყველა ტექნოლოგიური მიმართულებით ჰყავს. ესენი არიან software დეველოპერები თუ არქიტექტორები, ბიზნეს ანალიტიკოსები თუ ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრები, რომლებიც, ნიკას თქმით, კომპანიას მატებენ დიდ გამოცდილებას და ცოდნას. “გუნდის ეს წევრები გვეხმარებიან, გვესმოდეს, საით მივდივართ და რა შეიძლება იყოს ხვალ,” — ამბობს ნიკა.
ცვლილებები
ნიკას თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პროცესმა მოიტანა, ისაა, რომ გარდატეხა ხდება კომპანიის შიგნით, თანამშრომლების აღქმაში თუ მომხმარებელთან ურთიერთობისას.
“ყოველდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი გრძნობს, რომ ჩვენ არ ვართ ლოკალური ფინანსური ორგანიზაცია. ჩვენ საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია ვართ. გუნდისთვის კი ეს დამატებითი მოტივაციაა, რადგან ისინი გრძნობენ, რომ აკეთებენ რაღაც გლობალურს, მასშტაბურს”, — ამბობს ნიკა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გზა ტექნოლოგიურ სამყარომდე თიბისისთვის ეჯაილ ტრანსფორმაციაზე გავიდა. შედეგად კი შეიცვალა ორგანიზაციის ხედვა და მიმართულებები.
“ჩვენ უკვე ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანია ვართ, რამდენიმე მსხვილი მიმართულებით და გვჯერა, რომ ეს ის სფეროა, სადაც ბევრი კარგი რამის გაკეთების შესაძლებლობა გვაქვს არა მარტო ქვეყნის, არამედ რეგიონის მასშტაბით.
ეს გულისხმობს პროდუქტების განვითარებას, მაღალი ხარისხის სერვისის, სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვას. ჩვენ სწორება გვაქვს არა მარტო დიდ ფინანსურ კომპანიებზე, არამედ ტექგიგანტებზეც, რადგან მეთოდოლოგია და მიდგომები, როგორსაც დღეს ისინი იყენებენ, ჩვენთვისაც საინტერესოა” — აღნიშნავს ნიკა.
რაც მთავარია, ნიკას თქმით, თიბისის აქვს ამბიცია, იყოს კიდევ უფრო სწრაფი, ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული. ამ მიზნის მისაღწევად კი იგი ტალანტებს ყველა შესაძლო გზებით იზიდავს.
რას ამბობენ გუნდის წევრები
“ჩვენი წარსული და გეოგრაფია გვაძლევს საშუალებას, ძალიან კარგად გვესმოდეს როგორც აღმოსავლელი, ისე დასავლელი ხალხის. ამიტომაც ძალიან კომფორტული აღმოჩნდა თანამშრომლობა ადგილობრივ და საზღვარგარეთის გუნდებს შორის. ჩვენ გვაქვს თბილი, მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა ჩვენს თანამშრომლებთან.
მათ 10-15 წელი უმუშავიათ საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის — ბანკებში და ხშირად აღნიშნავენ, რომ ასეთი გარემო ჯერ არსად შეხვედრიათ. ეს, ვფიქრობ, წმინდად ქართული ნოუჰაუა და ამით ნამდვილად ვამაყობთ. ასეთი სამუშაო კულტურა თიბისიში განსაკუთრებულადაა წახალისებული”, — ამბობს ნიკა.
რაც შეეხება თანამშრომლებს საზღვარგარეთიდან, ისინი გვიამბობენ, რატომ აირჩიეს ტექნოლოგიები, რას ნიშნავს თიბისიში მუშაობა და როგორ უწყობს კომპანია ხელს განვითარებაში.
ყოველთვის შეყვარებული ვიყავი ტექნოლოგიებზე, რადგან ის მაძლევს საშუალებას, დადებითი გავლენა ვიქონიო სამყაროზე. დღეს, როცა თითქმის ყველა ბიზნესი ტექნოლოგიურია, ამ გავლენის მოსახდენად, ფაქტობრივად, უსასრულო შესაძლებლობები გვეძლევა.
IT სერვისების სექტორში, დაახლოებით, ათი წელია, ვმუშაობ და მითანამშრომლია მრავალ კომპანიასთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საერთო ჯამში კი, 22 წელზე მეტი ხნის გამოცდილება მაქვს IT-ში პროდუქტების, სტარტაპებისა და სხვა მიმართულებით.
თიბისიმ მომცა უნიკალური შესაძლებლობა, ფართო მასშტაბის ტრანსფორმაცია მოვახდინო თავად თიბისისთვის. ეს არის შესაძლებლობა, გამოვიყენო ჩემი გამოცდილება და, თიბისის მიზნებთან შესაბამისად, აქ თანდათანობით დავნერგო ის საუკეთესო პრაქტიკა, რაც მსოფლიოს მასშტაბით მიმიღია.
თიბისიმ აჩვენა გასაოცარი მზაობა, გააძლიეროს და ხელი შეუწყოს მათ, ვინც საზღვარგარეთიდან მუშაობს. გუნდმა გასწია დიდი ძალისხმევა, რათა შეესწავლათ ადგილობრივი კანონები და შეზღუდვები, ამასთან არიან მოქნილები, რომ ამ ყველაფერს მოერგონ.
თიბისი ასევე დაგვეხმარა, შეგვეცნო ახალი ქვეყნის კულტურა და სამუშაო მიდგომები. ადამიანური რესურსების და იურიდიული გუნდები ძალიან მეგობრულები არიან, რაც ახალ თანამშრომლებს შფოთვას უქარწყლებს. დიდი იმედი მაქვს, რომ დიდხანს ვითანამშრომლებთ, წინსვლითა და წარმატებით.
დღევანდელ სამყაროში ტექნოლოგიები არის ყველგან და ყველაფერში. ეს სფერო კი ავირჩიე იმიტომ, რომ იგი მუდმივად ცვალებადია, არასდროს გეძლევა მოწყენის საშუალება და ყოველთვის საინტერესო გამოწვევების წინაშე დგები.
ვფიქრობ, თიბისი დიდებული კომპანიაა, რომელიც იზიდავს არა მხოლოდ კარგ სპეციალისტებს, არამედ ქმნის შესანიშნავ სამუშაო პირობებს და გაძლევს ზრდის შესაძლებლობას. როცა გუნდთან გასაუბრება მქონდა, დავინახე, როგორი დიდი პოტენციალი და სურვილი აქვთ, იმუშაონ გულმოდგინედ და აღმოაჩინონ სიახლეები.
თიბისი ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის კომპანიებიდან, რომლებსაც ესმით, რომ კარგ სპეციალისტებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ მუშაობა. იმისდა მიუხედავად, რომ ფიზიკურად სხვა ქვეყანაში ვიმყოფები, მათგან უზრუნველყოფილი ვარ საჭირო აღჭურვილობით და დახმარებით, შესაბამისად, საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ.
ტექნოლოგიები სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს. დღეს ტექნოლოგიებს ყველგან შეხვდებით, ის სამყაროს უკეთ ფუნქციონირებაში ეხმარება. ყველას აქვს ტელეფონი, კომპიუტერი, ასე რომ, უდავოა, ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი რომ გახდა.
თიბისი მომხმარებლების დროის დაზოგვისთვის უახლეს ტექნოლოგიებს იყენებს და ციფრული მობაილბანკით კიდევ უფრო მეტი რამის გაკეთების საშუალებას აძლევს. ვერ წარმოვიდგენდი, რომ თიბისიში მობაილ დეველოპერი ვიქნებოდი. ეს არ არის უბრალო გუნდი. ეს ოჯახია, სადაც ყველა მზადაა, დაგეხმაროს ნებისმიერი პრობლემის, პროგრამული თუ პერსონალური საკითხის მოგვარებაში. მჯერა, რომ ნებისმიერი წარმატებული პროდუქტის უკან წარმატებული გუნდი დგას. მე ვამაყობ, რომ ვარ საოცნებო გუნდის წევრი.
ძალიან მიყვარს დისტანციურად მუშაობა. კორონავირუსმა კი დაამტკიცა, რომ საოფისე სამუშაოზე უფრო ეფექტიანი დისტანციური მუშაობაა, თიბისი კი თავისი თანამშრომლებისთვის ყველაფერს აკეთებს, რომ დისტანციური მუშაობა პროდუქტიული იყოს. აქ, თიბისიში, გაქვს თავისუფლება, იმუშაო დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ყურადღება კი შედეგებს ექცევა და არა დახარჯულ დროს. ასე რომ, თუ დისტანციურ სამსახურს ეძებთ, მერწმუნეთ, თიბისი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.
ტექნოლოგიები ავირჩიე იმიტომ, რომ მაინტერესებს და მიზიდავს ინოვაციები, დეველოპმენტი, კვლევა, გამოწვევები და რაც მთავარია, მიყვარს სიახლეების სწავლა. ტექნოლოგიებში შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.
მე მომეცა შესაძლებლობა, ვიმუშაო საქართველოში საუკეთესო ბანკში, თიბისიში. ამ საოცარი გუნდის წევრობა და მათთან ერთად მუშაობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. მსიამოვნებს ჩემი ყოველდღიური საქმის კეთება. თიბისიში მუშაობის საუკეთესო მხარე ისაა, რომ ის გაძლევს მოქნილობის საშუალებას და შესაბამისად — სამსახურსა და თავისუფალ დროს შორის ბალანსის დაცვის შესაძლებლობას.
მოქნილი სამუშაო დრო, საოცარი მხარდაჭერის გუნდი, შესანიშნავი კოლეგები — ეს ყველაფერი ერთად დიდებულ ატმოსფეროს ქმნის.
ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ადამიანების განვითარებისა და პროგრესის მთავარი ძრავა ტექნოლოგიებია.
თიბისი არის შესანიშნავი ადგილი შესანიშნავი ადამიანებით.
კომპანია აკმაყოფილებს ჩვენს ყველა საჭიროებას, რითაც დისტანციური მუშაობა ძალიან სასიამოვნო და სტრესისგან თავისუფალი ხდება.
ავტორი: იანა კოხოძე