ბიზნესი

ქართული კომპანიების ახალი ვებგვერდები

ბიზნესდაჯილდოებას შარშან 6 გამარჯვებული ჰყავდა, რომლებმაც EFSE-სგან საჩუქრად სხვადასხვა სახის ციფრული სერვისი მიიღეს. გამარჯვებულ კომპანიებს ციფრული სტრატეგია და ახალი ვებგვერდი, ბრენდ სტრატეგია და საიმიჯო კამპანია და პროგრამული უზრუნველყოფა - სამიდან ერთი სერვისი უნდა აერჩიათ.


წლის ქართული პროდუქტი, კომპანია „გეფერინი“, რომელიც წარმატებით გადის ექსპორტზე 11 ქვეყანაში, ახალი ვებგვერდის შექმნით დაინტერესდა, რაშიც მას კრეატიული სააგენტო CONNECT-ი დაეხმარა. CONNECT-მა საფუძვლიანად შეისწავლა „გეფერინის“ ბიზნესმოდელი და მათ საჭიროებებზე მორგებული კონცეფცია შექმნა.


„გეფერინის“ შემთხვევაში მოთხოვნა იყო გაცილებით რთული, რადგან ვებგვერდი უნდა ყოფილიყო ონლაინ მაღაზია. ვინაიდან, ასეთ დროს, ჩვენ არ ვიყენებთ უკვე არსებულ პლატფორმებს, მოგვიწია ყველაფრის ნულიდან შექმნა,“ - ელენე ჭავჭანიძე, CONNECT-ის პროექტების მენეჯერი.


„გეფერინი“ არის ქართული ბრენდი, რომელიც წარმატებით იყიდება საზღვარგარეთ. ახალ ვებგვერდზე აქცენტირებულია, რომ ეს არის ქართული ბიზნესი. ჩვენი პროდუქციის ფასები გასხვავებულია საქართველოში, ევროპასა და აზიაში, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ამ სპეციფიკის გათვალისწინება,“ - ამბობს ილია გეფერიძე, „გეფერინის“ დამფუძნებელი. 

წლის სტარტაპი 2018 წელს „თი-ერ-სი“ გახდა, რომელსაც უჩვეულო და ძალიან სასარგებლო ბიზნესი აქვს. ძველ და გამოუსადეგარ საბურავებს გადაამუშავებენ და მიღებული მასალისგან კაუჩუკს ამზადებენ, რომელსაც სპორტული მოედნების მოსაწყობად იყენებენ.


ელენე ჭავჭანიძე ამბობს, რომ „თი-ერ-სის“ იდეა ძალიან ინოვაციურია და მის დამფუძნებლებს სჭირდებოდათ ისეთი კონცეფცია, სადაც თავს მაქსიმალურად გამოავლენდნენ. 


„თი-ერ-სის“ კონცეფციამ მოითხოვა ილუსტრაციების შექმნა, გადავწყვიტეთ ეკოლოგიასთან მიახლოებული ყოფილიყო, ამიტომ ავირჩიეთ მწვანე ფერი. ეს ბიზნესი არის „რისაიქლინგი“ ანუ მასალის ხელახალ გამოყენებას გულისხმობს, მას ჰყავს კლიენტები უცხოეთში. საიმიჯო და მარკეტიგული ვებგვერდი უნდა შეგვექმნა, რომელიც ხაზს გაუსვამდა ბიზნესის ინოვაციურობას.”


კიდევ ერთი დაკვეთა, რომელიც CONNECT-მა მიიღო და რომელსაც უცხოელი კლიენტების მოზიდვა ჰქონდა მთავარ ამოცანად, არის წლის ტურისტული ბიზნესი EcoTours Georgia. კომპანია დაინტერესებული პირებს გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებას სთავაზობს. EcoTours Georgia-ს მომხმარებლები უცხოელები არიან, მათ ვებგვერდის მეშვეობით ტურების დაჯავშნა და შეძენა უნდა შეძლებოდათ.

გიორგი რეჯებაშვილი, EcoTours Georgia-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ ახალი ვებგვერდი გაცილებით თანამედროვეა და ვიზუალურად მდიადარი.


„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ვებგვერდის ვიზუალური მხარე, რადგან ფოტოები დიდ როლს თამაშობს ჩვენი ტურების გაყიდვაში. ჩვენ გვქონდა უნიკალური არქივი, რომელიც CONNECT-მა ვებგვერდის შექმნის დროს გამოიყენა. ახლა გვაქვს ახალი ვებგვერდი, რომელზე შეგიძლია მიიღო ყველანაირი ინფორმაცია კავკასიურ ფრინველებზე და ასევე, EcoTours-სთან ერთად დაგეგმო ტურები მათზე დაკვირვებისათვის.“


მეოთხე ვებგვერდი, რომელიც CONNECT-მა ბიზნედაჯილდოების ფარგლებში გააკეთა, იყო ნომინაციაში წლის ქალი მეწარმე გამარჯვებული „სანტა“, რომლის დამუძნებელიც დარეჯან კანთელაძეა. „სანტა“ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს, ყველს აწარმოებს, რომელიც წარმატებით იყიდება სუპერმარკეტებში „ალპიას“ სახელით. წლების წინ ბიზნესის დასაწყებად დარეჯან კანთელაძე თბილისიდან წალკის რაიონში გადავიდა. CONNECT-მა მისი წარმოების პროცესის შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიიღო. 


„ვებგვერდი შემეცნებითი და ინფორმაციული უნდა ყოფილიყო, დარეჯან კანთელაძე ბევრ საერთაშორისო გამოფენაში იღებს მონაწილეობას, ამიტომ მას საიმიჯო საიტი სჭირდებოდა, რაც ვფიქრობ, გამოგვივიდა,“ - ამბობს ელენე ჭავჭანიძე. 


CONNECT-ის თქმით, მათი შექმნილი ყველა ვებგვერდი განვითარების პერსპექტივას მოიცავს და საერთაშორისო სტანდარტების დაცვითაა გაკეთებული. 

ავტორი: სოფო კვინტრაძე