ვიკინგი მეექვსე ავენიუდან - ნაწილი III

One of America’s great originals

1954 წელს ლუის ტომას ჰარდინი საკუთარი სახელის, მუსიკისა და ღირსების დასაცავად საკმაოდ რთულ ბრძოლაში ჩაერთო, ამერიკის მოსახლეობისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რადიო წამყვან და შოუმენ  Alan Freed-ის წინააღმდეგ. 50-იან წლებში მის სახელს უკავშირდებოდა რიტმ ენდ ბლუზის და როკ ენ როლის პოპულარიზება აშშ-სა და ევროპაში, გარდა ამისა, ის აქტიურად ცდილობდა შავკანიანი მუსიკოსების მხარდაჭერას და ხშირად ილაშქრებდა მუსიკის ინდუსტრიაში არსებული რასიზმის წინააღმდეგ.

სიკვდილის შემდეგ ,1986 წელს ის როკ ენ როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. მიუხედავად მისი დამსახურებებისა, ალანს ჰქონდა ერთგვარი ბნელი მხარე. მას რამდენჯერმე უჩივლეს ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფისა და ნასვამ მდგომარეობაში ხულიგნობისთვის. საქმე იმაშია, რომ როკ ენ როლის პრინცად წოდებულმა შოუმენმა დაიწყო ახალი რადიო პროექტი “The Moondog Show“, უწოდა საკუთარ თავს “King of the Moondoggers” და მისი გადაცემის ინტროდ, ნებართვის გარეშე, გამოიყენა ლუის ტომას ჰარდინის კომპოზიცია.

ტერმინი The Moondog აღნიშნავს მთვარის გარშემო არსებულ ხილულ სინათლის წრეს, რომელიც გარკვეული ბუნებრივი მოცემულობების დროს ჩნდება.

ამ მოვლენის პირველი აღწერები ანტიკური დროის საზღვაო ეპოსებში გვხვდება და შტორმის მომასწავებელ წინაპირობად აღიქმება. ალანმა სასამართლოზე თავის გასამართლებლად სწორედ ეს განმარტება მოიყვანა და თქვა, რომ ეს სიტყვა უბრალოდ ლექსიკონში იპოვა და ვინაიდან ასტრონომია მისი ინტერესის სფერო იყო, ფსევდონიმადაც ამიტომ შეარჩია და მისი პოზიციით კომპოზიტორს არ შეეძლო უბრალოდ ამ მრავალმნიშვნელოვანი სიტყვის საკუთარ ინტელექტუალურ საკუთრებად ქცევა, გარდა ამისა, მან ეჭვქვეშ დააყენა ჰარდინის მუსიკის ავთენტურობა და მას ყველასთვის უცნობი მეორეხარისხოვანი  მუსიკოსი უწოდა.

ლუისმა, ნამდვილმა მუნდოგმა, ამ მოვლენას რამდენიმე პოეტური მადრიგალიც მიუძღვნა:

“WINS” UNFAIR                                                   

This Radio Station

Employs a Disc Jockey

Who Plays My Record

“Moondog Symphony”

and calls himself

‘Moondog’...

...I AM MOONDOG !!! ”

“His Majesty,

The King of the

Prune Frogers Has

Suddenly Stopped...

Playing My Record...

Which He Has Used

As A Theme

Without My OK...”

საბედნიეროდ, კომპოზიტორის მეგობრებმა კარგად იცოდნენ მუნდოგის მუსიკის მნიშვნელობა და სასამართლო სხდომაზე მისი მხარდაჭერა არ დაიზარეს. ცნობილმა პროდიუსერმა და ელექტრონული მედიის სპეციალისტმა ტონი შვარცმა (ზედმეტსახელად "media guru"), ლუისს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კომპოზიტორი უწოდა. მას მხარი დაუჭირეს ჯაზლეგენდებმა ბენი გუდმანმა და დიუკ ელინგტონმაც.

ამაზე ალაპარაკდა ადგილობრივი პრესაც, დავის შესახებ დაიწერა უამრავ გამოცემაში, მათ შორის ნიუ იორკ თაიმსშიც. ამ ერთობლივმა ძალისხმევამ, ალანის მაღალანაზღაურებადი ადვოკატების დიდი მცდელობის მიუხედავად, გაჭრა.თვეების შემდეგ მოსამართლემ რადიო წამყვანი გაამტყუნა და კომპოზიტორის სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის გადახდაც დააკისრა.

50-იანი წლებში მუნდოგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქუჩის არტისტი იყო ქალაქში, საერთო პროექტებზე მუშაობდა და მეგობრობდა უამრავ ცნობილ ადამიანთან, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ის თავის ცხოვრების წესით მაინც ესტაბლიშმენტის იდეების წინააღმდეგ გამოდიოდა, ამ ფაქტის და მისი ჯიუტი პრინციპულობის გამო, ის ვერ გახდა პოპულარული არტისტული მოძრაობების ნაწილი. 

ის 60-იან წლებშიც ზუსტად ისევე აგრძელებდა ცხოვრებას, როგორც ნიუ იორკში ჩამოსვლის პირველ დღეს. უკრავდა და ლექსებს კითხულობდა მანჰეტენის ქუჩებში, ეცვა ძველის-ძველი ვიკინგის სამოსი, მიუხედავად დაოჯახებისა, ხშირად ეძინა იაფფასიან სასტუმროს ნომრებში. როგორც მისი ბიოგრაფი რობერტ სკოტო უწოდებს, „ცხოვრობდა თანამედროვე დიოგენეს ცხოვრებით“.

60-იანი წლების პირველი ნახევარი მუნდოგისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, თითქოს, წინა დეკადამ ის, როგორც ნიუ იორკისთვის საინტერესო ფიგურა ამოწურა.

როგორც ჩანს, მისი ეპატაჟურობა უფრო მეტად იყო მასობრივი ინტერესის საფუძველი, ვიდრე მისი შემოქმედებითი მხარე. ნაკლებად აქტიურობედნენ მისით დაინტერესებული ლეიბლები და  ჟურნალისტები, შემცირდა მასთან ქუჩაში სასაუბროდ შეჩერებული უბრალო გამვლელების რიგი. ამას დაემატა მეუღლესთან დაშორებაც. მიუხედავად იმისა, რომ კომპოზიტორი ამ ეპოქის მამოძრავებელ იდეებს იზიარებდა, ღიად აკრიტიკებდა ვიეტნამის ომს, გამოდიოდა ადამიანის უფლებათა მხარდასაჭერ კონცერტებზე, წერდა კომპოზიციებს, რომელიც ინსპირირებული იყო ინდიელ ხალხთა რითმებით, ლათინო და შავკანიანთა ჯაზური მუსიკით.

მისი ზოგადი მსოფლმხედველობა და ცხოვრების სტილი ამ დეკადის ახალგაზრდებისთვის ძველმოდურად აღიქმებოდა, ის ვერ ჩაჯდა ვერც ერთი პოპულარული ვარსკვლავის იდეოლოგიურ მოდელში. 

ის კატეგორიულად არ ეთანხმებოდა ტექნოკრატიულ მიდგომებს, აკრიტიკებდა ცივილიზაციის განვითარებას ჩაგრულთა იგნორირების ხარჯზე, თუმცა, ამ კრიტიკის ამოსავალი წერტილი არ იყო ბრძოლა უმცირესობათა უფლებებისთვის, ის არ იყო შავკანიანთა, სექსუალურ უმცირესობათა, ან სხვა ჯგუფების დამცველი, ის მოქმედებდა ადამიანური ემოციითა და პირადი მორალით, რომელიც ინსპირირებული იყო ძველი ჩრდილო ევროპული რელიგიური იდეებით. მისი ეს პრინციპული მოცემულობები 60-იანი წლების ახალგაზრდა ნიუ იორკელებისთვის გაუგებარი და არატრენდული აღმოჩნდა, რამაც მისი, როგორც სოციალური არტისტისადმი ინტერესი ნაწილობრივ შეასუსტა.

მეორეს მხრივ, ის აკრიტიკებდა ქრისტიანულ შუა საუკუნეებს და უწოდებდა ავთენტური ლოკალური კულტურების გამანადგურებელ მოვლენას, რამაც, როგორც ჩანს, მას კონსერვატორული საზოგადოების მხარდაჭერაც წაართვა.

„ბრაზიანი, რთული ხასიათის ინდივიდი არაპოპულარული შეხედულებებით, რომელსაც არასდროს უცხოვრია კომფორტული ცხოვრებით."

- რობერტ სკოტო

მიუხედავად ამ ფაქტორებისა, მას მუშაობა არ შეუწყვიტავს, ახალგაზრდა მუსიკოსებთან ერთად ხშირად უკრავდა ადგილობრივ ბარებში, პატარა თეატრებსა და ნიუ იორკის ქუჩებში. 2004 წელს გამოცემულ მემუარებში, ბობ დილანი მუნდოგის ერთ-ერთ ასეთ პერფორმანსს იხსნებეს Café Wha?-ში.

„მუსიკალური მონოლოგი, ბამბუკის ჯოხებითა და სასტვენებით, სადაც მუნდოგი ცხოველის ტყავით შეკერილი ტანსაცმლით და ანაქრონული აურით მისტიკურ ცეკვებს ასრულებს."

გარდა Café Wha?-ის, ის უკრავდა Big Fat Black Pussy Cat-ში, მესამე ქუჩაზე, პირველ ექსპერიმენტული დრამის სცენაზე The Living Theatre-ში და სხვა ლოკალურ სცენებზე.

1966 წლისთვის ლუისმა  შეაგროვა საკმარისი ფული, რომ დაექირავებინა მსახიობები და მუსიკოსები მისი პოეტური სერიის “Thor the Nordoom, A Norse Saga”-ის სცენაზე გასაცოცხლებლად. საღამო გაიმართა 44 ქუჩაზე, ბროდვეისა და მეექვსე ავენიუს შორის. “An evening at the Cinematheque” - ასე ერქვა ამ ივენთს, სადაც კომპოზიტორი ახალი როლით, “The Viking of the avant-garde” წარსდგა. ეს პერფორმანსი მოხვდა Conrad Rooks-ის ამავე წელს გამოსულ ფილმ Chappaqua-ში, სადაც სხვა ცნობილ არტისტებთან ერთად მონაწილეობენ ვილიამ ბეროუზი, ალან გინსბერგი და რავი შანკარი, ამ უკანასკნელს ეკუთვნის ამ კინოსურათის მუსიკაც. 

1967 წელს ტომას ჰარდინთან მუშაობა დაიწყო ალ ბრაუნმა, პროდიუსერმა და სახელოვნებო აგენტმა. მისი უშუალო ჩართულობით შესაძლებელი გახდა “Moondog at Midnight: Poetry and Dance”-ის პრემიერა the Folk Dance Center-ში, მე-14 ე ქუჩაზე, სადაც ბეთჰოვენის პიანო სონატების თანხლებით, მუნდოგი კითხულობდა მის პოემებს, უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე და ყიდდა საკუთარ ჩანაწერებს.  

ამას მოყვა რამდენიმე წარმატებული პერფორმანსი, ამასთანავე ცნობილმა მუსიკოსებმა დაიწყეს კომპოზიტორის ნაწარმოებების შესრულება. Elliot Finkel ასრულებდა Grosse Kanon-სა და The Art of the Canon-ს , ჯონ დრაპერმა მუნდოგის მუსიკით დადგა საბალეტო წარმოდგენა ცენტრალ პარკში, რომელშიც მონაწილეობდნენ Donald McKayle Dance Company-ის მსახიობები. 

თუმცა, ამ ყველაფრის გვირგვინი იყო 1969 წლის 6 მარტს Columbia Records-თან გაფორმებული კონტრაქტი იყო, რომელიც კომპოზიტორის 2 ალბომის გამოცემას დათანხმდა. ჩანაწერების პროდუსერები იყვნენ მუსიკოსის მენეჯერი ელ ბრაუნ , ხოლო CR-ს ჯეიმს ვილიამ გარსიო წარმოადგენდა. 

ამავე წლის ზაფხულში მუნდოგმა გადაწყვიტა, საბოლოოდ დაეტოვებინა მეექვსე ავენიუ და მისი ყოველდღიური ქუჩის პერფორმანსები. გადავიდა ქალაქის სამხრეთ ნაწილში და ახალი გვერდი გადაშალა მის შემოქმედებით კარიერაში, რამდენიმე თვის შემდეგ კი, 1969 წლის 1 ოქტომბერს, გამოიცა კომპოზიტორის ეპოქალური ალბომი Moondog, რომელიც ჩაიწერა ლეგენდარულ CBS 30th Street Studio-ში, ზედმეტსახელად „The Church”. ფირფიტის გამოსვლას წინ უძღოდა ცნობილი ამერიკელი მუსიკალური კრიტიკოსის, ალან რიჩის რევიუ New York Magazine-ში, სადაც ლუის ტომას ჰარდინს “One of America’s great originals”, ხოლო ალბომს - „Extraordinarily beautiful" უწოდა და მისი ჰარმონიულობა ბრამსს, რაველს და მენდელსონს შეადარა. 

ფირფიტა მისთვის დამახასიათებელი მოკლე მინიმალისტური კომპოზიციებით იწყება, სადაც ძირითად რიტმიკას დასარტყამი ინსტრუმენტები განსაზღვრავენ, შემდეგია Symphonique #3 ოდა ვენერას - ულამაზესი ჰარმონიული რომანსი სიმებიანი ინსტრუმენტებისათვის. ამას მოყვება კლასიკური მუსიკის ელემენტებით გაჯერებული, მინიმალისტური განწყობის ჯაზური კომპოზიციები და ავტორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეტიუდი, Bird's Lament - საორკესტრო ნაწარმოები მომაჯადოებელი საქსაფონის სოლოთი, რომელიც კომპოზიტორმა ჩარლი პარკერის ხსოვნას მიუძღვნა.

ალბომის ბოლო ჩანაწერები კი ნამდვილი მარგალიტებია, ამერიკელ ინდიელთა ცეკვით ინსპირირებული მრავალინსტრუმენტული ნაწარმოებები, რომელიც ალბომის მრავალფეროვან ბუნებას სრულფასოვანს ხდის . 

Moondog by Moondog-ში არტისტის ძველი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელი იმპროვიზაციული ექსპერიმენტები ნაკლებად გვხვდება. ის უფრო მეტად დახვეწილი, ნათლად გადმოცემული, საზოგადოებისთვის მარტივად აღსაქმელი მესიჯებით გვესაუბრება, თუმცა, ეს არა მისი ნაკლი, პირიქით, დიდი უპირატესობაა, რომელიც ამ ალბომს თანამედროვე კლასიკური მუსიკის ნამდვილ შედევრად აქცევს.

ალბომის გამოცემამ მალევე გამოიწვია კომპოზიტორის კულტურულ ჰორიზონტზე დაბრუნება, გაზეთების გვერდებზე გამოჩენის გარდა, ის პოპულარული ტელე და რადიო შოუების ხშირი სტუმარი გახდა. Penthouse Magazine-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ის თავის მუსიკის შესახებ საინტერესოდ საუბრობს.

„მე სინამდვილეში გამოუსწორებელი კლასიცისტი ვარ, მიუხედავად ჩემი ექსპერიმენტებისა, მე ტონალობაში ვრჩები , მე უფრო ხშირად ვუსმენ მაგალითად როკენროლს ვიდრე შონბერგს, რადგან როკ მუსიკაც ჩემი კომპოზიციებივით ტონალური და ჰარმონიულია."

1971 წლის მაისში კომპოზიტორმა სტუდიური მუშაობა დაიწყო უკანასკნელ ამერიკული ალბომ Moondog 2-ზე, რომელიც იმავე CR-მა დეკემბერშივე გამოსცა.  

Madrigal Album, როგორც მას მოიხსენიებენ, 26 ტრეკისგან შედგება, უმეტესობა მათგანი მცირე ხანგრძლივობისაა და 1-დან 2 წუთამდე მერყეობს, მრავალფეროვან ინსტრუმენტებთან ერთად, ჭარბად არის ავტორის ტექსტზე ორიენტურებული ვოკალური ეტიუდები, რომლებსაც თავად მუნდოგი და მისი ქალიშვილი ასრულებენ. პოეტური მადრიგალების ჟღერადობა გარდა უნიკალური მინიმალისტური ლირიკული ექსპერიმენტებისა, ჯაზისა და პოპის საშემსრულებლო მანერებსაც მოგვაგონებს. ავტორისთვის დამახასიათებლი ჰარმონიული პასაჟების პარალელურად, გამოკვეთილად ჩანს ევროპული შუა საუკუნეებისა და ადრეული რენესანსის მუსიკალური გავლენები, რასაც იდეალურად ეხამება ამავე სივრციდან ინსპირირებული ფოლკლორული მოტივები. 

ალბომის მეოთხე კომპოზიცია All is loneliness გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დააქავერა ლეგენდარულმა ჯენის ჯოპლინმა. აღსანიშნავია, რომ ეს Moondog 2-ის გამოსვლამდე მოხდა, ლუის ტომას ჰარდინმა ჯოპლინს უფლება მისცა, ნაწარმოებზე მის ოფიცილაურ რელიზამდე 2 წლით ადრე ემუშავა. 

ამ ალბომების გამოსვლის შემდეგ ლუის ტომას ჰარდინი იქცა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ამერიკული კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ უნიკალურ ავტორად. მისი შემოქმედება  არასდროს ყოფილა ასეთი პოპულარული. ცნობადობის და დაფასების გაზრდამ მისი, როგორც მუსიკოსის პერსპექტივები გააფართოვა, ის აღარ იყო ნიუ იორკის ქუჩაში მდგარი ეპატაჟური უსინათლო მუსიკოსი. ამ ცვლილებამ მალევე განსაზღვრა მის ცხოვრებასა და შემოქმედებაში ახალი ეტაპის დადგომა ...

გაგრძელება იქნება ...

ავტორი: ქუჯი დავითულიანი