კულტურა

წინანდალი

ათასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი სჯობსო... ჩემთვის, წინანდალი ზუსტად ეს შემთხვევაა. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, ამ მხარეზე გაგონილი ამბები, თუ შეფასებები მის სილამაზე, თავისდაუნებურად, ზღაპრულ ელფერში ხვევს და რაც უფრო აგიზგიზებს ცნობისმოყვარეობას, მით უფრო მაჯერებს, აქ მოხვედრა ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე ექსკურსია მუზეუმში. და აი, რატომ...

თვალისთვის


ბოლოს, გომბორის უღელტეხილზე რომ აღმოვჩნდით, მაისის სიმწვანე ყლაპავდა გზას, დილის კრისტალურად სუფთა ჰაერი და ალაგ-ალაგ მოტივტივტივე ნისლის თეთრი ქულაჯები გვაბრუებდა და თითქოს, კახეთისთვის გვამზადებდა. წინანდალი სწორედ, გომბორის ქედის კალთის ძირასაა გადაშლილი. ახლა, ადრეული შემოდგომის სითბო, ოქროდ თუ ფერავს სოფლის კოხტა სახლებს, ბაღებს, ვენახებს, ტყეებს და აქაურობის მარგალიტად აღიარებულ ჭავჭავაძეების სასახლეს კიდევ უფრო მომნუსხველს ხდის.

ჭავჭავაძეების სასახლე და მის გარშემო გაშენებული ისტორიული წალკოტი, უკვე მესამე საუკუნეა სტუმრებს იზიდავს, არამარტო სილამაზით, თავის დროის საუცხოო ნივთებით, თუ აზიის რიჭრიჭოებში გახვეული ევროპის რომანტიული ესთეტიკით, არამედ უჩვეულო ქრონიკებითაც. ქრონიკებით, ისევ და ისევ სილამაზეზე, სიყვარულზე, ღირსებასა და სიმამაცეზე, ბედნიერ დღეებსა და წარმოუდგენელ ტრაგედიებზე... ქრონიკები, რომელთა ამოკითხვაც სასახლის მასპინძელთა შემორჩენილ პორტრეტებშიც შეიძლება... აქ დაგხვდებათ ულამაზესი ნინო ჭავჭავაძისა და პოეტ ალექსანდრე გრიბოედოვის უკვდავი სიყვარულიც...

ბაღზე კი იმაზე გეტყვით, რომ ის ჩვენს ქვეყანაში პირველი ევროპული ტიპის სარეკრეაციო ზონაა, თავის დროის საუკეთესო ევროპელი თუ რუსეთის საიმპერატორო მებაღეების მიერ გაშენებულ-გამდიდრებული. წინანდლის ბაღს ინგლისის რიჩმონდის პარკსაც ადარებენ. აქ, დღემდე შემორჩენილია მსოფლიოს უიშვიათესი ეგზოტიკური მცენარეები, მათ შორის: მეტა-საკვოია, კრიპტომერია, იაპონური ქაღალდის ხე, ხურმა, ზეთისხილი, ტკბილი ჰოვენია, ქაფურის ხე...

აქაურობას თავის დროზე სტუმრობდა ალექსანდრე დიუმა, პუშკინი, გამბო, ლერმონტოვი და უამრავი ქართველი თუ უცხოელი მოღვაწე, ალბათ ყველა ის რუსი მოაზროვნეც, რომლებსაც იმპერია დასჯის მიზნით კავკასიაში აგზავნიდა. აქ სიყვარულის ხეივანიც ყოფილა და ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, თუ ამ ხეივანში რჩეულთან ერთად, თვალდახუჭული გაივლით, ბედნიერი სიყვარული გელოდებათ.

სმენისთვის 

ყველაზე სასიამოვნო კი ალბათ ის არის, რომ მიუხედავად მუზეუმის სტატუსისა, აქაურობა სულაც არ ჰგავს კოლბაში შემონახულ ექსპონატს. სტუმრიანობა, ალექსანდრე ჭავჭავაძის დროინდელი მასპინძლობის ტრადიციების გაგრძელება, კლასიკური მუსიკისა თუ პოეზიის საღამოები, გამოფენები და ადგილობრივი დღესასწაულები იმას ნიშნავს, რომ აქ სიცოცხლე მთელი ძალით ფეთქავს... ასეც გაგრძელდება, სანამ აქაურობა თუნდაც ერთი ადამიანისთვის იქცევა შთაგონების წყაროდ.

წინანდლის ფესტივალიც კიდევ ერთხელ ააციმციმებს ამ მამულებს მსოფლიო ღირსშესანიშნაობათა რუქაზე. საინტერესოა ის, რომ პირველი როიალი საქართველოში ალექსანდრე ჭავჭავაძემ ჩამოიტანა. შესაბამისად პირველი ფორტე და პიანო ჰანგებიც წინანდალში გაისმა. ეს ფაქტი საოცარ სიმბოლურობას მატებს კლასიკური მუსიკის ფესტივალის სწორედ წინანდალში ჩატარებას. “პიონერი” როიალის ნახვა დღესაც შეგიძლიათ მუზეუმში.


გემოსთვის

მუსიკის ახალ ტრადიციებთან, ქართული ღვინის ევროპული წესით ბოთლში ჩამოსხმაც სწორედ აქ დაიწყო, როცა ისევ ალექსანდრე ჭავჭავაძემ, პირველად საქართველოს ისტორიაში, ქართული ღვინო ბოთლში ჩამოასხა. ბანკისგან აღებული სესხით გამართა ღვინის საწარმო და ქართული მეღვინეობის რვაათასწლოვანი ისტორია ევროპული სტანდარტებით გააგრძელა. წამოწყებამ იმდენად გაამართლა, რომ, დღესდღეობით, წინანდალი, როგორც ბრენდი, ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა საქართველოს მეღვინეობის წარმოსაჩენად.

მარანის აშენება ევროპელი ღვინის არქიტექტორებს დაუკვეთა. ღვინის ეს საცავი დღემდე გამართულად ფუნქციონირებს და ქმნის იდეალურ პირობებს ღვინის დაძველებისა და შენახვისთვის. XIX საუკუნის 80–იანი წლების ბოლოს (1888 წ), წინანდლის მამულის საუფლისწულო მამულების საკუთრებაში გადასვლის შემდეგ, აქვე დიდი ღვინის ქარხანა აშენდა და აღნიშნული საცავიც საგრძნობლად გაიზარდა.

ღვინის საცავში დაცული კოლექცია 16 500–მდე ბოთლს მოიცავს. მათ შორის ინახება 1814 წლის „პოლონური თაფლისა“ და 1861 წლის Chateau D’Yquem–ის უნიკალური ბოთლები. აქვეა, 1841 წელს ალექსანდრეს მიერ ბოთლში პირველად ჩამოსხმული “საფერავი”.

სურნელისთვის

როგორ შეიგრძნობა ბუნების საოცრად ეკლექტური წიაღის, ისტორიული არტეფაქტების, შორიდან თუ ახლოდან მომავალი კახური სამზარეულოს, წინანდლის თეთრი მშრალისა და იმ ამინდის თავისებურების ნაზავი, რა დროსაც აქ ამოყოფთ თავს? დახუჭეთ თვალები, შეისუნთქეთ... ვფიქრობ, გემრიელი უნდა იყოს...

შეხებისთვის

11 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ჭავჭავაძეების სასახლისთვის პირველქმნადი სახის მიცემას ცდილობენ. უამრავი ნივთი დაუბრუნდა თავის კერას და მიიღო პირვანდელი სახე. სწორედ ამ ბოლო ათი წლის რეაბილიტაციისაა და გამოცოცხლების შედეგად, უფრო ხშირად გვესმის წინანდლის, როგორც ერთ-ერთი კულტურული კერის შესახებ; უკვე შესაძლებელია შევიგრძნოთ ავთენტურთან მაქსიმალურად მიახლოებული XIX საუკუნის რეალობა... შევეხოთ ისტორიას...

ფიქრისთვის

როცა წინანდლისა და კერძოდ ჭავჭავაძეების შესახებ ვესაუბრებოდი ირაკლი ფიფიას - წინანდლის მუზუმის დირექტორის მოადგილეს, არ მტოვებდა იმის განცდა, თუ რამდენად დიდი შთაგონება შეიძლება მიიღოს თითოეულმა ადამიანმა აქ მოხვედრით. ამისთვის, მხოლოდ ალექსანდრე ჭავჭავაძის ბიოგრაფიის გაცნობაც საკმარისი იქნებოდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში, ახალგაზრდა ალექსანდრემ მოახერხა და საქართველოში გზა გაუკვალა ევროპულ ტრადიციებს. გზის გაკვალვა კი საკუთარი ოჯახიდან დაიწყო. გარისკა და გახდა იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ღვინის მწარმოებელი, პირველად მან შემოიტანა საქართველოში როიალი, ბილიარდი, ეტლი და ბევრი სხვა მატერიალური, თუ არამატერიალური ფასეულობა. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო ბევრი უარყოფითად იყო განწყობილი და ბევრსაც ალბათ ეუცნაურებოდა მისი მოღვაწეობა, ის მაინც არ ეპუებოდა და უკომრპომისოდ აგრძელებდა ისეთი კუთხის მოწყობას, როგორიც უბრალოდ თავად წარმოედგინა. რატომ მაინცდამაინც წინანდალი, რატომ მაინცდამაინც ევროპა, საიდან ასეთი გაბედულობა და ბევრი სხვა კითხვა თუ დაიბადა, დამატებითი საბაბი იქნება ესტუმროთ წინანდალს.

მოქმედებისთვის

...ამა წლის, ენკენისთვის რვა რიცხვსა, დღითი კვირას, პატივი გვაქვსთ მოგიწვიოთ წინანდლის წალკოტში, ჭავჭავაძიანთ მამულებში. დავსტკბეთ კარგი მუზიკითა, ვიმასლაათოთ და საღამო ხანი გავლიოთ ლამაზად.


გთხოვთ, პატივი დაგვსდოთ და მოხვიდეთ, რისთვისაც ძალიან დავალებულნი დავშთებით...

ასე იქნებოდა ვითომ? როგორც არ უნდა იყოს, ათასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი სჯობსო!

ავტორი: ნინო კაკიაშვილი

ფოტები - წინანდლის მუზეუმის არქივი