ბიზნესი

გარდი - განსხვავებული ვიზუალის მქონე ლითონის კარი

საქართველოში ნებისმიერი ფერისა და განსხვავებული ვიზუალის მქონე ლითონის კარის სერიული წარმოება დაიწყო.

აპრილი 25, 2017

Hello Blog

საქართველოში ნებისმიერი ფერისა და განსხვავებული ვიზუალის მქონე ლითონის კარის სერიული წარმოება დაიწყო.

სტარტაპი „გარდი“ თბილისში მდებარეობს. მასში ამ ეტაპზე ათამდე ადამიანია დასაქმებული. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ლევან კიკაჩეიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, „გარდი“ ძირითადად სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობს და დედაქალაქის მასშტაბით უკვე რამდენიმე ერთეული ბინა „გარდის“ ლითონის კარითაა აღჭურვილი.bpn

„ჩვენთვის ამ ეტაპზე სერიული წარმოებაა პრიორიტეტული. ინდივიდუალური შეკვეთების მიღებას ჯერჯერობით არ ვაპირებთ, თუმცა მომავალში ამ კუთხითაც იგეგმება განვითარება“, - აღნიშნავს ლევან კიკაჩეიშვილი.

როგორც „გარდის“ დამფუძნებელი ამბობს, ამ ეტაპზე ქართული კომპანიის მიერ წარმოებულ ლითონის კარი იმპორტირებულს შედარებით დაბალი ფასით უწევს კონკურენციას. კიკაჩეიშვილის ინფორმაციით, საქართველოში ლითონის კარის იმპორტი ძირითადად უკრაინიდან და ჩინეთიდან ხორციელდება. მისივე განმარტებით, შემოტანილი პროდუქცია საკმაოდ დაბალი ხარისხისაა და ნაკლები საიმედოობით გამოირჩევა.

„გარდის“ მიერ წარმოებული ლითონის კარის ღირებულება 370 ლარიდან იწყება და 440-მდე აღწევს. ფასი დამოკიდებულია ზომაზე, ფერსა და საკეტების რაოდენობაზე.

„ჩვენ მომხმარებლებს მომსახურების სრულ სერვისს ვთავაზობთ. კარი იფუთება, პალეტდება, ადგილზე ჩვენს თანამშრომლებს მიაქვთ და ამონტაჟებენ.

 

რაც ყველაზე მთავარია, სრულად ვიცავთ მოთხოვნებს და არასდროს ვაცილებთ ჩვენთვის bpnმოცემულ ვადას. კარის სიმყარესა და მის საიმედოობას ლითონის სისქე და საკეტების კონსტრუქციის მდგრადობა განაპირობებს. ჩვენს მომხმარებლებს ნამდვილად შეუძლიათ საცხოვრებელ სახლში თავი მშვიდად და დაცულად იგრძნონ, ვინაიდან კარის დამზადებისას ყველა სტანდარტი გათვალისწინებულია“, - აღნიშნა ლევან კიკაჩეიშვილმა.

ახლო მომავალში კომპანია საწარმოო შესაძლებლობების გაზრდას და ქარხნის გაფართოებას აპირებს. ამ კუთხით სამუშაოების დაწყება უკვე იგეგმება. ასევე განიხილება „გარდის“ შოურუმის გაკეთების საკითხიც.

„დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენი რეალიზაციის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპანიისთვის დღის წესრიგში საბრუნავი თანხის მოძიების საკითხი დადგა. მოგეხსენებათ, სტარტაპებისთვის თანხებთან ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუმცა „თიბისი ბანკმა“ პროგრამა „სტარტაპერის“ ფარგლებში საკრედიტო ხაზი გამოგვიყო. აღნიშნული თანხა ნაწილობრივ საწარმოს გაფართოებასაც მოხმარდება“, - განაცხადა სტარტაპის დამფუძნებელმა.bpn

ლევან კიკაჩეიშვილის თქმით, საწარმო თითქმის სრულად ავტომატიზირებული დანადგარებითაა აღჭურვილი.

„გარდი“ ახლო მომავალში ახალი ხაზის ათვისებასაც გეგმავს. კომპანია სხვადასხვა ლითონის ნაკეთობების წარმოებას გეგმავს. მუშაობა გრძელდება დიზაინის დახვეწის მიმართულებითაც. ლევან კიკაჩეიშვილის განცხადებით, ახლო მომავალში „გარდის“ მიერ წარმოებული ლითონის კარები შესაძლოა ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში გავიდეს. საწყის ეტაპზე კომპანიაში, დაახლოებით, 120 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ქრისტინე გამთენაძე

www.bpn.ge

ფოტოების ავტორი: ADvan/ედვენი