სამ წუთში მოყოლილი ცხოვრება

შევეცდები მთელი ჩემი ცხოვრება სამ წუთში გიამბოთ. დავიბადე 1939 წლის 1 მარტს სოლოლაკში. მამა საბჭოთა საქრთველოს პირველი პირი იყო. ბავშვობაზე აუგი არ მეთქმის, არაფერი მაკლდა.



პირველ ვაჟთა სკოლაში, დღევანდელ პირველ გიმნაზიაში, მიმაბარეს. მასწავლებლებიც კარგი მყავდა და კლასიც გამორჩეული. ორმა თანაკლასელმა, ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ, სერიოზული კვალი დაატყო საქართველოს ისტორიას.




1952 წლის აპრილში მამაჩემი მაღალი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ოჯახს მოსკოვში გადაბარგება მოგვიწია. მეგონა რუსული კარგად ვიცოდი, მაგრამ ახალ სკოლაში პირველივე კარნახში ერთიანი მივიღე. დედამ მასწავლებელი ამიყვანა. მუსიკასა და ინგლისურ ენას ადრეული ბავშვობიდან ვსწავლობდი, მაგრამ ჯაზით მაშინ დავინტერესდი, როცა, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ის სასტიკად აღარ იკრძალებოდა.


ამ მუსიკამ ბევრი სიხარული მომგვარა, თუმცა ჯაზით გატაცებამ გარკვეული სიძნელეებიც შემიქმნა – არ მიმიღეს კომკავშირში. მამას უნდოდა არქიტექტორი გამოვსულიყავი. თბილისში ჩამოვედი და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მისაღები გამოცდები ჩავაბარე. ერთი წელიც არ იყო გასული, ნანა თოიძე რომ გავიცანი და ძალიან შემიყვარდა. დავქორწინდით და 1961 წელს ვაჟი, ირაკლი შეგვეძინა.


ნანასთან ერთად, 1975 წელი 



ამ დროისათვის გავაცნობიერე, რომ ჩემგან ლე კორბუზიე და ფრენკ ლოიდ რაიტი არ გამოვიდოდა, არქიტექტურა მივატოვე და უცხო ენათა ინსტიტუტში გადავედი. 1966 წელს ამ ქვეყანას მოევლინა ჩვენი ქალიშვილი, თეონა.



გელა, ნანა და თეონა, 1973 წელი 


1970 წლის ზაფხულში, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტაჟირება გავიარე ამერიკაში, მიჩიგანის უნივერსიტეტში. აქ პირველად შევიგრძენი დემოკრატიული საზოგადოებისა და ინტელექტუალური თავისუფლების ხიბლი და თბილისში ზომიერი ლიბერალი დავბრუნდი.



გელა ჩარკვიანი, ნიუ-იორკი, 1970 წელი 


ლექციების კითხვა დავიწყე უცხო ენათა ინსტიტუტში და, მოგვიანებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სახლშიც მყავდა მოწაფეები. ერთი მათგანი საქართველოს პრეზიდენტი გახდა. მათ შორის მინისტრებიც არიან და ელჩებიც. როცა სამხედრო გადატრიალების შემდეგ თბილისში ედუარდ შევარდნაძე ჩამოვიდა, მან შემომთავაზა მის აპარატში საგარეო ურთიერთობებს გავძღოლოდი. პრეზიდენტის მრჩევლად 11 წელი ვიმუშავე. ჩვენი ისტორიის ეს ურთულესი მონაკვეთი აღწერილი მაქვს 700-გვერდიან წიგნში „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“.

გაეროს უშიშროების სხდომა ,1994 წლის მარტი 

პირველი დიდი უბედურება თავს დამატყდა 2006 წლის 24 თებერვალს – გარდაიცვალა ირაკლი.



ირაკლი და ნანა 


იმავე წლის შემოდგომაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა დამნიშნა ელჩად ლონდონში. თბილისში ხუთი წლის შემდეგ დავბრუნდით. ამის შემდეგ წელიც არ იყო გასული, როცა კიდევ ერთმა საზარელმა ტრაგედიამ მომიკლა გული – ჩემ თვალწინ გარდაიცვალა ჩემი საყვარელი მეუღლე, ნანა.

ალბათ ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ ექნებოდა, რომ არ მყავდეს ოთხი შვილიშვილი – მაქსიმე, ანა, გიორგი და ნანა.


სწორედ მათ მიუძღვენი ამ ბოლო წლებში დაწერილი მეშვიდე წიგნი – „ნაგერალა 80“, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა. როგორც ნახეთ, თურმე შეიძლება 80 წელი სამ წუთში მოაქციო.


ავტორი: გელა ჩარკვიანი

ფოტოები: გელა ჩარკვიანის პირადი არქივიდან

გარეკანის ფოტო: სერა ძნელაძე