კულტურა

სულხან-საბა ორბელიანი - 360

ლექსიკონის შექმნა, ისეთივე გენიალური კულტურული ფაქტია თუ ადამიანის აზროვნების სრულიად სხვა, ახალი საფეხური, როგორც უძველესი კედლის მხატვრობა, ანბანის შექმნა, გუტენბერგის გამოგონება, კომპიუტერი, ინტერნეტი...

ნოემბერი 04, 2018

Hello Blog

ლექსიკონის შექმნა, ისეთივე გენიალური კულტურული ფაქტია თუ ადამიანის აზროვნების სრულიად სხვა, ახალი საფეხური, როგორც უძველესი კედლის მხატვრობა, ანბანის შექმნა, გუტენბერგის გამოგონება, კომპიუტერი, ინტერნეტი...

ქართულ ენობრივ სივრცეში სახელების დამრქმევის თუ უკვე არსებული სიტყვების შემგროვებლის, დამხარისხებელისა და შემნახველის ფუნქცია, ლექსიკოლოგის განსაკუთრებული მისია – სულხან საბა ორბელიანს ერგო, მწერალს, მოგზაურს, საზოგადო მოღვაწეს, სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწეს, დიპლომატს, მეფის გამზრდელს, ენათმეცნიერსა და ლექსიკოგრაფს - ვისაც ერთი ევროპელი მოგზაურის თქმით, ქართველები „ ერის მამას“ ეძახდნენ.

1658 წლის 4 ნოემბერს ერთ–ერთი უდიდესი ქართველი რეფორმატორი დაიბადა.

ერთი მუზა მყავს და ერთი შთაგონება. დიდი ხანია, როცა რაიმე პატარა საქმის გაკეთების დროს საკუთარი თავით აღტაცება შემომიტევს ან დაღლილობის გამო, მზად ვარ, ყველას და ყველაფერს ვეჩხუბო, ერთი ბიჭი მახსენდება ხოლმე, წარმოუდგენელი შესაძლებლობების, უჭკვიანესი, საკუთარ ქვეყანას შეწირული, ერთი ტანჯული, ტანძიელი ბიჭი.

იმედია, მაპატიებს ასეთ ფამილარობას დიდი მწერალი და ლექსიკოგრაფი, ენათმეცნიერი და დიპლომატი, საწყალი ქვეყნის გენიალური შვილი - სულხან- საბა ორბელიანი.

არ იცით, როგორ მიჩუყდება გული, როცა კიდევ ერთხელ მის გრამატიკულ წიაღსვლებს, სალექსიკონო სტატიებს, იგავ-არაკებს ან თუნდაც მოგზაურობის იმ ეპიზოდს ჩავხედავ, სადაც ამღვრეულ ტალღებთან მებრძოლ გემში ის ლოცულობს, პატარა ქვეყნის რაინდი, დიდ ევროპაში დახმარების სათხოვნელად წამოსული...

“ღამე ბნელი და ნისლიანი ვიარეთ. ავი კაფიდანი გვყვანდა, ბრიყვი და შეუსმინარი. კონსტანტინეპოლეს მივახლოვდით. ღამით ნავსაყუდელში ვერ შევიდოდით. ქარი იქიდამ იყო. იქავ ტრიალი დაიწყეს გათენებამდი. თურმე ბნელში ვეღარ გაიგეს რა. ხმელეთი ახლო იყო. ჩვენი ხომალდი ლიას მოხვდა და შიგ დაეფლა. ღმერთმან შეგვიწყალა, ქვა არ იყო, არც რიყე, თვარა ხომალდი გასქდებოდა. ჯერ შუაღამე ვერ იყო. გაისარჯნენ. ღმერთმან ქარიც დააწყნარა, თვარა წავხდებოდით. ხან ზარბაზნები ბოლოზე დააყარეს, ხან ღუზაები ჩაყარეს და თოკით ზივეს. შეგვიბრალა ღმერთმან, გათენდა და ხომალდიც მოგლიჯა. წამოვედით. “

დიდებული კაცი იყო მოკლედ და დღეს, ქართულ ენასა და კულტურასთან დაკავშირებულ ვერცერთ სფეროს ვერ შეისწავლი სრულყოფილად, მისი დახმარების, მის ნაწერებში ჩაკირკიტების გარეშე.

ნებისმიერი ინტერესისა თუ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ნებისმიერ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად აუცილებლად უნდა ეწვიოთ მის დიდებულ ლექსიკონს, რომელიც მხოლოდ ლექსიკონი კი არაა, კულტურული ნოვაციაა, უზარმაზარი, გარდამტეხი პროექტია, დღემდე აქტუალური და აუცილებელი.

სულხან-საბა ორბელიანის სალექსიკონო სტატია მხოლოდ სიტყვის განმარტებით არ შემოიფარგლება, ის გვაძლევს ინფორმაციას სიტყვის წარმოშობის, გამოყენების შესახებ, სინონიმებს, მთელ სემანტიკურ ველს თუ სიტყვის ბუდეს, რაც განსაკუთრებით აადვილებს სიტყვის როლის უფრო ფართო კონტექსტში წარმოდგენას.

* * *

სიცილი-განყოფანი სიცილთანი ესე არს: ღიმილი არს სიცილი სიმშვიდით, უჴმო, ბაგეთა ოდენ შეეტყობოდეს; სიცილი არს მცირედ ჴმიანი და მდაბალი; კაშკაში არს სიცილი მაღალი და მოჴდომილი; კასკასი არს სიცილი მაღალი და წვლილი; რახრახი არს სიცილი მაღალი და უშვერი; თქართქარი არს სიცილი მრავალთაგან შეჴმობილი; ღინცილი არს სიცილი მიწყივ უწესო; ხოლო ფრუსტუნი, ვის არა ენებოს სიცილის გამოჩინება და ერთს საცინელს საქმეზედ წარსცინოს და მალიად დაიდუმო.

წვიმა -მზის(ა) შარავანდედი მიწათა და წყალთაგან აღიღებს ცვართა და შერთავს ღრუბელთა და (+ რა Ab) ღრუბელი ვეღარ დაიტევს, ჩამოადენს წვიმათა. წვიმათა სახელნიცა განიყოფ(ებ)იან: ცვარი არს სინოტივისაგან ჰაერისა უღრუბლოდ მოსული ღამით და დილეულ ფურცელზედ მდგარი; ნიჟი არს ცვარის(ა) უმცირესი ნაწილი და ღვაფი ცვარისა უდიდესი; თქორი არს წჳმა წვლილი და კაცთაგან ძნიად სახილავი; თქეში – უსხოსი თქორისა, ვითარცა აღნაცარი რამე; ფრუტი არს თქეში ნისლოვანი; ჟღმურტლი (+ არს Z) ფრუტისა უდიდესი და უფროსად ნისლოვანი; დელგმა არს წვიმა დიდი და გვიან მომდარებელი; ისხარი – წვიმა სწრაფი და ადრე მომდარებელი; ღლოფო – წვიმა დიდი და დამაბნელებელი და ღვაროვანი; ქარიშხალი არს ქარნარევი ძლიერი წვიმა; შხაპი არს ანაზდი და ჩქარი წვიმა; ხოლო ხეთა ფურცელნი რა წვიმას იტვირთავს და შემდგომად წვეთას დაიწყებს, ლეშხსა და ჟვავს(ა) უწოდენ .

* * *

ლექსიკონის შედგენა ნებისმიერი ქვეყნისთვის, ისეთივე მნიშვნელოვანი კულტურული სიახლეა, როგორც, ვთქვათ, ხელოვნური ენების ან ენის დოკუმენტირების თანამედროვე კორპუსების შექმნა. ქართული კულტურისთვის ლექსიკონს გასაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი, რომელიც რომში 1629 წელს გამოიცა, სწორედ ლექსიკონია - სტეფანო პაოლინის და ნიკიფორე ირბახის მიერ შედგენილი ქართულ–იტალიური ლექსიკონი.

საბას ლექსიკონი მხოლოდ სიტყვების ნაკრები არაა, ხშირ შემთხვევაში, გვაოცებს ავტორის განსწავლულობა მეცნიერების სულ სხვადასხვა დარგებში, როგორიცაა, ასტრონომია, ენათმეცნიერება, ანატომია, ფილოსოფია, თეოლოგია და სხვა.

* * *

წამი -აქვს ჟამსა ერთსა წამი სამეოცი და წამსა ერთსა – წუთი სამეოცი B. აქვს ჟამსა ერთსა წენტილია ოთხი; ხოლო ერთსა წენტილიას(ა)– წამი ათხუთმეტი, რომელ ერთისა ჟამისა წამნი სამეოცნი იქ(მ)ნებიან. არამედ პირველად ვისმე ჟამთასა ერთი ჟამი ხუთ წენტილიად ყოფილა და ერთი წენტილია ათორმეტ წამად (+ და C) შემდგომად ესრეთ ჯერ–უჩენიათ CD.

ქუხილი - ქუხილი იქმნების (იქმნებიან B) ქართა მიერ ღრუბელთა კვეთებათათა, რამეთუ ჰაერთა სიჴშოთა შინა არიან ტატანნი მრავალნი; ხოლო ჰაერთა შინა რა ურთიერთს წინააღმდგომნი ქარნი იწყებენ კვეთებასა (+ და B) რომელიმე ტფილნი, რომელიმე ცივნი ეკვეთებიან, ტატან(ნ)ი (+ და B) ღრუბელთა (ღრუბელნი B) თანაჰყვებიან და ღრუბელთა სიღრუვისა და ტატანთა შემუსრვისაგან გამოვლენ ჴმანი ქუხილისანი (+ და ZA) უკეთუ ქარმან ერთის(ა) კიდით(ა) სძლო, გაივლტის ტატანი იგი განხეთქილი და მისგან გამო(ჰ)კრთებიან ელვანი ZAB.

* * *

საბას ყოველი ცალკე სალექსიკონო სტატია, ანუ ერთი სიტყვა და მისი განმარტება ერთგვარი სამეცნიერო კვლევაა, ინფორმაციის დამუშავების, სისტემატიზაციის, ერთი კონტექსტით წარმოდგენის საუკეთესო ნიმუში.

მეცნიერების რომელი დარგი გაინტერესებთ? იქნებ თავად სიტყვების ფუძეებისა და ეტიმილოგიის კვლევა გსურთ, ან იმის გარკვევა, რომელი სიტყვა რა ენიდან შემოვიდა ქართულში? იქნებ ისტორიული ბიომრავალფეროვნება, პოლიტიკური გეოგრაფია, მსოფლიო ისტორია, ფილოსოფიური თუ თეოლოგიური ტერმინოლოგია გაინტერესებთ? იქნებ მარტივად- გასტრონომიული კულტურა, ზოგიერთ კერძის რეცეპტი, პურისა თუ ნაზუქის ნაირსახეობები? იქნებ ქარის, წვიმისა თუ თოვლის ვარიაციები, ყოფითი კულტურის მნიშვნელოვანი შემადგენლები? უფრო მარტივი რა გითხრათ? იქნებ ფეხსაცმლის ნაირსახეობების კვლევა გინდოდეთ?

საბასთან ყველაფერს იპოვით, ერთ წიგნში ჩატეული ქართული ენა და ისტორიული ცოდნა იმ ყველაფრის შესახებ, რასაც თავის გარშემო ერთი ჭკვიანი, ტანძიელი ბიჭი ხედავდა. მერე რომ მეფის აღმზრდელი, დიდი დიპლომატი და დიდი მწერალი გახდა.

თქვენ ჯერ არ ჩაგიხედავთ ამ დიდებულ წიგნში?ჰოდა, ზუსტად დროა, სიტყვების ეს საბადო აღმოაჩინოთ!

ავტორი: დიანა ანფიმიადი 

სტატიაში გამოყენებულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ნიმუშების ფოტოები