კულტურა

ნომინაცია - საუკეთესო რომანი

„წლის საუკეთესო რომანის“ ნომინაცია „საბას“ ერთგვარი ხერხემალი, ყველაზე მთავარი ნომინაცია, რომელიც წლის მთავარ საკითხავს მონიშნავს და სხვებსაც უზიარებს.

ოქტომბერი 06, 2018

Hello Blog

„წლის საუკეთესო რომანის“ ნომინაცია „საბას“ ერთგვარი ხერხემალი, ყველაზე მთავარი ნომინაცია, რომელიც წლის მთავარ საკითხავს მონიშნავს და სხვებსაც უზიარებს.

სხვადასხვა დროს „რომანის“ ნომინაციაში თანამედროვე ქართული ლიტერატურის ბევრმა მნიშვნელოვანმა ტექსტმა და ავტორმა გაიმარჯვა. როგორი იქნება 2018 წლის მთავარი რომანი? ეს ფრანკფურტში გახდება ცნობილი, მანამდე კი, თვალი გადავავლოთ საუკეთესო რომანის წლევანდელ მოკლე სიას, წელს ეს ნომინაცია განსაკუთრებით აქტუალური, პოლიტიკური და სოციალური თემატიკით გამოირჩევა.

1. გურამ ბათიაშვილი, „ელიგულა და ხავა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

გურამ ბათიაშვილის ახალ რომანში მოქმედება ორი ებრაელი ახალგაზრდის ტკბილ-მწარე ყოფის – სიყვარულის – და მეოცე საუკუნის დამდეგის საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ფონზე მიმდინარეობს. მკითხველი აქ შეხვდება საქართველოს ისტორიის ამ ეპოქის არაერთ ღირსეულ წარმომადგენელს, გაეცნობა საქართველოს ებრაელთა ყოფას.

ელიგულა ყმაწვილურმა წინდაუხედაობამ ატარა რევოლუციის გზებზე, ხავა – სიყვარულს ბრმად ემორჩილებოდა – სიყვარულმა აკეთებინა ის, რაც არ უნდა ეკეთებინა, მაგრამ ორივესათვის დგება ჟამი საკუთარ თავში ჩაღრმავების, განვლილი ცხოვრების განსჯისა და ორივეს აღმოაჩნდება ძალა, რადიკალურად შეცვალოს თავისი ყოფა.

2. მარი ბექაური, „ანას მომენტი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

მარი ბექაური თანამედროვე ქართული ლიტერატურის გულშემატკივრებისთვის კარგად ცნობილი სახელია. მარის ახალი რომანი მძაფრი, დრამატული, ჩამთრევი, ჩახლართული ამბავია, რომელსაც რამდენიმე პერსონაჟის თვალით აღვიქვამთ. „გადავწყვიტე, რომ წიგნს აუცილებლად დავასრულებდი და წიგნში მოყოლილი იქნებოდა იმ ადამიანების ამბავი, რომლებსაც არ უსმენენ და შეიძლება ერთმა კარგმა და წესიერმა ადამიანმა ტერორისტული აქტი ჩაიდინოს იმისთვის, რომ სხვები აიძულოს, მოუსმინონ. წიგნში სენტიმენტების ნასახსაც ვერ ნახავთ.

ალბათ, ცივი და სასტიკიც მოგეჩვენებათ, მაგრამ, რას ვიზამთ, ასეთია რეალობა: მსოფლიოს ერთ ნაწილში მკვდარი ბავშვები ცვილის თოჯინებს ჰგვანან, მეორე ნაწილში კი მათ თვალს გულგრილად არიდებენ, რადგან ნავთობი ადამიანის სიცოცხლეზე ბევრად ძვირი ღირს.“ - წერს ავტორი თავისი წიგნის შესახებ.

3. ლაშა ბუღაძე, „პატარა ქვეყანა“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

ლაშა ბუღაძე პრემია „საბას“ არაერთგზის ნომინანტი და ლაურეატია. „პატარა ქვეყანა“ ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანია, რომელიც საბჭოთა მარწუხებიდან თავდაღწეულ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ქრონიკას გვიზიარებს. დამოუკიდებლობით გამოწვეული ცვლილებების შიში და ილუზიაში გატარებული წლები, 90-იანების შემდგომი საქართველო, გადაფასებული თუ ვერგადაფასებული ღირებულებები, პიროვნებისა და ქვეყნის ურთიერთგადაჯაჭვული ამბავი ბოლო რამდენიმე ათწლეულის საქართველოს ისტორიის ერთგვარი ლიტერატურული რეტროსპექტივაა.

4. დავით გაბუნია „დაშლა“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)

რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები ყველაფრისთვის იცლიან, ყველაფრით ინტერესდებიან, ყველა ფაზლს შლიან და აწყობენ საკუთარი ცხოვრების, საკუთარი გრძნობების, საკუთარი ვნებების გარდა? ცნობილი მთარგმნელისა და დრამატურგის, დათო გაბუნიას ახალ რომანში "დაშლა" ყველა პერსონაჟს საკუთარი, პირადი ტრაგედია აქვს, თუმცა ამ ტრაგედიის გააზრება კი არ ხდება, არამედ მიჩქმალვა, არშემჩნევა, დაშლა და დამალვა.

რომანში იშლება ყველაფერი - ქალაქი, ადამიანთა ურთიერთობები, ოჯახი, ადამიანთა ბედი, რუტინა, სტერეოტიპები, სიყვარული, დასწავლილი სიმართლეები და ნებისმიერი, თუნდაც ილუზორული ცდა ბედნიერების შენებისა.

5. თამარ თანდაშვილი, „მატერიკონი“ (გამომცემლობა „სიესტა“)

თამარ თანდაშვილის „მატერიკონი“ ძალიან გულწრფელი და სასტიკი რომანია. მონასტერში განმარტოებული ადამიანისთვის, რომელსაც ცხოვრება სოციალური კავშირებით არ ანებივრებს, მეგობრის სიყვარული გამორჩეულად ინტიმური გრძნობაა. რა არჩევანს აკეთებს დედა ბარბარე, როცა მისი „სულის ნაწილს“ უმოწყალოდ კლავენ? იურიდიული ფაკულტეტის მესამეკურსელი მედეა სამართლის ფენომენს მეტაფიზიკური კრიმინოლოგიის კუთხით განჭვრეტს და თეორიულ აღმოჩენას აკეთებს, რისი გადამოწმება ორი ათწლეულის შემდეგ, ხანდაზმულ კრიმინალურ საქმეზე მუშაობისას უწევს.

ერთი შეხედვით, სრულიად განსხვავებული ორი ადამიანის, საერო პირისა და მონასტერში მოღვაწის ცხოვრება ტრაგიკულად და მოულოდნელად გადაეჯაჭვება ერთმანეთს, მათი ურთიერთდაპირისპირების ფსიქოლოგიური დრამა კი, ტრანსგენდერი ქალის გარდაცვალების გამო, ყველასთვის წარმოუდგენლად და არცთუ უსისხლოდ სრულდება.

წყარო: saba.com.ge