ცისფერი მთები

შენ და ბახმარო

ბახმაროს ჩემი ცხოვრების სრულიად განსაკუთრებული მოგონებები უკავშირდება ბავშვობიდან დღემდე. დიდი ხანია ჩემთვის ყოველი ზაფხული ბახმაროში დასვენებით სრულდება. ამ ადგილის გამოცდილი სტუმრები გაიგებენ ასეთ წრე-ბრუნვასა და არმობეზრებას. ამ მიზეზით, ერთ-ერთი პირველი რამ, რაც უნივერსიტეტში სწავლის დაწყების შემდეგ გავაკეთე, ბახმაროში ახალშეძენილი მეგობრების თავმოყრა იყო. რაღაც ნათლობის მსგავსი რიტუალი, რომ, აი, ეს არის ადგილი, რომელიც მე უსაშველოდ მიყვარს და კარგი იქნება თუკი თქვენც შეიყვარებთ.

აგვისტო 17, 2018

Hello Blog

ბახმაროს ჩემი ცხოვრების სრულიად განსაკუთრებული მოგონებები უკავშირდება ბავშვობიდან დღემდე. დიდი ხანია ჩემთვის ყოველი ზაფხული ბახმაროში დასვენებით სრულდება. ამ ადგილის გამოცდილი სტუმრები გაიგებენ ასეთ წრე-ბრუნვასა და არმობეზრებას. ამ მიზეზით, ერთ-ერთი პირველი რამ, რაც უნივერსიტეტში სწავლის დაწყების შემდეგ გავაკეთე, ბახმაროში ახალშეძენილი მეგობრების თავმოყრა იყო. რაღაც ნათლობის მსგავსი რიტუალი, რომ, აი, ეს არის ადგილი, რომელიც მე უსაშველოდ მიყვარს და კარგი იქნება თუკი თქვენც შეიყვარებთ.

რიტუალების გარეშეც იშვიათად მინახავს ადამიანი, ბახმაროში ერთხელ, დაყოვნებით ნამყოფი, რომელსაც იქ მეორეჯერ მოხვედრის სურვილი არ გასჩენია. დროის გასვლასთან ერთად, და ჩემნაირების მონდომების შედეგადაც, დადებითად იცვლება ბახმაროთი დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა. უცვლელი რჩება მხოლოდ იქაურობის ობმოდებული და ველური შარმი, რასაც ტურისტული კოლონიზაცია ვერაფერს აკლებს.

ცოტა ხნის წინ საქართველოს კიდევ ერთ მთიან ადგილს ვესტუმრე. მიუხედავად სილამაზისა, გამაბრაზა იქაურმა ულოგიკო, ქაოტურმა განაშენიანებამ. საბედნიეროდ, მსგავსს ბახმაროში ვერაფერს ნახავთ. იქ ყოფნის მთელი ესთეტიკა მთებზე შეფენილი ძველ-ახალი ხის სახლებიდან მოდის. ამ სახლებში წელიწადის 12 თვიდან მხოლოდ 2 თვე ცხოვრობენ. დანარჩენი პერიოდით იქაურობას გამაყრუებელი სიმშვიდე იპყრობს.

ჩადიხარ თუ არა ბახმაროში, ეს სიმშვიდის ათი თვე გეგებება. სეირნობის, ტყეში სიარულის დროს მარტივად იგრძნობ ამ დაგუბებულ სიმშვიდეს, რომელიც, გინდა თუ არა, იქ ჩასვლიდან მალევე შენი განუყოფელი ნაწილია. მთელი წელი საკუთარი თავისთვის რომ ცოტა ხნით გეცალა, აგერ, ადგილი, რომელიც მზადაა დაგავიწყოს რუტინა და რამდენი ხნითაც მოისურვებ, იმდენი ხნით შეგისახლოს.

თუკი ბახმაროში მოხვდებით და ამაში ამინდიც ხელს შეგიწყობთ, არ მისცეთ თავს მხოლოდ სახლში ყოფნისა და ხილული სილამაზით ტკბობის უფლება. ამას ყოველთვის გააკეთებთ გადით და იხეტიალეთ. გარდა ახლოს მდებარე ტყეებისა, აუცილებლად ნახეთ მზის ჩასვლა მზის ჩასავალი გორიდან. ამ მთაზე ასვლა ლაშქრობის განსაკუთრებულ უნარებს არ მოითხოვს, ამდენად, მარტივად ენდეთ საკუთარ თავს. თუკი უფრო რთული ლოკაციის შერჩევა და დაუვიწყარი სილამაზის ნახვა გსურთ, ესტუმრეთ მზის ამოსავალ მთას გამოცდილ დამსვენებლებთან ერთად. ამ გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარ თავში ოდნავ უფრო დარწმუნებული უნდა იყოთ, უფრო მეტად კი კარგად უნდა შეარჩიოთ თანამგზავრები და სათანადო სალაშქრო ეკიპირება. მერწმუნეთ, ნანახი არასდროს დაგავიწყდებათ.

ადგილობრივი გასტრონომიის მოყვარულებს გირჩევთ, დააგემოვნოთ აჭარული კაიმაღი, რომელსაც მთებიდან სავაჭროდ ჩამოსული ადამიანებისგან მარტივად მოიპოვებთ. კაიმაღი არაჟანს მოგაგონებთ, თუმცა მისი გემოვნური თვისებები, მე თუ მკითხავთ, გაცილებით დახვეწილია.

ბახმაროში ყოფნას თან ახლავს სასიამოვნოდ მაგიური განწყობა. შეცდომა არ იქნება, რომ ეს განწყობა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობითაც, რაშიც, მაგალითად, იქაური სამზადისი, ტყეში შეშის მოგროვება, კოცონის ანთება და ცეცხლის ირგვლივ ცეკვა-თამაში, ან უბრალოდ საუბარი იგულისხმება. ბახმარო ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს. ამდენად, კოცონის ტრადიციას პრაქტიკული დანიშნულება უმაგრებს ზურგს. თუმცა, გარდა ამისა, კოცონი მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო შესაძლებლობაა დამეზობლებისა და დამეგობრებისთვის.

ბახმაროში მოხვედრისას ზემოთ ჩამოთვლილ არც ერთ გამოცდილებაზე არ უნდა თქვათ უარი. ხშირად და ღრმად ისუნთქეთ. მცირე პერიოდით მაინც არ იფიქროთ არც ერთ პრობლემაზე და კარგად მოემზადეთ, რომ ეს ადგილი თქვენც ძალიან შეგიყვარდეთ. თუკი არ შეგიყვარდათ, ესეიგი, რაღაც რიგზე ვერ არის და კიდევ სცადეთ. აუცილებლად.

ავტორი: ლევან თევდორაძე