კულტურა

ინტერვიუ ფოტოგრაფ ლევან კაკაბაძესთან

პირველი შეხება ფოტოგრაფიასთან… მოგვიყევი შენი პირველი კამერის შესახებ

აგვისტო 07, 2018

Hello Blog

პირველი შეხება ფოტოგრაფიასთან… მოგვიყევი შენი პირველი კამერის შესახებ

ფოტოგრაფიით ინსტიტუტში სწავლის პერიოდში დავინტერესდი, ვსწავლობდი ტელერეჟისურის ფაკულტეტზე, სადაც ფოტოების გადაღება და გადაღებული კადრებით ისტორიის, ამბის გადმოცემა დაგვავალეს. სწორედ ამ დავალებით დაიწყო ფოტოგრაფიით ჩემი გატაცება.

რითი გამოირჩევა შენთვის ფოტოგრაფია, როგორც მედიუმი?

ფოტოგრაფია ჩემთვის უნივერსალური ენაა, რომლის საშუალებითაც ვამყარებ გარე სამყაროსთან კომუნიკაციას. კამერის მიღმა ისეთი დეტალები ხდება შესამჩნევი, რასაც ზოგადად ვერ ხედავ ხოლმე, შესაბამისად ისეთ ისტორიას და ემოციას გადმოსცემ, ჩვეულებრივ რომ ვერ აღწერდი. ფოტოგრაფია არის ის მედიუმი, რომელიც ჩემთვის სამყაროს უფრო რეალურად, ცოცხლად და საინტერესოდ წარმოაჩენს.

რა როლი ითამაშა შენი შემოქმედების განვითარებაში ემიგრაციამ?

ემიგრაციამ პირველ რიგში გააფართოვა შემოქმედებითი შესაძლებლობის მასშტაბები, მომცა მეტი თავისუფლება და დისტანციიდან თვალის გადავლების საშუალება, რაც შემოქმედისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელიც.

დაგვისახელე რამდენიმე ფოტოგრაფი ან რეჟისორი, რომლებმაც შენზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს

ცხოვრებაში ერთმანეთს ცვლის ეტაპები. შესაბამისად, დროთა განმავლობაში გეცვლება გემოვნება და შეხედულებები. არიან ისეთი ფოტოგრაფები და რეჟისორები, რომლებმაც გარკვეულ ეტაპზე რაღაც გავლენა მოახდინეს და არიან ისეთებიც, მაგალითად, რობერტ ფრანკი და ფრანსუა ტრიუფო, რომელთა ნამუშევრები მუდმივად რჩება ინსპირაციის წყაროდ.

არის რომელიმე ფოტოსერია, რომელსაც შენი ნამუშევრებიდან გამოარჩევდი?

ზოგადად სერიაზე წინასწარ არასდროს ვმუშაობ, ვიღებ კადრებს და შემდეგ თემატურად მსგავსი კადრები სპონტანურად ერთიანდება სერიად.

რა როლი იქონია ზღვასთან სიახლოვემ შენი ფოტოგრაფიული ხედვის განვითარებაში?

ზღვისპირა ქალაქში დავიბადე, ბავშვობაც ზღვის პირას გავატარა და ახლაც ზღვისპირა ქალაქში ვცხოვრობ, ასე რომ, ბუნებრივია, ზღვას ჩემს ფოტოებში დიდი და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. განსაკუთრებით მიყვარს ზღვა ზამთარში – დაცარიელებული სანაპირო ფიქრებში დაკარგვის საშუალებას იძლევა.

გვესაუბრე სამომავლო გეგმებზე

საქართველოში დაბრუნება ჯერჯერობით არ შედის ჩემს სამომავლო გეგმებში, თუმცა ალბათ ეს დღეც დადგება. მინდა უფრო მრავალფეროვანი იყოს ჩემი გამოცდილება არა მხოლოდ ფოტოგრაფიის კუთხით, არამედ ზოგადად. ნებისმიერ სფეროში მიღებული სხვადასხვა სახის გამოცდილება ტრანსფორმირდება და საბოლოოდ ასახვას ისევ ფოტოგრაფიაში ჰპოვებს.

ავტორი: at.ge / ნინა პატარიძე