ცისფერი მთები

საიდან იწყება ალპინიზმი საქართველოში?

„1868 წლის ივნისის უკანასკნელი დღე იყო, როდესაც ჩვენმა შემადგენლობამ დატოვა ყაზბეგის საფოსტო სადგური და შეუყვა გზას ახალი თავგადასავლისკენ, ჩვენ ოთხი ადგილობრივი გვახლდა თან დამხმარედ, თუმცა არა ოსები, არამედ ჩეჩნები, მთის ხალხი, რომელთა სამყოფელი უმეტესწილად დარიალს აღმოსავლეთით მდებარეობს, ისინი სახელგანთქმული მონადირეები არიან; ასევე ამბობენ, რომ ისინი წარმართები არიან, პატივს მხოლოდ მთისა და წინაპრების სულებს მიაგებენ. როგორც ჩანს, პიროვნული გასაჭირის მიმართ გამძლეობა და მატერიის ფორმების უკან გარკვეული გონის არსებობის რწმენა უნივერსალური ადამიანური ინსტინქტია, და როდესაც უფრო ვაკვირდებით, ვხვდებით, მსგავსი სენტინემტები სავარაუდოდ საფუძველია ენდემური და პრიმიტიული რელიგიებისა როგორც კავკასიაში, ასევე სხვაგან. თუმცა კავკასიაში, ის რწმენები და ტრადიციები, რომლებიც ნახსენებ ინსტინქტებს ეფუძნება შეერია გარედან შემოსულ უცხო მორალსა და რწმენებს, ქრისტიანულსა და მუჰამედიანურს. უმეტესი წილი, ეგრედ წოდებული, სარწმუნოებრივი მოქცევებისა კავკასიაში წარმოადგენდა არასრულად გათვითცნობერებული ახალი რწმენების ძველ, არსებულ სათემო მენტალობასთან არასრულყოფილ შერევას, რის გამოც, სვანებისა და აფხაზების მაგალითზე, ზოგჯერ, სრულად ხდებოდა მათი უგულებელყოფა.“

მაისი 31, 2018

Hello Blog

„1868 წლის ივნისის უკანასკნელი დღე იყო, როდესაც ჩვენმა შემადგენლობამ დატოვა ყაზბეგის საფოსტო სადგური და შეუყვა გზას ახალი თავგადასავლისკენ, ჩვენ ოთხი ადგილობრივი გვახლდა თან დამხმარედ, თუმცა არა ოსები, არამედ ჩეჩნები, მთის ხალხი, რომელთა სამყოფელი უმეტესწილად დარიალს აღმოსავლეთით მდებარეობს, ისინი სახელგანთქმული მონადირეები არიან; ასევე ამბობენ, რომ ისინი წარმართები არიან, პატივს მხოლოდ მთისა და წინაპრების სულებს მიაგებენ. როგორც ჩანს, პიროვნული გასაჭირის მიმართ გამძლეობა და მატერიის ფორმების უკან გარკვეული გონის არსებობის რწმენა უნივერსალური ადამიანური ინსტინქტია, და როდესაც უფრო ვაკვირდებით, ვხვდებით, მსგავსი სენტინემტები სავარაუდოდ საფუძველია ენდემური და პრიმიტიული რელიგიებისა როგორც კავკასიაში, ასევე სხვაგან. თუმცა კავკასიაში, ის რწმენები და ტრადიციები, რომლებიც ნახსენებ ინსტინქტებს ეფუძნება შეერია გარედან შემოსულ უცხო მორალსა და რწმენებს, ქრისტიანულსა და მუჰამედიანურს. უმეტესი წილი, ეგრედ წოდებული, სარწმუნოებრივი მოქცევებისა კავკასიაში წარმოადგენდა არასრულად გათვითცნობერებული ახალი რწმენების ძველ, არსებულ სათემო მენტალობასთან არასრულყოფილ შერევას, რის გამოც, სვანებისა და აფხაზების მაგალითზე, ზოგჯერ, სრულად ხდებოდა მათი უგულებელყოფა.“

-დაგლას ფრეშფილდი, ბრიტანეთის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოებისა და ბრიტანეთის ალპური კლუბის პრეზიდენტი. 27 აპრილი 1845 – 9 თებერვალი 1934:

დაგლას ფრეშფილდი არ იყო უბრალო რიგითი მკლევარი ან მოგზაური. მიუხედავად იმისა, რომ კავკასიაში მისი ყოფნის პერიოდში მას არ ეჭირა მაღალი თანამდებობა, განსხვავებით ბევრი სხვა მოხეტიალისგან ბრიტანელი განსწავლული იყო და მის ყოველ მოგზაურობას თან ახლდა გარკვეული საკვლევი ობიექტის მიმართ ინტერესი, იქნებოდა ეს გეოგრაფიული თუ სხვა. შეიძლება ითქვას, მის შემდგომ მყინვარწვერის დამლაშქვრელებს ძალიან გაუმართლათ, რომ პირველი მთაზე ამსვლელი კარგი გეოგრაფი აღმოჩნდა, რომელმაც მოახერხა ზედმიწევნითი სიზუსტით აღწერა მარშრუტი:

„ღამისთევისთვის 11.000 (3528 მეტრი) ფუტის სიმაღლეზე დავბანაკდით, ორწვერის მყინვარის მორენის ქვეშ. ადგილობრივი დამხმარეები თავშესაფრის საძებნელად გაეშურნენ. ჩვენ ჩვენი ავად გამხდარი მთარგმნელი კი საფოსტო სადგურში დაგვეტოვებინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ დამხმარეებთან კომუნიკაცია შეზღუდული გვექნებოდა".

„მომდევნო დილით ისინი (დამხმარეები) არ გამოჩენილან. რევოლვერის გასროლაზე პასუხი არ მიგვიღია და ჩვენცდილის 2:45 -ზე დავიწყეთ სვლა, ხოლო კარვები და ბარგი გაუჩინარებული ჯგუფის წევრების იმედზე დავტოვეთ. უღრუბლო ცა იყო; მალე, უცნაურმა თოვლმა და წვეტიანმა მწვერვალებმა, რომლებიც გარშემო გვერტყნენ, აისის სხივები იგემეს. იმდენად სწრაფი სვლით ვიარეთ, რომ დილის 6:30-თვის ორ მწვერვალს შორის (სავარაუდოდ იგულისხმება ორწვერი და მყინვარწვერი) მდებარე დაბლობზე, 14.800 ფუტზე (4511 მეტრზე), ანუ ჩვენს ბანაკთან შედარებით 3700 ფუტით მაღალზე აღმოვჩნდით...“

ფრეშფილდის ექსპედიცია სიმაღლეს ბარომეტრის დახმარებით ზომავდა, რაც არ გამორიცხავს გარკვეულ ცდომილებას სიმაღლის გამოთვლისას, თუმცა გარემო ლანდშაფტის მისეული აღწერა იმდენად ახლოა დღევანდელ რეალობასთან, რომ თანამედროვე მთამსვლელიც კი, რომელიც მყინვარწვერზე ყოფილა, გონებაში ადვილად წარმოიდგენს პირველამსვლელთა მიერ აღებულ გეზს. საინტერესოა ის, რომ ფრეშფილდის გუნდის მიერ არჩეული მარშრუტი ის ფერდი აღმოჩნდა, რომლის დიდი მონაკვეთი დღეისთვის სრულად დამშრალია და ქვათაცვენის სიუხვით ცნობილ „ხმაურას“ წარმოადგენს.

„...სირთულეებიც სწორედ აქედან დაიწყო, თანდათან ნაპრალები გამსხვილდა და მათი გვერდის ავლა გახდა საჭირო. ფრანსუა დევუასუმ (Francois Devouassoud) ორმოცი წუთით ლიდერობა თაქერს (Charles Tucker) გადაულოცა, რომლის განმავლობაში მარტივად სასიარულო თოვლიანი ზედაპირი ლურჯმა ყინულმა შეცვალა. იგი ოთხი ინჩი მატყუარა სველი თოვლით იყო გადაფარული. საფეხურების ჭრა თანდათან დამქანცველი გახდა და დევუასუ კვლავ წინ გადავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ინცინდენტი მოხდა, რომელიც შეიძლებოდა სერიოზული უბედურებით დასრულებულიყო. ჩვენი პროგრესი Bergschrund-მა - ვერტიკალურ კედელზე ყინულის მსხვილმა ბზარმა შეაჩერა, რომელიც სიგანეში დაახლოებით ხუთი ფუტი (1.5 მეტრი) იქნებოდა. დევუასუ პირველი მიიწევდა წინ, მას მე მივყვებოდი, თაქერი მე, ხოლო ბოლოში მური (Adolphus Moore) იყო. ჩვენ დაბრკოლება სერიოზული წინააღმდეგობის გარეშე დავძლიეთ, თუმცა მალევე აღმოვაჩინეთ, რომ თოკის მოშვებული ნაწილი ნაპრალში ერთ-ერთ ყინულის შვერილზე დახვეულიყო. თაქერი პოზიციიდან გამომდინარე შეეცადა კვანძის გახსნას, დაიწყო უკუსვლა ნაპრალის ზედა კიდისკენ. არასდროს არის ადვილი შენს ქვემოთ ყინულში საფეხურების გაჭრა და სიჩქარის შემთხვევაში ხდება ის, რაც ამ შემთხვევაში თითქმის გარდაუვლი იყო. თაქერმა თავი ვერ დაიმორჩილა და წონამ გადასძლია, ფეხი მოლიპული ნაფეხურიდან დაუცდა და ხრამისკენ გადავარდა. მურის მკვირვ კვანძთან თოკი მაშინვე დაიჭიმა და მიუხედავად იმისა, რომ ორივე არც ისე უსაფრთხო ადგილზე ვიყავით, შევძელით რომ დატვირთვისთვის გაგვეძლო. თაქერი ირაოგადაჭიმული არწივივით გადაეშვა, მისი თავი ფერდის მიმართულებით, ქვემოთ აღმოჩნდა. საკამოდ დიდ ხანს მოგვიწია მისი დაჭერა, ვიდრე კვლავ მოახერხებდა ფეხის ფერდზე შემაგრებას...“

განსხვავებით ისეთი მოგზაურებისგან, როგორიცაა კნუტ ჰამსუნი ფრეშფილდი განსაკუთრებული რომანტიზმის და მხატვრული ჩანართების გარეშე აღწერს თავის მოგზაურობებს, მათ შორის მყინვარწვერის დალაშქრვის ისტორიას და შეიძლება ითქვას, სწორედ ეს არის მისი ჩანაწერების მთავარი ღირებულება. იგი ავთენტურია მეცხრამეტე საუკუნის დარიალის ხეობის გეოგრაფიულ და კულტურულ რეალობასთან. ფრეშფილდი განსაკუთებული ოსტატობით ახერხებს თავისი ანალიზის იმ გვარად გადმოცემას, რომ ნიშანდობლივია, იგი არ ცდილობს მკითხველს თავზე მოახვიოს მისეული ინტერპრეტაციები და „თავისუფალ სივრცეს“ უტოვებს მას წაკითხულის გასააზრებლად.

„...დრო სწრაფად გარბის ასეთ სიტუაციებში და უკვე დილის 11 საათი იქნებოდა, როდესაც დევუასუ გზამკვლევის მძიმე სამუშაომ გადაღალა. ამ დროს ორ მწვერვალს შორის „უნაგირზე“ აღმოვჩნდით (საუბარია მყინვარწვერის მთავარ და მცირე მწვერვალებს შორის არსებულ მცირე პლატოზე). ეჭვი არ იყო, აღმოსავლეთ მწვერვალი უმაღლესი უნდა ყოფილიყო. ამის გაცნობიერებამ ყველა შვებით ამოგვასუნთქა, რადგან ჩრდილო მწვერვალისკენ მიმავალ ვიწრო ქედზე გასვლა ნამდვილად არ იქნებოდა სასიამოვნო... ბოლო აღმასვლა არ ყოფილა რთული, თოვლის მყარმა მასამ კლდეებამდე მიგვიყვანა, მას კვლავ თოვლი შეენაცვლა, რასაც კვლავ კლდეების შედარებით უფრო დიდი მონაკვეთი მოჰყვა... ...თვოლის ქედმა შეწყვიტა აღმასვლა და ჩვენს წინ დაიწყო დაშვება. შუა დღე იყო, როდესაც თვალწინ თერგის ველი გადაიშალა და, ჩვენ ვიცოდით, მყინვარწვერის უმაღლესი წერტილი ჩვენს ფეხქვეშ მოექცა... ...ამ დროისთვის ხეობებში უკვე ღრუბლები ჩაწვენილიყვნენ, თუმცა მწვერვალების უმეტესობა ჯერ კიდევ მოჩანდა. აღმოსავლეთისკენ მწვერვალთა გრანდიოზული გუნდის დანახვა სიურპრიზი აღმოჩნდა. მთების ჯგუფ-ჯგუფად ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და ბაზარდუზუმდე, აღმოსავლეთ კავკასიონის ხელმწიფემდე გადაჭიმულიყვნენ. უფრო ახლო და შესამჩნევი იყო თებულოს ულამაზესი თავი. დასავლეთის ჰორიზონტზე ჩვენ გაფაციცებით ვეძებდით იალბუზს, თუმცა მისი ცნობა შეუძლებელი აღმოჩნდა, უდაოდ მწვერვალი ღრუბელბში ჩამალულიყო, რადგან ს. სელლამ გარკვევით დაინახა მყინვარწვერი იალბუზიდან...“

„დაახლოებით ათი წუთი დავყოვნდით სანამ დავტოვებდით მწვერვალს, სამწუხაროდ შეუძლებელი აღმოჩნდა იქ ჩვენი კვალის რაიმე ფორმით დატოვება. წერაყინს ვერ გავიმეტებდით, ხოლო ქვები ძალიან დიდი და მძიმე იყო რათა „თოვლის კაცი“ აგვეშენებინა.“

მყინვარწვერის პირველასვლის ნამდვილი თავსატეხი უკან დაბრუნება აღმოჩნდა. მწვერვალზე მყოფმა გუნდმა გააცნობიერა, რომ იგივე ციცაბო თოვლ-ყინულოვან ფერდზე დაშვება თვითმკვლელობას უდრიდა, ხოლო ფერდის შემოვლა (დღევანდელი კლასიკური 2A მარშრუტი) იმდენად დიდ დროს წაართმევდა გუნდს, რომ მყინვარს დაბნელებამდე ვერ გასცდებოდნენ და უტყუარი განსაცდელი ელოდათ. ამის გამო იძულებულები გახდნენ „ექსტრავაგანტული“ გადაწყვეტილება მიეღოთ და დევდორაკის მყინვარის მიმართულებით დაშვებულიყვნენ. დაახლოებით 8 საათიანი განუწყვეტელი სიარულის შემდეგ საბოლოოდ გუნდი გასცდა მყინვარულ რელიეფს და საღამო ჟამს მეცხვარეს და ორ ბიჭს გადაეყარა დაბლობში:

„პანტონიმის გარდა სხვა სახის კომუნიკაცია შეუძლებელი იყო, თუმცა ჩვენს მდგომარეობაში გონება თავისით მეტ გამჭრიახობას იჩენს და დიდი სირთულე არ ყოფილა მათგან გავეგო, რომ დევდორაკის ხეობა ძალიან გრძელი და უხიდო იყო, ხოლო მეცხვარეს ახლადმოწველილი რძე ჰქონდა და თავისი თავშესაფრის ღამით გაზიარებას გვთავაზობდა...“   

 2 დღის შემდეგ, როდესაც მომლოდინეთა ნაწილს გუნდი დაკარგული ეგონა, უეცრად დარიალის ხეობის მხირდან 4 უცხოელი გამოჩნდა. დაბრუნებულებმა მალევე იპოვნეს მათი დამხმარეები, რომლებმაც ისინი 3500 მეტრის სიმაღლეზე დატოვეს. მათ დაადასტურეს, რომ ბოლოს ჯგუფის კვალი საოცარ სიმაღლეზე შეამჩნიეს. მწყემსი ბიჭები კი დაემოწნენ, რომ მთამსვლელები მათ მთის მეორე მხარეს, დევდორაკის მყინვართან შეხვდნენ.

ამგავარად 150 წლის წინ დაიწყო საქმე, რომელიც დღეს არა მხოლოდ სპორტს ან თავგადასავალს წარმოადგენს, არამედ ხევის რეგიონის ეკონომიკის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა გახდა. ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ფაქტიურად ყოველ დღე დუგლას ფრეშფილდის ნაკვალევზე დადის ათეულობით ადამიანი: თავგადასავლების მაძიებელი, სპორტსმენი, მკვლევარი ან უბრალოდ ის, ვისთვისაც მყინვარწვერის დაპყრობა რუტინა გამხდარა, მაგრამ ხევში მომლოდინე ოჯახთან ხელცარიელი ვერ ბრუნდება, რადგან ყველა სხვა დანარჩენისთვის უსაფრთხო მოგზაურობის უზრუნველყოფაში იპოვა სარჩო-საბადებელი.

საგულისხმოა, მყინვარწვერის დოკუმენტირებული პირველასვლიდან ამ წლის 30 ივნისს სწორედ 150 წლის იუბილე აღინიშნება. იქნებ ღირდეს, საქართველოში მივიწყებული 4 ევროპელის გახსენება „ივნისის უკანასკნელ დღეს“ ?!

ავტორი: გურამ ვაშყამძე