კულტურა

ფიფქი და ადამიანი

მე პირადად მგონია, რომ ყველაზე ლამაზად თოვლზე წერენ იასუნარი კავაბატა და ბორის პასტერნაკი. კავაბატას თოვლი სიუჟეტში ეპიზოდური პერსონაჟია, შემოდის თავისებურად, ფარფატით, ნაზად, მატარებლის კუპედან გაშლილი ხედით. ვითომც არაფერი, ასე ნაზად-ნაზად და ბოლოში ბაბახ! კაი მამალი სუიციდით, რომელსაც ფუძის გადასწვრივ ვადგებით. (ფუძის მოტეხილობა მოიტანა აქ სიტყვამ რაღაცნაირად) 

მარტი 26, 2018

Hello Blog

მე პირადად მგონია, რომ ყველაზე ლამაზად თოვლზე წერენ იასუნარი კავაბატა და ბორის პასტერნაკი. კავაბატას თოვლი სიუჟეტში ეპიზოდური პერსონაჟია, შემოდის თავისებურად, ფარფატით, ნაზად, მატარებლის კუპედან გაშლილი ხედით. ვითომც არაფერი, ასე ნაზად-ნაზად და ბოლოში ბაბახ! კაი მამალი სუიციდით, რომელსაც ფუძის გადასწვრივ ვადგებით. (ფუძის მოტეხილობა მოიტანა აქ სიტყვამ რაღაცნაირად) 

კავაბატას დეკორატიულობისგან განსხვავებით, პასტერნაკის თოვლი უფრო ხელშესახებია და ადამიანებშია გადაჯაჭვული. ალბათ ეს იმის ბრალია, რომ რუსეთში თოვლი ბევრად უფრო აქტიურად განსაზღვრავს ადამიანს და მის ბედ-იღბალს, ვიდრე იაპონიაში. პასტერნაკის თოვლის ბრწყინვალება კითხვისას თვალში გირტყამს და მერე ბოლომდე ნანობ, როცა ამაზე გახურებული ოდესმე ჟივაგოს ეკრანიზაციას ნახავ. ზეიმია პასტერნაკი, რომელსაც დიდი მცდელობის მიუხედავად კომუნისტებმა მაინც ვერ მოსპეს. ის წიგნი, რომელზეც მე ვლაპარაკობ, პირველად იტალიაში დაიბეჭდა და მისმა სინათლემ იქიდან გამოხეთქა.

ვაჟას თოვლიც მაგარია, ამაღელვებელი და ძლიერი, მთისა, ჩემთვის ძალიან ახლობელი და საყვარელი. ეს ადამიანი იმხელაა რომ ბევრს მასზე არ დავწერ, რა აზრი აქვს, წაიკთხეთ თოვლიანი ეპიზოდები სჯობია).

ჩეხოვის თოვლიც ძალიან ნორმ არის, ამ კაცს ასე თუ ისე დალხენილი ცხოვრება ჰქონდა და ჩანს, თოვლი ბოლომდე რაღაც კარგს ეუბნებოდა.

ეს ჩამოვთვალე ვისი თოვლებიც მიყვარს, ვისიც არა იმასაც გეტყვით:

ილია ჭავჭავაძის თოვლი ყოველთვის ნეგატიურია, შეიძლება რუსეთის მოგონებების ამბავში, მის მოთხრობაში თოვლი თუა, იქ წასულია საქმე. აი ოთარაანთ ქვრივი გაიხსენეთ, თითქოს იქ თოვლი ალამაზებს ტოტებს, თეთრად გადაპენტავს სახურავებს, მაგრამ მორჩენილია იქ ამბავი, სუდარაა. კახელი კაცია, მაინც ვერ ამუღამებდა ეტყობა ბოლომდე.

დოსტოევსკის თოვლიც ძვალ-რბილში გატანს და იქაც ყველაფერი მომსპარია. თუ გინდათ რომ დალევას გემო დაატანოთ, ბატონ ფიოდორს მიმართეთ და მის შეურაცხყოფილ თოვლს მისდიეთ. არ მიყვარს მე დოსტოევსკი თოვლი, ჩემი გაჭირვებებიც მეყოფა და ნავთის რიგი 92-93 წლებში.  

ეგნატე ნინოშვილიც ეგეთია, თითქოს უსახელო მწერალია, დიდიც არაფერი, მაგრამ რაღაცეებს ისეთს არტყამს რომ მტრისას. გოგია უიშვილის ბოლოს გამოჩენილი ფიფქები ნინძების მიერ გამოტყორცნილი ზვიოზდაჩკებივით ჩაესო ჩემს ქვეცნობიერს და ალბათ სიკვდილამდეც მიმდევს.

გაბაშვილის თოვლიც ეგეთია, ვერ შეიყვარებ.

მე არ მესმის იმ მწერლებისა სულ ცუდს რომ წერენ. ვერც ჩვენს სანდროს ვუგებ ბოლომდე, ბოლოს როგორ შეიძლება ყველა დახოცო? ნუთუ ეგაა ევოლუცია?

ეს რაღაცეები რაც ჩამოვთვალე, ნელ-ნელა, ასაკ-ასაკ მივხვდი. თუმცა პირველი, ვისი თვალებითაც მე თოვლი დავინახე და ვიგრძენი ნოდარა დუმბაძეა. დღემდე ეგრე ვგრძნობ და ვხედავ, ჩოხატაურულად. ნოდართანაც ზეიმია თოვლი, ოღონდ ჩვენებური ზეიმი. მე თოვლს დღემდე დუმბაძისნაირად ვხედავ და გოგია უიშვილის ზვიოზდოჩკებისა არ იყოს, ესეც ბოლომდე გამყვება.

თოვლი ძალიან მაგარი მოტივატორია. გაიხსენეთ, როგორც კი თოვლი წამოვიდოდა, სკოლაში ყოფნაც კი სასიამოვნოდ იქცეოდა ხოლმე; ანაც უძინარი და გასავათებული რომ დილის 8ზე გუდაურის გზაზე ხარ დამდგარი და ცხოვრება არ გინდა, შედიხარ ფასანაურში და თოვლს ხედავ, და მაშინვე ბედნიერი ტიპი ხდები და ერთი სული გაქვს საბაგირომდე როდის მიხვალ - აი ეგეთია თოვლი. ამიტომ ეს ხალხიც წერდა და წერდა, ვისაც როგორ ეხერხებოდა ისე, ზოგი ლექსად, ზოგი პროზად, ზოგი ტრაქტატაკატა-ტაკატა-ტად (ე.დეისაძისეული პასაჟი).

უდიდესი ასტრონომისა და ფიზიკოსის, იოჰანეს კეპლერის მეფისადმი მიძღვნილი ტრაქტატი “საახალწლო საჩუქარი ანუ ამბავი ექვსქიმიან ფიფქებზე” პირველ სამეცნიერო ნაშრომია, სადაც ეს ბუმბერაზი ადამიანი ფიფქების სტრუქტურას თავისებურად, თუმცა მაინც მეცნიერულ ჭრილში განიხილავს. ამის გარდა ერთ რამედ ღირს ამ ტრაქტატის შესავლის წაკითხვა, სადაც მეფის ნიჰილიზმში გადაზრდილ მინიმალიზმის სიყვარულს აქებს. ტრაქტატის ეს ჩემთვის ნაწილი ნაღდი პოეზიაა და შეიძლება ითქვას, რომ თავისი დროის პოეტების შემოქმედებას იდეურ ამბავში მაგრად წინაც უსწრებს.

კეპლერი ამბობს, რომ ექვსკუთხოვანი ობიექტები სიბრტყეს იდეალურად ფარავენ. იდეალურობა რადგან ღმერთის თვისებაა ყველაფერში, ექვსწახნაგოვან ფიფქებს ის უფლის მადლად მოიაზრებს. ძნელია არ დაეთანხმო.

ინგლისელმა ფიზიკოსმა, რობერტ ჰუკმა კი თქვა რომ რაც უფრო ადიდებ ფიფქს, მით უფრო ხვდები რომ იდეალური ფორმა არა აქვსო, მაგრამ ეს შეიძლება დნობის, შეიძლება და ვარდნისას დაზიანების ბრალი იყოსო. ჰუკს კეპლერისგან განსხვავებით მიკროსკოპი ჰქონდა, და ფიფქების სტრუქტურის ამსახველი ჩანახატებიც დაგვიტოვა რომელსაც “მიკროგრაფია” დაარქვა.

 ილუსტრაცია

გაგიკვირდებათ და რენე დეკარტიც კი შთაგონებული იყო ფიფქების სტრუქტურით და მშვენიერი აღწერილობები დაგვიტოვა, მათ შორის ფიფქების იშვიათი ფორმებისა.

ფოტოგრაფიის განვითარებასთან ერთად, შესაძლებელი გახდა ფიფქების ფირზე აღბეჭდვა და კიდევ უფრო ახალი რამეების პოვნა ფორმაში:

ერთ-ერთი პირველი არტისტი, რომელმაც 200 სხვადასხვა ფორმის ფიფქის ფოტო დაგვიტოვა, იყო ანდრეი სიგსონი, შვედური წარმოშობის რუსი ფოტოგრაფი. სიგსონს ფიფქების გადაღების მთელი ტექნოლოგია ჰქონდა შემუშავებული: ფიფქებს წმინდა ბადით იჭერდა, შემდეგ მიკროსკოპით სადღაც 25-ჯერ ადიდებდა და იღებდა. ფიფქები რომ მუშაობის პროცესში არ დამდნარიყვნენ, სიგსონი სპეციალურ მილში სუნთქავდა და ხელებს სპეციალურად იცივებდა.

სიგსონის ფიფქები

ანდრეი სიგსონზე ბევრად უფრო პროდუქტიული იყო ამერიკელი ფოტოგრაფი უილსონ ბენტლი, რომელმაც ფიფქების 5000 ზე მეტი ფოტო შექმნა:

ბენტლის ფიფქები

მეფიფქეებიდან ჩემთვის ყველაზე საყვარელია იაპონელი ფიზიკოსი უკიჰირო ნაკაია, რომელიც არამხოლოდ იღებდა ფიფქებს, არამედ მათი გამოზრდა ხელოვნურ პირობებშიც ისწავლა. კეპლერისგან შორს არც ის წასულა და თქვა, რომ “თოვლი ესაა წერილი ზეციდან, საიდუმლო იეროგლიფებით დაწერილი” - მე მასაც ვეთანხმები.

თუ ფიფქებით მართლა დაინტერესდებით, წაიკითხეთ იაპონელის წიგნი, “თოვლის კრისტალები - ბუნებრივი და ხელოვნურ პირობებში გაზრდილი”. შეგიძლიათ მასზე დოკუმენტურ ფილმსაც უყუროთ, რომელსაც ასევე “თოვლის კრისტალები” ჰქვია და 1939 წელსაა გადაღებული.

კუნძულ ჰოკაიდოზე, ნაკაიას სახელობის ფიფქების მუზეუმია. თუ მოხვდებით აუცილებლად შეიარეთ.

 ნაკაიას მიერ დახატული ფიფქების კლასიფიკაცია

როგორ ფორმირდებიან ფიფქები? როგორ და ძალიან, ძალიან ლამაზად, მაღლა ღრუბლებში, სადაც ორთქლი თხევადი მტვრის სახეს იღებს და ტემპერატურა - 30 გრადუსია, ორთქლი კრისტალიზდება, ამ კრისტალებზე, თავის მხრივ, ახალი კრისტალები ემატება და წარმოიქმნება ფიფქები. წყლის მოლეკულის სტრუქტურა, განაპირობებს ექვსწახნაგოვან, ექვსქიმიან ფორმას, სადაც ქიმებს შორის კუთხეები ყოველთვის 60 და 120 გრადუსია. მიუხედავად იმისა, რომ ფიფქები ყველა ერთმანეთს ჰგავს, კრისტალების ფორმა მაინც უნიკალურია. უნიკალურია, თუმცა მაინც კლასიფიკაციას ექვემდებარება:

ამერიკელი მეცნიერი კენეტ ლიბრეხტი ამბობს, რომ მათი ფორმების რაოდენობა მკვლევრის გემოვნებაზე და ვიზუალურ აღქმაზეა დამოკიდებული. თვითონ კი 35 ფორმას გამოყოფს. უკიჰირო ნაკაია ამბობს რომ 41 ფორმაა, ყველაზე მეტი ფორმა კი აღწერილი აქვთ ორ მეტეოროლოგს, მაგონოს და ლის - ისინი 80 სხვადასხვა სახის კრისტალს განსაზღვრავენ.

მაგონოს და ლის ფიფქების ტაბულა

უჩვეულო ფაქტები

თოვლი, როგორც ვთქვი, მაგარი მოტივატორია და ადამიანს უჩვეულო რაღაცების გაკეთებისკენ უბიძგებს. მე მინდა ოდესმე სადმე შევხვდე იმ ადამიანს, რომელმაც პირველმა მოიფიქრა ფეხებზე ფიცრის ამოკვრა და მთიდან ჩასრიალება. სავარაუდოდ მან რომელიღაცა ცხოველს მიბაძა, ოღონდ ვერც კი ვხვდები რომელს. ამ პირველი მოსრიალე ადამიანის მერამდენეღაცა რეინკარნაცია ბატონი ლუკა ელოშვილია, ჩემი შორეული ახლო ნათესავი, რომელმაც ჩემს თვალწინ ვიღაც ფიშერებიან ბიძერს სახინკლე მოუგო, ჩამოსრიალდა რა კუდებიდან თოვლის საწმენდ ნიჩაბზე დამდგარი და თან ამ პატიოსან ადამიანსაც ჩამოასწრო, რომელიც წესით და რიგით თავისი გიგანტებით საკმაოდ სწრაფად მოსრიალებდა.

გუდაურში კი ხინკალი არ ვარგა, მაგრამ ამაზე შეიძლება მოგვიანებით დაგიწეროთ.

თურქეთის მთებში ადამიანი აჭენებს “ლაზბორდს”. სახელი ალბათ რაღაცაზე მიგანიშნებთ.

აბა ჰეთ. გაზაფხულია.

ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი