კულტურა

Reflector – საკლუბო სივრცე ქუთაისში

თუ განვიხილავთ საკლუბო სცენის როლს ქვეყნის სოციალური, კულტურული თუ ეკონომიკური კონტექსტიდან გამომდინარე, არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ თბილისში არსებული მდგომარეობის მიხედვით, სადაც საკლუბო კულტურამ ერთგვარ სოციალურ ცვლილებებს მისცა ბიძგი.

მარტი 15, 2018

Hello Blog

თუ განვიხილავთ საკლუბო სცენის როლს ქვეყნის სოციალური, კულტურული თუ ეკონომიკური კონტექსტიდან გამომდინარე, არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ თბილისში არსებული მდგომარეობის მიხედვით, სადაც საკლუბო კულტურამ ერთგვარ სოციალურ ცვლილებებს მისცა ბიძგი.

რეგიონულ ჭრილში, საკლუბო კულტურა არც ისე მდიდარია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კუთხითაც, ქვეყანა ცენტრალიზებულია, თუმცა, არის მოცემული რეალობის შეცვლის მცდელობები, რის საილუსტრაციოდაც ქუთაისის საკლუბო სცენა „რეფლექტორი“ გამოგვადგება. ეს არის სივრცე, რომელიც 2 მაისს, ქართველი არტისტების – თადესა და ზურკინის შესრულებით გაიხსნა და დღემდე, ყოველ შაბათს, ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს ქუთაისიდან და არამხოლოდ ამ ქალაქიდან, სთავაზობს ივენთებს.

ეს არის ადგილი, როგორც რეგიონში მუსიკისა და გართობის მოყვარული ახალგაზრდებისთვის, ასევე, სცენა ქართველი არტისტებისთვის, რომელიც სამმა კლუბური გართობის მოყვარულმა მეგობარმა შექმნა. თუმცა, კლუბში მოხვედრა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის წევრებს შეუძლიათ. იწვევს თუ არა „რეფლექტორის“ ღონისძიებების დახურულობას ქალაქის კულტურული სპეციფიკა და როგორია კლუბის შემქმნელების დაკვირვება სივრცის ფუნქციონირების განმავლობაში – ამ საკითხებზე მარკეტერი „რეფლექტორის“ ერთ-ერთ შემქმნელს – რამზეს კილასონიას ესაუბრა:

როგორია ღამის კლუბ რეფლექტორის ისტორია?

კლუბის გახსნის იდეა სამეგობროს – რეზი ჩირაძეს, რამზეს კილასონიასა და გიორგი ყურაშვილს, დაახლოებით, ერთი წლის წინ გაგვიჩნდა. ამ ყველაფრის მიზეზი კი ის იყო, რომ წლების მანძილზე, გასართობად გვიწევდა თბილისის კლუბებში სიარული, რაც ძალიან კარგი იყო, მაგრამ არცთუისე ადვილი. ყოველ ვიქენდზე ქუთაისიდან წამომსვლელების რიცხვი იზრდებოდა და როდესაც ელექტრონული მუსიკის მოყვარულები ბევრნი გავხდით, გაგვიჩნდა სურვილი, რომ ჩვენს ქალაქშიც ყოფილიყო კარგი ღამის კლუბი. იმის გათვალისწინებით, რომ გვქონდა ევროპის კლუბებში გართობის გამოცდილება და 2011 წლიდან, აქტიურად ვიყავით ჩართული ქართულ კლუბურ ცხოვრებაში, შევქმენით „რეფლექტორი“, რომლის შენობა, თავიდან, საცხოვრებელის ფუნქციას ატარებდა და შემდეგ, სხვადასხვა დასახელების კაფეები იყო განთავსებული.

რაც შეეხება ივენთებსა და არტისტებს..

ყოველ შაბათს გვაქვს ივენთი, ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ჩვენს საყვარელ ქართველ არტისტებზე და ქუთაისელ არტისტებსაც ეძლევათ ხოლმე საშუალება, თავიანთი შემოქმედება გააცნონ მსმენელს.

იწვევს თუ არა გარკვეულ სოციალურ ცვლილებას ქუთაისში ღამის კლუბის არსებობა და ზოგადად, როგორია საკლუბო კულტურა ამ ქალაქში?

სამწუხაროდ, ქუთაისში არ არის სხვა სივრცე სადაც ყოველ ვიქენდზე ელექტრონული მუსიკა იკვრება. არის ადგილები სადაც კეთდება ხოლმე ივენთები. ზოგადად, ქუთაისში 90-იანი წლებიდან მოყოლებული, არსებობდა ანდერგრაუნდ სივრცეები, სადაც მუსიკოსები ცდილობდნენ იმდროინდელ პრობლემებზე თავიანთი სათქმელი ეთქვათ, რაც ძალიან კარგად გამოდსდიოდათ და ესეთი სივრცეების არსებობა, როგორც ყველა ქალაქში, ისე აქაც იწვევს სოციალურ ცვილებებს და მივესალმებით, თუ ბევრი მსგავსი ადგილი იქნება ჩვენს ქალაქში.

ფოტო: VERTIGO MAG 

რა განაპირობებს რეფლექტორის ივენთების დახურულობას?

ყველა ივენთზე იზრდება მსურველთა რაოდენობა, გვაქვს დახურული ჯგუფი, სადაც იდება ღონისძიებები და მარტო ჯგუფის წევრებს შეუძლიათ ივენთზე შემოსვლა. ვინაიდან, ქალაქში ეს კულტურა, ამ მხრივ, არ იყო განვითარებული, გადავწყვიტეთ, გვქონოდა დახურული ჯგუფი, სადაც მხოლოდ ის ადამიანები დავამატეთ, ვინც დაინტერესებული იყო მუსიკით. ყველა ივენთზე გვყავს თბილისიდან სტუმრები და მათი უმრავლესობა არტისტებს მოჰყვება ხოლმე.

marketer.ge