კულტურა

ალან უოტსი, აქ და ახლა

წარმოიდგინე!

ნოემბერი 29, 2017

Hello Blog

წარმოიდგინე!

იმას რომ აკეთებდე, რაც მართლა გსურს და გიყვარს, ხომ უფრო კარგად გამოგივა? რაც კარგად გამოგდის, იმაზე ხომ უფრო მეტი მოთხოვნა იქნება? რაც უფრო მეტი მოთხოვნაა, შესაბამისად, ხომ უფრო დაგიფასდება? საბოლოო ჯამში, შეიძლება იმაზე მეტი შემოსავალიც გქონდეს საყვარელი საქმიდან, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდი. ამ ყველაფერს კი, შენი განწყობის, შემართების, შემეცნებისა და განსაკუთრებულობის ზრდა მოყვება საჩუქრად...

წარმოიდგინე?

“სწორედ ესაა ცხოვრების საიდუმლო - თავიდან ბოლომდე იყო ჩართული იმაში რასაც აკეთებ, აქ და ახლა. და იმის მაგივრად, რომ რაღაცას სამსახურს უწოდებდე, ხვდებოდე, რომ ეს მხოლოდ თამაშია.” - ალან უოტსი.

ეს არაა რჩევა. ეს უფრო შეხსნებაა, რომ შეგიძლია სხვადასხვა რაკურსით შეხედო საკუთარ თავს, სხვა ხარისხით სცე პატივი საკუთარ ოცნებას და ვინ იცის, შთაგონებისა, თუ ენერგიის რამდენ ახალ წყაროს აღმოაჩენ შენს თავში მოგზაურობისას.

“ადამიანი მხოლოდ იმიტომ იტანჯება, რომ ზედმეტად სერიოზულად უყურებს იმას, რაც ღმერთებმა გასართობად შექმნეს“.

ალან უოტსის მთელი მოღვაწეობაც ერთგვარი შეხსენება იყო ადამიანებისთვის, რომლებსაც სანუკვარი ოცნებები და მათ ასასრულებლად თანდაყოლილი ყოვლისშემძლეობა სადღაც, ყოველდღიურ შფოთვაში ეფანტებოდათ... მისი გარდაცვალებიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი, 400-მდე ლექციის აუდიო-ჩანაწერი და 27 წიგნი, არანაკლებ (უფრო მეტს თუ არა) გავლენას ახდენს ახალ თაობებზე. 

მაინც ვინ არის ალან უოტსი?

“მე გამრთობი ვარ, მსგავსად იმ მუსიკოსისა, რომელიც ასრულებს მოცარტს; ის ამ დროს არაფერს არ ყიდის, გარდა მუსიკის ჟღერადობისა. არაფრისკენ არ ცდილობს თქვენ მოქცევას. არ ცდილობს თქვენ გაწევრიანებას მოცარტისტთა და ბეთჰოვენის დამგმობ ორგანიზაციებში. მეც სწორედ იმ სულისკვეთებით მოგმართვათ, როგორც მუსიკოსი თავისი ინსტრუმენტით...”

                                                                    

ბავშვობიდან ხიბლავდა აღმოსავლური ხელოვნება, ლიტერატურა და ფილოსოფია. 17 წლის ასაკში, გამოსცა პირველი წიგნი ზენ-ბუდიზმის შესახებ. 1938 წელს, 23 წლის ასაკში მშობლიური ბრიტანეთიდან აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც პრაქტიკულად აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურების კონტრაპუნქტად განსხეულდა. მის გარშემო ყოველთვის ტრიალებდნენ ხელოვანები, ფილოსოფოსები, მეცნიერები, იმ დროისთვის ახლად წარმოქმნილი ბიტნიკები... აშშ-ს 50-იანი და 60-იანი წლების ისტორია ალან უოტსის გარეშე წარმოუდგენელი გახდა. მისი ლექციების ჩანაწერები კი, არა მარტო პოპ-კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა, არამედ მის ერთ-ერთ შთამაგონებელ წყაროდაც კი.  

60-იანი წლების მიწურულს, ალანი კალიფორნიის სანაპირო ქალაქ სოსალიტოში ცხოვრობდა - ბორანზე! ეს ბორანი იმდენად პოპულარული გამხდარა, რომ წერა შეუძლებელი ხდებოდა და იქვე, “დრუიდების მაღლობზე” [Druid Heights] გადაინაცვლა საცხოვრებლად. 70-ების დასაწყისში, კვლავ აგრძელებდა მოგზაურობას ლექციების ჩასატარებლად, თუმცა ყველაზე მეტად სწორედ ამ მაღლობზე ყოფნა ერჩივნა. აქ დაწერა: სამთო დღიურები, მონოგრაფია, ავტობიოგრაფია და ბოლო ნამუშევარი - “ტაო - წყლის გზა”.

“სიცოცხლე თამაშია, რომლის უპირველესი წესია, ჩათვალო, რომ ის თამაში კი არა, სერიოზული ამბავია.”

ალან უოტსი 1973 წლის 16 ნოემბერს გარდაიცვლა. ამბობენ, ძილში. საყვარელ მაღლობზე.

***

ალან უოტსზე საუბარი ისეთივე დაუსრულებელი შეიძლება იყოს, როგორც წამი, რომელსაც ის თავის წიგნებსა და საუბრებში აღწერს. მისი ლექციები მარტივი ენით გადმოგვცემს არაბესკებივით ჩახუჭუჭებულ ფილოსოფიებს. ლაღი, მხიარული ტონი კი უფრო მეტად დამაჯერებელს ხდის სიცოცხლეს, როგორც თამაშს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რაც თითოეულ მის აზრს გასდევს თარგად - ჩვენი თავის რწმენაა, მოცემულ წამსა და მოცემულ სივრცეში.

„გწამდეს, ნიშნავს მიენდო წყალს. ცურვისას, წყალს ხომ არ ეჭიდები, არ გამოგივა, ჩაიძირები. ამის ნაცვლად, დუნდები და მიყვები მას.“

                                                                                            

ახალი წლის წინა დღეებში, როგორც წესი, სურვილი გვიჩნდება ხოლმე სულ სხვანაირად გავატაროთ მომავალი წელი - ვაანალიზებთ, ვგეგმავთ, ვოცნებობთ, ვმოქმედებთ... ვფიქრობ, დროული იქნება ალან უოტსის შეგონებებისთვის თვალის გადავლება.

ავტორი - ნინო კაკიაშვილი