მუსიკა | ცა

თბილისის მე-20 საიუბილეო ჯაზფესტივალი

წლევანდელი ნოემბერი ქართველი მუსიკის მოყვარულთათვის განსაკუთრებული და მრავალფეროვანი იქნება. 2 ნოემბერს რიგით მე-20, საიუბილეო ჯაზფესტივალი დაიწყება, რომელიც 5 ნოემბრამდე გაგრძელდება. კონცერტებთან ერთად, ცნობილი ჯაზ-შემსრულებლები ქართველი სტუდენტებისთვის მასტერ-კლასს ჩაატარებენ.

ოქტომბერი 31, 2017

Hello Blog

წლევანდელი ნოემბერი ქართველი მუსიკის მოყვარულთათვის განსაკუთრებული და მრავალფეროვანი იქნება. 2 ნოემბერს რიგით მე-20, საიუბილეო ჯაზფესტივალი დაიწყება, რომელიც 5 ნოემბრამდე გაგრძელდება. კონცერტებთან ერთად, ცნობილი ჯაზ-შემსრულებლები ქართველი სტუდენტებისთვის მასტერ-კლასს ჩაატარებენ.

God’s favorite soul band: Tower of Power მზიანი კალიფორნიიდან

წელს თბილისის ჯაზფესტივალზე მუსიკოსების ვარსკვალვთცვენაა. 2 ნოემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტს 50 წლიანი ისტორიის მქონე ბენდი, Tower of Power გამართავს. ბენდი 1968 წელს, ოუკლენდში, კალიფორნიაში დაარსდა. ბენდის მუსიკალური მიმდინარეობის ერთ კონკრეტულ ჩარჩოში მოქცევა რთული და, შეიძლება ითქვას, გაუმართლებელიც კია, რადგან მუსიკა, რომელსაც ბენდი უკვე მეხუთე ათწლეულია ქმნის, სოულის, R&B-ს, ჯაზის, ფანკის ელემენტებს შეიცავს, თუმცა, ბენდის ლიდერმა და დამფუძნებელმა წევრმა, ემილიო კასტიომ, ბენდის ჟღერადობას აქამდე არარსებული კატეგორია „ურბანული სოულ მუსიკა“ შეურჩია.

©people.com

Tower of Power-ის მამოძრავებელი და ძირითადი ინსტრუმენტი საყვირია, სწორედ ეს სძენს ბენდის რითმის შეგრძნებას უნიკალურობას. მუსიკის წერიდან დაწყებული, არანჟირებითა და შესრულებით დამთავრებული, Tower of Power ახერხებს იმას, რომ ყველა დეტალი განსაკუთრებული და მხოლოდ მისი ჟღერადობისათვის დამახასიათებელი იყოს. ამ ყველაფერს თუ უდიდესი ნიჭისა და დრაივის მქონე მთავარ ვოკალისტსაც დავუმატებთ, მუსიკოსების ყველაზე დინამიკურ ჯგუფს მივიღებთ. ეს Tower of Power-ია, ღმერთის საყვარელი სოულ ბენდი, როგორც ისინი საკუთარ თავს მოიხსენიებენ.

We celebrate the saxophone on November 4th

4 ნოემბერს საქსოფონს აღვნიშნავთ: იქნება ეს ჯაზი, სვინგი თუ სკა, საქსოფონი მრავალმხრივი და მრავალჟღერადი ინსტრუმენტია, რომელიც ადამიანის ხმით მღერის და ცხრა განსხვავებული „არომატი“აქვს. 4 ნოემბერს თბილისს ჯო ლოვანო ესტუმრება და მათგან ყველაზე გამორჩეულის, ტენორის საქსოფონის, ჟღერადობას მოგვასმენინებს, ხოლო მანამდე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ქართველი სტუდენტებისათვის მასტერ-კლასს ჩაატარებს.

© noecugny.com

ჯო ლოვანოს წარმატების საიდუმლო იმპროვიზაციის უნარშია. ჯაზ-შემსრულებლებისათვის თითქმის შეუძლებელია დამოუკიდებლად წარმატების მიღწევა, რადგან ინსტრუმენტები ერთმანეთს ავსებენ. ჯო ლოვანომ კი მხოლოდ საქსოფონით მოახერხა, შეექმნა საკუთარი, განსხვავებული და გამორჩეული ჟღერადობა და პიროვნული მიდგომა ჰქონოდა როგორც მუსიკასთან, ისე - ინსტრუმენტთან, რომელიც მასსა და მის მსმენელს შორის ერთგვარი მედიუმია.

Godfather of Bass

საიუბილეო ჯაზფესტივალის ბოლო დღეს ქართველი ჯაზ-შემსრულებელი, პაპუნა შარიქაძე, თავის ტრიოსთან ერთად გამართავს კონცერტს. პაპუნას აკომპანირებას ედი გომესი გაუწევს. ედი გომესი ორგზის გრემის ჯილდოს მფლობელი ბრწყინვალე ბასისტია, რომელიც იდეალური თანადამკვრელი იქნება პაპუნასათვის, რადგან უნიკალური სტილითა და ჟღერადობით გამოირჩევა.

© capitalbop.com

ამავე დღეს თბილისის საკონცერტო დარბაზში გრემის ჯილდოს ოთხგზის მფლობელი, შემსრულებელი, კომპოზიტორი და ლეგენდარული ბასისტი, სტენლი კლარკი წარსდგება თბილისელი მსმენელის წინაშე საკუთარ ბენდთან ერთად. სტენლი კლარკი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჯაზ-შემსრულებელია თანამედროვე მსოფლიოში. მისი ხელოვანება ყველამხრივ დაფასებულია - აქვს ოქროსა და პლატინის ჩანაწერები, რამდენიმე ემის ნომინაცია და ჟურნალ Rolling Stones-ს პირველი წლის ჯაზმენია. ქართველი მსმენელისათვის, ალბათ, საამაყო იქნება ის ფაქტი, რომ სტენლი კლარკის ბენდის მუდმივი წევრი, უკვე რამდენიმე წელია, ბექა გოჩიაშვილია და ის, სტენლისთან ერთად, 5 ნოემბერს ჯაზ-ფესტივალის მე-20 საიუბილეო სეზონს დახურავს.