მუსიკა | ცა

eZo Festival-ის ჯადოსნური სეზონის გახსნა

მთაწმინდის პარკი მართლაც საფესტივალო ადგილია - თბილისის ხედი, ფუნიკულიორი და eZo Festival-ის ღონისძიება, რომელმაც სეზონის სტარტი 27 მაისს აიღო.

მაისი 29, 2017

Hello Blog

მთაწმინდის პარკი მართლაც საფესტივალო ადგილია - თბილისის ხედი, ფუნიკულიორი და eZo Festival-ის ღონისძიება, რომელმაც სეზონის სტარტი 27 მაისს აიღო.

მზიანი დღე, რომელიც დედაქალაქს გაუთენდა, მთაწმინდაზეც შენარჩუნებული დაგვხვდა. 

ვუახლოვდებით რა, საფესტივალო სივრცეს, იგრძნობა, რომ ზღაპრულ სამყაროში მოგვიწევს გასეირნება.

პარკში სპეციალურად ფესტივალისთვის გამოყოფილი სივრცე, ორ ზონად, დიდ და პატარა ეზოდ იყო დაყოფილი. შესასვლელი კარი კი ისე იყო ხისგან გამოჭედილი, როგორც ჩვენს საყვარელ, ბავშვობის მულტფილმებში.

მისვლისთანავე #გამარჯობით გვეგებებიან მასპინძლები, თუმცა რაღა მასპინძლები, ეს ხომ საერთო ეზოა ყველასთვის.

ქალაქისგან განსხვავებით, აქ სიმწვანის ელფერი დაჰკრავს ყველაფერს.

ფაქტია, რომ ეს დღე ფესტივალის სტუმრებისთვის მხოლოდ გართობის საშუალება არ იქნება.

მუსიკალური დღე Radio Grue-ს სელექციით დაიწყო, ლათინური რიტმები, ძველი ცნობილი, თუ ნაკლებად პოპულარული სოულ რიტმები ერთმანეთს ერწყმოდა.თავიდანვე ჩანდა, რომ ფესტივალის მთავარი ნარატივი -ბედნიერების განცდა იქნებოდა.

ყველაფრის მიუხედავად, ეზოს ფესტივალი არ წარმოადგენდა მხოლოდ საცეკვაო მუსიკისთვის განკუთვნილ სივრცეს, ეს საოჯახო ფესტივალია. ადგილი, სადაც ყველა თაობა სათავისო გასართობს პოულობს.

ფესტივალის მთავარი სცენა, სივრცის ერთ კუთხეში, ხისგან აშენებული ქოხისმაგვარი შენობა იყო. გარშემო არსებულ ყველა ნაგებობას თავისი დანიშნულება ჰქონდა, თუმცა, ყველაფერი ერთობლივ კონტექსტში იყო გათვალისწინებული.

სახლი ხეზე, ძველი, გამოუყენებელი ნივთებისგან შექმნილი დეკორაციები და ფერადი განათებების მთელი სერია, კოსმიურ ატმოსფეროს ხატავდა, საიდანაც არც კოსმიური ხომალდი იყო დაშორებული.

მუსიკალური რინგი რატის გადაეცა, Deep და Tech ჰაუს მუსიკამ აუდიტორია ბევრად უფრო აქტიური გახადა.

ტერიტორიაზე გაფანტული ადამიანების თავშეყრის ადგილად მთავარი საცეკვაო მოედანი იქცა.

ღია ცის ქვეშ, წვიმის წვეთებს არავინ არ შეუშინდა. ბავშვები, რომელთა უმეტესობისთვისაც ეს დღე პირველი საფესტივალო გამოცდილება იყო, მყისვე ჩაერთნენ ორომტრიალში.

მოსაღამოვდა მთაწმინდას.

როდესაც ღრუბლემა უკვე განათებული ანძის თავზე მოიყარეს თავი, დეკებთან ადგილი მზესუმზირა კომუნის ერთ-ერთმა ავტორმა, Gabunia-მ დაიკავა, რომელმაც ოსტატურად მალევე შეძლო აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა.

მისი ტრიბალური და მძიმე ბასზე ორიენტირებული მუსიკალური არჩევანი შეუმჩნეველი არავის დარჩენია, ადამიანთა მცირე ნაწილის ყურადღება კი განათებული დედაქალაქისკენ იყო მიმართული, რომელიც საოცრად ლამაზად ჩანდა ფესტივალის ტერიტორიიდან.

ღამეს, მოცეკვავეები და ფესტივალის სტუმრები, ბერლინელ Sebo K-სთან ერთად შეხვდნენ, პროდიუსერი და დიჯეი, რომლის ფესვებიც Acid-ურ და ელექტრონულ ჯაზში იმალება, 2000 იანების შუა პერიოდიდან ერთ-ერთ ტრენდმეიქერად ყალიბდება საცეკვაო მუსიკის წრეებში.

პიკი ღამის 2 საათისთვის დაფიქსირდა, როდესაც პარიზის ლეგენდარული Rex Club-ის რეზიდენტის, Bass Culture Records-ის დამაარსებლის, D’Julz-ის პერიოდიც დგება. როგორც პერსონა, ფრანგი დიჯეი თავისი რელევანტური და უკომპრომისო სტილით არის ცნობილი, რომელსაც 25 წელია ინარჩუნებს. 

მსმენელის სიმპათიის მოპოვება არც ეზოს ფესტივალის ფარგლებში გასჭირვებია.

ჩიკაგო ჰაუსისა და თანამედროვე Acid ჟღერადობა ერთმანეთს ენაცვლებოდა, ყველასგან განსაკუთრებული ენერგია, რომელმაც მიძინების პირას მყოფებიც კი თავიდან გამოაფხიზლა და ბედნიერების ჰორმონების დოზა გაზარდა.

ამ ეტაპისთვის ეზოს პატარა ტერიტორიაზე, 2000 ადამიანზე მეტი ტრიალდებდა.05:30 ამოდის, ნათდება. ცეკვისგან დაღლილ-დაქანცულებს, ახალი ტალღა ემატება. 

ფესტივალის მუსიკალურ გაფორმებაზე კონტროლს ბრიტანელი Jay Shepheard იღებს.

მისი დევიზი - მუსიკალური თავგადასავალია. ენერგია კი, სელექციის დროს- ცვალებადი. როგორც პროდიუსერი, საკუთარი მუსიკისთვის ინსპირაციას სწორედ საცეკვაო მოედნიდან იღებს.

ქალაქს ძინავს, თუმცა ამ ღამით მთაწმინდის პარკში ამისთვის არავის ეცალა.

უკვე კარგად გათენებულს, როდესაც ქალაქიდან კვირა დილის ხმაური შემოგვესმა, ფესტივალზე დარჩენილმა აუდიტორიამ, მეზობელ ეზოში გადაინაცვლა.ეს მართლაც სიყვარულის დილა იყო. როგორც ჩანდა, დაშლას არავინ აპირებდა.

„მზესუმზირას“ რეზიდენტები, ვასკა და აკო, თავიანთი ენთუზიაზმით ფესტივალის ჰედლაინერებს არ ჩამოუვარდებოდნენ.

უშრეტი ენერგიით სავსე მოცეკვავეებს ეტყობოდათ, ეს დილა მათ ცხოვრებაში რიგითი არ უნდა ყოფილიყო.

დიახ, ეს ეზოა, საერთო ეზო. სადაც გასაყოფი არავის არაფერი არ აქვს, სადაც ყველა ერთად აშენებს დიდ, ბედნიერ კომუნას.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

ფოტოები: თორნიკე შენგელია