კოლექტიური ცეკვა ეგზისტენციალურ ნოტებზე
Tsa.Music...
დავით კაკაბაძე, ქართველი ხელოვანი, მეცნიერი და გამომგონებელი, იმდენად იყო გატაცებული ხელოვნებით, რამდენადაც ფიზიკით, ფილოსოფიით, დასავლური და აღმოსავლური კულტურების კვლევით. მისთვის ხელოვნება არა ესთეტიური ტკბობის საგანს, არამედ სამყაროს შემეცნების საშუალებას წარმოადგენდა. ამ მიზნით, დავით კაკაბაძე, შეეცადა ავანგარდულ ხელოვნებაში არსებული პროგრესული იდეები ქართულ მემკვიდრეობასთან დაეკავშირებინა.
ხელოვნების პარალელურად, კაკაბაძე აქტიურად მუშაობდა გამოგონებებზე. შექმნა უსათვალო სტერეო-კინო აპარატის კონცეფცია, ასევე მუშაობდა მოდიფიცირებადი განათების იდეაზე, 3D გამოსახულებაზე და სხვა. კაკაბაძის აზრით, თანამედროვე ხელოვნება და მეცნიერება ერთამნეთისგან გაუმიჯნავები გახდნენ.ხელოვანი კი, სულ უფრო უახლოვდებოდა მეცნიერის და მკვლევარის როლს. ეს აზრი, რომელიც 100 წლის წინ იწერებოდა და მუშავდებოდა, დღეს უკვე სრულად განსაზღვრავს თანამედროვე ხელოვნების ბუნებას. ხელოვნება და მეცნიერება განუყოფელია. ამ მხრივ, დავით კაკაბაძის იუბილის აღნიშვნა, ხაზს უსვამს იმ პროცესებს, რომლებიც ჩვენს რეალობაში უახლოეს წლებში დაიწყო და რაც ხელოვნების ნიმუშის ინდუსტრიალიზაციას, მის წარმოებას, ხელოვნების, ინტელექტის და დიალოგის ურთიერთდაკავშირებას გულისხმობს.
ყველაფერთან ერთად, წელს დავით კაკაბაძის ფონდი, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. კაკაბაძის მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ფონდი რამდენიმე მიმართულებით მუშაობას აპირებს. პირველ რიგში, ეს უკავშირდება ფართო და კომპლექსურ ისტორიულ კვლევებს, შემდეგ - თანამედროვე ხელოვნების გადააზრებას, მის მეცნიერებასთან დაახლოებას და ახალი გამოხატვის ფორმების ძებნას. ფონდის ხელმძღვანელი, მარიამ კაკაბაძე, გრძელვადიან და განმეორებად პროექტებზე საუბრობს, რომლებმაც თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში კონტექსტი და ახალი საზრისები უნდა შექმნან.
დასავლურ სცენაზე, ქართულმა ხელოვნებამ რამდენიმეჯერ სცადა გასვლა. სხვადასხვა ისტორიული ფაქტორების გამო, ეს პროცესი მუდმივად ფერხდებოდა. დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილე, კიდევ ერთხელ გვაბრუნებს იქ, სადაც ქართველი ხელოვანები უახლესი სააზროვნო ფორმების და სოციალური ურთიერთობების დამკვიდრებას ცდილობდნენ. ეროვნული ფორმის კონცეფცია, რომლის ავტორიც თავის დროზე, დავით კაკაბაძე იყო, არა მხოლოდ ხელოვნების ნიმუშის შექმნის ტექნიკას, არამედ სოციალურ პროექტს წარმოადგენდა, რომელსაც მაღალი კულტურული ღირებულება ჰქონდა.
დღეს, როდესაც ტექნოლოგიების და ინოვაციების ეპოქაში ვცხოვრობთ, შემოქმედება, სტილი და წარმოება, ერთ სივრცეში მოიაზრებიან. ხელოვნება სრულად გახდა ცხოვრების ნაწილი. ის ისეთივე ღირებულია ჩვენთვის, როგორც ნებისმიერი სხვა პროდუქტი. ინფორმაციის მსგავსად, რომელიც დღეს ყველგან, ყველა წერტილში ხელმსაწვდომი ხდება, ხელოვნებაც ჩვენს ყოველ მომდევნო ნაბიჯს აშუქებს. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება მთლიანადაა შერწყმული პროდუქტის დიზაინთან, ურბანულ გარემოსთან, ფოტოგრაფიასთან და ვიდეო-გამოსახულებებთან.
ჩვენ ვმოძრაობთ სამყაროში, რომლის ნებისმიერი დეტალი ხელოვნების ნიმუშში შეიძლება გამჟღავნდეს. დავით კაკაბაძის იდეებიც ამგვარ რეალობას გულისხმობდნენ, რომელშიც ხელოვნების ნიმუში სრულად ასახავს ჩვენს რეალობას: ბუნებას, კოსმოსს, არქიტექტურას, კულტურულ მემკვიდრეობას, მიზნებს და ძიებებს, იდენტობას და სტილს, იმ ფორმებს, რომლებშიც ვცხოვრობთ და რომლებითაც ვარსებობთ.
ავტორი: დათო კოროშინაძე