სიჩუმე, როგორც მუსიკა

,,მუსიკა ეს არის არა ის ბგერები,

რომლებსაც უკრავთ,

არამედ ის, რომლებსაც არ უკრავთ.“


-       მაილზ დეივისი

2000 წლის წინ იაპონიაში დაამზადეს ზარი სახელად ,,დოტაკუ“, რომელიც სიჩუმისთვის შეიქმნა, რათა არ შეესრულებინა პირველადი დანიშნულება. მასში არ იყო მთავარი ,,ენა“, რომელიც ზარს დარტყმისას ხმას აძლევს. ასეთ ზარებს იაპონელები აკეთებდნენ მიზანმიმართულად, რათა მათი რწმენით, უხმოდ, სიჩუმით ელოცათ კარგი მოსავლისთვის.

ეს, ალბათ, ერთ-ერთი პირველი სიმბოლოა ხმის სიჩუმით აღსაქმელად და წარმოსადგენად, როდესაც ნივთი, რომელიც კონკრეტულად იმისთვისაა შექმნილი, რომ ხმა გამოსცეს, მზადდება სპეციალურად ისე, რომ ეს ხმა დაახშოს და მისი ჟღერადობის წარმოდგენის უფლება მისცეს დამკვირვებელს, მსმენელს. 

ადამიანები, როგორც სოციალური არსებები, უშუალო კონტაქტისას, საუბრისას, ხშირად ვიყენებთ სიჩუმეს დიალოგებსა და საუბრებს შორის, ასევე პაუზებსა და შესვენებებს: გაოცებისას ემოციით წარმოთქმულ სიჩუმეს, როდესაც ჩვენს ტვინში არსებული ნეირონები ვერ აყალიბებენ იმ სიტყვებს, რომლებიც ჩაანაცვლებდნენ ამ წამიერ შეყოვნებას, არადა, ამ დროს ყველაზე გულწრფელი და რეალური ზუსტად ეს სიჩუმეა ხოლმე და არაფერი სხვა. 

სიჩუმე, ამ მხრივ, ძალიან ბევრ რამეს შეიძლება ნიშნავდეს, მოზღვავებული ენერგიიდან დაწყებული, სრული ინდიფერენტულობით დასრულებული.

ასეთივე ემოციური დატვირთვები აქვს ხოლმე მას მუსიკაშიც, ხშირად ერთმანეთის საწინააღმდეგო, ურთიერთგამომრიცხავი და ზოგჯერ მოულოდნელი. სიჩუმე, როგორც მუსიკა დიდი ხანია აღიარებულია, როგორც მელოდიაში არსებული ,,რუხი კარდინალი“.

,,მუსიკა არა თუ ბგერებში,

არამედ ბგერებს შორისაა."


- ამბობს დებიუსი.

მუსიკალურ თეორიაში სიჩუმე ბგერებს შორის არსებულ პაუზებშია მოქცეული, სადაც მას ძირითად შემთხვევებში შესვენების ფუნქცია აქვს, თუმცა მისი რეალური დატვირთვა გაცილებით მეტია. მონტევერდიმ ერთ-ერთმა პირველმა შეამჩნია მისი ეს განსაკუთრებულობა.

-       კლაუდიო მონტევერდი - 

ოპერა ,,ორფეო“ გვიამბობს მითს მუსიკასა და სიჩუმეზე. პროლოგში ერთ-ერთი პერსონაჟი ,,La Musica” სიტყვით გამოდის და აუდიტორიას აცნობს თავს ადამიანებისა და მთელი ბუნების მბრძანებელად, რომ მის გარეშე ვერც ერთი მუსიკალური ბგერა თუ ტალღა ვერ წარმოიქმნება. ამ დროს ოპერა მიმდინარეობს ჩართულად და ინტენსიურად, თუმცა პერსონაჟის სიძლიერის წარმოსაჩენად, მონტევერდი, რომელმაც აუდიტორიის ყური უკვე შეაჩვია მუსიკას, უეცრად იღებს პაუზას და რამოდენიმე წამით სრულიად აჩუმებს ყველაფერს.

-       ოპერა „ორფეო“ -

ამ ქცევით კომპოზიტორი ცდილობს, დააბნიოს აუდიტორია და რეალობაში გააცოცხლოს საკუთარი ნაწარმოები, თითქოს, პერსონაჟმა ბრძანა ყველაფრის შეწყვეტა და წამიერად ორკესტრიც და აუდიტორიაც ერთდროულად ეფლობა სიჩუმეში. კომპოზიტორმა მიაღწია საწადელს, ერთის მხრივ, სიჩუმის ძალა წარმოაჩინა და მეორე მხრივ, პერსონაჟი რეალურ სამყაროში გადმოიყვანა, რისი გაკეთებაც, ფაქტიურად, შეუძლებელი იქნებოდა ამ ტექნიკის გამოყენების გარეშე. 

მონტევერდის შემდეგ, სიჩუმემ დროის განმავლობაში უფრო მეტი დატვითვა მიიღო. ,,ყველაზე ხმამაღალი სიჩუმე მუსიკის ლიტერატურაში“ - ასე უწოდებენ ბეთჰოვენის მესამე სიმფონიას, ,,eroica”-ს, სადაც დასავლურ კულტურაში განსაკუთრებულად ძლიერად და მკვეთრად შემოიყვანა მან სიჩუმის, დუმილის ძალა სიმფონიურ ნაწარმოებებში. 

აქ განსაკუთრებულად ჩანს, თუ როგორ მიუძღვება კომპოზიტორი მსმენელს მუსიკალური აზროვნების წიაღში, რაც მათ აიძულებს თითოეულ ბგერაზე იფიქრონ, თითქოს მათ უკვე იციან, წარმოდგენა უჩნდებათ, რომ რაღაც დიდი ელით წინ, თუნდაც დიდი მუსიკალური აფეთქება.

ეროიკას პირველ ნაწილში, მსმენელის მუსიკალური ფიქრები ერთგვარ აგრესიულ იმპულსებს ქმნის, რომელიც რაღაც დიდის მოლოდინშია, რომ რაღაც გასკდება და მთლიან მუსიკას თან ჩაიყოლებს. სმენა ელის ასეთ ძლიერ და დიდ, თითქმის ეპიკურ გაგრძელებას, მაგრამ ბეთჰოვენი უეცრად აჩერებს თხრობას, თითოეულ ბგერას წყვეტს და სრულ სიჩუმეს ტოვებს. 

სიჩუმის ასეთი ტექნიკური შემოყვანა სრულ სიცარიელეში, მოლოდინების წარუმატებელ ცდასა და სრულ სიმარტივეში აგდებს მსმენელს. მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, კომპოზიტორთა უმრავლესობა უფრო და უფრო ხშირად ცდილობს ისეთი მუსიკის წერას, რომლებიც ძალიან ახლოს იქნებოდა სიჩუმის ზღურბლთან. ამ დროიდან მოყოლებული, ხშირად, ჩუმი და თხელი ორკესტრირება კომპოზიციის გარეგან საზღვრებში, შექმნილია იმისთვის, რომ წაშალოს, გააუფერულოს საზღვრები სცენაზე შეკრულ მუსიკალურობასა და საკონცერტო დარბაზში არსებულ სიჩუმეს შორის.

მეოცე საუკუნე სიჩუმისა და ბგერების ემანსიპაციის მუსიკალურ ეპოქად იქცა, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ ამ ორი მდგომარეობის პროპორციული თანაფარდობა სიჩუმის სასარგებლოდ იცვლება და თანაც ისე, რომ თითქოს ამ უკანასკნელმა უფრო მეტი დატვირთვა მიიღო, ვიდრე მანამდე თავად ბგერებს ჰქონდათ.

კომპოზიტორებმა დაიწყეს მეტი და მეტი ცარიელი ადგილების დატოვება თავიანთ ნაწარმოებებში, რადგან თავის მხრივ, მოსმენის აზროვნებაც შეიცვალა, სიჩუმე იქცა ტრაგიზმის ყველაზე მკაფიო გამოვლინებად, რამაც ერთდროულად მოიცვა მათ შორის გადატვირთული მელოდიურობისგან დასვენებაც, დაფიქრებაც და თავის თავთან განმარტოება აიძულა მსმენელს.

ჰაიდნის ეპოქის პუბლიკა, რომელიც მუსიკისგან რაც შეიძლება მეტ ფერს, ჰარმონიას, ,,ხმაურსა“ და აღტკინებას ელოდა, თანამედროვეობაში რადიკალურად შეიცვალა (საუბარია საორკესტრო მუსიკაზე). ბაროკოს პერიოდში ცხოვრების ნელ ტემპში მყოფი მსმენელი მოელოდა კიდეც ძლიერ, ემოციებისგან დამქანცველ მუსიკას, ახლა კი გადატვირთული ცხოვრების რიტმისგან გაქცევა, ხმაურისთვის თავის არიდება და სიჩუმის მოსმენა უფრო მისაღები ხდება და ეს არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ რაიმესგან გაქცევას, ეს პირველ რიგში სიჩუმეში სიჩუმის მოსმენას გულისხმობს, სადაც ყველაზე რეალური, გულწრფელი და პირნათელია ადამიანი საკუთარი თავის წინაშე.

სიჩუმის, როგორც ჭეშმარიტი მუსიკის აშკარა გამოვლინებაა ჯონ ქეიჯის ნაწარმოები-პერფორმანსი - 4’33’’, რომელმაც მსმენელის ძალიან დაბნეული და აბსოლუტურად განსხვავებული ემოციები გამოიწვია. 

ესაა პირველი ნაწარმოები, რომლიდანაც განზრახ იყო ყველა ბგერა, (როგორც დანამატი) ამოცლილი და შედეგად სუფთა, ყველაზე რეალური და ნამდვილი მუსიკა დარჩა (და არა შექმნილი). 

პიანისტის ინსტრუმენტთან დასაკვრელად მომზადება ქმნის მუსიკის დაწყების მოლოდინს, რის საფუძველზეც, აუდიტორია მოსმენის რეჟიმში ერთვება. ისინი გამუდმებით ელიან ბგერების აჟღერებას, მაქსიმალურად ცდილობენ არ შექმნან რაიმე სახის ხმაური, რათა პიანისტმა შეძლოს მშვიდად შეასრულოს ნაწარმოები. ეს ერთგვარი მზადება, გულაცრუება, რომ პიანისტი არა და არ იწყებს შესრულებას, სუსტ ისტერიაში გადადის, რასაც აუდიტორიის ჩუმი ხმაური, ფუსფუსი, წრიალი, ნერვიული ჩახველება, სკამის ჭრიალი თუ ტანსაცმლის ხახუნი მოყვება, მუსიკა კი არა და არ იწყება. სინამდვილეში კი ის უკვე დაწყებულია და ეს თითოეული ხმა, რასაც ინსტრუმენტის გარდა ყველაფერი გამოსცემს, ნამდვილ მუსიკას ქმნის, რადგან არაფრის იმიტაციას არ ახდენს, გულწრფელი და ნამდვილია. ამ რეალური მუსიკის გაჟღერების საფუძველი კი სწორედ ის მოულოდნელი სიჩუმეა, რომელიც აუდიტორიას სრულიად უადგილოდ მიაჩნია, არა და ქეიჯმა 4 წუთსა და 33 წამში მომწყვდეული სიჩუმე გამოიყენა ამ რეალური მუსიკის დასანახად, შესაბამისად, სიჩუმე გახდა რეალური, ნამდვილი მუსიკის წარმოქმნისა და მოსმენის საფუძველი. ქეიჯმა, როგორც არავინ სხვამ, შეძლო სარკე-ნაწარმოების ,,შექმნა“, რომელიც პირდაპირ ირეკლავს რეალობას და სიჩუმის ფონზე მას ააშკარავებს.

-       ჯონ ქეიჯი - 

შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე რეალური, ნამდვილი და ყოველგვარი პათეტიკისგან თუ სუბიექტივიზმისგან დაცლილი, სრულიად ობიექტური და ერთდროულად არაფრისმეტყველიც და ყველაფრისმეტყველიც - ასეთი მუსიკაა სიჩუმე.

საკითხავია უეცრად ამოვარდნილ ქარში აშრიალებული ცაცხვის ფოთლების ხმა, ჩიტების ჭიკჭიკი, მდინარის დუნე, ან სწრაფი დინება, ქალაქის საქმიანი ხმაური, რადიოს უმისამართო არხზე დაჭერილი შიშხინი, ან თუნდაც გაუთვითცნობიერებლად ჩვენს გონებაში გადაბმული თითოეული ბგერა, არის თუ არა უფრო რეალური მუსიკა ვიდრე ბახის ან თუნდაც შტოკჰაუზენის ნაწარმოებები.

ხელოვნებაში დაწერილი მუსიკა მაინც ცდილობს ბუნებრივის იმიტაციასა და ადამიანური გრძნობებისა და ბგერების ხარჯზე ჩარჩოებში ექცევა. ის ცდილობს, ბუნების გადმოტანას ხელოვნებაში და, შესაბამისად, მის გაზვიადებას, ეს კი, რაც არ უნდა იყოს, კარგავს გულწრფელობას. ხელოვნება რეალობის მხოლოდ იმიტატორია და რაც არ უნდა ცდილობდეს რეალურობის მიღწევას, ბოლომდე მაინც ვერ იქნება ის, რისკენაც ისწრაფის. ყოველი სპონტანური მელოდია, რომელიც არა ხელოვნების მიზნებისთვის, არამედ ყოფითად იქნა გაჟღერებული, ამ კუთხით უფრო ფასეული და მეტია თუნდაც, მაგალითად, მალერის, ან ბეთჰოვენის ნებისმიერი სიმფონია. 

მუსიკა ის ერთადერთი ხელოვნებაა, სადაც უკვე მიღწეულია აბსოლუტი, რასაც ხელოვნების სხვა დარგები ვერასდროს შეძლებენ და ეს აბსოლუტი თავად სიჩუმეა. 

ის, ერთი შეხედვით, მუსიკის რევერსიაა, რადგან კლასიკური გაგებით, მუსიკა თავის თავში გულისხმობს ბგერათა მწყობრ (ან თუნდაც პირიქით) ერთობლიობას. სიჩუმეში კი არც ერთი ბგერა ჟღერს, მაგრამ ყველაზე განსაცვიფრებელი ისაა, რომ მისი მოსმენა შესაძლებელია. ამ დროს არსებობს მხოლოდ ერთი სუბიექტი: მსმენელი, მაგრამ მეორე, რომელიც აჟღერებს მუსიკას - არა. სხვა შემთხვევებში ყოველთვისაა ასეთი, ფოთლების შრიალიდან დაწყებული, ორღანით დამთავრებული. სიჩუმე ის ერთადერთი არამელოდიური მუსიკაა, რომელშიც ერთდროულად არსებობს ყველაფერი და არაფერი, რეალობა და გამოგონილი. მისი მოსმენის უნარი წარმოშობს არაფერში რაღაცის დანახვას, და ეს რაღაც იქცევა შემდგომ ღირებულებად. ესაა სწორედ საოცრებაც, რომ არაფრისგან იქმნება შედევრი, რომელთა დასაწყისსა და დასასრულს, როგორც სხვა ყველაფერ დანარჩენსაც, აუცილებლად სიჩუმე ავსებს.

ავტორი: გიორგი ჩიკვილაძე