სანდრო თავართქილაძის აბსურდი და ირონია ახალ ალბომში „ტროპიკული წვიმა“

ჯერ კიდევ 2 წლის წინ, Tsa-ს ბლოგზე ვწერდი, რომ სანდრო თავართქილაძის სახელი კარგად მოგენიშნათ გონებაში. მუსიკალურ სამყაროში ხშირად ხდება უსამართლობა, როდესაც ის ვინც ბევრს შრომობს, მუსიკალური იდეების და არც სათქმელის სიმცირეს არ უჩივის, „ამა სოფლის უცნაური ბრუნვით“ შესაბამისი ყურადღების მიღმა რჩება. სანდროც სწორედ ეს შემთხვევაა და აღნიშნული ტექსტით ამ უსამართლობის ჩემი წილის გამოსწორებას ვეცდები.

მას შემდეგ რაც საჯაროდ გამოჩნდა მისი პირველი ჩანაწერები, ალბათ 6 წელზე მეტი გავიდა და ამ პერიოდის განმავლობაში მსმენელის ყურს 4 განსხვავებული პროექტის ფარგლებში უტევდა. IC122, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე უცნაური და საინტერესო ელექტრონიკაა, რაც ქართველ მუსიკოსს შეუქმნია, „ბანძი სიმღერები“, რომლის სახელმაც არ უნდა დაგაბნიოთ - თითქოს მორიგი ქართული თრეშის მომლოდინედ სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით, “ფარღალალა“, მოზარდობის დროს მეგობრებთან ერთად გართობის და ჯემინგის პროცესში დაიბადა და რაც მთავარია თავად სანდრო თავართქილაძის პროექტი, რომელიც აქტიურად 2020 წლიდან იწყებს ათვლას. ყველა ამ პროექტს და მუსიკას, რომელსაც სანდროს ხელწერა ამშვენებს, ბევრ სხვა დადებით ეპითეტთან ერთად, კიდევ ერთი ახასიათებს - უცნაური.

ესეც მისი არაორდინალური პიროვნებიდან გამომდინარეობს და მუსიკის ხანგრძლივი ისტორიიდანაც ვიცით, რომ სწორედ მსგავსი weirdo-ები გვევლინებიან ყველაფერი ახლის გენერატორებად და მედროშეებად. ამ წლების განმავლობაში სანდროს არ შეუწყვეტია აქტიური მუსიკის წარმოების პროცესი - სწორედ ამის შედეგია 20-ზე მეტი ალბომით, საკმაოდ პროდუქტიული პერიოდი, რომელთაგან უმეტესობა ერთმანეთისგან განსხვავებული ჟღერადობის და მუსიკალური ფორმების მატარებელია. მუდმივი მაძიებელი - სანდროს მუსიკალურ მხარეს ამ ტერმინითაც დავახასიათებდი - ადამიანი, რომელიც არ ჩერდება - განა იმიტომ რომ დასვენება არ სურს, უბრალოდ შემოქმედებითი მოუსვენრობა არ აძლევს ამის საშუალებას და ახალი გზების ძიებისკენ უბიძგებს.

2022 წლის ბოლოსთვის სანდროს კარიერაში შემოქმედებითი აფეთქება იყო და დეკემბერში რამდენიმე სრულიად განსხვავებული ჟღერადობის ალბომი გამოსცა. 2023 წლის ივლისი კი იმით გამოირჩა, რომ მსმენელისთვის დიდი ხნის მზადებაში მყოფი „ტროპიკული წვიმა“ გამოჩნდა. მუსიკოსი დიდი ხანია გატაცებულია იაპონელი შემოქმედის,  YMO-ს ბოლო დარჩენილი ცოცხალი წევრის, ჰარუომი ჰოსონოს შემოქმედებით, განსაკუთრებით მისი 70-იანი წლების, ტროპიკულ თემებზე შექმნილი რამდენიმე ალბომით. ასევე მისი ინტერესის სფეროშია ბრაზილიური „Tropicalia”-ს მოძრაობაც - თუმცა „ტროპუკული წვიმა“ მაინც სულ სხვა ისტორიას ინახავს.

წინა ალბომების მსგავსად, გიტარა აქაც სანდროს მთავარი ინსტრუმენტია. ყოველთვის როცა გიტარაზე ორიენტირებულ მუსიკას ვახსენებთ ხოლმე, თავში მაშინვე გარკვეული სურათხატები მოგვდის, ყურში კი უკვე სტერეოტიპულად ჩამოყალიბებული ჟღერადობები ჩაგვესმის. ეს უბრალოდ წლობით ნასაზრდოები გაქვავებული წარმოდგენებია ამ ინსტრუმენტის ჟღერადობაზე. თუმცა ინსტრუმენტი სწორედ იმიტომ ეწოდება, რომ იგი მხოლოდ საშუალებაა შესაბამისი მიზნის, ამ შემთხვევაში სასურველი ჟღერადობისა და ფორმის მისაღწევად. სანდრო თავართქილაძე კი ამას მეტად არაორთოდოქსულად აკეთებს და თავდაყირა აყენებს ზემოთ ნახსენებ წარმოდგენებს. ჩემი საკმაოდ დიდხნიანი მუსიკის სმენის გამოცდილებიდან, იშვიათად მახსენდება გიტარისადმი ასე საინტერესოდ მიდგომა.

„ტროპიკული წვიმის“ ყველა კომპოზიცია მარტივი პერკუსიული ელემენტებით გადის ფონს, და მოსმენისას ყურადღების მიღმაც კი რჩება. აი რაც ფოკუსში ექცევა ეს ნარატორის ხმაა, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული. ხმა, რომელიც თითქოს 80-იანი წლების საბჭოთა სატელევიზიო ახალი ამბების სტუდიიდან ჩაგვესმის და იმ პერიოდის საზარელ ისტორიებს გვიყვება, ალბომს ბევრად საინტერესოს ხდის. თავად ამბები, რომელსაც AI მოგვითხრობს,  ალბომის ყველა კომპოზიციაში იცვლება - აქ შეხვდებით ირონიულ დამოკიდებულებას 2000-იანების ფსევდოქრისტიანული მითებისა და ლეგენდების მიმართ, რომელსაც შეიძლება სამკუთხედის შიდა კუთხეების ჯამის გამოსაანგარიშებელი ფორმულა მოჰყვებოდეს და ჰავაის გეოგრაფიული და ტემპერატურული მონაცემების გაცნობით გრძელდებოდეს.

მოკლედ სრული ქაოსი და აბსურდი, რომელსაც დამაჯერებელი ტონით გვიყვებიან ქალისა და კაცის პერსონაჟები. საგულისხმოა რომ თავად ტექსტი არც ხელოვნურ ინტელექტს და არც ინტერნეტის ულევ მასალას, არამედ თავად სანდროს ეკუთვნის. მუსიკალური ტექსტურა და განწყობა ალბომის ფარგლებში თითქმის არ იცვლება და ვიღაცისთვის მოსაწყენადაც კი შეიძლება აღიქმებოდეს, თუმცა განვითარება, სინემატიკური ეფექტი და ნარატორის ირონიულობა, მომენტებში უხამსი და ხშირად არაბუნებრივად კომიკური ჩარევები, აცოცხლებს და ხელშესახებს ხდის მოთხრობულ ისტორიებს. თითქოს AI-ს მოყოლილი ამბები აქცენტების გარეშე და რობოტული უნდა იყოს, თუმცა გამოცდილი მსმენელისთვის დასამახსოვრებელი იქნება პასაჟები, სადაც ხელოვნური პერსონაჟებიც კი ადამიანურ გამომხატველობას იძენენ.

„ტროპიკული წვიმა“ ალბათ- ერთ-ერთი პირველი ქართული ალბომია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით შეიქმნა და ვფიქრობ სხვებისთვისაც საინტერესო იდეების დასაწყისი შეიძლება იყოს. ხშირად ხელოვანის სათქმელის გადმოსაცემად საუკეთესო მეთოდი შეიძლება არა მისივე განპიროვნებული ხმა, არამედ იდენტობაწაშლილი ბინარული კოდი აღმოჩნდეს. „ტროპიკული წვიმა“ რეფლექსირებს ერთდროულად ყველაფერზე და თან არაფერზე - გააჩნია ვინ რა მნიშვნელობას მიანიჭებს მას და რას აღმოაჩენს ამ 45 წუთიან აბსურდში. სანდროს შემოქმედებითი გზა კი დასაფასებელია და დაველოდოთ, რა მიმართულებას დაადგება მისი უშრეტი ფანტაზია შემდგომი პროექტისთვის.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი