მუსიკა | ცა

Run Run

16 მაისს CES Recordsის მეორე პროდუქტი, CES002 - ნათია სართანიას (aka sTia) სინგლი - Run Run - გამოვიდა.



ჯერ ორი სიტყვით მოგიყვებით RUNRUN-ის ინსტალაციის შესახებ, რომელიც წარმოდგენილი იყო TAF - ზე (Tbilisi Art Fair).


ნათია სართანიას მუსიკის გარშემო გაერთიანდა რამდენიმე ხელოვანი და შეიქმნა ერთი დიდი პროექტი რამდენიმე განშტოებით:


თავი I : ნათია სართანიას სინგლის - RunRun- ის ნოტები ფორტეფიანოს, ვიოლონჩელოს და კონტრაბასისათვის.

თავი II : უტა ბექაიას არტ წიგნი „როდესაც კედელი სამყაროებს შორის თხელია“.

თავი III : ნესტან ნენე კვინიკაძის მოთხრობა "გული".

 

მუსიკის გადმოსაწერი კოდი ( ორიგინალი RunRun, ნატალია ბერიძის ქავერ ვერსია და ანუშკა ჩხეიძის რემიქსი)

ეს ყველაფერი მოთავსებულია საკოლექციო ყუთში, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობისაა (სულ 70 ცალი). დიზაინზეც იზრუნეს ლიზა ასათიანმა და ნანიკო შიხაშვილმა (Design Kantora). 

ეკრანზე გადიოდა დათო ქორიძის ვიდეო კლიპი მუსიკაზე RunRun, იქვე ეკიდა ყურსასმენები - შეგეძლო მოგესმინა ულამაზესი მუსიკა, რომელიც მშვენიერი ვიდეოს ნაწილად გაქცევდა. ყველაფერი ისე ჰარმონიულად იყო ერთმანეთთან შერწყმული, რომ ყურსასმენის ფერიც კი უხდებოდა მთლიან კომპოზიციას. 

ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ კიდევ უფრო გამიმძაფრდა Run Run-ის ცოცხალ სანახაობაზე მოხვედრის სურვილი და იმავე საღამოს იქვე, გამოფენის ტერიტორიაზე, ტბით გარშემორტყმულ მწვანე ხეებით დახუნძლულ ადგილას აღმოვჩნდი, სადაც მხოლოდ ერთი მხრიდან იყო შესასვლელი. 

უკვე დაღამებული იყო და შეგრძნება მქონდა რომ ქალაქიდან შორს, ტყეში ვიყავი, სადაც რაღაც მისტიური უნდა მომხდარიყო. ასეც მოხდა...

თავიდან ანუშკა ჩხეიძის RunRun–ის რემიქსი მოვისმინეთ, რომლის ფონზეც სიბნელეში გამოჩნდა ნელა მოძრავი იდუმალი არსება (უტა ბექაიას შექმნილი), რომელიც ძალიან ბუნებრივად ერწყმოდა მუსიკას და იმ ადგილს სადაც ვიყავით.

ეს რემიქსი ჩემთვის გაღვიძებას გავდა, ნელ-ნელა რომ ფხიზლდები, იზმორები, თვალებს ახელ და ენერგიით ივსები. 

უცებ მთხრობელის ხმა გაისმა. ნათია ფარჯანაძემ წაიკითხა ნესტან ნენე კვინიკაძის მოთხრობა „გული“ , ვუსმენდი და მეგონა ზღაპარს მიკითხავდა მრავალ ამბავ გაგონილი ბრძენი ტყის სული. არსებები მრავლდებოდნენ, ახლა სხვა სილუეტი გამოჩნდა ბნელში, ეს იყო გული, რომელიც ნელა უახლოვდებოდა მთხრობელს. 

კვლავ მუსიკა გაჟღერდა, ამჯერად ნატალია ბერიძის ქავერი. ის მშვიდი აკორდებით, სასიამოვნოდ შემოიპარა სივრცეში და კლასიკანარევ, უმშვენიერეს ენაზე ამეტყველდა.


ხალხი თითქოს სუნთქვაშეკრული ისმენდა და უყურებდა ამ ყველაფერს.

პარალელურად, ცენტრში ვხედავდი ფორტეპიანოსთან მჯდარ სტიას, კონტრაბასისტ დუგლას თორიას და ჩელისტს ანასტასია წერეთელს, რომლებიც თითქოს სხვა განზომილებაში იყვნენ და იქიდან შეიგრძნობდნენ ყველაფერს. 

უცბად გასამდა! მესამე არსებაც შეუერთდა დანარჩენებს და RunRun - ის აკუსტიკური, ორიგინალი ვერსიის შესრულებაც დაიწყეს. ჟრუანტელმა დამიარა! კიდევ უფრო ღრმა სიჩუმე ჩამოწვა, ისეთი რომ ბაყაყების გუნდის ხმა გაისმა. ( ერთი სოლისტი ბაყაყის ხმა შიგადაშიგ ისე გარკვევით ისმოდა რომ გეგონებოდა მისთვისაც იყო დაწერილი პარტია. მერე გავიკითხე და იმპროვიზაცია აღმოჩნდა).

თითქოს იმ სიმწვანეში იყო პიანინოს ადგილი, ისე ააჟღერა სტიამ. ჩელოს მელანქოლიური მელოდია გამყარებული იყო კონტრაბასის თბილი ბანით, ხოლო ფორტეპიანოს პარტია კრავდა მთლიან სურათს.

ავტორი: 21 century schizoid man

ფოტოები: გურამ კაპანაძე; ევა კაპანაძე