ცისფერი მთები

როშკა - ხევსურული შემოდგომა

მთაში პირველი თოვლი რომ მოვა, მალევე დადნება და მერე დგება ხოლმე საოცარ დარი, მზიანი დღეები, უღრუბლო ცა, გამჭვირვალე ჰაერი და ნაირფერი, ნამდვილი შემოდგომა. ამ ამინდს უნდა დაელოდო და წახვიდე ტურისტებისგან დაცლილ მთაში. წელს გამომივიდა, დავემთხვიე ამ შემოდგომის ზეიმს, როშკაში ავედი და მეგობრებთან დავრჩი.


შემოდგომის ამ ამინდებს მთიელებიც ეშურებიან, ოღონდ მათ არ სცალიათ ბუნებით სატკობად, ეს კარტოფილის თხრის, თივის დაბინავების, ზამთრისთვის სამზადისის დროა. ამ ყველაფერში ადრე მეც ხალისით ვერთვებოდი ხოლმე, წელს კი ვიზარმაცე, უფრო სწორედ უარი ვერ ვთქვი ფეხით სეირნობებზე, რომელთაც მთელი დღეები მიჰქონდა და საღამოობით მისვათებული ვბრუნდებოდი შინ. არაფერი მასპინძლებისთვის ან პატარა თემისთვის სასარგებლო მე არ გამიკეთებია, საწერი წავიღე და სტრიქონი არ დამიწერია, წიგნები წავიღე და არცერთში არ ჩამიხედავს. მარტო შემოდგომის ფერების ცქერას და ფოტოების გადაღებას შევალიე მთელი ჩემი დრო. 

ზღვის დონიდან 2000 მეტრზე უხსოვარ დღოში მყინვარის მიერ ჩამოტანილ ლოდებში ჩამალული როშკა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ჰოდა, რამდენჯერაც არ უნდა ავუყვე ამ ლოდებიან ხეობას ზევით ჭაუხისკენ, ეს გზა არასოდეს მომბეზრდება. დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში, როდესაც როშკაში პირველად მოვხვდი, ჩემმა მეგზურმა ირლანდელმა ქალმა ამ ლოდებისკენ გაიშვირა ხელი და გოლიათების ბრძოლის ადგილს ჰქგავს აქაურობაო. უცხოელმაც იგრძნო, ჩემს თვალწინ მითი ხელახლა დაიბადა. რაღა გასაკვირია, რომ ძველმა ფხოველებმა ეს ადგილი დევებისა და ადგილობრივი ღვთაების ბრძოლის ველად ჩათვალეს. ადამიანების დასახმარებლად ციდან ჩამოსული იახსარი დევებს ლოდებს ესროდა და ერთი მოერის მიყოლებით მუსრავდა. უკანასკნელი აბუდელაურის ტბაში მოკლა ლახტით. ეს ლეგენდა ჩვენთან უკვე თითქმის ყველამ იცის. პატარა ლურჯ ტბაზე პირველსავე დღეს ავედი და კარგა ხნით ჩამოვუჯექი. ისედაც ერთი ციცქნა ტბა, ზაფხულში რომ მართლა არაბუნებრივი სილურჯე დაკრავს, თითქმის მთლად დამშრალი დამხვდა. რომელიღაც ძველ წიგნში წაკითხული მაქვს, მისტერიის შესახებ, რომელიც მეცნიერებმა საუკუნეზე მეტის წინ აღწერეს. ტბაზე ერთად ამოსული ფშავლები და ხევსურები, ცხვარს კლავდენენ, ხუცესი ლოცვას იწყებდა და ტრანსში ვარდებოდა, მთიელები კი ყიჟინით დარბოდნენ ტბის გარშემო და შიგნით შაშხანებს ისროდნენ ავი სულების დასაფრთხობად...

როდესაც როშკაში პირველად მისული შოთას და თინას ოჯახს დავუმეგობრდი, მაშინ უთურგი სულ პატარა, ლამის თოთო იყო. სადღაც სურათიც მაქვს მასთან ერთად გადაღებული, ჩემს გარდაცვლილ მეგობარს ხელში უჭირავს. მაშინ ჯერ ფირზე ვიღებდი. დღეს კი ციფრულ ეპოქაში უთურგი უკვე კაცია _ სოფელს შერჩენილი ერთადერთი ახალგაზრდა, რომელიც მართალია თბილისში სწავლობს, მაგრამ თავისი ხევსურეთი ყველაფერს ურჩევნია და მის შემყურეს მუდამ მაქვს იმედი, რომ თავის მშობლებიურ კერას არასოდეს მიატოვებს. ამ ახალგაზრდას ყველაფერი ეხერხება, რაც კი მთაში მაცხოვრებელმა კაცმა უნდა იცოდეს და ყველაფერი აქვს, რაც ადამიანში მიყვარს.

ჩემი მასპინძელი ოჯახი ზამთარს ბარისახოში ატარებენ. შოთას და უთურგის ყოველ საღამოს მიჰქონდათ იქ თივა და კარტოფილი. უკანა გზაზე ორჯერ სოფლის სიახლოვეს დათვი ნახეს და მაშინ მეც ვიკადრე ფოტოაპარატით შეიარაღებულმა მათთან ერთად ღამით მგზავრობა, მაგრამ დათვმა არაფერი იცოდა იმის შესახებ, თუ როგორ მინოდა მისი ნახვა და არ გამოჩნა.

ფიქრის მეტი ამ დღეების მანძილზე არაფერი მიკეთებია. შემოგომა საფიქრალი დროა. ჰაერში ის დალივლივებს, რასაც რეზო ინანიშვილი ზამთრისპირის მოხეტიალე სევდას უწოდებდა. ამინდი იმის საშუალებას იძლევა, რომ გაჩერდე, ჩამოჯდე წყნარად მოწიო სიგარეტი, იფიქრო... მე ვფიქრობ, მასპინძლები მუშაობენ, მაგრამ აი, ერთ დილას მთაში წასულმა აღმოვაჩინე, რომ ასანთი დამრჩენია, არა უშავს, ვუთხარი ჩემს თავს და გადავწყვიტე უკან არ მოვბრუნებულიყავი. კიდევ საათნახევარი გაუჩერებლად ვიარე და მერე, გავჩერდი და უცნაური საქმით დავკავდი. ჯერ დურბინდში, შემდეგ კი ფოტოაპარტის დიდ ობიექტივში, ვცდილობდი მზის სხივი დამეჭირა, ხელსახოცის ნაგლეჯისკენ მიმემართა და ასე გამეჩინა ცეცხლი. ეს ყველაფერი თან სასაცილო იყო და თან საცოდავობა. შემოდგომის მზეს ძალა აღარ ჰქონდა, მე კიდევ - ნებისყოფა. ფიქრებიც აირია, ცეცხლი ვერ გაჩნდა. მოწევა მავნებელია.

ექვსი სრული დღე დავტკბი უღრუბლო ამინდით, მერე გაწვიმა. მაღალ მთაში მოთოვა. ისევ წავედი ჭაუხისკენ. ისევ ვუქციქრე მარადმწვანე დეკებში ამოსულ გაყვითლებულ და გაწითლებულ არყებს და ცირცელს. ჭაუამდე ავედი, მწვერვალებზე ახალი თოვლი იდო, ვეტმფრენი მოფრინდა და ჯუთიდან გადმოსასვლელი უღელტეხილის გარშემო დაიწყო ტრიალი. მივხვდი რაღაც მოხდა, ვიღაცა დაიკარგა გზაში. უთოვლოდ უხიფათო უღელტეხილის ციცაბო დაღმართი, თოვლში საშიში გახდა. როგორც მერე გავიგე, ორ ისრაელელ ტურისტს ეძებდნენ, როშკაშიც დაერეკათ სტეფანწმინდიდან მაშველებს. მაგის მერე გავუფაციცდი ახალ ამბებს და არაფერი გადმოუციათ. ალბათ გამოჩნდნენ ან სულაც არ წასულან იმ დღეს უღელტეხილისკენ. ასეც ხდება ხოლმე.

იმ შუადღეს კი ჭაუხებიდან სახლისკენ მობრუნებულმა, ზევიდან შურთხის დაკივლება გავიგონე. შურთხი ბევრნაირად უსტვენს და ეს ხმა განგაშის იყო. ავიხედე და მაღლა ცაში მტაცებელი ფრინველი აკეთებდა ირაოს. გადავუღე, მონიტორზე გავადიდე ფოტო და მთის არწივი აღმოჩნდა. ისევ რომ ავიხედე ცაში, არწივი უკვე შურთხს მისდევდა და ორივენი საოცარი სისწრაფით მაღალ სიმაღლეზე დაღმა მიუყვებოდნენ ხოებას, შურთხი ისე წინ იყო, რომ არწივი ვეღარაფრით დაეწოდა, მე კი დავაგვიანე, ვერ გადავიღე თავდასხმის სცენა, მაგრამ რაღაცა ძალიან მაგარის მოწმე მაინც გავხდი...

მერე ამინდი საბოლოოდ გაფუჭდა, აღარც სეირნობისთვის ვარგოდა და აღარც შრომისთვის და დაიწყო ნამდვილი სევდა, რომელსაც ხევსურები დილიდან არყის სმით, ბალალაიკის სიმების ფხოჭნით და დაბოხებული ხმით სიმღერით შეერკინენ. ეს წინასწარ წაგებული ომია, რომელშიც მეც ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა, ახლა კი ერთი დღე გავუძელი და გამოვექეცი, ჩამოვედი სახლში და ისევ იქ მინდა, სადაც სევდა და სიხარულიც უფრო ნათელია. 

ავტორი: არჩილ ქიქოძე