სიახლეები კულტურა

როგორ წარმოიშვება იდეა

19 წლის ვიყავი, როცა თავი პირველად ამოვყავი სარეკლამო სააგენტოში და ბოლო 10 წლის მანძილზე მთელი სფერო შეიცვალა ჩემს ირგვლივ და ჩემთან ერთად. ჩვენი ინდუსტრია ახალგაზრდაა მაგრამ, როგორც ქართულ ზღაპრებში ამბობენ “სხვები თუ წლობით იზრდებოდნენ, ის დღეობით იზრდებოდაო”, საკმაოდ სწრაფი ტემპებით მივდივართ წინ. 


რამოდენიმე თვის წინ, შემთხვევით ჩამივარდა ხელში ჩემი გაკეთებული 9 წლის წინანდელი პრეზენტაცია. სლაიდიდან სლაიდზე ჩამოვდიოდი და თვალებს ვერ ვუჯერებდი! ახლა რომ ამდენი სისულელე რომელიმე ქოფირაითერმა წამოროშოს, ან უარესი, ერთად აკინძული მაჩვენოს, ალბათ ძალიან ეჭვის თვალით შევხედავ მის მომავალს რეკლამაში და იქნებ ისიც ვურჩიო, რამე სხვა ხომ არ გეცადა თქო. არადა, ზოგადად საარაკოდ ცუდი მეხსიერების მიუხედავად, ძალიან ნათლად მახსოვს, როგორი გულანთებული და თავდაჯერებული ვაკეთებდი ამ offer-ს ორ კვირაზე მეტი, დღე და ღამე ვმუშაობდი და როცა მოვრჩი, მახსოვს, რამოდენიმეჯერ თვითკმაყოფილად ჩავათვალიერე პირველიდან ბოლო (107-ე :D) სლაიდამდე და “აი, ესაა სრულყოფილება”-მეთქი გავიფიქრე. 

ბუნებრივია, რომ 9 წლის მანძილზე პროფესიულ ზრდას ქონდეს ადგილი, თუმცა, ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს ცოტა მეტია ვიდრე ერთი ადამიანის პროფესიული ზრდა. ჩემი აზრით, ბოლო 10 წელიწადში, ყველა ერთად გავიზარდეთ, აგვიმაღლდა სტანდარტები და ვაკეთებთ, ბევრად უფრო აზრიან და ხარისხიან პროდუქტს, ვიდრე მაშინ.


ეს ყველაფერი კი ვაკუუმში არ ხდება, არიან გამორჩეული ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანებს გაზრდაში ეხმარებიან, სააგენტოები, რომლებიც თავიანთი ნამუშევრის ხარისხით ბაზარზე ზრდიან სტანდარტებს და პროექტები, რომლებიც გვეხმარება ობიექტური თვალით შევხედოთ და შევაფასოთ, რას ვაკეთებთ, რას აკეთებენ სხვები და რა შეიძლება გავაკეთოთ უკეთ. AD BLACK SEA სწორედ ასეთი პროექტია. 


მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი სააგენტოების წამყვანი კადრების მიერ გაზიარებული გამოცდილება, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის და ყოველ წელს - საქართველოში უპრეცენდენტოა. ახალი თაობის მარკეტერებს და”რეკლამშიკებს" აღარ უწევთ, მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე სწავლა. ჩემი გამოცდილებით საკუთარ შეცდომებზე სწავლა, სწავლის ყველაზე ნელი, მწარე და უსიამოვნო მეთოდია. ადამიანს, რომელსაც უკეთებია ის რასაც შენ აკეთებ, გადაუჭრია ის პრობლემები, რომლებსაც ახლა ეპოტინები და მზადაა თავისი გამოცდილება გაგიზიაროს, შეუძლია 1 საათში გაგწიოს იქ, სადაც შენით 1 წელიწადში მიხვიდოდი. 

Brain maintenance - სანამ ბრიფი მოვა, პასიური ფაზა:


მაშინ - მეგონა, ტეხავდა ვინმეს რომ შეენიშნა რომ რამე არ ვიცი და თუ საუბარში რამე ისეთს ახსენებდნენ, რასაც ვერ გავიგებდი, თავს ვაქნევდი ხოლმე “აჰა აჰა”-თქო. 


ახლა - ვიცი, რომ რამდენიც არ უნდა ისწავლო, ყველაფერს ვერ ისწავლი და თუ შესაძლებლობა მოგეცემა რამე ახალი გაიგო, კითხვის დასმა ძალიან მცირე საფასურია. დასვით კითხვები, რომლებიც იწყება “რატომ” “როგორ” “რა”. რაც უფრო მეტი რამე იცი, მით მეტი რამის მოფიქრება შეგიძლია. 


მაშინ - მეგონა, რომ პროფესიული განვითარებისთვის უნდა მეკითხა პროფესიული ლიტერატურა, გამოწერილი ვყოფილიყავი პროფესიულ ბლოგებზე და თვალყური მედევნებინა რას აკეთებენ სარეკლამო ინდუსტრიაში worldwide. 

ახლა - ვიცი რომ ამ მიდგომით ზედაპირსაც ვერ ჩხაპნი. უნდა იკითხო ყველაფერი, ყველაფერზე, ასტროფიზიკა, გენური ინჟინერია, ისტორია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, უყურო ფილმებს, სერიალებს, იჯდე Youtube-ზე, Reddit-ზე. რაც მეტი რამ გესმის, მით უფრო საინტერესო იდეების მოფიქრება შეიძლება. როცა რეკლამაში მუშაობ, უსარგებლო და უინტერესო თემები არ უნდა არსებობდეს. ჩათვალე, რომ შემთხვევითი ინფორმაციების კოლექციონერი ხარ და როცა დადგება ის შემთხვევა, როცა ბრიფზე ფიქრობ და ჯიბიდან ძალიან გამოსადეგ ინფორმაციას გააძრობ, დიდ მადლობას ეტყვი შენ თავს რომ ეს “უსარგებლო” ინფორმაცია შენს ჯიბეში აღმოჩნდა :). 

ამის კეთების “fast-food” მეთოდი, რისი ჩვევად ქცევა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დღეში 1 - random TED-Talk-ის ყურებაა.


მაშინ - მეგონა, რომ ყველა იდეა რომელიც ოდესმე დამჭირდება ჩემშია და თუ დღე და ღამე ვიმუშავებ და მუშაობის გარდა ფაქტიურად არაფერს გავაკეთებ, არც არაფერი დაშავდება, იდეები არასდროს არ გათავდება. 


ახლა - ზუსტად ვიცი, რომ კარგ “insight”-ებიანი იდეები იმ ადამიანებს მოსდით, ვინც ცხოვრობენ, სამსახურიდან დროულად გადიან, შვებულებებს სრულად იყენებენ, მოგზაურობენ, ადამიანებს ხვდებიან და შთაგონებას ამით იღებენ.


მაშინ - მეგონა, რომ კრეატიული იყავი, ან არ იყავი. ეს რაღაცნაირი ზეგარდმო ნიჭი იყო, რომელიც რჩეულებს ქონდათ.


ახლა - ვიცი, რომ კრეატიულობა უნარია, რომელიც შეიძლება ყველას ქონდეს, და ვარჯიშით შეიძლება გახდე უფრო კრეატიული და თუ ჭკვიანად არ იქნები, დროთა განმავლობაში რეგრესიც შეიძლება გქონდეს :D 

როცა ბრიფი მოვა - აქტიური ფაზა


მაშინ - და მართლა არ მჯერა, რომ ეს ოდესმე ასე იყო - დასანახად ვერ ვიტანდი ბრიფებს, თითქმის არასდროს ვკითხულობდი სრულად და მითუმეტეს რამდენჯერმე, ვეყრდონობოდი ძირითადად იმას, რაც მითხრეს როცა მბრიფავდნენ და დანარჩენს ჩემი ფანტაზიით ვავსებდი. ბრიფებისადმი სრული გულგრულობის გამოისობით, როგორღაც ვახერხებდი რომ კლიენტის ბრიფსა და სააგენტოს ბრიფს შორის განსხვავებასაც ვერ ვხვდებოდი კარგად.


ახლა - თუ ვინმე შეეცდება ისე დამბრიფოს, რომ ბრიფი არ მომცეს, ფეხების ბაკუნს დავიწყებ. ვიცი, რომ კარგი სააგენტოს ბრიფი 1/2 დასრულებული საქმეა, თუ მეტი არა. ბრიფის გაანალიზება და მარტივ მამრავლებად დაშლა ფიქრის დაწყების აუცილებელი ფაზაა და კარგი ბრიფი თითქმის უტყუარად ყოველთვის მიგიყვანს კარგ იდეებამდე. ჩემზე ჭკვიანმა ადამიანმა თქვა: “უფრო ხშირად ვმარცხდებით იმიტომ რომ სწორი გადაწყვეტა მოვიფიქრეთ არასწორი პრობლემისთვის და არა იმიტომ, რომ არასწორი გადაწყვეტილება მოვიფიქრეთ სწორი პრობლემისთვის”.

ხოდა ჩემი აზრით, რეკლამაში კრეატიული მაშინ ხარ როცა “ყუთის შიგნით” ფიქრი შეგიძლია, და არა “ყუთის გარეთ”, “ყუთი” კი კარგად დაწერილი ბრიფია.


მაშინ - მეგონა, რომ იდეები უნდა მოიფიქრო ბრეინშტორმინგის სესიაზე, რომელსაც N მიისწრაფის უსასრულობისკენ რაოდენობა ადამიანი ესწრება. მეტი ადამიანი =მეტი იდეები= ყველაფერი ტიპ-ტოპ.


ახლა - არა, არასდროს და არავითარ შემთხვევაში. მრავალადამიანიან ბრეინშტორმინგზე შემოქმედებითი პროცესი კვდება და რასაც ვესწრებით, იდეების პანაშვიდია. შუაში გვისვენია ყველა იდეა რომელიც შეიძლებოდა მოგვეფიქრებინა, მაგრამ ვერ მოვიფიქრებთ, იმიტომ რომ შოუ მიყავს ყველაზე ხმამაღალ ადამიანს, ვიღაცეებს რცხვენიათ, დანარჩენები ფიქრობენ სხვები მოიფიქრებენ, მე ვიფიქრებ ლანჩზე რა ვჭამო ნეტაო. ბრეინშტორმინგისთვის ოპტიმალური ადამიანების რაოდენობა 2-3 ადამიანია, 4 ადამიანში, უკვე შეიძლება დაიმალო. 

მაშინ - პროკრასტინაცია ცუდი იყო და უბრალოდ უნდა დამჯდარიყავი და მოგეფიქრებინა რაც გქონდა მოსაფიქრებელი.


ახლა - ვიცი რომ პროკრასტინაცია პასიურად ფიქრის საშუალებას გაძლევს და ყველაზე კარგი იდეები, სწორედ ამ დროს მოდის.


მაშინ - ძალიან სერიოზულად ვუდგებოდი ჩემ თავს და სისულელეების თქმის მეშინოდა.


ახლა - შევეგუე, რომ სისულეების თქმა ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია და იმის უნდა მეშინოდეს, რომ ერთ დღესაც სისულელეებს აღარ ვიტყვი.


მაშინ - მეგონა რომ არსებობდნენ გენიალური იდეები, რომლებსაც უბრალო მოკვდავები ვერ გებულობენ და სათანადოდ არ აფასებენ.


ახლა - ვფიქრობ, რომ იდეების მოფიქრების უპირველესი მიზანი, ნარატივების შექმნაა. შესაბამისად არსებობენ იდეები, რომლებიც ჩვენს ნარატივში ჯდებიან - და თუ ჯდებიან, შეძლებ კიდეც რომ სხვებიც დაარწმუნო ამაში, ან არ ჯდებიან - რა შემთხვევაშიც არც ისე გენიალური ყოფილა, როგორც გვეგონა. 

პოსტ ბრიფი/პროექტი - თვით შემეცნების ფაზა


მაშინ - წარუმატებლობის შემთხვევაში მიზეზებს ვეძებდი გარეთ.


ახლა - ვეძებ შიგნით. ერთადერთი რამ, რისი კონტროლიც შემიძლია, ჩემი თავია და თუ ყველა მარცხის დროს, სწორად შევაფასებ რა გავაკეთე კონკრეტულად მე არასწორად და რისი გაუმჯობესება შემიძლია სამომავლოდ, ესე იგი არც მთლად უმიზეზოდ მითენებია ღამეები.


მაშინ - წარმატებულ ქეისს over-analysing-ს ვუკეთებდი, სულ ვფიქრობდი რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო უკეთესად, რომ არა ეს და რომ არა ის.


ახლა - რაღაც დოზით ამას ისევ ვაკეთებ, მაგრამ ვცდილობ მოვუკლო. ისიც უნდა ისწავლო, რომ სამყარო სასტიკია, იდეები სათუთი და რაც არ უნდა ხელის გულზე ატარო, ყველაფრისგან ვერ დაიცავ. თუ რამე ისეთი გააკეთე, რითიც 80% კმაყოფილი ხარ - Job well done, ასე გააგრძელე!

და ამ პოზიტიურ ნოტაზე შევჩერდები, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში გაგრძელება AD BLACK SEA-ს დაწყებამდეც შეიძლება, და ყველას საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ფისოების ფოტოები დასათვალიერებელი, Rupaul’s drag race - გასაგრძელებელი, ან არ ვიცი თქვენ რითი ხართ დაკავებული თავისუფალ დროს :)

თუ უფრო დაწვრილებით ინსტრუქციას ელოდით იდეების მოფიქრების ფორმულებზე და პროცესებზე, სასარგებლო ლიტერატურის სახით შემიძლია გირჩიოთ James Webb Young-ის “A technique for producing ideas”.

შევხვდებით ბათუმში და როცა შევხვდებით, შემაჩერეთ და გამომელაპარაკეთ, ხალხთან ლაპარაკი მაშინაც მიყვარდა და ახლაც მიყვარს :) 

ავტორი: გვანცა დათუაშვილი - Saatch & Saatchi -ის კრეატიული დირექტორი