მუსიკა | ცა

რეგი-დაბი

დღევანდელი მუსიკალური სამყარო წარმოუდგენელია ე.წ. World Music (მსოფლიო მუსიკა)-ის გარეშე. ცხადია, არანაირი კონკრეტული ჟანრი თუ მიმართულება „მსოფლიო მუსიკა“ არ არის, აქ საქმე გვაქვს მსოფლიო ხალხთა ფოლკლორულ მუსიკასთან - მრავალფეროვანთან და ამა თუ იმ რეგიონის მიხედვით, ეთნიკურად დანაწევრებულთან. ასეთი მუსიკა შეიძლება იყო არქაული, ან გათანამედროვებული და აქტუალურად ქცეული. ის დღეს უაღრესად ტრენდულია, რაც სრულიად ლოგიკურია - საჭიროა ახალი ინექციები, რომ თანამედროვე მუსიკა გახალისდეს.

Junior Murvin

„მსოფლიო მუსიკა“ - ეს იმხელა თემაა, რომ საკუთარი ანთროპოლოგია აქვს და ცალკე სტატიების ციკლს მოითხოვს. დღეს კი შევეხებით აი, ამ რეგიონალურ-ტერიტორიალური მუსიკის მხოლოდ ერთ, ალბათ ყველაზე კაშკაშა და გავლენიან გამოვლინებას, რომელიც ვერ ეტევა ეთნო საზღვრებში და უკვე გლობალურ პოპმონაპოპვარად ითვლება. მხედველობაში მაქვს იამაიკური მუსიკა- რეგი, თოსთინგი, დაბი. ეს მუსიკა არათუ არ გაუჩინარებულა, არამედ სულ სხვა ჰიპოსტაზებში განიცადა რეინკარნაცია და ის მუსიკის კეთება ისე გადაიაზრა, რომ დღემდე აქტუალურია, თუმცა სჯობს თანდათან მივყვეთ:

იამაიკა, ინგლისის ყოფილი კოლონია კარიბის ზღვის აუზში ამერიკის მახლობლად მდებარე კუნძულებზეა განლაგებული და ცხადია, 1950-იან წლებში ამ ქვეყნის ახალგაზრდობა, რადიოთი უმთავრესად რითმ ენდ ბლუზის უსმენდა. ამ ახალგაზრდების უმეტესობას არ ჰქონდა არც ფირფიტების, არც იაპონური პორტატული Fm ტრანზისტორების შესაძენი ფული, შესაბამისად კოლექტიურად  გართობის და ცეკვის საშუალებასაც მოკლებულნი იყვნენ. სწორედ ამიტომ ქვეყანაში გაჩნდა ე.წ. მოძრავი „საუნდ სისტემები“ (Sound Systems). „საუნდ სისტემების“ კომპლექტაციაში შედიოდა ფირფიტების საკრავი, ხმის გამაძლიერებლები და სატვირთო მანქანა, რომლის ღია საბარგულზეც ეს აპარატურა იყო განლაგებული. ამ ყველაფრის მფლობელები მოძრაობდნენ  ქალაქებსა თუ რეგიონებში  და ღია ცის ქვეშ  მუსიკალურ წვეულებებს აწყობდნენ და დიჯეის ფუნქციასაც თავად ასრულებდნენ.

Prince Buster

ცხადია, უმთავრესად იმ პერიოდის ამერიკულ  ფირფიტებს უკრავდნენ, ფაქტობრივად ეს იყო თანამედროვე ღია დიჯეი „ივენთების“ სრული პროტოტიპი. 1950-იანი წლების მიწურულისთვის, იამაიკაში უკვე საკუთარი პოპმუსიკის წარმოება დაიწყეს. იმ დროს კარიბის აუზის ქვეყნებში ძალიან მოდური  ჟანრი იყო - კალიფსო - ეს მუსიკა საკმაოდ პოპულარული გახადა ამერიკაში მომღერალმა და მსახიობმა ჰარი ბელაფონტემ. ბელაფონტე იამაიკელი იყო, რამაც კალიფსოს გავლენა ამ ქვეყანაში ძალიან გაზარდა. ასევე პოპულარული გახდა რიტმენბლუზის  ნაირსახეობა „შაფლ“(Shuffle). აი, სწორედ ამ შაფლ და კალიფსოს მსუბუქი ნაზავია უკვე წმინდა იამაიკური პოპ ჟანრი -  სკა, რომელმაც სულ მალე დაიპყრო იამაიკური „საუნდ სისტემს“  დისკოთეკები. ეს მუსიკა  1960-იან წლებში იამაიკელმა ემიგრანტებმა ბრიტანეთში შეიტანეს და ის ასევე ძალიან პოპულარული გახდა ლონდონის საცეკვაო კლუბებში.

ის, თუ რამხელა სეგმენტი გახდა სკა ბრიტანულ „ახალ ტალღაში“, ამაზე ადრე უკვე ვისაუბრეთ.  უცნაური ისაა, რომ სკა დღემდე ყველგან დიდი პოპულარობით  სარგებლობს -   არგენტინაშიც, იაპონიაშიც, ამერიკაშიც, სკანდინავიაშიც და რუსეთშიც კი (მაგ ჯგუფი „ლენინგრადი“). როგორც აღმოჩნდა ეს  მარტივი, დემოკრატიული, ექსცენტრიკული იამაიკური მუსიკა, საკმაოდ ადვილად ადაპტირდება სხვადასხვა ხალხის მუსიკალურ ფორმებში, ამიტომაც ჯერ-ჯერობით სიკვდილი არ უწერიათ, თუმცა დავუბრუნდეთ თხრობის ქრონოლოგიას. 

Bob Marley

იამაიკელმა პროდიუსერებმა მალე შექმნეს სკას ოდნავ შენელებული ვერსია, რომელშიც ბუნებრივად ამოიწია დაბალი სიხშირეები, ანუ ბასი, ეს უკვე „როკ სთედია“ (Rock Steady). პროცესი გაგრძელდა - ბასის  ფუნქცია გაიზარდა, დაიხვეწა, გართულდა  და დასარტყამ ბრეიქ გრუვ ინსტრუმენტთან ახლებურ კომბინაციაში, შექმნა ახალი იდიომი - რეგი. რეგიში მნიშვნელოვანია ელექტრო გიტარის მარტივი აკორდიც, რომელიც ბიძგებით განვითარებულ  რითმში სიცარიელეებს ავსებს. რეგი არ იყო მხოლოდ მუსიკალური ჟანრი, ის იყო მარიხუანით გაჯღენთილი, იამაიკური,  მისტიურ-რასტაფარიანული რელიგიური პრაქტიკის ნაწილი, ამიტომ მასში მნიშვნელოვანია სულიერება, პოზიტივიზმი და ექსტატურობა. იამაიკის გარდა, რეგი საკმაოდ წარმატებული ჟანრი იყო ინგლისშიც, ხოლო  1970-იან წლებში, ბობ მარლის ფენომენალური, საერთაშორისო წარმატების შემდეგ, მსოფლიოში ლამის ყველაზე პროგრესულ პოპ ჟანრად იქცა.

Rolling Stones, ერიკ კლაპტონი, ლენონ-მაკარტნი, სტივი ვონდერი, სერჟ გინსბური, თითქმის ყოველი მეორე „ახალ ტალღელი“, თითქოს ვალდებულნი იყვნენ ხარკი გადაეხადათ ამ მუსიკისთვის. რეგი დღემდე გავლენიან იდიომად რჩება, რომელიც განსხვავებულ ჟანრულ-აკუსტიკურ ინტერპრეტაციებს ექვემდებარება. დღეს რეგის მიმართავენ როგორც პოპმუსიკოსები, ისე ჯაზმენები და ექპსერიმენტატორი არტისტებიც. თანამედროვე, კომერციული ლათინურ-ამერიკული პოპ მუსიკის დიდი ნაწილიც რეგის ეყრდნობა, აკი ჰქვია კიდევ სახელად „რეგიტონ“. სკას მსგავსად, ეს სპეციფიკური იამაიკური მუსიკა სხვადსხვა ენასაც ერგება და ეთნიკურ-მუსიკალურ სენსიტიურობასაც, ქართულსაც კი - ნიაზ დისამიძეს და 33ა-ს შემოქმედება ამის დასტურია.

რეგი კი არის მთავარი იამაიკური მუსიკალური ღირსშესანიშნაობა, მაგრამ  მნიშვნელოვანი შემოქმედებითი გარღვევები იამაიკაში, ამით არ ამოწურულა, მხედველობაში მაქვს  „დაბი“(Dub) და  „თოსთინგ“(Toasting). ერთიც და მეორეც გარკვეულწილად უკავშირდება ლეგენდარულ  დიჯეის და პროდუსერს ქინგ თაბის (King Tubby). ქინგ თაბი ელექტრობის ხელოსანი იყო - რადიოებს და ტელევიზორებს არემონტებდა და იმდენად გაიწაფა ხელობაში, რომ როდესაც საკუთარი „საუნდ სისტემს“ შეიძინა,  ბგერა-ჟღერადობის გაუმჯობესების მიზნით, მისი გადაკეთება დაიწყო და საოცარ შედეგებსაც მიაღწია. ხმის გამაძლიერებლებისთვის ახალი ფილტრები გამოიგონა, რომელიც ბგერის შეფერილობას ცვლილებას და რეზონირებასაც კი იწვევდა, რაც განსაკუთრებით აირეკლა ბასის და დრამის ჟღერადობაზე.

ზუმბა & 33ა

გამაძლიერებლებზე მანიპულაციით მიიღო რევერბაციების და ექო ეფექტების მთელი სპექტრი; პირველმა დაიწყო  ხმის გამაძლიერებლების ახალი კონფიგურაციით განლაგება საკუთარი დიჯეი ივენთების დროს, რაც ღია სივრცეში მაქსიმალურ აკუსტიკურ ეფექტს უზრუნველჰყოფდა. შედეგად, ქინგ თაბის მიერ დაკრული ფირფიტები გაცილებით უკეთესად და ეფექტურად აჟღერდა, ვიდრე ეს თავდაპირველად ამ ფირფიტების გამომშვები პროდიუსერების მიერ იყო ჩაფიქრებული. ის ფაქტობრივად საუნდს არემონტებდა და თან ამას ახერხებდა ღია ცის ქვეშ,  საკუთარი დიჯეი სეტების დროს, არადა ჯერ მხოლოდ 1960-იანი წლები იდგა. ეს უკვე თანამედროვე დიჯეინგის სრულყოფილი გამოვლინებაა, ოღონდ ყოველგვარი ლეპტოპების, სეკვენსორების, თუ ტექნოლოგიური მიღწევების გარეშე.

დიჯეი დამოკიდებულება მუსიკის კეთების შესახებ,  პირველად სწორედ იამაიკელ დიჯეებთან და კონკრეტულად  ქინგ თაბისთან გვხვდება. 1960-იანი წლების მიწურულს, საუნდ სისტემების მფლობელებმა უკვე პროდუსინგშიც სცადეს ბედი, რისი შედეგიც გახდა „დაბი“. თავდაპირველად, ეს იყო უკვე ჩაწერილი რეგი სიმღერების მხოლოდ ინსტრუმენტალური „დაბ ვერსიები“ (ე.წ.dub out). ვოკალის გაქრობა სამიქშერო პულტზე მანიპულაციებით ხდებოდა. შემოქმედებითმა პროდიუსერებმა, მიღებული აკუსტიკური სიცარიელეების და თეთრი ლაქების შევსება სხვადასხვა ექოებით და საუნდ ეფექტებით დაიწყეს.

King Tubby

ტემპის ცვლილების შედეგად მიღებული ახალი ბგერებით, ტრეკის ესათუის ტაქტი მთლიანად იჭრებოდა და გადაადგილდებოდა კიდეც. ეს არ იყო მარტივი საქმე, მაშინ იამაიკიის სტუდიებში ჯერ კიდევ ორარხიან მაგნიტოფონებს იყენებდნენ - ერთზე რითმ სექცია იწერებოდა, მეორეზე ვოკალი და სასულე ინსტრუმენტები. ვოკალის, ან ამა თუ იმ კონკრეტული საუნდის სუფთად გაქრობა შეუძლებელი იყო. რჩებოდა შორეული ბგერები, მაგრამ ესეც ახალი დაბჟღერადობის ორგანული ელემენტი იყო. პრინციპში ვოკალის მოცილებაც არ იყო იდეაფიქსი, უბრალოდ დაბ ვერსიებში ხმა დეფორმირდებდებოდა და საუნდ ელემენტად იქცეოდა. ქინგ თაბი დაბის ტექნიკის ნამდვილი ნოვატორი გახდა, თუ ტრეკის რომელიმე ელემენტის ხეირიანად მიღების საშუალებას ჩანაწერი არ იძლეოდა, ის ძვრებოდა აპარატურის ელეტრო სქემებში, კონდენსატორებსა თუ ტრანზისტორებში და ცდილობდა ის ისე გადაეკეთებინა, რომ სასურველი შედეგი მიეღო.

ასეთმა ძალისხმევებმა გამოიღო ის შედეგი, რომ საბაზისო რეგი სიმღერები და მისი დაბ ვერსიები, უკვე განსხვავებული ხასიათის და ესთეტიკის მატარებელი ხდებოდა, დაბი უფრო ფსიქოდელიურია, მუსიკალური მასა თითქოს ზანტად ვიბრირებს, ბას ბიძგები კი სპეციფიკურ გრუვს უზრუნველჰყოფს. დაბ ვერსიების გაჩენამ დიდი იმპულსი მისცა ”თოსთინგს“. რა არის ეს? ეს არის იგივე რაც, პირველყოფილი mc-ინგი, პროტო გარეპვა, ხოლო ვინც ამას ასრულებდა, მათ ”თოსთერები“ (Toaster) ერქვათ. ”თოსთინგი“ ჯერ კიდევ დაბამდე, 1960-იანი წლების შუაში გამოჩნდა, როდესაც ზოგიერთმა „საუნდ სისტემ“ დიჯეიმ, სეტების დროს პუბლიკასთან კომუნიკაცია ვერბალურად დაიწყო. ეს უფრო იმ მომენტებში ხდებოდა, როდესაც დაკვრის პროცესში, ტრეკში ვოკალურ პარტიას ინსტრუმენტალური ცვლიდა.

U Roy

განსაკუთრებით მჭევრმეტყველებმა ფრაზების გარითმვა დაიწყეს, მიმართეს მელოდეკლამაციებს. რაც უფრო ექსცენტრიკული და მახვილგონიერი იყო დიჯეი-თოსთერი, მით უფრო დიდი იყო ეფექტი. თანდათანობით, დიჯეინგი და ”თოსთინგი“ გართულდა, დაინერგა დაბ ვერსიებიც და ეს ორი ხელობაც გაიმიჯნა, ანუ ის სტანდარტული დიჯეის და რეპერის ჰიპ-ჰოპ ფორმატი, იამაიკაში 1960-იანი წლების მიწურულს უკვე არსებობდა. შემთხვევითი არ არის, რომ პირველი თაობის ნიუ იორკელი ჰიპ-ჰოპერები, სწორედ იამაიკური მოდელის გავლენაზე საუბრობენ. ბოლო-ბოლო, მაშინ ბრონქსში უამრავი იამაიკელი ემიგრანტი დასახლდა, რომელმაც იქ თავისი კულტურა ჩაიტანა. იგივე მოხდა მოგვიანებით ბრიტანეთშიც. პირველი ბრიტანელი mc-ები სწორედ იამაიკელი ემიგრანტები იყვნენ. დღევანდელი საკლუბო ემ სი შეკრებებიც ზუსტად ისეთი სცენარით მიმდინარეობს, როგორც ძველი „საუნდ სისტემ“ დიჯეი თოსთინგი. 

1974 წელს გამოდის პირველი სრულიად დაბ LP - Blackboard Jungle Dub -  რომლის პროდუსერიც ქინგ თაბ იყო,  არტისტ შემსრულებლად  კი, ბენდი The Upsetters გვევლინება. ბენდის ხელმძღვანელად მოიაზრებოდა ლი სკრეჩ პერი (Lee Scratch Perry) - ლეგენდარული პერსონაჟი, ექსცენტრიკული, შეშლილი გენიოსი, რომელმაც დაბი  დამოუკიდებელ ჟანრად აქცია.  თუ კინგ თაბი მხოლოდ ჩაწერილ ფირებთან მუშაობდა სტუდიაში, საკუთარ მუსიკასაც არ წერდა და მუსიკოსობთან უშუალო შეხება არ ჰქონდა, ლი პერის სტუდიური ბენდიც ჰყავდა, მუსიკასაც წერდა და მღეროდა კიდეც.  სწორედ მან „დააბრუნა“ ვოკალი დაბში.  ის  1960-იანი წლებიდან, უამრავი რეგი შემსრულებლის პროდიუსერიც იყო.   სწორედ ის იყო ბობ მარლის ადრეული იამაიკური ალბომების პროდიუსერი და  როგორც ამბობდა: „სწორედ მე ვაჩუქე  ბობს რეგიო“.

აი, მოგვიანებით როცა მარლის რეგი ანგლო-ამერიკულ სტუდიებში, უკვე დასავლელი მსმენელის ყურს მოარგეს, პერი სინანულით აღნიშნავდა: „მარლიდან გამოდევნეს ჩემი სული და ის კოკაინით და ანგარებით შეავსესო.“ მისთვის მთავარი იყო მუსიკის მისტიკური, მაგიური ასპექტები. პერფექციონისტი კინგ თაბისგან განსხვავებით, მას არ ადარდებდა ბგერის სისუფთავე, ჩანაწერის ტექნიკური ხარისხი. მთავარი იყო  ჩანაწერში აღბეჭდილიყო სულიერება და პოზიტიური ვიბრაციები და  სწორედ დაბში ხედავდა ამის  რესურსს.

Lee Scratch Perry

სისტემატურად აწყობდა რიტუალებს იმ მასალასთან დაკავშირებით, რომელზეც  მუშაობდა - ჩაწერილ ფირს ხან მზეზე გაკიდებდა, ხან მიწაში მარხავდა, ხანაც ჩამწერი მაგნიტოფონის თავს აბინძურბდა. შემდეგ უსმენდა, თუ არ მოსწონდა შეიძლება სპონტანური საუნდი დაემატებინა, ან ხელოვნურად ახარვეზებდა ჩანაწერს, ამიტომაცაა, რომ ბევრი მისი ჩანაწერი ისე ჟღერს, როგორც წუნდებული პროდუქტი, რაც შემდგომში ბევრი Lo Fi მუსიკოსისთვის, უკვე მეთოდი გახდება. რა თქმა უნდა, მისი ეს  აკვიატებები, სრული ბოდვა იყო, მაგრამ ის სწორედ ასე იღებდა  შთაგონებას. შედეგიც სახეზეა, სწორედ მისი რეგი თუ დაბ ჩანაწერები გახდა ნამდვილი იდეების საბადო ახალი თაობის პანკ თუ „ნიუ ვეივ“ არტისტებისთვის.  1970-იან წლებში პერი მუშაობდა 4 არხიან მაგნიტოფონზე, მაგრამ შედეგი ისეთი გამოსდიოდა, რომ ყველას 24 არხიან აპარატურაზე ჩაწერილი ეგონა.  როდესაც მას  ეკითხებოდნენ: „კი მაგრამ, სად არის ის დანარჩენი 20 არხი რომელიც გვესმის?“  პერი პასუხობდა: „დანარჩენი ოცი კოსმიურია, მე კოსმიური დაბის მწყემსი ვარ.“

1979 წელს, მან თავისი ლეგენდარული სტუდია დაწვა, რადგან ჩათვალა, რომ სტუდიას უწმინდური ძალები დაეპატრონენ, მაგრამ მუშაობა არ შეუწყვეტია, შვეიცარიაში გადასახლდა და დღემდე აქტიურობს. მისი სერიოზული დაფასება 1990-იანი წლებიდან დაიწყო. ეს სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ელექტრონული ტექნოლოგიების ხარჯზე მუსიკის დამზადების და პროდუსინგის მეთოდები შეიცვალა, როდესაც წაიშალა საზღვარი პროდიუსერს და მუსიკოსს შორის, მუსიკის შემქნელს და გამკეთებელს შორის და აი, სწორედ მაშინ აღიარა ყველამ, რომ მუსიკის გადააზრების ასეთი სათავე, სწორედ ლი სკრეჩ პერია.

რა თქმა უნდა, ქინგ თაბიც და სხვა პირველი თაობის რეგი-დაბ დიჯეები თუ ”თოსთერებიც“, რომელიც იმ შორეულ წლებში,  ისეთივე მეთოდით აკეთებდნენ საკუთარ პროდუქტს, როგორც ახალი თაობის არტისტები. ამის მკაფიო ნიმუშია  ბრისტოლური თრიფ ჰოპი, რომელიც ბევრ  ჟანრულ ელემენტს ეფუძნება, მაგრამ მთავარი მაინც დაბია; მისი მონაპოვარი, როგორც ტექნიკური, ისე აკუსტიკუ-სახასიათოც და ეს არცაა გასაკვირი, თრიფ ჰოპი უმთავრესად ბრისტოლელ-იამაიკელი გეტო  ემიგრანტების მუსიკალური ექსპერიმენტების შედეგია, ამიტომაც ჟღერს თრიფ ჰოპი ხშირად ისე, როგორც ნეო-დაბი. დაბი,  უამრავ წმინდა  ელეტრონულ ქვეჟანრშიც გვხვდება, დრამენბეისშიც, ემბიენტშიც  და დაბ სტეპშიც.

საინტერესოა, რომ იმ ჟანრებს, რომლის დასახელებაშიც დღეს ტერმინი- დაბ - გვხვდება, ხშირად აუთენტიკურ დაბთან პირდაპირი მუსიკალური კავშირი არ აქვს. საქმე იმაშია, რომ დაბის ზემოქმედების არეალი უკვე გასცდა ჟანრულ ჩარჩოს. დღეს დაბი უფრო მუსიკის შექმნის მეთოდოლოგიაა, განსაკუთრებით ელექტრონიკაში - პასაჟების, ბგერების, სემპლების თუ არსებული აკუსტიკური მასალის დამუშავება, დამატება-ამოჭრა, აკუსტიკური ხასიათის ტრანსფორმაცია რაციონალურიდან ირაციონალურისკენ. ესეც დაბია, თუმცა ამაზე უკვე ვისაუბრეთ.

P.S. ამ სტატიის დაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეში, ლი სკრეჩ პერი გარდაიცვალა, ის 85 წლის იყო.

ავტორი: გია ხადური