რა გვსურს თაობა Z-ს?

WHAT DO GEN Z WANT? - ეს კითხვა მას შემდეგ აღმოცენდა უფროსი თაობის თავებში და ვირუსულად მოედო სამყაროს, რაც 1995 წლის შემდეგ დაბადებულნი წამოვიზარდეთ, საზოგადოებას გარკვეული ,,მოთხოვნები” წავუყენეთ და დადგენილი წესების გადაფასება დავიწყეთ.

გაჩნდა მრავალფეროვანი, მკვეთრად განსხვავებული და ემპათიით სავსე ახალი თაობა - GEN Z, იგივე თაობა Z, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებული ობმოკიდებული და დამტვერილი ყუთიდან გამოსვლას იწყებს. ამ პროცესებთან ერთად, საზოგადოებაში კითხვა ჩნდება - ,,რა უნდათ ამ ბავშვებს?!”

თაობა Z-ს არ ეშინია ხმის ამოღების, საკუთარი აზრის ღიად გაცხადების, თავს არ არიდებს უთანასწორობაზე და სხვა მტკივნეულ თემებზე საუბარს.

2021 წელს, როდესაც დიდი ძალისხმევა აღარ გჭირდება, რომ საზოგადოებას შენი ხმა გააგონო, უფრო მეტი და მეტი იწყებს საუბარს. არსებობს პლატფორმები, რომლებიც საშუალებაა რამდენიმე წამში მილიონობით ადამიანზე მოახდინო ზემოქმედება. ჩვენც, ხანდახან, ამ პლატფორმებს ჭკვიანურად ვიყენებთ. მარტინ ლუთერ კინგს და როზა პარკს ტიკ ტოკი არ ჰქონიათ, GEN Z -ს - აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივისტის როლი ყველას შეუძლია მოირგოს და თავისუფლად გამოხატოს ის, რისიც სჯერა და სწამს.

ემპათიით სავსე თაობა მზადაა, ცვლილებების მოსახდენად, თან ისე, რომ სახლიდან გასვლაც კი არ უწევს. თითქოს ზუსტად ეს აკვირვებს შედარებით ფრთხილად მოძრავ თაობას:

ცვლილება. სიახლე. სიმართლე. დრაივი.

ოციანი წლები სწრაფი და უზარმაზარი ცვლილებების ერაა და ამ ცვლილებების მმართველები თავად ვართ. GEN Z-ს ახალი აღმოჩენების და გამოცდილებების წყურვილი ამოძრავებს, მათთვის ცხოვრებისეული გამოცდილებები მატერიალურზე ღირებულია და ცხოვრებაც პაწაწინა, ძვირფასი მომენტებისგან შეგდება. უსაზღვრო რესურსს, რომელიც ციფრულმა სამყარომ უსაჩუქრა, GEN Z მიზანმიმართულად იყენებს - მუდმივი განვითარების და სწავლის პროცესშია ჩაძირული.

თაობა Z ახალი თემების აღმოჩენასა და შესწავლასთან ერთად, იდენტობაზე ამახვილებს განსაკუთრებულ ყურადღებას. მათ აქვთ წყაროები, ხელსაწყოები და ზღვა ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმისთვის, რომ აღმოაჩინონ იდენტობა ისე, როგორც მათ მშობლებს არასდროს უფიქრიათ ამაზე.

GEN Z საკუთარ თავს ცენტრში აყენებს, თავად ძერწავს მას, იწყება თავის აღმოჩენის დაუსრულებელი პროცესი.

გზად აღმოცენებული იდენტობის კრიზისების და ცხოვრების უინტერესო სერიალივით დაპაუზების გამო, მენტალური პრობლემებიც მრავლდება. სწორედ ამ პრობლემებიდან ყურადღების გადატანის გზად ეკრანები და სოციალური მედია გვევლინება.

თევზის საშუალო კონცენტრაციის უნარის შუალედი (attention span) ცხრა წამია, ჩვენი - რვა. ეს ყველაფერი ციფრულ ერაში ათ ეკრანზე ერთდროულად ყოფნამ გამოიწვია, რადგან თითოეული ეკრანი ყურადღების გადატანის მცდელობაა იმ პრობლემებიდან, რომლებიც თაობა Z-ს ყველა წევრს გარდაუვლად დაჰყვება თან.

კონცენტრაციის პრობლემების და თითქმის მუდმივი შფოთვის მიუხედავად, GEN Z მაინც ახერხებს და შეუძლია აქტივისტი გმირის როლი მოირგოს, განვითარებაზე ორიენტირდეს, მიიღოს განათლება, მეგობრებს მხარში ამოუდგეს და ეს ყველაფერი ოთახიდან გაუსვლელად გააკეთოს, სადაც ღამე ნეონურ განათებებს აანთებს და შეიძლება, ცოტათი იტიროს ან იცეკვოს კიდეც (ან, თუნდაც, ერთროულად).

მიუხედევად მუდმივი ტექსტური და სოციალური მედიიდან შემოსული შეტყობინებებისა, თაობის თითოეული წევრი მარტოდ გრძნობს თავს თავის წილ გასაჭირთან. მიუხედავად სიმარტოვისა, ეს გულისტკენა, იდენტობის კრიზისი, იზოლაცია, შფოთვა და სხვა მტკივნეული გრძნობები უნივერსალურია.

საერთო ემოციები, რომლებიც ერთი თაობის წევრობას ერთ ქვეყანაში დაჰყვება თან, ერთმანეთის მიმღებლობას ბადებს, რაც თაობა Z-ში მკვეთრად გამოიხატება. მოსალოდნელია, რომ საზოგადოებაში განმასხვავებელი ნიშნით გაგრიყონ, მაგრამ სულ იქნება ის ადგილი, სადაც მიგიღებენ, თუნდაც ეს ეკრანის მეორე მხარეს არსებული მეგობარი იყოს.

თაობა Z ცდილობს ხალისი შეინარჩუნოს და სირთულეებთან გასამკლავებელ უცნაურ გზებს ირჩევს - საკუთარი თავისადმი იუმორს, აბსურდულ მიმებსა და განსხვავებულ სტილს

GEN Z ცდილობს, ცხოვრება გაამარტივოს - ავტომობილიდან სკუტერზე და სკეიტზე გადადის, დროსა და სივრცეს რაციონალურად იყენებს, ზრუნავს დედამიწაზე და აქ და ახლა ცდილობს, თავისუფლად ისუნთქოს, იცხოვროს მომენტში.

და მაინც, კითხვაზე თუ რა უნდა თაობა Z-ს? - პასუხი მარტივია:


- მოუსმინონ, გაუგონ და გაიზიარონ.

სანამ იდეალურ, თანასწორ სამყაროში ვიცხოვრებთ, მოშვებული შარვლებით და შუაში გაყოფილი თმებით გავაგრძელებთ სკეიტებით სეირნობას ქუჩებში.

ტექსტის და ილუსტრაციების ავტორი: ანო ნეფარიძე