მუსიკა | ცა

პანკ-როკი და "აუთსაიდერი"

პანკი, როგორც სუბკულტურა


"ჩემთვის პანკ-როკი ნიშნავს თავისუფლებას შემოქმედებაში, თავისუფლებას წარმატებაში, წარუმატებლობაში, თავისუფლებას ყველაფერში. ეს უბრალოდ ნიშნავს იყო თავისუფალი."


იტყვის პატი სმიტი პანკ-როკის დაბადებიდან წლების შემდეგ.

თუმცა მაშინ, როდესაც პანკ-როკი იბადებოდა, ეს იყო მეტი ვიდრე მუსიკა, მეტი ვიდრე თავისუფლება. თავისუფლება მისი მთავარი იდეოლოგიური საფუძველი იყო, მუსიკა - მისი ერთ-ერთი გამოხატვის ფორმა. თვითონ პანკი კი იყო სუბკულტურა, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა ხმამაღალი იდეოლოგიების მრავალფეროვან ნაკრებს. ის გამოირჩეოდა წინააღდეგობრივი ხასიათით, საზოგადოებაში, პოლიტიკასა და ხელოვნებაში დადგენილი წესების მიმართ კრიტიკით და აგრესიით, თავისუფალი და ინდივიდუალური გამოხატვის ფორმებით. პანკი 1970-იანი წლების დასაწყისში თითქმის ერთდროულად გაჩნდა აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში და იმავდროულად მოიცვა ხელოვნების სხვადასხვა სფერო: მუსიკა, მოდა, ლიტერატურა, სახვითი ხელოვნება. 

1970-იანი წლების დასაწყისი, ნიუ-იორკ სითი ... ამ დროს ყველაფერი ახალი, რაც მუსიკას უკავშირდებოდა ლეგენდარულ კლუბ CBGB-ში იყრიდა თავს. სწორედ აქ გამოჩნდა პირველად პანკ-როკის პიონერად წოდებული ჯგუფი - Ramones. ჯგუფის წევრებს არამარტო გარეგნობა ჰქონდათ ერთნაირი: ტყავის ქურთუკები, დახეული ჯინსები და მუქი თმა, მათ გვარიც კი ერთი ჰქონდათ - Ramone და სცენიდანაც ერთი ენერგიული სული მოდიოდა. როკ-ენ-როლზე დაფუძნებული სწრაფი ტემპი, სწორხაზოვანი, სიმარტივე, თავაშვებული ვოკალი, თამამი ლირიკა და ეს ყველაფერი ერთად შერწყმული მოკლე, უაღრესად ენერგიულ კომპოზიციებში - ეს რაღაც ახალი იყო, რომელიც ღიად დაუპირისპირდა 1970-იანი წლების ტოპ ჩარტებში მოწინავე, უკვე პროდიუსერების მიერ დავარცხნილ როკ მუსიკას. თვითონ ჯგუფის წევრებიც ამბობდნენ "ჯგუფი იმიტომ შევქმენით, რომ ერთიდაიგივეს მოსმენა ყელში ამოგვივიდა და რაღაც ახალი გვინდა შევქმნათ".

Ramones "Blitzkrieg Bop" (LIVE) 

ნიუ-იორკის პარალელურად პანკ-როკმა დიდ ბრიტანეთშიც ამოხეთქა, ოღონდ კიდევ უფრო დრამატული, უფრო გამომწვევი სახით. აქ პროტესტმა პოლიტიკური ხასიათი შეიძინა და დაუნდობელი აღმოჩნდა ქვეყანაში არსებული პრობლემების მიმართ. სამეფო ოჯახის ფეტიში, კონსერვატიული აზროვნება, უმუშევრობა, საზოგადოების დაყოფა ფენებად - ეს ის თემებია რამაც დიდი ბრიტანეთის იმდროინდელ ახალგაზრდებში მეამბოხე სული დაბადა. აქ პანკ როკის პიონერად ჯგუფი Sex Pistols ითვლება. ერთ-ერთი ცნობილი კომპოზიცია - “God Save the Queen” - კი პანკ-როკის კლასიკად მიიჩნევა. კომპოზიციაში ჯგუფი სამეფო ოჯახს ამხილებს და დასცინის.

Sex Pistols

Sex Pistols-თან ერთად სწორედ ბრიტანეთში გამოჩნდა პანკ მოდის ფუძემდებელი - ვივიენ ვესტვუდიც, რომელმაც ბრიტანეთის მეამბოხე ახალგაზრდობისთვის სრულიად განსხვავებული სტილი შექმნა. პანკ სუბკულტურა არ გულისხმობდა მხოლოდ პანკ პროდუქტის შექმნას, თუ იყავი პანკი მაშინ ცხოვრების და მოღვაწეობის სტილიც შესაბამისი უნდა გქონოდა. მუსიკოსები არ ცნობდნენ დიდ საკონცერტო დარბაზებს, ძვირადღირებულ ინსტრუმენტებს, დამფინანსებლებს, მეინსტრიმულ მუსიკას. Sex Pistols-ის იარაღი დაუნდობელი იყო მათ მიმართ ვინც ამ სულისკვეთებას არ იზიარებდა და სისუსტეს გამოიჩენდა. სწორედ ამ მიზეზით დატოვა ჯგუფი ბასისტმა გლენ მეთლოქმა 1977 წელს. 

"მას ბითლზი მოსწონს და ხშირად იბანს ფეხებს."

-ამბობდნენ ჯგუფის წევრები, რომელთა აზრითაც მეთლოქი არასაკმარისად პანკი იყო და სექს პისტოლსის კონცეფციაში ვერ ჯდებოდა.

პანკ-როკი საქართველოში და ჯგუფი "აუთსაიდერი"

მაშინ როდესაც დასავლეთში პანკ სუბკულტურა გავრცელდა, საბჭოთა სივრცეში მკაცრი ცენზურა მოქმედებდა, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, 90-იანი წლების დასაწყისში ეს მოძრაობა საქათველოშიც გაჩნდა. ამ პერიოდში საქართველოში მთელი რიგი პოლიტიკური მოვლენები განვითარდა: 9 პრილი, სამოქალაქო ომი, აფხაზეთის ომი და ქართული პანკ-როკიც უცნაური ნაზავი აღმოჩნდა დასავლური პანკ-როკის და პოსტ-საბჭოთა ომგადამხდარ ქვეყნისათვის დამახასიათებელი პრობლემატიკის.


ეს პერიოდი თავისი ომებით, ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვით, ენერგოკრიზისით, სოციალური პრობლემებით, საზოგადოებაში არსებული მერკანტილური და ფარისევლური ვნებებით, ქუჩური მოძრაობებით ძალიან კარგი მკვებავი აღმოჩნდა იმ პერიოდის ალტერნატიული მუსიკისთვის, თუმცა განსაკუთრებით გამოვყოფ და ბლოგის დარჩენილ ნაწილს მთლიანად მივუძღვნი ერთ-ერთ ყველაზე გამოკვეთილ ფიგურას 90 წლების მუსიკაში, ჯგუფ "აუთსაიდერს", რომელიც ლეგენდარულია არამარტო თავისი ინდივიდუალური ხასიათის მქონე, თავისუფალი სტილით, არამედ მისი სოლისტის და იდეოლოგის - რობი კუხიანიძის შეურიგებელი და მეამბოხე ხასიათითაც, რომელიც უდავოდ პანკური სულის მატარებელია - სწორედ ისეთის 70-იან წლებში რომ იყო ბრიტანეთში. 

ჯგუფი 1989 წელს შეიქმნა ქუთაისში, სადაც იმ პერიოდში ალტერნატიული მოძრაობა საკმაოდ პოპულარული იყო და არაერთი პანკ თუ როკ ჯგუფი ჩამოყალიბდა. პირველი ალბომი "Inside" 1992 წელს რუსეთში ჩაიწერა, ჯგუფი აქტიურად იღებდა მონაწილეობას იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში გამართულ მუსიკალურ ფესტივალებში და საკმაოდ დიდი წარმატებითაც. მართალია ჯგუფის სახელი და პირველი ალბომის სათაურიც ინგლისურენოვანია, თუმცა მისი შემოქმედება მთლიანად ქართულია. ალბომში ვხვდებით კომპოზიციებს პანკ-როკის და როკის ელემენტებით, ენერგიული რიტმებით, უცენზურო ლირიკით, არასტანდარტული ქრონომეტრაჟით, უხეში ჟღერადობით და თამამი ვოკალით. ეს ყველაფერი კი გადმოცემულია დასარტყამი ინსტრუმენტების, ბასის, ელექტრო გიტარის და ვოკალის სინთეზით. ალბომში შემავალ კომპოზიციებში ვხვდებით ლირიკას პოსტ-საბჭოთა თემატიკაზე, სოციალურ პრობლემებზე, "უაზროდ დაღვრილ სისხლზე", "ქალაქზე, სადაც ძალიან ბნელა". 

აუთსაიდერი ალბათ იმ პერიოდში საქართველოში შექმნილი ერთადერთი პანკ-როკ ჯგუფია, რომელიც დღემდე არსებობს. მართალია, ჯგუფმა პირველი პანკ ალბომის შემდეგ სტილი შეიცვალა, ჯგუფის წევრებიც გამოიცვალა, მაგრამ უცვლელი დარჩა ჯგუფის ფრონტმენი - რობი და მისი სულისკვეთება. ცოტა შეიძლება ინახოს ისეთი შემოქმედი, რომელმაც თავისი თავისუფლება კომფორტს არ გადააყოლა, რობი კი ასეთია - ის ნამდვილი პანკია, ზუსტად ისეთი თავის დროზე Sex Pistols-იც რომ მოიწონებდა - შემოქმედი, რომელსაც თავისი ხასიათისთვის არამარტო შემოქმედებაში, არამედ ცხოვრების მანძილზეც არასოდეს უღალატია. 

ის მუდმივად ღია და თამამია სათქმელის გადმოცემის დროს, სწორედ ამ თავისუფლებაზე საუბრობს პატი სმიტი ბლოგის დასაწყისში მოყვანილ ციტატაში. როდესაც ჭეშმარიტი პანკი ხარ შეურიგებელი ხასიათით, მუდმივი პროტესტის გრძნობით, თამამი ინდივიდუალიზმით, არ იყიდები, არ უძღვნი სიმღერებს ბელადებს, არავისთან მიდიხარ გარიგებებზე, არ ღალატობ პრინციპებს, მაშინ ნამდვილი "აუთსაიდერი" ხარ, კომფორტისგან შორს ხარ, თუმცა სამაგიეროდ გაქვს უდიდესი მონაპოვარი - თავისუფლება, რომელიც ყოველთვის გაძლევს ძალას გულწრფელი იყო და ღიად ისაუბრო იმაზე, რაც ასე ძალიან გაწუხებს.  

90-იანი წლების შემდეგ დიდი დრო გავიდა, თუმცა რობის დღესაც უამრავი პროტესტი აქვს და ფიქრობს, რომ "მის ქალაქში დღესაც საშინლად ბნელა". ჯგუფი ამჟამად ახალი შემადგენლობით პირველი ალბომის ხელახალ რელიზზე მუშაობს და ფიქრობს, რომ ის პრობლემები რაც ამ ალბომში იყო, კვლავ აქტუალურია. თემებთან, რომლებიც დღემდე აწუხებს დაპირისპირებას ისევ თავისი შემოქმედებით აპირებს, უახლოეს მომავალში საქართველოს მასშტაბით საინტერესო ტურნეს გეგმავს, ბორბლებზე შემდგარი საცხოვრებელი ფურგონით, იგივე "სახლი-მანქანით" რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს მოივლის და სათქმელს კიდევ ერთხელ იტყვის. 

ავტორი: Major Tom