ცისფერი მთები

ფშავის დავიწყებული სოფლის ამბები

ფშავის ხსენებაზე, პირველი რაც გაგახსენდებათ, ვაჟა-ფშაველაა და სრულიად სამართლიანადაც. ჩარგალშიც იქნებით ნამყოფი და ვაჟას ის პატარა, ღარიბული სახლიც გექნებათ ნანახი. ალბათ, ისიც გიფიქრიათ, ასეთ ვიწრო ორ ოთახში, ის მშრომელი და მრავალშვილიანი მამა, როდის ან როგორ ახერხებდა წერასო.


აი მე კიდევ, ფშავის ხსენებაზე პირველი არც ვაჟა მახსენდება და არც ჩარგალი. ჩემი მოგონებები ჩარგლისკენ მიმავალ გზაზე, პატარა სოფელში ჩერდება. სოფელში, რომელიც არავის არ ახსოვს და რომელიც, წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტად იკარგება, ქრება და ალბათ, ერთ დღესაც, იმ სოფელში ასულს არაფერი არ დამხვდება, საერთოდ არაფერი ძველი ეკლესიის გარდა. 

სოფელს თვალივი ჰქვია და თბილისთან ისე ახლოა, ასვლა არაფრით დაგეზარება. დუშეთიდან მიმავალ გზაზე, ერთი პატარა გადასახვევია - სოფელი ჩინთი, იქიდან გზა ჟინვალის წყალსაცავს მიუყვება. თუ ამ გზას გაჰყვებით, ჯერ მაღაროსკარს მიადგებით, მერე იმ დიდი ფშაველის მშობლიურ სოფელს და იქიდან უკანაფშავისკენაც გადაუხვევთ, იქიდან კი ხევსურეთის გზას დაიწყება.


თუმცა არა, გზა რომელზეც მე ვყვები ასე შორს არ მიდის, მაღაროსკარამდე, ჟინვალისპირას ჩერდება და პატარა კლაკნილს მიუყვება, ზემოთ მთებში კი ერთ სოფელსა თუ ნასოფლარზე ჩერდება. იქ, სადაც პირველად თითქმის ორი ათეული წლის წინ მოვხვდი. ამდენი ხნის წინ კი, ისეთი პატარა ვიყავი, დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რა მახსოვს პირველი შთაბეჭდილებიდან და რა გადმოცემიდან ვიცი. 


„თვალივი — სოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. ჟინვალის სადაბო თემი. მდებარეობს მდინარე ფშავის არაგვის მარცხენა მხარეს, მწვერვალ გორმაღლის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე. ქალაქ დუშეთიდან დაშორებულია 22 კილომეტრით.

სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირის ტყიან ზეგანზე, შემონახულია ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომლის მთავარი ნაგებობაა წმინდა გიორგის ეკლესია. იგი ხარჭაშნელ ეპისკოპოსთა მთავარი ტაძარი ყოფილა. დარბაზული ეკლესიის უძველესი სამშენებლო ფენა ადრინდელ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება, XV საუკუნეში გადაუკეთებიათ და განუახლებიათ. ტაძარი ნაგებია კლდის დამუშავებული ქვითა და შირიმის გათლილი კვადრებით.“


ლაშა-გიორგის სიყვარულის ისტორიაზე ალბათ, გსმენიათ. აი ის, ველისციხელი ასული რომ წაართვა ქმარს და შვილიც შეეძინათ, სახელად დავითი. ეს დავითი მერე მეფეც კი გახდა და მამამისის გვირგვინის ტრაგიკული და სევდიანი მემკვიდრეობა გააგრძელა. თუმცა ეს სულ სხვა ისტორიაა. თვალივზე საუბრისას, გიორგი IV ლაშას სიყვარულზე უნდა შევჩერდეთ - ამ ხასიათიანი და საინტერესო ბიჭის ამბავზე. 

თუ თვალივის ადგილობრივ მოსახლეობას დავუჯერებთ, მეფის სიყვარულის დასკვნითი ამბავი, ზუსტად ამ მიდამოებში განვითარდა. სოფელი თვალივის მიპირდაპირე ფერდობზე, კიდევ ერთი პატარა სოფელია, ტყეში ჩამალული და უხილავი. სახელად ხარტიშო - ძველად ხარჭიშოს ეძახდნენ იმიტომ, რომ აქ გააჩინა ველისციხელმა ქალმა დავითი. სიმართლეა? რა გითხრათ, აქ ასე იციან და ასე ჰყვებიან, ლამაზი ლეგენდაა. სიმართლესაც კი ჰგავს, იმდენად გასაგებია სოფლის სახელი. მერე ამ ქალს შვილი წაართვეს და თავად მონაზვნად აკურთხეს, ისტორიამ მისი სახელი „ხარჭად“ შემოინახა. რა ერქვა სინამდვილეში - სუსანა? დანამდვილებით ესეც არ ვიცით, ისტორიულ რომანში „ლაშარელა“ კი მისი სახელი ლილეა - ეს ლამაზი და მშვენიერი სახელი. 

აი თვალივში კი საინტერესო ხუროთმოძღვრული კომპლექსია - ხარჭაშნელ ეპისკოპოსთა ტაძარი, ადგილი სადაც ლაშა-გიორგიმ, აგვისტოს ერთ სევდიან დღეს, თავისი უდროოდ გარდაცვლილი სიყვარული დაკრძალა. თუმცა მეორე ვერსიაცაა, ამ ტაძარში კი არ მოუწია გიორგის ქალის დაკრძალვა, არამედ აქ იქორწინა საიდუმლოდ. ესეც, ისტორიის საკმაოდ ბუნდოვანი ნაწილია - საერთოდ, ჰყავდა თუ არა ცოლი ლაშა-გიორგის? XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან, ეს ნაგებობა იქცა საეპისკოპოსო საკათედრო ტაძრად. 

ასეთი სოფელია თვალივი, რომელიც ოდესღაც, ისეთი დიდი ყოფილა, იმდენი ბავშვით, სკოლაც კი ჰქონია. ის შენობა წლებია სახლადაა გადაქცეული და იმ ადგილიდან, მხოლოდ ეზოში დაბმული სასაცილო სახედარი მახსენდება. სოფელი წლიდან წლამდე ქრება. ჩემს ბავშვობაში ნასოფლარს ვერ დაარქმევდით, ახლა კიდე გზები გაუკვალავია, ზამთარში მხოლოდ 3 ადამიანი რჩება, სულ 2 ძროხა და 2 ძაღლია. ესაა მისი მუდმივი ავლადიდება. გორმაღლის ალპური ზონის საძოვრებიც კი აღარავის სჭირდება და მწყემსებსაც ვეღარ შეხვდებით.

ორი თუ სამი წლის წინ ეკლესიისკენ მიმავალი გზა გაწმინდეს, გაასუფთავეს და თითქოს ის იყო ზრუნვა უნდა დაეწყოთ, დაივიწყეს. დღეს ირგვლივ, ყველაფერი გაუვალი ბუჩქნარითაა დაფარული. და კვლავ არავინ იცის, რა იმალება მისი მიწის ქვეშ. 

სოფელი ბევრ მოგონებას ინახავს, იქნება ეს ლეგენდები ლაშა-გიორგიზე; 22 წლის ყაჩაღი ალექსის ისტორია, რომელიც ყაჩაღად მხოლოდ იმიტომ გავარდნილა, სკოლიდან ღუმელი მოუპარავს და გაღმა სოფლის ქვრივი ქალისთვის წაუღია; თუ იქნება ადამიანები.

სოფელს ადამიანები დაავიწყდა. ნელ-ნელა ამ მიუვალი გზებიდან მოსახლეობამ დაბლა გადაინაცვლა, ფშავის არაგვის ნაპირებზე. ვერც გაამტყუნებ, იქ უფრო ადვილი იქნებოდა. ზემო სოფელი კი დარჩა უსულო და გამოცარიელი, სადაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, ტურები და ზაფხულობით ასული რამდენიმე სტუმარი ხმაურობს - ეს ხმები ალბათ იმ საყდრამდეც ადის.

ავტორი: ნატა კიკნაძე