მუსიკა | ცა

პოსტ-პანკი და მისი სატელიტები

როგორც წინა სტატიაში აღვნიშნეთ, პოსტ-პანკი თავის დროზე „ახალი ტალღის“ ერთ-ერთი ქვეჟანრი იყო, თუმცა განმარტებას - „ახალი ტალღა“ - დღეს მხოლოდ 1970-იანი წლების მიწურულის და 1980-იანი წლების მუსიკის დასახასიათებლად თუ იყენებენ, ხოლო პოსტ-პანკი დღემდე აქტიურად გამოიყენება. 

ეს მიმართულება არა თუ გაცვდა, განახლებული

ფორმით დღემდე ფუნქციონირებს, 

მოდურიცაა და ინექციების სახით, თითქმის ყველა როკ-პოპ თუ მიმდებარე ჟანრშიც გვხვდება. ალბათ იმიტომ,

 რომ ის ესთეტიკა და სტილი, 

რომელიც პოსტ-პანკმა მოიტანა მუსიკაში, ბოლომდე 

მასობრივი ვერ გახდა და მისი სრულყოფილი ჩანაცვლებაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა ყველა იმ მიმართულებებისთვის, რომელიც

ბოლო 40 წლის განმავლობაში როკენროლის

პროგრესულ ფრთად ითვლებოდა. თუ რასთან გვაქვს საქმე პოსტ-პანკის შემთხვევაში, ამის გასაანალიზებლად უნდა დავბრუნდეთ 1970-იანი წლების მიწურულს, როდესაც ე.წ. „ახალი ტალღის“ წიაღში ეს ფენომენი წარმოიშვა.

თავად განსაზღვრება პოსტ-პანკი მიგვითითებს რომ ეს პანკის შემდეგ წამოსული მუსიკაა. პოსტ-პანკ მუსიკოსების უმეტესობა, პანკკულტურიდან მოდის და თითქმის ყველა მათგანს გავლილი აქვს კონტრკულტურულ-ნიჰილისტური წრთობა. პანკ-როკი, როგორც აუთენტიკური მუსიკალური ფორმა, საკმაოდ სწრაფად გადაიქცა კონიუნქტურად, ბევრი ძველი თუ ახალი პანკ მუსიკოსი, სწორედ ამ პანკ-სტანდარტიზაციის გზას დაადგა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც არ აკმაყოფილებდათ პანკის სწორხაზოვანი მუსიკალური ხერხები და ცდილობდნენ 

უფრო განევითარებინათ საკუთარი უნარები თუ მუსიკალური აზროვნება.

შესაბამისად,  სერიოზული,  შემოქმედებითი ამბიციებიც აწუხებდათ.  ერთის მხრივ, მათ  შეინარჩუნეს  პანკისთვის დამახასიათებელი შეურიგებელი  დამოკიდებულება  ბანალური,  ანგარებიანი და ანაქრონისტული მეინსტრიმის მიმართ,  მაგრამ  მეორე მხრივ,  დესტრუქციული  და ყველაფრის უარმყოფელი  რიტორიკა  ჩაანაცვლეს  საკუთარ  ცნობიერში (და ქვეცნობიერშიც) ქექვის მეშვეობით  რეალობაზე  რეფლექსირებით. ასეთი მიდგომის შედეგი   კი  გახდა  გაუცხოება,  მელანქოლია და დეპრესია, აი  სწორედ ასე აჟღერდა პოსტ პანკი.

მეორე მხრივ, ისიც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალი თაობის მუსიკოსებისთვის მთავარი გამოწვევა პრინციპულად ახალი მუსიკის შექმნა იყო, ხოლო ასეთი ხასიათის ბექგრაუნდი,

 ეს მხოლოდ მიღებული ჟღერადბის შედეგია. ცხადია, შემთხვევით არაფერი ხდება და აქ საქმე გვაქვს ურთიერთშექცევად პროცესთან. იმ პერიოდის სოციალურ-პოლიტიკური მეინსტრიმი, 

ანგარებიანი, იდეალების არმქონე და სახიფათოც (ბირთვული მილიტარიზაციის გამო) ბადებდა უიმედო განწყობებს, რომელიც ფიქსირდებოდა იმ მუსიკაში, რომელსაც ახალი თაობის არტისტები ქმნიდნენ.

რა თქმა უნდა, მხოლოდ პოსტ-პანკში არ ფიქსირდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ სწორედ ის გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი მუსკალური მონაპოვარი, რომელმაც შეიძლება ითქვას, კი არ განავითარა იგივე როკმუსიკა, არამედ შექმნა მისი რიმეიქი, მისი ახლი ჰიპოსტაზი, მისი ალტერნატივა. ჯონი როტენი, Sex Pistols-ის ყოფილი ფრონტმენი, თავისი ახალი ბენდის P.I.L.-ის სადებიუტო ალბომის ანოტაციაში ამბობდა კიდეც: ”პანკმა დაასრულა როკენროლი, ჩვენ კი შემოგთავაზებთ იმას, რაც მას მოყვებაო.“

პოსტ-პანკი საკმაოდ  მრავალფეროვნად, განსხვავებულად ჟღერს,  გამომდინარე იქედან, რომ  ამათუიმ დოზით, უამრავი  ინგრედიენტისგან  შედგება: ფანკი, რეგი,  დაბი, კრაუტროკი, ადრეული პროტო-პანკი,  თავისუფალი ჯაზი,  მინიმალიზმი, ავანგარდი,  ელექტრონიკაც  კი.  განსხვავებულობა გამოიხატება იმაში, თუ რომელი ინგრედიენტია აქცენტირებული,  რომელია ნიველირებული ან  მოცილებული.  ცხადია, დომინირებდა  მისი   ე.წ. კრისტალიზებული  ფორმა,  რომელიც დღემდე აღიქმება კიდეც  ჟანრის იდენტობის  გამოხატულებად  (Joy Division, Siouxsie and the Banshees, The Cure….) - პერმანენტულად პულსირებული რითმი, ბასის დომინაცია,  რომელიც ხშირად  არა მხოლოდ  რიფებს ასრულებს, არამედ   სიმღერის მელოდიური ხაზიც კი მიჰყავს.

პოსტ-პანკ ბასს, უფრო მეტი საერთო აქვს  ფანკთან  და რეგისთანაც  კი, ვიდრე  კლასიკურ როკთან,  სწორედ ასე იქმნება პოსტ-პანკ  გრუვი და დინამიკა.  საგიტარო  ფრაზები და პასაჟები არ არის ისეთი ლამაზი, მძიმე  და პათეტიკური  როგორც  კლასიკურ როკში,  ხშირად პასიურობს კიდეც  და „პირველობს“  მხოლოდ საჭირო დროს,  საჭირო ადგილებში(მაგ.  როცა ვოკალისტი „ისვენებს“ ), ხშირია კლავიშ-სინთეზატორული მიკროლანდშაფტებიც,  რომელიც უფრო ასევდიანებს აკუსტიკურ  რეალობას.

პოსტ-პანკის სასიმღერო მელოდია ხშირად არ „ემორჩილება“ თემა-მისამღერის სტანდარტს. ის ხაზი, რაც ვოკალისტს მიჰყავს, 

ორგანულად უნდა იყოს ჩაქსოვილი ტრანსულ 

რითმში და აღიქმებოდეს ერთიანი აკუსტიკური ნაკადის ელემენტად. ობსკურული რომანტიზმის მისაღებად სასურველია ბარიტონი, გადამეტებული სასოწარკვეთილებისთვის - მოთქმა-ტირილი. ეფექტურად მუშაობს ცივი, არაემოციური ხმა, რათა ხაზი გაესვას ამქვეყნიური ამაობისგან იმედგაცრუებას. მოკლედ ხერხი ბევრია. მთავარია, მსმენელი მიხვდეს: ეს ბიჭები(გოგოებიც) სერიოზულ, ღრმა განცდებში არიან, ან მსოფლიო სევდამ დაისადგურა მათში, ან პირად ეგზისტენციალურ დრამას განიცდიან, ან მეტაფიზიკური დეპრესია აწვალებთ.

ასეთი ხასიათის განცდების და განწყობის გადმოცემის მცდელობა როკმუსიკაში იქამდეც გვხვდებოდა, მაგრამ სწორედ 

პოსტ-პანკი გადაიქცა ამ მხრივ იდეალურ მუსკალურ ფორმად. როგორც უკვე ვახსენეთ დრო და ეპოქაც შესაბამისი იყო, განსაკუთრებით ბრიტანეთსა და ამერიკაში (ტეტჩერ-რეიგანის ეპოქის დასაწყისი). მეორე მხრივ, პესიმიზმი და აპათია ნებისმიერი ეპოქის ახალგაზრდებში გვხვდება და ალბათ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც, თუ რატომ გადაიქცა პოსტ-პანკი ასეთ დღეგრძელ მუსიკალურ ჟანრად, სწორედ ესაა და შემთხვევითი სულაც არ არის, რომ სწორედ პოსტ-პანკი გახდა მთავარი შთაგონება პირველი თაობის ქართველი ალტერნატიული არტისტებისთვის და ახალგაზრდებისთვის.

უკვე 1980-იანი წლების მეორე  ნახევრიდან,  ეს მუსიკა  იდეალურად  გამოხატავდა მათ შინაგან მდგომარეობას  და  დამოკიდებულებას იმ ყველაფრის მიმართ რაც გარშემო  ხდებოდა და ამიტომ გახდა ძალიან აქტუალური ჩვენში,  განსაკუთრებით  კი, 1990-იან წლებში.  უფრო მეტიც, თუ იგივე მაგალითად ბრიტანელი პოსტ-პანკ პირქუში არტისტებისთვის  დეპრესიული-ელეგიურობა გარკვეულწილად  სახელოვნებო პოზა იყო,  ჩვენში დამრთგუნველ,  გაუსაძლის, ბნელ  რეალობაზე  რეაქციას წარმოადგენდა. იყო.  ისიც კი არაა გასაკვირი,  თუ რატომ შეინარჩუნა  ჩვენში ამ მუსიკამ  ეს კვარცხლბეკი დღემდე,  „ჰეფი ენდამდე“  ჯერ ძალიან შორს ვართ  და იმიტომ.

ჟღერადობის და ფორმატის თვალსაზრისით, ამერიკული და ბრიტანული კლასიური პოსტ-პანკი საკმაოდ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. თუ ბრიტანულ პოსტ-პანკში (ისევე როგორც ევროპულში)

ჭარბობს ელეგიურობა, 

სნობიზმი და მანერულობა, ამერიკული - უფრო აჟიტირებულია, პირდაპირი და საგანგაშოც კი (Wipers, Saccharine Trust); ჟღერადობა უფრო ნედლი,

 შესაბამისად ყურისთვის ნაკლებად მომხიბლავი და ამიტომ ვერ დაიმსახურეს ამერიკელებმა ისეთი აღიარება მაშინ, როგორიც მათმა ბრიტანელმა ვიზავებმა. ამერიკაში პოსტ-პანკი სუფთა სახით ვერ „გახურდა“ და სწრაფად გადაიზარდა 1980-იანი წლების ე.წ. ალტერნატიულ როკში. 

პოსტ-პანკში  საწყისი ეტაპიდანვე აშკარად  გამოიკვეთა   ფანკზე აქცენტირებული ფრთა,  ოღონდ  ეს ფანკი იყო  გაცილებით  უფრო  აგრესიული  და ხისტი,  ვიდრე ორიგინალი.  შემთხვევით არ უწოდებდნენ ასეთ  მუსიკას მაშინ ფანკ-პანკს.  ბრიტანული ვერსია იყო უკიდურესად პოლიტიზირებული,  უკომპრომისო  და შეუპოვარი, აშკარად გამოკვეთილი ანტიკაპიტალისტურ-იმპერიალისტური   ხასიათით (Gang of Four, Au pairs). ამერიკული ვერსია უფრო ანდერგრაუნდ-ჰედონისტურ- საცეკვაო  (Pylon, Bush Tetras).

როგორც ამერიკულ, ისე ბრიტანულ პოსტ-პანკში ფანკი 

ხშირად იკვეთებოდა 

თავისუფალ ჯაზთან და ე.წ არტ-პანკთან, რის შედაგადაც მიიღებოდა ნამდვილი აკუსტიკური მონსტრი. ე.წ. პოსტ-პანკ ავანგარდი, ბრიტანეთში ყველაზე გამორჩეული იყო -

შეურიგებელი მემარცხენეების Pop Group

და ექსპერიმენტული This Heat. აი, ამერიკაში კი თითქმის დამოუკიდებელ იდიომად 

ჩამოყალიბდა No Wave ჟანრი, რომელიც ფაქტიურად პირველ პანკტალღას მოჰყვა ნიუ იორკში.

ეს მუსიკა იმდენად  დეკონსტრუქციულად, ბრუტალურად, ანტიპროდუქტულად და არაკომერციულად ჟღერდა, რომ  შეუძლებელი იყო  პირველი ფორმით დიდხანს გაეტანა.  სწორედ  ამას მიხვდა ბრაიან ინო, როდესაც დაესწრო ნიუ იორკში  No Wave-ერების  კონცერტს  და გადაწყვიტა ისინი სანაკრებო ალბომზე ჩაეწერა,  როგორც დროის და ადგილის ანდერგრაუნდული დოკუმენტი (ალბომი No New York , 1978).  No Wave-ს,  თავისი ექსპანსიური ხასიათით, ბევრი საერთო ჰქონდა პანკ-როკთან, მაგრამ თუ პანკი როკენროლის ოპოზიციური ფრთა იყო, No Wave  თავად გახდა პანკის რადიკალური  ოპოზიცია.

ამ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ჯეიმს ჩანსი იხსენებდა, რომ პანკჯგუფები იყენებდნენ რითმ-ენდ-ბლუზურ აკორდებს, ჩვენ კი გვინდოდა საერთოდ დაგვენგრია როკ თუ პოპ ფორმატებიო, და მართლაც, No Wave-ერებმა საკუთარ მუსიკაში შემოიტანეს თავისუფალი ჯაზის, ამერიკული მინიმალიზმის და კლასიკური ავანგარდის ელემენტები და შემოიტანეს

 სრულიად უტიფარი ფორმით. 

მუსიკოსთა უმეტესობა დიდი უნარებით ვერ გამოირჩეოდა, სამაგიეროდ მათ ჰქონდათ ნონკომფორმისტული სახელოვნებო ხედვა, გაჯერებული იმ პერიოდის ნიუ იორკის ბოჰემური ჯურღმულების კონტროვერსიული პათოსით. გამაღიზიანებელი, ატონალურ -დისონანსური აკუსტიკური რეზულტატის მიზეზიც სწორედ ეს იყო. „ნეგატივი? და რატომ უნდა ვიყოთ პოზიტიურები, რა გვაძლევს პოზიტივის საბაბს, თუ პოზიტივი გინდათ წადით მედისონ სკვერ გარდენში“ - ასე უპასუხა Teeage Jesus&the Jerks-ის სოლისტმა, ლიდია ლანჩმა კითხვას, თუ რატომ იყო მათი მუსიკა უკიდურესად დისკომფორტული. სხვათა შორის, მანვე დაანათლა ამ მოძრაობას სახელი, როდესაც ჰკითხეს:

-თქვენი მუსიკა New Wave-ია? 


-არა, უფრო No Wave (არა ტალღა).

No Wave-მა საკმაოდ დიდი ინტრიგა გამოიწვია წარსულის ექსპერიმენტატორ მუსიკოსებშიც, რობერტ ფრიპი ამბობდა: „ ამ მუსიკოსებმა არაკომპეტენტურობა აქციეს ისეთ სტანდარტად, რომლის მიღწევა უკვე კომპეტენტურ მუსიკოსებს გაუჭირდებათო.“ მიუხედავად იმისა, რომ ამ მოძრაობამ სულ რაღაც 2-3 წელიწადს გასტანა, უზარმაზარი იმპულსი მისცა ექსპერიმენტული ვექტორების გაღრმავებას პოპ, როკ, ელექტრონულ მუსიკაშიც კი. იგივე Sonic Youth, ანდაც Swans მათ პირდაპირ მემკვიდრეებად ითვლებიან.

No wave-ის პიონერების ნაწილი გადაეშვა სხვადასხვა ავანგარდულ  თუ ქსპერიმენტულ დინებაში,  ნაწილი კი ტრანსფორმირდა  პოსტ-პანკში,  მის ე.წ. დენს-ფანკ-პანკ  სეგმენტში. ესაა  წმინდა  წყლის ანდერგრაუნდული საკლუბო მუსიკა, ერთდროულად ხისტად და  ლაკონურად,  მეორე მხრივ კი მოულოდნელად,  გამომგონებლურად  და ეგზოტიურადაც  რომ ჟღერს (Liquid Liquid, ESG).  მათი პირდაპირი მემკვიდრეა თანამედროვე  დისკო-პანკი უამრავი  საცეკვაო-ალტერნატიულ -ელექტრონული  მინაერთით , სახელგანთქმული  LCD Soundsystem-ის მეთაურობით.

ზოგადად პოსტ-პანკის, როგორც მოვლენის ბოლომდე მოხელთება, თავისი ქვედინებებით, 

მეინსტრიმით და იატაკქვეშეთით ფაქტობრივად შეუძლებელია. გვხვდება ისეთი ინდივიდუალური გაელვებებიც, 

როდესაც ძნელია იმის თქმა, თუ კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, კოლექტივი სან-ფრანცისკოდან Tuxedomoon, მხოლოდ ინტუიციით თუ მიხვდები, რომ აქაც „ახალი ტალღის“ სუბჟანრ, პოსტ-პანკთან გვაქვს საქმე. 

მოგვიანებით კლასიკურ პოსტ-პანკში გაჩნდა ე.წ. გოთური სუბკულტურა შესაბამისი აკუსტიკური ატრიბუტიკით, ისკეიპისტური,

 „შავ-რომანტიკული“, უკიდურესად ემოციური, მგძნობიარე და ნერვიულიც. „გოთიკამ“ კი თავის მხრივ დასაბამი დუდო ე.წ „დარქ კაბარეს“ და ობსკურანტიზმით და მისტიციზმით გაჯერებულ „დარქ ფოლკს“. პოსტ-პანკის ნაწილი შევიდა ალიანსში პაუერ პოპთან, რის შედეგადაც გამოიკევთა ინდი-როკის, ალტერნატიული როკის, კოლეჯ-როკის ფორმები. სწორედ პოსტ-პანკის წიაღში შეიქმნა ბრუტალური „ინდასტრიალიც“, რომელსაც დამოუკიდებელი იდეოლოგია ჰქონდა და იკვლევდა ტრანსგრესიულ აკუსტიკურ რეაგირებებს ტოტალურ კონტროლსა თუ ინდუსტრიულ წნეხზე.

პოსტ-პანკის სერიოზული მიღწევა გახდა ისიც, რომ ამ მუსიკის დაძლევა ყველა ჯურის და ნაციონალობის მუსიკოსმა შეძლო, თუმცა ამ მხრივ მაინც გამოირჩევა ე.წ . დასავლეთ გერმანული პოსტ-პანკი - სრულიად განსაკუთრებული ფენომენი. ისევე როგორც ყველგან, რა თქმა უნდა აქაც დომინირებდა სტანდარტული პოსტ-პანკი, მაგრამ გერმანელთა უნიკალური მონაპოვარი დასავლეთ ბერლინური მოძრაობაა, რომელიც „გენიალური დილეტანტების“ სახელითაა ცნობილი. ის ნიუ იორკული No Wave-ის და ბრიტანული პოსტ-პანკ ავანგარდის სრულფასოვან ალტერნატივად იქცა. „გენიალურ დილეტანტებს“

კვებავდა სწორედ დასავლეთ 

ბერლინური რეალობა - უკიდურესად თავისუფალი,

რადიკალური, ანტიკომერციული,

 ექსპერიმენტული და გერმანული.

რა თქმა უნდა, მათზე გავლენა იქონიეს წინა თაობის კრაუტ-როკერებმაც,  მაგრამ თუ კრაუტ-როკერები იყვნენ დეპოლიტიზირებული მეოცნებე ექსპერიმენტატორები, „გენიალური დილეტანტები“ იყვნენ  არტ-ტერორისტები,   რომლებიც შეპყრობილნი იყვნენ  საკუთარი თავის მაქსიმალურად კონტროვერსიულად გამოხატვით.  მათ,  ადრეული გერმანული ექსპერიმენტალიზმი,  პანკპრიზმაში  გაატარეს და მიიღეს ის,  რაც მიიღეს. ყველაზე გამაოგნებელი და  რადიკალური,  რა თქმა უნდა იყო Einsturzende Neubauten -ის ბრუტალურ-ინდუსტრიული შემოქმედება იყო, რომელშიც თავდაპირველად  მუსიკალური ინსტრუმენტები  საერთოდ იგნორირებულიც კი იყო.

\

გერმანულ პოსტ-პანკში ყველაფერი არეული იყო - პანკი, პოსტ პანკი, გოთიკა, ინდასტრიალი, ნოიზი და შლაგერიც კი. როგორც მოსალოდნელი იყო, 

თავიდანვე გამოიკვეთა 

ელექტრონიკის გადამწყვეტი როლი, 

რაც გერმანული

მემკვიდრეობიდან გამომდინარე,

სულაც არ იყო გასაკვირი, თუმცა ელეტრონიკა იმ დროს უკვე აქტიურად იყო ჩართული ყველგან, ყველა ფრონტზე, განსაკუთრებით კი „ახალ ტალღაში“ . აქ კი უკვე ვიჭრებით უმნიშვნელოვანეს 

პოპ-ელექტრონულ ტერიტორიაზე, რომელსაც აუცილებლად გამოვიკვლევთ შემდეგ ტექსტში.

ავტორი: გია ხადური