პოლიფონიის ანონიმი ავტორები

როგორ და სად გაჩნდა პოლიფონიური მუსიკა? როგორ

იქმნებოდა საუკუნეების წინ ხალხური ნაწარმოებები? 

ამ კითხვებზე ზუსტი პასუხები ჯერ-ჯერობით არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მრავალხმიანი მუსიკის პირველი ჩანაწერი ევროპაშია აღმოჩენილი და X საუკუნით თარიღდება. ინტუიციურად პოლიფონია თითქოს ნაკლებად აკადემიურ სისტემებს და ძველ კულტურებს უკავშირდება.

ეს „ხალხების“ მუსიკაა, ხანდახან უავტორო, წარმომავლობის გარეშე, ამიტომ ხშირად მისი ასავალ-დასავალი გაურკვეველი რჩება ხოლმე. 

თუმცა, სანამ საკითხის ეთნოკულტურულ განხილვაზე გადავალთ, ჯერ ტექნიკურად განვსაზღვროთ, რა არის პოლიფონია და რით განსხვავდება ის სხვა ძირითადი მუსიკალური ტექსტურებისგან - მონოფინიისა და ჰომოფონიისგან.

მონოფონია მუსიკის ყველაზე მარტივი, ერთფენიანი ტექსტურაა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ინსტრუმენტით ან ვოკალით სრულდება მუსიკა, ან რამდენი აკორდია გამოყენებილი, მთავარი პრინციპი ერთი მელოდიაა, თუნდაც სხვადასხვა ოქტავაში. მონოფონიურ მუსიკაში შეიძლება გვესმოდეს დრამი, რომელიც განსაზღვრავს მხოლოდ რიტმს და არ ცვლის მელოდიას.

ჰომოფონურ მუსიკაში მელოდიასთან ერთად კიდევ ერთი ფენა, ჰარმონია ჩნდება. ასეთ დროს წამყვანი მელოდიაა და ჰარმონია დამხმარე როლს თამაშობს. რაოდენობრივად, მუსიკის ყველაზე დიდი ნაწილი, სწორედ ამ ტექსტურის ჯგუფს მიეკუთვნება.

რა ხდება მაშინ, როცა პარალელურად ორი ან რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მელოდია, ან ერთზე მეტი სხვადასხვა სიმაღლის ბგერა გვესმის? ეს პოლიფონიური მუსიკა, ანუ მრავალხმიანობაა.

მრავალხმიანი მუსიკა მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში თავისებური ფორმებით არის გავრცელებული, თუმცა გამორჩეულია 3 გეოგრაფიული არეალი - სუბ საჰარის აფრიკა, ოკეანია, ევროპა - რომლებსაც პოლიფონიის განსაკუთრებული სირთულე, ინტენსივობა და მრავალფეროვნება ახასიათებთ. საწყისების ძებნაში, ალბათ, არ გამოგვადგება, მაგრამ განვიხილოთ მაგალითები თითოული რეგიონიდან იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად თვითმყოფადი ფორმებით შეიძლება არსებობდეს პოლიფონია ერთმანეთისგან დაშორებულ კულტურებში.

სუბ-საჰარის აფრიკა

სოციალური სტრუქტურის მუსიკაში თარგმნის საუკეთესო მაგალითი აფრიკული მრავალხმიანობაა, რომელშიც არ არსებობს მსმენელის და შემსრულებლის ცნება და ისევე, როგორც სხვა ყოველდღიურ საქმიანობაში, ჯგუფის წევრები თანაბრად მონაწილეობენ მუსიკის შესრულების პროცესში სოციალური დიფერენციაციის გარეშე. აქ მუსიკა ცეკვის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია, შესაბამისად, საქმე გვაქვს რიტუალებთან, რომლებსაც თავიანთი ფუნქციური დატვირთვა აქვს.

აფრიკულ პოლიფონიას ცეკვის თანხლების გარდა, აქვს კიდევ ერთი მთავარი მახასიათებელი - ზუსტი მეტრო-რიტმი, რომელიც შესაძლოა, სხვა კულტურების მრავალხმიანობაში არ შეგვხვდეს, თუმცა სუბ-საჰარაში მუსიკად არ მიიჩნევა ისეთი ხმოვანება, რომელსაც არ აქვს გამოხატული რიტმი. ცალკეულად რიტმიც, რომლებიც ინსტრუმენტებით იქმნება, პოლირიტმულად (როცა რამდენიმე სხვადასხვა რიტმი ერთდროულად ჟღერს) გვევლინება ხოლმე.

ბაკას ხალხში, რომელიც კამერუნის, კონგოს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის და გაბონის ტყეებში ცხოვრობს, კარგადაა შემონახული პოლიფონიური შესრულების ტრადიცია. დაბალი ტანის გამო (საშუალო სიმაღლე 1.52 მეტრია), ბაკას ტომები განდევნილები იყვნენ მეზობელი საზოგადოებებისგან და ხშირად იცვლიდნენ საცხოვრებელს. შედეგად ხალხმა შეინარჩუნა საკუთარი ენა და კულტურული გამოხატვის ფორმები, რაც აისახება მრავალხმიანობაში და პოლირითმულ პერკუსიაში.

ტრადიციულად რიტუალის ვოკალურ ნაწილში ქალებს განსაკუთრებული როლი აქვთ და იყენებენ ე.წ იოდელინგის ტექნიკას, რომელიც ხასიათდება უწყვეტი და სწრაფი ცვლილებებით დაბალ და მაღალ რეგისტრებს შორის. ინსტრუმენტები კი მამაკაცებს აქვთ ათვისებული.

ოკეანია

მე-18 საუკუნეში ევროპელმა მოგზაურებმა აღმოაჩინეს, რომ ისეთ ნაკლებად ცივილიზებულ კულტურებში, როგორიც პოლინეზია და მელანეზეა იყო, არსებობდა პოლიფონიური მუსიკა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გამჯდარი იყო ადგილობრივების კულტურაში. ევროპელების აზრით მუსიკის თეორიის ცოდნის გარეშე მრავალხმიანობის არსებობა შეუძლებელი იყო, ამიტომ ძალიან გაჭირდა იმის დაჯერება, რომ ნახევრად ბარბადოს ხალხს პოლიფონიური შესრულების ასეთი ტრადიცია ჰქონდა.

სხვადასხვა პოლიტიკური მიზეზის გამო, მრავალხმიანობა პოლინეზიაში იმდენად კარგად არაა შემონახული, როგორც მელანეზიაში, თუმცა ტონგას კუნძულებზე შენარჩუნდა დიდი საგუნდო ჟანრი, ლაკალალაკა, რომელშიც კომბინირებულია პოეზია, ცეკვა და საგუნდო მუსიკა. 

რიტუალი, რომელიც დაახლოებით 10-25 წუთი გრძელდება 100-200 ადამიანი მონაწილეობით, ტონგაში საზეიმო ან მონარქიისთვის პატივის მიგების ცერემონიალია.

წარმოდგენაში წამყვან როლს თამაშობს „პუნაკე“, რომელიც პოეტის, დირიჟორის და კომპოზიტორის როლს ითავსებს. ის, ფაქტობრივად, პერფორმერი არტისტია, რომლის შემოქმედებითობა განსაზღვრავს ცერემონიალის მსვლელობას.

ევროპა

ევროპული მრავალხმიანობის ისტორია შუა საუკუნეებში იწყება. აკადემიური კულტურისა და მუსიკოსის, როგორც პროფესიის განვითარების გამო, ევროპაში სხვა რეგიონებისგან განსხვავებით პოლიფონიური მუსიკა ეტაპობრივად განვითარდა ჰომოფონიური ტექსტურისგან. აქ მეათე საუკუნიდან გამოჩნდნენ ავტორები, რომლებმაც საეკლესიო საგალობლების სახით დაიწყეს მრავალხმიანი ნაწარმოებების შექმნა. მათგან ერთ-ერთი უპირველესია, რომელიც X საუკუნის დასაწყისით თარიღდება.

თუმცა, აკადემიური მიდგომების და მუსიკის თეორიების დახვეწის პარალელურად, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არსებობდა პოლიფონიის „ხალხური“ ფორმები, რომლებსაც დღემდე ეთნიკური და ნაციონალური ღირებულება აქვს.

ალბანური პოლიფონია, „ისო“.

საქართველო

მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოლიფონიური ნამუშევრების პირველი ჩანაწერები ქრისტიანულ კულტურას უკავშირდება, არსებობს არაერთი ფაქტი იმის შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდა ჯგუფური, ე.წ. „ხალხური მუსიკა“. ერთ-ერთი ასეთია თრიალეთის ვერცხლის თასი, რომელზეც ასახულია ფერხული ( ქართული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახეობა). 

მართალია, „ხალხურობა“ ავტომატურად არ ნიშნავს მრავალხმიანობას, თუმცა მუსიკის ჯგუფურად შესრულების შესახებ ჩანაწერები საფუძველს გვაძლევს დავუშვათ, რომ საქართველოში ათასწლეულების წინაც შეიძლება ეარსება პოლიფონიას. საუკუნეების შემდეგ კი X-XII საუკუნეებში ქრისტიანული სარიტუალო მრავალხმიანობის განვითარებამ პიკს მიაღწია.

ერთი მხრივ საეკლესიო ტრადიციების, მოერე მხრივ კი - საქართველოს კუთხეების ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვითარებამ, შექმნა დიალექტების და ჟანრების მრავალფეროვნება, რომლებიც ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა თაობებს. მუსიკის ჩაწერა და შეგროვება კი მხოლოდ XIX საუკუნეში დაიწყო.

ქართული ბურდონული (სამხმიანი) პოლიფონიის კლასიკური ნიმუშია ჩაკრულო, რომლის პირველი ჩანაწერი ზაქარია ფალიაშვილმა სოფელ ვაჩნაძიანში გააკეთა. ჩაკრულოს ტექსტების სხვადასხვა ვერსია არსებობს, ზოგი პროზაულია ზოგიც სუფრულ- პოეტური.

პოლიფონიის ყველაზე მრავალრიცხოვანი საბადო ქვეყანაში გურიაა. ტრადიციული ხალხური სამხმიანი სიმღერის გარდა, აქ გვხვდება ოთხმიანი სიმღერა - „ნადური“, რომელშიც ერთ-ერთი ხმა კრიმანჭულია (კრიმანჭული მამაკაცის ყველაზე მაღალი ხმის „დაგრეხვას“ ნიშნავს). გადმოცემის მიხედვით, კრიმანჭული უკაცრიელ ადგილზე მარტო მყოფი ბავშვების ხმაა, რომელიც ავ სულებს აფრთხობს.

თითოეულ რეგიონში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ხასიათის მუსიკა გვხვდება. ხანდახან რთულიც კია, მათში მსგავსებების, საერთოს მოძებნა.

გია ყანჩელმა ერთხელ თქვა: 

„მე ვიცი, ისე დავტოვებ ამ ქვეყანას, ვერ მივიღებ პასუხს კითხვაზე, როგორ შეიქმნა ქართული ხალხური მრავალხმიანობა. ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარი ფენომენია. ერთადერთი ვიცი ის, რომ ხალხური მუსიკა ხალხის მიერ მოედნებზე არ იქმნებოდა, ამას ქმნიდნენ გენიალური ანონიმები.“

არ ვიცი, მუსიკის ოსტატობა განსაზღვრავს ამას, თუ ადამიანური ურთიერთობების ჰარმონია, მაგრამ ცხადია, რომ პოლიფონიურობა ერთი მხრივ ძალიან განვითარებული ესთეტიკის კულტურებში გვხდება, მეორე მხრივ კი, ძალიან მარტივ, თითქმის „პრიმიტიულ“ სოციალურ ჯგუფებში.

კითხვა ავტორობის შესახებ კვლავაც პასუხგაუცემელი რჩება, თუმცა ალბათ სასიამოვნოა გვჯეროდეს, რომ ადამიანებს მარტოც და ერთადაც, განათლებითაც და მის გარეშეც შეგვიძლია შევქმნათ რაღაც გენიალური.

საინტერესოა, როგორ გააგრძელებს არსებობას ქართული მუსიკის ცოცხალ ყოველდღიურობაში გენეტიკურ კოდად ქცეული მრავალხმიანობა.

ავტორი: ქეთი რაზმაძე