გადანაცვლების რიტუალები - თანამედროვე ხელოვნების ბიენალე 2021

ას ქმნიან არტისტები დღეს, როცა სამყარო გაურკვეველ მდგომარეობაშია და ხელოვნებისთვის ერთის მხრივ განუზომლად ბევრი მედიუმი და სივრცეა, მეორე მხრივ კი პანდემია და შეზღუდვები მისთვის ადგილს ავიწროებს და ხალხმრავალ გამოფენებს ზღუდავს - თანამედროვე ხელოვნების ბიენალე ამ კითხვაზე პასუხის გაცემის წარმატებული მცდელობა და მეორე მხრივ იმ მდგომარეობის დაფიქსირებაა, რაც გვაქვს დღეს, 2021 წლის ოქტომბერში.

Propaganda.Network-ის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ჯგუფური გამოფენა Oxygen, რომელიც თბილისში მეოთხედ გაიმართა, წელს ბიენალედ გამოცხადდა და მასშტაბები გაზარდა. ქეთევან შავგულიძისა და სერ სერპასის კურატორობით გამართული გამოფენა სათაურით “გადანაცვლების რიტუალები” 30-ზე მეტი არტისტის ნამუშევარს აერთიანებდა საქართველოდან და მის ფარგლებს გარეთ. 

ლადო ლომიტაშვილი

ნოსტალგია ცინიზმის მცირე დოზით და გაუცხოება, 2021

ბიენალეს ფარგლებში გაიმართა საგანმანათლებლო, თემატური საუბრები და პარალელური ღონისძიებები. ცენტრალური საგამოფენო სივრცის გარდა, რომელიც დოდო აბაშიძის 10 ნომერში მდებარე ელექტროსადგურის ფაქტობრივად მიტოვებულ შენობას და იქვე მდებარე სხვა ნაგებობებს წარმოადგენდა, პარალელური ღონისძიებებისთვის თბილისში არსებული სხვა საგამოფენო სივრცეები და გალერეებიც “ბიენალეს” მიერ იყო “ათვისებული”.

კოტე ჯინჭარაძე

ტრანსფორმაცია, 2021

ბიენალეს ფარგლებში გამოფენები პარალელურად მიმდინარეობდა “ცოცხალ სივრცესა” და “პირდაპირ ეთერში”, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ნახვა ყველას შეეძლო იმის მიუხედავად, ფიზიკურად მივიდოდა თუ არა საგამოფენო ექსპოზიციების დასათვალიერებლად. ყველა ნამუშევრის შესახებ ვიდეოდოკუმენტაცია “არტარეამ” მოამზადა და გამოფენის პარალელურად ინტერნეტში განათავსა მათთვის, ვინც “ეკრანულ” ცხოვრებას მიეჩვია. 

ამ დოკუმენტაციამ თავის მხრივ ბიენალეს დროითი შეზღუდვა მოუხსნა და ნამუშევრების ნახვა ამ ფორმით მისი ფიზიკურ სივრცეში დასრულების შემდეგაც გახადა შესაძლებელი. #ეთერში და #intheether ის ჰეშთეგებია, რომელიც ბიენალეზე გამოფენილი ნამუშევრების შესახებ ვიდეოების მოძიებაში დაგეხმარებათ. 

Lost and Found - შელოცვა დაკარგულის დასაბრუნებლად

მარიამ ნატროშვილი & დეთუ ჯინჭარაძე, 2020

“გადანაცვლების რიტუალები” არა მხოლოდ ბიენალეს სათაური, ის კომპლექსური მდგომარეობაა, რომელშიც იმყოფებიან არტისტებიც და ხელოვნების მოყვარულებიც დღეს - გაუცხოება, გადავადებული ყოველდღიური, მოგონებები მასობრივ ღონისძიებებზე და ცოდნა იმის, რომ აღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო. ეს მდგომარეობა გვაიძულებს ვეძებოთ ახალი გზები, ფორმები და მედიუმები თავის უკეთ გამოსახატად და აქტუალობის შესანარჩუნებლად - “გადანაცვლების რიტუალები” კი ცდილობდა ყოფილიყო ნავიგატორი იმის საჩვენებლად, როგორი შეიძლება იყოს გამოფენა მაშინ, როდესაც ის „ეკრანულ“ ცხოვრებას და მასობრივი სახელოვნებო ღონისძიებების შესახებ მოგონებების სპეციფიკურ მოთხოვნებს ერგება.

“გადანაცვლების რიტუალები”, როგორც მცდელობა დროის, მომენტის დაფიქსირებისა საყურადღებოა, რამდენადაც სხვადასხვა მედიუმში შექმნილი, სხვადასხვა თემატიკისა და მასშტაბის ნამუშევრები გააერთიანა - ვიდეოარტი, რომელსაც უფრო და უფრო “უშინაურდებიან” ქართველი არტისტები და ინსტალაციები, რომლებიც იდეალურად ჯდებოდნენ საგამოფენო სივრცეში საინტერესო სურათს ქმნის. მნიშვნელოვანი იყო ასევე პარალელური ღონისძიებები, რომლებიც აბრეშუმის მუზეუმში, გალერეებში 4710, LC Queisser, E.A. Shared Space, საწყობი, ართბითი, გამრეკელსა და The Why Not Gallery-ში იმართება. ბიენალეს ეთმობოდა დედიკას გალერეა და თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში, სადაც 28 ოქტომბერს, ბიენალეს ფარგლებში, უკვე ახალი თანამედროვე ხელოვნების გამოფენა - „ციფრული მკვიდრები“ გაიხსნება.

ბიენალეს მნიშვენლოვანი კომპონენტი იყო ასევე საგანმანათლებლო შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც კურატორები, ხელოვანები და მკვლევარები სხვადასხვა თემაზე მართავდნენ დისკუსიებსა თუ დიალოგებს. 


ავტორი: ნასტასია არაბული / AT.ge


ფოტო: სანდრო სულაბერიძე, რეზი ყენია



მედია პარტნიორები:


Facebook: Artarea/Tv2.0 , Propaganda.networkStamba HotelTBC Concept - თიბისი კონცეპტი


Instagram: Artareatv2.0Oxygen_biennialPropaganda.networkStamba.hoteltbc_concept


Web: www.oxygen.propaganda.networkwww.helloblog.ge