კოლექტიური ცეკვა ეგზისტენციალურ ნოტებზე
Tsa.Music...
დავით დათუნაშვილი - ზოგ ყვავილს უფრო ნაზი მოპყრობა უნდა, თუ არ გაწვიმდა
დავით დათუნაშვილის ახალი ალბომი ნამდვილად გამორჩეული ნამუშევარია, რომელზეც მუსიკოსი წლების განმავლობაში მუშაობდა. 16 კომპოზიციის ფარგლებში დავითი საკუთარ ინდივიდუალურ ჟღერადობას სრულიად განსხვავებულ ხმოვანებაში შლის და მაღალმგრძნობელობით გადმოგვცემს სათქმელს - უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ალბომი 2023-ში.
Natalie Beridze - SPINES
ნატალია ბერიძის ახალი ალბომი CES Records-ზე განსხვავდება მისი წინა ნამუშევრებისგან, პირველ რიგში იმით რომ ბევრად რიტმულია, თუმცა აქაც შეხვდებით ემოციურ ემბიენტ პასაჟებს და არც ეს რიტმებია ერთფეროვანი. მუსიკოსის სიტყვებით ალბომი მის მოგონებეს ეძღვნება, როდესაც მოძრავი ავტომობილის სავარძელში გაჰყურებდა მუდმივად ცვალებად ლანდშაფტს.
kordz - იქ ჩემი მეგობრები ცხოვრობენ (with Kluster5)
ალექსანდრე კორძაიამ დაასრულა ქართული ტური - მუსიკალური სპექტაკლის “ბრუნტეტი”-ს პრემიერამ რამდენიმე რეგიონში წარმატებით ჩაიარა. სწორედ ამ პროექტის ნაწყვეტს, “იქ ჩემი მეგობრები ცხოვრობენ” გვიზიარებს Youtube-ზე, რომელსაც კოკა კიტიას ანიმაცია გასდევს თან.
Lovincage – Too Many requests
Lovincage ეს არის ძალიან საინტერესო ახალი დუეტი თბილისიდან. პროექტის ავტორები დავით კიკნაველიძე და ალექსანდრე ჯანაშვილი უკვე 1 წელია რაც ერთად მუშაობენ. მათი სადებიუტო EP კი 4 კომპოზიციისგან შედგება. მინდა ისინი შევაქო საქართველოსთვის საკმაოდ ნიშური ჟღერადობისთვის, რომელიც ქართულენოვან ტექსტებს თან გასდევს. აუცილებლად რეკომენდირებული ოქტომბრის თვიდან.
Melatonini - წვიმის თვე
მელატონინი, ასე ქვია ბენდს რომელიც დასაწყისში
დათა კაციტაძის სოლო პროექტი იყო. ბენდის ჟღერადობა Post Punk-ისა და Dark Wave-ის ნაზავია. მათი სადებიუტო ალბომი წვიმის თვე კი უკვე სტრიმინგ პლატფორმებზე შეგიძლიათ მოისმინოთ.
Drunk Dandies – Do It Now
სადებიუტო სინგლი ქართული ბენდისგან Drunk Dandies.
GEORGINA BEASTLY - Browbeat in 4/4 (Live at Vimana)
GEORGINA BEASTLY-ის პროექტზე წინა თვეებშიც არაერთხელ გვისაუბრია. ამჯერად ჯგუფის წევრები თბილისში არსებულ სივრცეში Vimana-ში შეიკრიბნენ და იმპროვიზაციული ელექტრო-აკუსტიკური ლაივი გამართეს, რომლის ჩანაწერსაც Bandcamp-ზე გვიზიარებენ
Gertrude Strong - Freeze tails
ბევრი არაფერი ვიცი ამ ანონიმურ პროექტზე, თუმცა მომეწონა მისი ექსპერიმენტული და არაორდინალური ჟღერადობა და მიდგომა ხმოვნებისადმი. ცოტა პირქუში და უკომპრომისო - ის რაც აკლია ქართულ მუსიკალურ სცენას.
LUKIANE - TR - A in
0001.Rec თბილისში დაფუძნებული ლეიბლია
ლუკა ზაქარიაძის მიერ. აღნიშნული მცირე EP-იც ანალოგურ მოწყობილობებზე შექმნილი კომპოზიციების კრებულია.
Morevi Records - Four Years of Morevi [MRVD002]
ფირფიტების მაღაზია და ლეიბლი Morevi Records 4 წლის იუბილისადმი მიძღვნილ 4 ტრეკიან EP-ს აქვეყნებს, რომელიც ლეიბლის მეგობრების ტრეკებს Dub Techno და Breaks ჟანრში მოიცავს.
George Ergem - Stolen Skies
გიორგი ერგემლიძე მისთვის ბოლო წლებში დამახასიათებელ Retrowave ჟღერადობით ახალ სინგლს, Stolen Skies-ს აქვეყნებს.
SvanSikh - სად ხარ (Hey Brother) (Feat. Asat Rina)
დიდი ხნის შესვენების შემდეგ პოპულარული ქართული დუეტი SvanSikh მსმენელს ახალი სინგლით დაუბრუნდა. ვიმედოვნოთ რომ ჯგუფი, თუნდაც შეცვლილი მუსიკალური სტილით უფრო მეტს გვიმზადებს სამომავლოდ.
Universe∞Man - მოვალ
ადამიანი∞სამყარო ბელგიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსის და ავტორ-შემსრულებლის დაჩი ხასაიას პროექტია, რომელიც ახალ ქართულენოვან lo-fi სინგლს აქვეყნებს. სინგლი მამოტივირებელი ენერგიით და მესიჯით არის გამსჭვალული და მიგვანიშნებს რომ სასურველი შედეგების მისაღწევად, მოქმედებაა საჭირო.
Chaos in the Attic - Fauda
ამ ალტერნატიულ ჯაზ პროექტზე წინა თვეებშიც ბევრი ვისაუბრეთ. ამჯერად მისი წევრები ანონიმური ველიდან გამოვიდნენ და მინდა გახაროთ რომ ნიკუშა სირბილაძე და გიორგი კახიანი ძალიან საინტერესო ახალ EP-ს გვთავაზობენ, სახელად Fauda, რომელიც არაბულად ქაოსს ნიშნავს.
LOUDSpeakers – Reverse
ჯგუფი LOUDSpeakers ახალ კომპოზიციას Reserve აქვეყნებს, რომლის მუსიკალური ვიდოეოც ჯგუფის კონცერტებზე ჩაწერილი ვიდეოკოლაჟია. როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ, სიმღერა სამყაროს კანონზომიერებაზეა, როდესაც ყველაფერს გააჩნია მეორე მხარე და საბოლოოდ ადამიანს უწევს არჩევანის გაკეთება თუ საით გადაიხაროს.
Anry Khachiuri – Shapeless
თბილისელი მუსიკოსის და კომპოზიტორის, ანრი ხაჩიურის ორ ნაწილიანი მუსიკალური ნაწარმოები, სუიტა,
მინი კონცერტი პროლოგით და ეპილოგით.
გია ქარჩხაძე, SophiO – Sweet September Rain
Soft Eject-ის წევრის, გია ქარჩხაძის და სოფო კაკულიას, იგივე Sophio-ს მორიგი აკუსტიკური სინგლი ამჯერად ფოლკისა და ბოსა ნოვას გადაკვეთაზე
Bjazz11 - Cosmic Blues Mixtape
ბექა გოჩიაშვილი ახალი მიქსტეიპით ბრუნდება, რომელიც მუსიკალურად 2 წლის წინ, ბრიტანულ CO-OP Recordings-ზე გამოშვებული ალბომის გაგრძელებაა.
ეს არის boogie-ის, cosmic jazz-funk-ისა და broten beat-ის ნაზავი, რომელიც ბოლო წლებში ახალგაზრდა მუსიკოსის საფირმო ჟღერადობად იქცა. ჩანაწერის მთავარი პროდიუსერი მიშო ურუშაძეა, ვიზუალური გაფორმება კი მაია სუმბაძეს ეკუთვნის.
Sexy Bicycle – Soon
ნიკა ელიას პროექტი Sexy Bicycle რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა მსმენელის წინაზე, ბარსელონაში მოღვაწე მუსიკოსი უკვე საქართველოშია და ოქტომბერში ახალი ვიდეო კლიპი, „Soon” შესთავაზა მაყურებელს, რომელიც სამომავლო ალბომის ნაწილია.
სელექცია : ჯაბა შავიშვილი