ლიტერატურა

გზაზე

„საბა"

მარტი 12, 2021

"ერთ მშვენიერ დღესაც მოზრდილ ხელნაწერ ნაშრომს საწერ მაგიდაზე ადგილი მივუჩინე, უკანასკნელად გავასწორე ჩემი კომფორტული ლოგინი, ტილოს ჩანთაში ჩავალაგე რამდენიმე ყველაზე აუცილებელი ნივთი და ორმოცდაათი დოლარის ამარა წყნარი ოკეანის სანაპიროსკენ გავწიე"...

ამერიკული ბიტთაობის მთავარმა წარმომადგენელმა, ჯერ კერუაკმა თავისი ყველაზე ცნობილი წიგნი „გზაზე“ 1951 წელს, სამ კვირაში დაწერა და 1957 წლამდე ვერ გამოსცა, რადგან ტექსტი არც კრიტიკოსებს მოსწონდათ და მისი გამოცემით არცერთი გამომცემელი არ დაინტერესებულა.


„გზაზე“ ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი, საკულტო წიგნია და ამერიკული ლიტერატურის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა.

წიგნის საავტორო ხელნაწერი, უფრო სწორად, დაბეჭდილი ტექსტი გრძელ, უწყვეტ სამხატვრო რულონზეა შესრულებული, ეს კერუაკის მთავარი წესი იყო - ტექსტი და პროზის ნაკადი არ უნდა გაჩერებულიყო.


რა არის ეს გზა? მითიური მოხეტიალე გმირების სავალი? გზა, რომელიც ყოფითი ამერიკული ცხოვრების პარალელურადაა გადაჭიმული, გზა, სადაც საკუთარ თავს და მეგობარს შეიცნობ.


გზა , სადაც მხოლოდ 50 დოლარი გაქვს, ავტობუსით, ავტოსტოპით, საბარგო მანქანის ძარით, ფეხით, მანქანით გადაადგილდები. გზა, სადაც სამყარო უკან კი არ რჩება, თან მოგსდევს, შენთან ერთად გადაადგილდება, გზა, რომელიც მხოლოდ აწმყოა,

გზა, სადაც სიყვარულსაც გადააწყდები:


„ბილეთი ვიყიდე და ლოს-ანჯელესის ავტობუსის მოლოდინში იქვე ჩამოვჯექი. მოულოდნელად სლაქსებში გამოწყობილმა პატარა კოხტა მექსიკელმა გოგომ მიიპყრო ჩემი ყურადღება. გოგო იმ ავტობუსიდან ჩამოვიდა, რომელმაც ახლახან ხვნეშით დაამუხრუჭა. ავტობუსი ცოტა ხნით გაჩერდა და მგზავრები ჩამოვიდნენ. გოგო წელში გამართული მოდიოდა, მკერდი კეკლუცად გამოეზნიქა; გემრიელი თეძოები ჰქონდა; მბზინავი, შავი, გრძელი თმა; დიდ, ცისფერ თვალებში მოკრძალება გამოსჭვიოდა. ვინატრე, რა იქნებოდა, ერთ ავტობუსში მოვხვედრილიყავით-მეთქი. გული მეტკინა – სასურველი გოგო ყოველთვის რატომღაც საპირისპირო მხარეს მიდიოდა ხოლმე.“

მიუხედავად იმისა, რომ ამ გოგოს, ამ ცისფერთვალება მექსიკელს მალე გამოემშვიდობები, ის ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქალ პერსონაჟად დარჩება.

გზაზე სიყვარული მოდის და მიდის, ის არაა მთავარი, მთავარი თავად გზაა, გზა და თანამგზავრები.

ამ გზაზე შეიძლება ღმერთსაც გადაეყარო ან ხუთი წუთით გაგასწროს ღმერთმა:


– ღმერთის ცარიელი ტახტი!

პიანინოზე საყვირი იდო; მისი ოქროსფერი ჩრდილი დრამის უკან კედელზე დახატულ უდაბნოში მიმავალ ქარავანზე უცნაურად ირეკლებოდა. ღმერთი წავიდა; დარბაზში სიჩუმემ დაისადგურა. იმ საღამოს წვიმდა. წვიმიანი ღამის მითი იყო. დინს აღფრთოვანებისა და მოწიწებისგან თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა. ეს სიგიჟე არსად არ მიგვიყვანდა. მე თვითონ რა მემართებოდა, არ ვიცოდი, მერე კი უცებ გამახსენდა, რომ იმ დღეებში მარტო მარიხუანას ვეწეოდით; დინმა იყიდა ნიუ-იორკში. სწორედ ამან მაფიქრებინა, რომ, სადაცაა, დადგებოდა წამი, წამი, როცა უკვე ყველაფერი იცი და როცა უკვე ყველაფერი სამუდამოდ გაქვს გადაწყვეტილი.“

ათასნაირი კადრი და ხილვა მოილიო და მაინც ვერ გაიგო, რა არის გზა, რომელსაც დაადექი:


„არ ვიცი, რას ემსახურებოდა ჩემი მოგზაურობა, ან რას მივაღწიე აქ ჩამოსვლით..


 „წადი და იტანჯე ადამიანებისთვის. – და ისევ სიბნელეში გაუჩინარდა.


"ვითომ ეს იმას ნიშნავდა, რომ პილიგრიმობა უნდა გამეგრძელებინა და მთელი ამერიკის ბნელი ქუჩები შემომევლო?“


"იქნებ უპასუხობაა მთავარი, გზის დაუსრულებლობა, წერტილი, რომელიც არ არსებობს?


ავტორი: საბა