ლიტერატურა

ორი პრემია ერთად და ლიტერატურის მთავარი მოვლენა

"საბა"

ოქტომბერი 10, 2019

ნობელის პრემია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული პრემიაა, ცნობილმა მეცენატმა, გამომგონებელმა, ფინანსისტმა, მეცნიერმა ალფრედ ნობელმა დააარსა.


სხვა ნომინაციებთან ერთად, პრემია 1901 წლიდან გაიცემა ლიტერატურაშიც. პირველი, ვინც ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა, ფრანგი პოეტი სიული პრიუდომი იყო.


მას შემდეგ ნობელის პრემია მრავალმა ცნობილმა მწერალმა და პოეტმა მიიღო, რამდენიმემ უარიც თქვა მასზე. ნობელი ყოველთვის არის კამათის, ლიტერატურული საუბრების და მსჯელობების თემა, იგი ყოველთვის აქტუალურია, ზოგიერთთა აზრით, ზოგჯერ პოლიტიკურად მოტივირებული. რაც მთავარია, ლიტერატურული საზოგადოება მთელი წლის განმავლობაში ელოდება დღეს, როდესაც კიდევ ერთ ნობელის პრემიას გადასცემს შვედეთის აკადემია საზეიმო და განსაკუთრებულ გარემოში.


წელს მოლოდინი განსაკუთრებით მძაფრი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ 2018 წელს პრემია საერთოდ არ გაიცა სექსუალური შევიწროების თემასთან დაკავშირებული სკანდალის გამო.




მოლოდინი დიდი იყო, ისევე, როგორც კამათი, ვერსიები კი სულ სხვადასხვა და ერთმანეთზე უკეთესი. მაინც ვინ? მარგარეტ ეტვუდი, ისმაილ კადარე, ჰარუკი მურაკამი, სალმან რუშდი, მარის კონდე თუ ლუდმილა ულიცკაია?


აღმოჩნდა, რომ ნობელის „გამოცნობა“ წელსაც საკმაოდ რთული იყო და საბოლოოდ, შვედეთის აკადემიის განათებულ, საზეიმო დარბაზში ერთდროულად ორი მწერლის სახელი და გვარი გამოცხადდა. 2018 და 2019 წლების ნობელის პრემია ევროპაში დარჩა - პოლონეთსა და ავსტრიაში, ნობელის პრემიის ლიტერატურულ სიას ორი ახალი სახელი - პეტერ ჰანდკე და ოლგა ტოკარჩუკი შეემატა.



პეტერ ჰანდკე ცნობილი ავსტრიელი პროზაიკოსი, დრამატურგი და სცენარისტია. მასზე ამბობენ, რომ მისი პროზა ის განზომილებაა, სადაც შეღწევას სხვა ვერავინ ახერხებს, მისი განზომილება ენაა, განსაკუთრებული ენა, ენის პრიზმაში აღქმული სინამდვილე, მეტაფორიზებული და განსაკუთრებული ოსტატობით მოთხრობილი.

პეტერ ჰანდკე © Julien de Rosa

„რომანისთვის, რომელზეც ახლა ვმუშაობ, გამონაგონის გავრცელებული ფორმებისთვის დამახასიათებელი სქემა ავირჩიე. ისტორია კი არ გამოვიგონე, არამედ ვიპოვე იგი. ვიპოვე მოქმედების გარეგანი კარკასი, უკვე მზა, დეტექტიურთან მიახლოებული სქემა მთელი თავისი გამომსახველობითი კლიშეებით: მკვლელობა, სიკვდილი, შიში, დევნა, წამება. ამ სქემაში მოვაქციე საკუთარი განსჯები, ასებობის წესი, ქცევები და ჩვეულებები. მივხვდი, რომ გამოხატვის ეს ავტომატიზმები ოდესღაც სინამდვილიდან იშვნენ, რეალისტურნი იყვნენ. თუკი მივაღწევ იმას, რომ სიკვდილის, შიშის, ტანჯვის ეს სქემა ჩემში, ჩემს ცნობიერებაში გავაცოცხლო, მაშინ ასეთ, რეფლექსიაში გამოხდილი სქემებით ნამდვილი შიშისა და ნამდვილი ტანჯვის ჩვენებასაც შევძლებ.“ - წერს ავტორი თავის ერთ-ერთ ესეში, რომელიც ქართულად ჟურნალ „არილში“ გამოქვეყნდა.


სწორედ ეს ენობრივი მსოფლმხედველობა აღმოჩნდა მთავარი, ნობელის კომიტეტმა ასე დაასაბუთა თავისი არჩევანი - “მნიშვნელოვანი ნამუშევრისთვის, რომელმაც ლინგვისტური შემოქმედებითობით გამოიკვლია ადამიანური გამოცდილების პერიფერიები და სპეციფიკა“.



ოლგა ტაკარჩუკი © NYT

ოლგა ტოკარჩუკს, პოლონელ მწერალსა და პოეტს კარგად იცნობს მსოფლიო ლიტერატურა. ის პროფესიით ფსიქოთერაპევტია და გარკვეული დროის განმავლობაში ფსიქიატრიულ კლინიკაშიც მუშაობდა, ადამიანური ხასიათების განსაკუთრებულად ფაქიზი ასახვა, ადამიანის - ამბისა და სიუჟეტის ცენტრად წარმოდგენა განსაკუთრებულს ხდის მის პროზას. ქართულ ენაზე ოლგა ტოკარჩუკის რამდენიმე მოთხრობაა თარგმნილი, თუმცა, როგორც ჩანს, სულ მალე მის რომანსაც წავიკითხავთ ქართულად.


„ისეთი ამბის წარმოსახვისთვის, რომელიც ყოვლისმომცველი ენთუზიაზმით წარმოაჩენს საზღვრების გადაკვეთას სიცოცხლის ფორმად“ - ასეთი დეფინიციით მიანიჭეს პრემია პოლონელ მწერალს, რომელიც ლიტერატურული ნობელის მეთხუთმეტე ქალი ლაურეატია.


მაშ ასე, ნობელის პრემიის ლაურეატთა ვინაობა უკვე ვიცით, ახლა დროა, ლიტერატურულ პრემია „საბას“ მოსავალსაც დაველოდოთ.

გადმოწერე განახლებული აპლიკაცია SABA Reader App Store-დან ან Google Play-დან და იკითხე ქართული და უცხოური ლიტერატურა "საბაზე".

ავტორი: https://saba.com.ge/