სიახლეები

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის

ნინუ კიკნაველიძე

ნოემბერი 06, 2019

პირველი კლასის პირველი დღე ბავშვის ცხოვრების ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპია. ეს არის მისი დამოუკიდებელი ნაბიჯი სრულიად ახალ სივრცეში და უცხო სოციალურ გარემოში, რომელიც თანაბრადაა დაკავშირებული მოლოდინებთან და ღელვასთან. ამ გამოწვევისთვის ყველა სხვადასხვანაირადაა მზად. ამიტომ, ვისგანაც მშობლები ყველაზე მეტად ელიან საკლასო ოთახში უპრობლემოდ დარჩენას, იმ ბავშვებსაც კი სჭირდებათ სწავლის დაწყებამდე მომზადება.


დაწყებითი კლასები ეს ის პერიოდია, როდესაც თამაშისა და გასართობი აქტივობების პარალელურად ახლა უკვე აკადემიური უნარ-ჩვევები უნდა განვითარდეს. იმისთვის, რომ ბავშვი ორგანულად ჩაერთოს სასწავლო პროცესში, ემოციურად და სოციალურად უნდა იყოს სათანადოდ განვითარებული. არანაკლებ მნიშვნელოვანია ფიზიკური მზაობა და დამოუკიდებლობაც იმისთვის, რომ ბავშვმა ახალ გარემოში საკუთარ თავზე ზრუნვა შეძლოს.

საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი სტატუს შეხვედრების ფარგლებში, საბავშვო ბაღის - - "პატრონუსი" პროგრამის და ნიუტონის თავისუფალი სკოლის სკოლამდელი განათლების პროგრამის ხელმძღვანელი - ნინუ კიკნაველიძე, თიბისი სტატუსის მომხმარებლებს სწორედ ამ თემაზე ესაუბრა და დაეხმარა პასუხი გაეცათ კითხვაზე - როგორ მოვამზადოთ ბავშვი პირველი კლასისთვის?


ყველა ბავშვი სხვადასხვა სოციალურ გარემოში იზრდება, შესაბამისად სკოლისთვის მოსამზადებელი, ადაპტირების პერიოდი და პროცესი ყველა მათგანისთვის განსხვავებულია. თუმცა, არსებობს რჩევები და მიდგომები, რომლებიც ყველა მათგანისთვის უნივერსალურია. 


მოამზადეთ ბავშვი განშორებისთვის

ბავშვი განშორებისთვის არა საკლასო ოთახის კართან, არამედ ადრეული ასაკიდანვე უნდა მოამზადოთ. ოჯახის თითოეულმა წევრმა ხშირად უნდა შექმნათ გამოცდილება, როდესაც ერთ ფიზიკურ სივრცეში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად თანაარსებობთ ისე, რომ პატივს სცემთ ერთმანეთის საქმიანობასა და ინტერესს - ერთი მშობელი შეიძლება წიგნს კითხულობდეს, მეორე ტელევიზორს უყურებდეს, ბავშვი კი ამ დროს თამაშობდეს.


თამაში არის ყველაზე ბუნებრივი ფორმა ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობაში, რა დროსაც ხდება ბავშვის ინტერესების აღიარება, ინფორმაციისა და ემოციების გაზიარება. მნიშვნელოვანია ბავშვი დამოუკიდებლად თამაშსაც შეაჩვიოთ. ეს არის ერთგვარი წინაპირობა იმისა, რომ როდესაც სკოლაში წავა, მისი მეცადინეობის ქცევითი მოდელი უკვე გამომუშავებული იქნება და თავად შეძლებს კონკრეტული აქტივობის დაწყებას, განვითარებას, დასრულებასა და უკუკავშირის მოთხოვნას.


როდესაც ეზოში ჩაიყვანთ, თვალყური ადევნეთ, თუმცა შეეცადეთ არ მოხვდეთ მისი აღქმის არეალში. დააკვირდით, როგორი ფსიქო-ემოციური და სოციალური უნარები აქვს თქვენს შვილს კონკრეტული ასაკისთვის - როგორ ახერხებს ურთიერთობების დამყარებასა და ინტეგრირებას; რამდენ ხანში იწყებს თქვენს ძებნას, როდესაც მისი თვალთახედვის არეალს მოეფარებით; რამდენი ხანი შეუძლია სასურველი აქტივობით ისე დაკავდეს და გაერთოს, რომ არ მოგიკითხოთ. რას ზომავს ეს? - სკოლაში რამდენად მარტივად მიეჩვევა ახალ სოციალურ გარემოს თქვენს გარეშე.


„უნდა იცოდეთ - ინიციატივიანია თქვენი შვილი, თუ ინტეგრირებისათვის მხარდაჭერა სჭირდება. ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა გაუზიაროთ პედაგოგს იმისთვის, რომ პირველ ეტაპზე დაეხმაროს ბავშვს. თუ ამას არ გააკეთებთ, შესაძლოა მასწავლებელმა ისეთი სტერეოტიპული შეფასებები მისცეს, როგორიცაა: მორცხვია, არ აქვს სურვილი ჩაერთოს, არ იცის როგორ ითამაშოს.“


სასურველია ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობის გამოცდილება სკოლამდეც ჰქონდეს. სკოლამდელი განათლება სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი - საბავშვო ბაღში ბავშვებს ერთნაირი ინტერესები და მოთხოვნილებები აქვთ და შესაბამისად გაზიარება, თხოვნა, თავის დაცვა, ნებართვის აღება - ეს უნარები სწორედ ერთ სოციალურ ჯგუფში ვითარდება. მსგავსი გამოცდილება საჭიროა იმისთვის, რომ პირველ კლასში, იმავე ასაკის უცხო ადამიანებთან მოხვედრა და ნახევარი დღით მათთან ერთად დარჩენა, არ იყოს სტრესული მოულოდნელობა.


სასურველია ბავშვი თვეში ერთხელ მაინც თქვენთვის სანდო ადამიანთან დატოვოთ. მას უნდა შეეძლოს უსაფრთხო, მაგრამ მისთვის უცხო გარემოში ურთიერთობის დამყარება და სხვების მიმართ ნდობის გამომუშავება. ის ადამიანი შესაძლოა სულ სხვა მეთოდით უდგებოდეს ბავშვს, ამიტომ ხშირად მშობლები ერიდებიან შვილის თუნდაც ბებია-ბაბუასთან დატოვებას. მაგრამ ფიზიკური გარემოს შეცვლა აუცილებელია. ბავშვმა უნდა დააფიქსიროს, რომ ერთი და იმავე სოციალურ კონტექსტში შესაძლოა არსებობდეს რამდენიმე ადამიანი განსხვავებული მიდგომებითა და დამოკიდებულებებით. თუმცა, ისიც უნდა დაუფიქსიროთ, რომ სხვა ადამიანების გარემოცვაში თქვენ ორის ურთიერთობის ხაზი და ე.წ შეთანხმება არ იცვლება.

„სკოლაში მას უამრავი მასწავლებელი შეხვდება და ყველა ვერ იქნება სამაგალითო. ბავშვებიც სხვადასხვა კონტექსტიდან შეიკრიბებიან. ყოველი მათგანი საკუთარი გარემოდან მოიტანს ინფორმაციას. ამიტომ მშობლებმა მიმღებლობა უნდა გავუჩინოთ შვილს. შესაძლოა პედაგოგმა მას ისეთი რამ უთხრას, რაც თქვენთვის მიუღებელია. ამ დროს ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ ადამიანებს განსხვავებული აზრები და მიდგომის ფორმები აქვთ და რომ განსხვავებული არ ნიშნავს ცუდს. ბავშვის თვალში არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაგდოთ პედაგოგის ავტორიტეტი - ეს დამღუპველია.“

თამაში „სკოლობანა“

ზრდასრულ ადამიანებს უამრავი როლი გვაქვს ცხოვრებაში - თანამშრომლის, შვილის, მშობლის, მეგობრის... მნიშვნელოვანია ყველა როლთან სწორი იდენტიფიკაცია გვქონდეს. სოციალური როლების მორგებას ბავშვი 3 წლის ასაკიდან იწყებს, ამიტომ როლური თამაშები მნიშვნელოვანია მისი, როგორც პიროვნების ფსიქიკური პროცესების ჩამოყალიბებაში. შეეცადეთ თამაშისას ბავშვმა ბევრი სოციალური როლი მოირგოს - ექიმიც იყოს და პაციენტიც, მასწავლებელიც და მოსწავლეც, დამნაშავეც და პოლიციელიც.


„ერთ-ერთი ასეთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლური თამაშია სკოლობანა. თავდაპირევლად შეგიძლიათ თქვენ იყოთ მოსწავლე და ის მასწავლებელი, რაც გაჩვენებთ როგორი წარმოდგენა აქვს მომავალ საგანმანათლებლო სივრცეზე. თუ მხოლოდ მკაცრი მასწავლებელი ითამაშა, ეს ნიშნავს, რომ ის შფოთავს და ნეგატიური წარმოდგენა აქვს. შეცვალეთ როლები და თქვენ მოირგეთ მასწვალებლის როლი, რომელიც იქნება მზრუნველი და კეთილგანწყობილი.“ 

წინასწარ გააცანით გარემო

სასურველია ბავშვი წინასწარ იცნობდეს სივრცეს, სადაც ისწავლის, თუმცა თუ ვერ მოახერხებთ, ვებ-გვერდზე შედით და ფოტოებით დაათვალიერებინეთ მომავალი გარემო. რამდენიმე დღით ადრე გაატარეთ გზა სახლიდან სკოლამდე იმისთვის, რომ ვიზუალურად შეისწავლოს ის. თან მანიშნებლებზე გაამახვილებინეთ ყურადღება, რაც სკოლის გზას ნაცნობს გახდის მისთვის.

განავითარეთ ბავშვის ფუნქციური უნარები

ფუნქციური უნარები პირდაპირ კავშირშია ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხთან. გახდა, ჩაცმა, კუჭის მოქმედება, შარდვა, ხელის დაბანა, კვება - ეს ის უნარებია, რომლებიც ბავშვს სკოლამდე უნდა ჰქონდეს გამომუშავებული და რომელთა კონტროლიც დამოუკიდებლად უნდა შეძლოს ახალ გარემოში.


„მაგალითად, თუკი ბავშვს არ აქვს საკვების თავისით გადმოღების ჩვევა, შესაძლოა მოერიდოს სხვისთვის თხოვნა და მშიერი დარჩეს. ასევე, სხვადასხვა ოჯახში სხვადასხვა კერძი განსხვავებულად მზადდება, უცხო სახით პროდუქტის დანახვა კი ბავშვებში ეჭვს იწვევს. ამიტომ, სკოლას სთხოვეთ წინასწარ გადმოგიგზავნოთ ერთი კვირის მენიუ. მოამზადეთ ეს კერძები სახლში იმისთვის, რომ ბავშვისთვის მოულოდნელი არ იყოს.“

თავად აირჩიოს ტანსაცმელი პირველი დღისთვის

ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერ ასაკში გრძნობდეს, რომ მის გადაწყვეტილებას სერიოზულად აღიქვამენ და პატივს სცემენ. ეს განცდა ზრდის მისი პასუხისმგებლობის გრძნობას. შესაძლოა მიიჩნევდეთ, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი, ან ბავშვი თავად ვერ აარჩევს შესაფერის სამოსს, მაგრამ მას აუცილებლად უნდა მისცეთ ამ საკითხში თუნდაც მცირე არჩევანის საშუალება.


„დაუდეთ რეალურად თქვენი შერჩეული სამოსის 2 ვერსია და სთხოვეთ აირჩიოს, ან მიეცით საშუალება დეტალებზე გამოთქვას საკუთარი აზრი - ჰკითხეთ, რომელი წინდა თუ აქსესუარი ურჩევნია. თავისით გაკეთებული არჩევანი თავდაჯერებულობის წინაპირობა იქნება.“


დაიცავით ბავშვის ყოველდღიური რეჟიმი

ბავშვის ძილისთვის მომზადება ლოგინში ჩაწვენით არ იწყება. ეს მთელი პროცესია, რომელიც დაძინებამდე 2 საათით ადრე უნდა დაიწყოთ. 


„მითია, რომ ბავშვს დაღლა და ფიზიკური დატვირთვა ღრმად დააძინებს. დაღლილი ბავშვი შესაძლოა ფიზიკურად გაითიშოს, მაგრამ სტიმულებითა და ემოციებით სავსე გონება შეაწუხებს და შფოთვითი ძილი ექნება. ძილის წინ ბავშვების ჭირვეულობა და გაურკვეველი სურვილებიც სწორედ ამ შფოთვის გამოხატულებაა. აუცილებელია ძილის წინ მიღებული ინფორმაცია და დატვირთული გარემო მაქსიმალურად გაანულოთ. ბავშვი დაწოლამდე 2 საათით ადრე უნდა წაიყვანოთ სიმშვიდისკენ, ნელ-ნელა შექმნათ პასიური, გარე გამაღიზიანებლებისგან თავისუფალი გარემო.“


დამშვიდობების რიტუალი

სკოლის ეზოსთან მისულს განშორება თანაბრად უჭირს ბავშვსაც და მშობელსაც. სწორედ ამიტომ უნდა მოიგონოთ თქვენი საკუთარი დამშვიდობების რიტუალი, რომელიც ბავშვს დაეხმარება მარტივად გადალახოს თქვენთან განშორება.


„ეს რიტუალი შეიძლება იყოს ხელის ჩარტყმა, ჩახუტება, თითებით თამაში, სიმღერის ნაწყვეტის შესრულება, ან ნებისმიერი რამ. მთავარია, რიტუალის შესრულების შემდეგ შეტრიალდეთ და წახვიდეთ. თუ ცოტა ხანი მაინც შეყოვნდებით, ჩათვალეთ, რომ რიტუალი გაფუჭდა და აღარ იმუშავებს. რიტუალი თქვენთვისაც და ბავშვისთვისაც უნდა ნიშნავდეს, რომ ეს საბოლოო წერტილია.“

სრულფასოვანი კომუნიკაცია

ადამიანის პირველი და საბაზისო მოთხოვნილება უსაფრთხოების, მეორე კი - მიკუთვნების განცდაა. ეს შეგრძნებები სწორედ ბავშვობაში ყალიბდება, როდესაც ბავშვს ნდობა უნდა გაუჩნდეს გარემოს მიმართ და უნდა იგრძნოს, რომ მიეკუთვნება ჯგუფს, ანუ ოჯახს, რომელიც მას დაიცავს. დასაქმებულ მშობლებს მუდმივად აწუხებთ ბავშვთან კომუნიკაციის ნაკლებობით გამოწვეული სინდისის ქენჯნა. არადა გამოსავალი რაოდენობის ხარისხით ჩანაცვლებაა. დადგენილია, რომ ბავშვთან ნახევარი საათი სრულფასოვანი ურთიერთობა სრულიად საკმარისია მასთან სწორი კომუნიკაციის დასამყარებლად.

„არსებობენ მშობლები, რომლებიც არ მუშაობენ და მთელ დღეს ბავშვთან ატარებენ, მაგრამ შესაძლოა მათი ურთიერთობა უბრალოდ რუტინულ ყოველდღიურობას გულისხმობდეს და არა ინტერპერსონალურ ინტეგრაციას. გამოიჩინეთ ინიციატვა და გამოყავით დღეში ნახევარი საათი ბავშვისთვის. თავად შემოგთავაზოთ ამ დროის განმავლობაში რითი დაკავდებით. ამ დროს არ შეიტანოთ მის ქცევებსა და საუბარში შესწორებები. დაინტერესდით მისი პიროვნული თავისებურებებით, ინტრესებითა და აზრებით. ეს იქნება იმ სრულფასოვანი, ინტერპერსონალური ურთიერთობის დრო, როდესაც თქვენ იქნებით მისი პიროვნული მახასიათებლების მიმღებელი.“

უკუკავშირის მნიშვნელობა

მშობელი მუდმივად უნდა იყოს შვილის გვერდით, თუმცა ეს არ ნიშნავს მშობლის მხრიდან შვილის ნებისმიერი ქცევის უპირობო აღიარებას. თუკი თქვენთვის რაიმე მიუღებელია, ეს უნდა დააფიქსიროთ მე-შეტყობინებით: მე მეწყინა, მე ვინერვიულე, მე გავბრაზდი. შემდეგ ეს შეტყობინება თქვენს ემოციებზე უნდა აისახოს. თქვენი უკმაყოფილება ემოციური იგნორირების უფლებასაც გაძლევთ.


„დასჯაზე ბევრად ეფექტური მეთოდია ემოციის გაქრობა. ბავშვი მაშინვე იგრძნობს რაშიცაა საქმე და თავად შეეცდება შემოვიდეს თქვენთან ურთიერთობაში და ნელ-ნელა დაგიბრუნოთ ემოცია. როდესაც მიხვდებით, რომ მან პოზიტიური კომუნიკაცია აირჩია, ამის შემდეგ შეგიძლიათ დაიბრუნოთ ღიმილი. როგორც არ უნდა მოიქცეს ბავშვი, თქვენ რჩებით მასზე პასუხისმგებელ, მზრუნველ ადამიანად, მაგრამ უნდა გამიჯნოს და მიხვდეს - რა არის ინტერპერსონალური ურთიერთობა და რა არის უბრალოდ ზრუნვა, რომელიც მშობლის მხრიდან უპირობო მოვალეობაა.“


სოციალური უკუკავშირი ადამიანისთვის ყველა სიტუაციაში მნიშვნელოვანია - იყოს აღიარებული და მიღებული, ამიტომ შვილებთან ურთიერთობაში მშობელმა უნდა გამოიყენოს სოციალური განმამტკიცებელი, ანუ უკუკავშირი.


„სულ პატარა ასაკის ბავშვსაც კი არ დაგავიწყდეთ უთხრათ მადლობა, როდესაც თუნდაც სინათლეს აანთებს, ან ნაგავს გადაყრის. არც ერთი მისი მინიმალური ინიციატივაც კი არ უნდა დაგრჩეთ პოზიტიური უკუკავშირის გარეშე. რა ხდება ამ დროს? - მაშინვე მისი კარგი ქცევის ფიქსაციას ახდენთ. ბავშვისთვის ჯილდო უნდა იყოს მადლობა და შექება. დამსჯელი მექანიზმიც ასევე უნდა იყოს მადლობის არ მიღება და ემოციური იგნორირება თქვენგან. მოტივაცია ორგვარია - შინაგანი და გარეგანი. მატერიალური ჯილდო გარეგან მოტივაციას ზრდის, თუმცა სოციალურ განმამტკიცებლად არ გამოდგება, ვინაიდან თუ ბავშვის ქცევა და პიროვნული თავისებურებები მუდმივად მხოლოდ მატერიალური ჯილდოთია განმტკიცებული, თუ ერთხელაც ეს ჯილდო ვერ მიიღო, მისთვის ის კარგი ქცევა აზრს დაკარგავს. ბავშვი უნდა მიეჩვიოს, რომ ყოველ ჯერზე ქცევის შესაბამის აღიარებას იღებს. ამიტომაა სიტყვიერი შეფასება და შექება ყველაზე ეფექტური - ის შინაგან მოტივაციაზეა ორიენტირებული. თანაც მადლობა და შექება ფინანსებს არ საჭიროებს.“ 


ინტერესები და ძლიერი მხარეები

დაწყებითი კლასების განათლება ორ მიმართულებაზე უნდა იყოს ორიენტირებული - რა არის ბავშვის ინტერესები და ძლიერი მხარეები. ბავშვებს ეშინიათ იმედგაცრუების, ნერვიულობენ, რომ რაღაც არ გამოუვათ. ამ დროს მნიშვნელოვანია პედაგოგმა ზუსტად იცოდეს - რა არის ბავშვის ძლიერი მხარე და თავიდან ისეთი რამ უნდა შესთავაზოს მას, რაც იცის, რომ გამოუვა. როდესაც პირველივე გამოცდილება წარმატებით დასრულდება და საწყის ღელვას წარმატებით გადალახავს, ამის შემდეგ ბავშვს იმედგაცრუებისა და შიშის განცდა აღარ ექნება, კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნობს თავს და პედაგოგს თამამად გაჰყვება პროცესში. კარგი პედაგოგი თავიდან ინტერესებისა და ძლიერი მხარეების გავლით აწვდის ბავშვს ახალ ცოდნას, რის შემდეგაც ნელ-ნელა აპარებს იმას, რაც გასაუმჯობესებლი აქვს. 


„მასწავლებლის მხრიდან ელემენტარულ ფრაზებსაც კი მნიშვნელობა აქვს, მაგალითად: ძალიან დიდი მადლობა, რომ ხატვისას წითელი ფერი გამოიყენე, იმიტომ რომ მე ის ძალიან მომწონს. როდისაა პედაგოგი კარგი? - როდესაც ნებისმიერ სიტუაციში შეუძლია მინიმალურიც კი დაინახოს, დააფიქსიროს და პოზიტიური უკუკავშირი დაუბრონოს ბავშვს.“

ავტორი: მარიამ ყანჩაველი