თიბისელები სიახლეები

ახალი სუნთქვა

თიბისის რისკების პორტფელი დღეს ნინო მასურაშვილის ხელშია. მისი ამოცანა არა მათი განულება, არამედ - მართვაა.

ჩვენს ბარათებზე დატვირთვა იზრდება. საგადახდო ბარათებით შესრულებული ოპერაციების რაოდენობა გაიზარდა 44%- ით, ხოლო თანხა -28%-ით. მათ შორის, გადახდის ოპერაციები გაიზარდა 57%-ით რაოდენობრივად და 49%-ით თანხობრივად - ასეთ სურათს აჩვენებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბმულში დაცული 2019 წლის მესამე კვარტალის რიცხვები.


მთავარი ტენდენცია კარგად ჩანს: ფულის მართვა გაცილებით უფრო მოქნილი ხდება, ანგარიშსწორება - გაცილებით სწრაფი და მარტივი, ჩვენს ცხოვრებაში კი ბანკი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს.


თუმცა იზრდება რისკებიც და მათი სწორად მართვა მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა ხდება. მომხმარებლის ნდობას საბოლოოდ ის ბანკი შეინარჩუნებს, რომელიც ამ რისკებს თვალს გაუსწორებს და არა მხოლოდ საუკეთესო სისტემებს დანერგავს, არამედ მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებაზეც იმუშავებს.

თითქოს მარტივია, რომ პირადი მონაცემები არ უნდა გავცეთ და გავასაჯაროოთ, მაგრამ არც ისე იშვიათია შემთხვევები, როცა ფეისბუკის რომელიმე ჯგუფში ჩაპოსტილ მობაილბანკის პირად ნომერს და პაროლს გადააწყდები. ეს რისკი მხოლოდ მომხმარებლის რისკი არ არის, ის ბანკის რისკიცაა. მათ უმრავლესობაზე კი ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს. პირადად ჩემთვის კარგია ის ბანკი, რომელიც ამ რისკებზე არც გვაფიქრებს.


ამ განმარტებით თიბისი კარგი კომპანიაა.


საქართველოს ნომერ პირველი ბანკი, შეიძლება თამამად ითქვას, ყველაზე დაცული ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში. ამაზე ის ჯილდოებიც მეტყველებს, რომლებიც თიბისის სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური გამოცემისგან წლების განმავლობაში დაუგროვდა და რამდენიმე მიმართულებით უკვე იმდენ წრეზეა წასული, დათვლაც კი მიჭირს.


გამონაკლისი არც 2019 წელი იყო. თიბისის მობაილბანკი საუკეთესოდ დასახელდა მსოფლიოში, თიბისი კი - საუკეთესო ბანკად საქართველოში.


ამის მიუხედავად, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ რისკების მიმართულებას სჭირდება განახლებული ხედვა და ექსპერტიზა, რომელიც საბოლოო ჯამში მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებას ემსახურება.


“რისკი იზოლირებული არ არის. ის წინსვლის, განვითარების ნაწილია”, - მეუბნება ნინო მასურაშვილი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ საცალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელობა სხვას გადააბარა და თავად რისკების მიმართულებას ჩაუდგა სათავეში.

“რისკი იზოლირებული არ არის. ის წინსვლის, განვითარების ნაწილია.”



-მეუბნება ნინო მასურაშვილი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ საცალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელობა სხვას გადააბარა და თავად რისკების მიმართულებას ჩაუდგა სათავეში.

ჩვენი შეხვედრა თიბისის სათავო ოფისში შედგა. მარჯანიშვილზე, გამალებული სარემონტო სამუშაოების ეპიცენტრში, ნინო მასურაშვილის სამუშაო სივრცე მშვიდად და საქმიანად გამოიყურება. როგორც ჩემს რესპონდენტთან მოკლე მისალმებისას ვამჩნევ, გუნდის ნაწილთან ერთად მნიშვნელოვან თემაზე მუშაობს. შეხვედრის ოთახში ველოდები და ცოტა ხანში ისიც მიერთდება.


“რისკების მიმართულება ბიზნესს ეხმარება იმაში, რომ რაციონალური გადაწყვეტილება მიიღოს. ყველა რისკს ვერ გათვლი, მაგრამ შეგიძლია, პოტენციური რისკები შეაფასო, დათვალო და გააანალიზო”, - მიხსნის ნინო მასურაშვილი.


ეს სისტემები თიბისის დიდი ხნის აწყობილი აქვს - ფაქტია, საქართველოს დამოუკიდებლობის მთელი ისტორიის განმავლობაში კომპანია თავის საქმეს გამართულად აკეთებს. თუმცა 2019 წელი ამ საფინანსო ინსტიტუტისთვის ჩვეულებრივი წელი არ არის - დიდი იდეების, ტრანსფორმაციისა და ახალი ეტაპის დასაწყისია - შეიძლება ისეთივე მნიშვნელოვანიც, როგორიც, თავის დროზე, ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლა იყო.

2019 წელი, პირველ რიგში, გარდამტეხი იყო კორპორაციული კულტურის ცვლილებით და მეტი თავისუფლების, ინიციატივისა და, რაც მთავარია, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობისთვის ან, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ეჯაილისთვის კარის ფართოდ გაღებით.


“თუ ადრე თანამშრომლები სპეციალობების მიხედვით ჯგუფდებობდნენ, ახლა საერთი მიზნების მიხედვით ჯგუფდებიან, რაც ნიშნავს, რომ სხვადასხვა სპეციალისტი ერთად მუშაობს იმისთვის, რომ უპახუხონ ჩვენს მისიას - გაუმარტივონ ადამიანებს ცხოვრება”, - მიხსნის ნინო მასურაშვილი.


რისკების მიმართულების ხელმძღვანელი არც იმას მიმალავს, რომ ეჯაილის დანერგვა მისი მიმართულების სერიოზული სისტემური ტესტი იყო, მაგრამ რისკები თავიდანვე დაინახეს. “როცა ადამიანებმა არ იციან, რა ელით, მათ ეშინიათ. უნდა დაინახო რისკი - მეტი არაფერი; დაინახო და ნაბიჯები დაგეგმო”, - მეუბნება ნინო მასურაშვილი.


ეჯაილ ტრანსფორმაცია ბევრ გამოწვევას და რისკსაც მოიცავდა, თუმცა თიბისიმ ამ რისკებს მეტი კომუნიკაციით უპასუხა - სხვადასხვა რგოლში, ფორმატში, სამსახურში თუ მის გარეთ - მენეჯმენტი გამუდმებით განმარტავდა, რატომ მიიღო ასეთი ტრანსფორმაციის გადაწყვეტილება და პასუხობდა ყველა შეკითხვას, მათ შორის - ყველაზე კრიტიკულს.


“ჩვენ მშვიდად გავიარეთ ეს პროცესი - ისე, რომ მომხმარებელს ეს დიდი ტრანსფორმაცია პრაქტიკულად არ უგრძნია”, - ამბობს ნინო მასურაშვილი და რთულია, არ დაეთანხმო.

ეს, პირველ რიგში, ყველაზე მთავარ რიცხვებს ეტყობა.


2019 წლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, თიბისი ლიდერი ბანკია საქართველოში. 2018 წელთან შედარებით ბანკის სასესხო პორტფელი 22.1%-ით გაიზარდა და ბაზრის 39.5% შეადგინა, დეპოზიტების საბაზრო წილმა კი - 39%. ამ მაჩვენებლის ზრდა ძირითადად კორპორაციულ და მიკრო, მცირე, საშუალო ბიზნესების სეგმენტებში ზრდამ განაპირობა. ბიზნესების დაკრედიტება კორპორაციულ სექტორში 47%-ით, MSME (მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის) მიმართულებით კი 18%-ით გაიზარდა.

ამ შედეგებს ნინო მასურაშვილი, პირველ რიგში, თიბისის ფართო ხედვას უკავშირებს. ბოლომდე სჯერა, რომ ნებისმიერი კომპანია, რომელსაც სურს, ბაზარზე დარჩეს, აუცილებლად სწრაფი ტემპით უნდა ვითარდებოდეს. თიბისის შემთხვევაში ეს ფიზიკური პირები და კომპანიები არიან. “ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ვიქცეთ და თუ შეგვიძლია, რამე კარგი გავაკეთოთ ამ მიმართულებით, ეს ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა”, - მეუბნება ნინო მასურაშვილი.


ფართო ხედვის ნაწილია ისიც, რომ 2019 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა საერთაშორისო გაფართოების მიმართულებითაც. თიბისი ბანკმა უზბეკეთში საბანკო საქმიანობის წინასწარი ლიცენზია მოიპოვა, საბოლოო ლიცენზიის მოპოვებას და საბანკო ოპერაციების დაწყებას კი 2020 წლის ზაფხულში გეგმავს.


პარალელურად, როგორც წლიური ანგარიშიც აჩვენებს, ბანკი აქტიურად ავითარებს გადახდების ბიზნესსაც. Payme, რომელიც უზბეკეთში გადახდების წამყვანი კომპანიაა, უკვე 1.8 მლნ მომხმარებელს ემსახურება. Payme-ის მოგება 84%-ით გაიზარდა და მისმა შემოსავალმა 8.6 მლნ ლარს მიაღწია.

“ჩვენ გავდივართ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ვმუშაობთ ეკოსისტემების განვითარებაზე, აქედან გამომდინარე, ვქმნით ისეთ სისტემებს, რომ კარგად გავაანალიზოთ პოტენციური რისკები და ბოლოს დადებითი შედეგი მივიღოთ. ჩვენი აპეტიტი იმის მიხედვით უნდა ვმართოთ, თუ როგორი სურათის ნაწილია კონკრეტული რისკი."

კრიტიკული აზროვნება, როგორც თავად მეუბნება, “მისი ნატურის ნაწილია”. ადრე ექიმობა უნდოდა, თუმცა მერე გადაიფიქრა და ეკონომიკურ ინჟინერიაზე ჩააბარა. დღეს ამ გადაწყვეტილებას არ ნანობს, თუმცა ამბობს, რომ “ალბათ ექიმიც წარმატებული იქნებოდა

სხვათა შორის, მეუბნება, რომ თიბისი განსაკუთრებით გააძლიერებს დატა- ანალიტიკის მიმართულებასაც. “ეს გვეხმარება არა მხოლოდ რისკების იდენტიფიცირებაში, არამედ ისეთი ახალი პროდუქტების შექმნაშიც, რომლებიც უკეთ პასუხობს მომხმარებლების მოთხოვნებს”, - მიხსნის ნინო მასურაშვილი და კონკრეტული მაგალითიც მოჰყავს. სტატუს-კლიენტებს არ გეცოდინებათ, რომ, მაგალითად, სტატუსის ციფრული სატარიფო პაკეტი სწორედ ასეთი ანალიზის პროდუქტია.


ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის, კომუნიკაციის უნარი, და უნარი, საკუთარ თავს შეცდომები აპატიო და საქმე გააგრძელო - ეს ის სამი თვისებაა, რომლებიც კარგად წარმოაჩენს ნინო მასურაშვილის ღირებულებებს.


გუნდზე: “ერთი ადამიანი წარმატებას ვერას- დროს მიაღწევს. მას სჭირდება განსხვავებული აზრი ან გამხნევება”.


ოჯახზე: “ჩემი მთლიანობა სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. ჩემი მეუღლე და სამი შვილი ჩემი თავდაჯერებულობის შემადგენელი ნაწილია”.


თავდაჯერება მართლაც არ აკლია. მასთან საუბრისას გრძნობ, რომ ყველა სიტყვას, რომელსაც ამბობს, ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს.


“რისკები სულ იქნება. ეს ფაქტი საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ მათ გამო რაღაც არ უნდა განვითარდეს, პირიქით”, - ამბობს ნინო მასურაშვილი.


რამდენიმე აბზაცით მაღლა თუ ააყოლებთ ჟურნალის გვერდს თვალს და თიბისის ამბიციურ გეგმებს კიდევ ერთხელ გადახედავთ, დამეთანხმებით - ამ გუნდს რისკების არ ეშინია.


პირიქით: ახალი სუნთქვა გაეხსნა.



ავტორი: Forbes, ელენე კვანჭილაშვილი