მუსიკა | ცა

მუსიკის გარდაუვალი განვითარება

ივლისი 23, 2019

“მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენ უკან დავახევინეთ გერმანულ ოკუპაციას, მაგრამ ავსტრიული 12 ტონიანი მუსიკის ოკუპაცია ვერ დავძარით. ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი პოლიტიკური მსოფლმხედველობა მათგან, მაგრამ მუსიკა ჯერ კიდევ ვენის კლასიკური მუსიკის სკოლის ტყვეობაში დარჩა.”

მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის მიწურულს, ახალი აზროვნების გზაგასაყარზე, პიერ შეფერის რევოლუციური იდეები მრავალწლიანი კვლევის შემდეგ, როგორც იქნა, მზის სინათლეზე გამოჩნდა. პოლიტიკური და კლასიკური მუსიკის სისტემის ერთ იდეურ სიბრტყეზე განთავსება შემთხვევითი მოვლენა არ გახლდათ. საუკუნეთა განმავლობაში მათი ურთიერთგანვითარება გარკვეულწილად ერთმანეთზე იყო დამოკიდებული. მონარქიულ ხანაში პროფესიული ხელოვნება იქნებოდა ეს, მუსიკა თუ მხატვრობა, პირდაპირ ბმაში იყო სამეფო თუ სასულიერო ხელისუფლებების კეთილ ნებასთან. ამიტომ მათი მფარველობის ქვეშ სახელოვნებო ნაწარმოებების შექმნა ფაქტობრივად გარდაუვალი და მიღებული პროცესი იყო.


კლასიკური მუსიკაც საუკუნეების განმავლობაში გარკვეულ გარდაუვალ კონფორმისტულ გარიგებაში იყო პოლიტიკურ დღის წესრიგთან და ამ თუ სხვა ტიპის ურთიერთობამ მისი დომინანტური და ავტოკრატული ბუნების ჩამოყალიბებასაც შეუწყო ხელი.


ასე რომ, მეოცე საუკუნეში ხშირად ახალი ხედვები ინსპირაციას, სწორედ მასთან დაპირისპირების მუხტით იღებდა. ამ მოვლენას პირველ ბლოგში მცირედად შევეხეთ, აქ კი ვეცდები განვავრცო და “კონკრეტული მუსიკის” ესთეტიკა და მნიშვნელობა უფრო დეტალურად აღვწერო. 

კონკრეტული მუსიკის უნიკალურობა უშუალო კომპოზიციური ნაწილის გარდა, გახლდათ ნაწარმოების შენახვის, შესრულებისა და მაყურებელთან კონტაქტის სრულიად ახალი ფორმა.

პირველად მუსიკის ისტორიაში მუსიკის შესრულებისას სცენაზე არავინ იდგა.

სპიკერები (დინამიკები) და მასში არსებული საუნდი კი მუსიკის გახმოვანების ერთადერთი წყარო გახლდათ. კომპოზიტორი თავის ნაწარმოებს მსმენელებთან ერთად დარბაზიდან აკვირდებოდა (მაქსიმალური ჩარევა დარბაზში განთავსებული მიქსერიდან არხების სიხმამაღლის კონტროლი იყო.)


კომპოზიციის სცენაზე რეალიზების ეს მოვლენა, კლასიკურ ჩარჩოებში მოქცეული მსმენელისთვის, მეოცე საუკუნის შუა პერიოდში სრულიად ნოვატორულ იდეას წარმოადგენდა.


გარემოში არსებული ნებისმიერი ხმის აკადემიურ სამყაროში შემოტანამ და მისი მუსიკად ქცევამ გააჩინა ახალი შესაძლებლობები და აუცილებლობები. კომპოზიტორი აღარ იყო შეზღუდული ტრადიციული ინსტრუმენტების გამოყენებით, რადგან მას სრული ჟღერადობრივი თავისუფლება მიენიჭა. მხოლოდ ტრადიციულ ნოტაციის სისტემა მისთვის ფაქტობრივად გამოუყენებელი მეთოდი გახდა. მაგნიტურ ლენტზე გარემოში ჩაწერილი უკონტროლო ხმებით შექმნილი კომპოზიციის ფიქსაცია და სცენაზე ამავე მეთოდით მისი წარმოდგენა ახალი სიტყვა იყო ახალ სამყაროში.

ლაივ შესრულებისას მუსიკოსი სცენიდან გაქრობის გარდა გაჩნდა მუსიკის ფიქსირების ახალი გზებიც, თუ ადრე კომპოზიტორს არ ჰქონდა გზა მუსიკის ნოტებით პარტიტურაში ჩაწერის გარდა, მაგნეტურმა ლენტმა და კონკრეტული მუსიკის ახალმა ხედვამ მისი გარდაუვალი აუცილებლობა ეჭვქვეშ დააყენა. 


კლასიკური მუსიკის კომპოზიტორების დიდი ნაწილი პირველ ეტაპზე ამ მოვლენებს ეჭვის თვალით უყურებდა და ხშირად ეწინააღმდეგებოდა კიდეც, მაგრამ ვინც ამ გზის ნაცვლად კლასიკური მუსიკისა და ტექნოლოგიების კოლაბორაციით მისი ახალი სიცოცხლე დაინახეს, დიდი წვლილი შეიტანეს ახალი ელექტრონული მუსიკის გარდაქმნებში და მისი შეუცვლელი ნაწილები გახდნენ. 

უმნიშვნელოვანესი მომენტი პიერ შეფერის მუსიკალური პროდუქტის ჩამოყალიბებაში გახლდათ შეხვედრა კლასიკური განათლების მქონე კომპოზიტორ პიერ ანრისთან, რომელიც, თავის მხრივ, გამალებით ეძებდა ახალ ჟღერადობებს. მათმა პირველმა კოლაბორაციებმა ფაქტობრივად გადაწყვიტეს კიდეც კონკრეტული მუსიკის კომპოზიციური სტრუქტურის ხედვა და მნიშვნელოვნად გაზარდეს ევროპული სტუდიების ინტერესი ამ მიმართულების თავიანთ სივრცეებში დანერგვისთვის.


მათი პირველი წლების ერთერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი სწორედ ძველი და ახალი მუსიკის შერწყმის სანიმუშო მაგალითია. კომოზიციური ნაწილის გარდა ეს სცენის პერფორმანსსაც დაეტყო.


1953 წელს შედგა პრეზენტაცია პირველი ექსპერიმენტული კონკრეტული მუსიკის ოპერისა Orphée 53 (Orpheus 53), რომელიც წარმოადგენდა კრისტოფერ გლიუკის კლასიკური ოპერით შთაგონებულ თანამედროვე  დადგმას. 

აქ გამოყენებულია მრავალგვარი ხმოვანი ტექნიკები... გარემოში ჩაწერილი ხმის ინტერპრეტირების გარდა, ის მოიცავდა დიალოგის ენას, როგორც კომპოზიციური ხმოვანების ნაწილს. მისი ცოცხლად წარმოდგენისას მიუზიკ კონკრეტესა და ვოკალი ერთობლივად ერთობლივად გაჟღერდა. სცენაზე იდგნენ სპიკერები კომპოზიციის ერთი ნაწილის წარმოსადგენად, ვოკალისტი კი ცოცხლად მღეროდა არიას. ამ შემთხვევაში ეს უბრალოდ მინუს ფონოგრამაზე შესრულება კი არა, 2 სრულფასოვანი პერფორმერის (ვოკალისტის და სპიკერის) ერთობლივი წარმოდგენა გახლდათ.


რამდენიმე წლის შემდეგ ანრისა და შეფერის თანამშრომლობამ კიდევ ერთი შედევრი აჩუქა მუსიკალურ სამყაროს, კონკრეტული მუსიკის, ელექტრონული ტონებისა და საოპერო ვოკალის გაერთიანების შემდეგ ამ სიას ექსპერიმენტული საბალეტო ქორეოგრაფიაც დაემატა.


1955 წელს კომპოზიტორებმა ქორეოგრაფ Maurice Béjart-თან ერთად გააცოცხლეს თავიანთი კომპოზიცია Symphonie pour un homme seul - სიმფონია მარტოხელა კაცისთვის. მისი ძველი ვერსია მხოლოდ აუდიო ნამუშევარს წარმოადგენდა, თანამედროვე ბალეტმა კი მას ახალი სიცოცხლე მიანიჭა.




ეს კოლაბორაციები ძველი და ახალი ხელოვნების ერთობლივი მუშაობით მიღებული შედეგის ნათელ მაგალითია. დაპირისპირების ნაცვლად, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უკან ხევს მუსიკის განვითარებას მათ თანამედროვე ტექნოლოგიების, ახალი ხედვის და ძველი გამოცდილების გაერთიანებით მომავლისკენ ერთობლივი სვლა აირჩიეს. 

“ფოტოგრაფიას, როგორც დროის ერთწამიან მონაკვეთში ფიქსირებულ ფაქტს, სრულად აქვს დარღვეული მხატვრობის, როგორც პროცესის პრინციპი. ასევე არღვევს მუსიკის სტანდარტულ გაგებას ხმის სემპლებად მაგნიტურ ლენტზე ფიქსირება. ასევე იქცევა კინო თეატრთან მიმართებით, თუმცა ისინი ერთმანეთს არ აძევებენ სახელოვნებო სივრციდან, არამედ ისინი ამატებენ რაღაც ახალს. ამიტომაც გეკითხებით, ვცდები მე როდესაც ამ ახალ ხელოვნებას მუსიკას ვეძახი?“ 

პიერ შეფერმა ეს სიტყვები 1952 წელს სკეპტიკოსებისა და მუსიკის კონსერვატორების კრიტიკის საპასუხოდ თქვა. ამ სიტყვების უეჭველობის დადასტურება კი დღევანდელი ტექნოლოგიური ეპოქის ის სახეა, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ. 


მეოცე საუკუნის 50-იანი წლები სწორედ ამით იყო გამორჩეული. გამოცდილებასა და ნოვატორულ ხედვებთან ერთად, არტისტებმა სათანადოდ დააფასეს ტექნოლოგიების როლი და მისი შესაძლებლობები. სწორედ მათ შეძლეს ელექტრონული ტექნოლოგიების მასობრივი დანერგვა არა მხოლოდ მუსიკალური აპარატების შექმნით, არამედ აუდიო ეფექტების და თავად კომპოზიციების ექსპერიმენტულ პროცესებში მათი ჩართვით. ტექნოლოგია გახდა შეუცვლელი იარაღი კომპოზიტორების და ხელოვანების ხელში. ამან რადიკალურად შეცვალა და სათავე დაუდო შემდგომი ათწლეულების მუსიკალურ ფორმასა და შინაარსს.


ავტორი: ქუჯი დავითულიანი