მუსიკა | ცა

მუსიკა, რომელსაც ვუყურებთ

Joker-ს ტრეილერი რამდენიმე თვის წინ ვნახე და არ ვიცი, რა უფრო დამამახსოვრდა - ჩემი საყვარელი მსახიობის ხოაკინ ფენიქსის საოცარი გარდასახვა, თუ ჩარლი ჩაპლინის ლეგენდარული მუსიკალური თემა Smile, რომლის Jimmy Durante-სეული ვერსიაც ტრეილერს ადევს. მუსიკა ჩაპლინმა 1936 წელს ფილმისთვის „ახალი დროება“ (Modern Times) პუჩინის ოპერის „ტოსკა“ შთაგონებით შექმნა და მასზე ტექსტი ბევრი წლის შემდეგ, მხოლოდ 1954 წელს დაიწერა. ალბათ, ყველას უამრავჯერ გვაქვს მოსმენილი ამ კომპოზიციის ათასნაირი შესრულება, რომელთაგან ყველაზე დასამახსოვრებელი და სახალხოდ აღიარებული, ალბათ მაინც მაიკლ ჯექსონის Smile-ია. თუმცა ამ ფილმში ეს მელოდია სრულიად ახლებურად გაიჟღერებს.


ტოდ ფილიპსის ფილმის ტრეილერი აპრილში გამოვიდა, მაშინვე ვნახე და მეტჯერ აღარ დავბრუნებივარ, ისედაც ძალიან ველოდი ფილმს და არ მინდოდა ბევრი კადრი მქონოდა ნანახი, თუმცა აპრილიდან ნოემბრამდე მუდმივად მახსოვდა ის საოცარი მუსიკა, რომელიც მოსმენისითანავე ჩამებეჭდა გონებაში და მუდმივად ჩამესმოდა ყურში, იმის მიუხედავად Facebook-ზე დაშეარებული ფილმის პოსტერი მხვდებოდა თვალში თუ კინოსთან გაკრული აფიშა.


როგორც იქნა, ფილმი თბილისის კინოთეატრებშიც გამოვიდა, დარბაზში შევედი და ფილმის საყურებლად მოვემზადე, გონებაში ისევ მესმოდა: 


Smile though your heart is aching

Smile even though it's breaking… 


თითქმის მთელი ფილმი გაუცნობიერებლად ველოდი, რომ საუნდტრეკი თავიდან ბოლომდე აჟღერდებოდა, თუმცა კომპოზიცია სულ რამდენიმე წამით ისმის. სეანსიდან გამოსული ამ დრომდე ყველგან და ყველა დივაისში მხოლოდ Smile-ს ვუსმენ, მართალია სამწუხაროდ, ის მხოლოდ 2 წუთსა და 14 წამს გრძელდება, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. ის ხომ ჯადოსნურია.

ბოლო დღეებში ამ სიმღერას ჩემს Playlist-ებში მხოლოდ გია ყანჩელის მუსიკა ცვლიდა, რაც არამცდარამც არ უკავშირდება გენიალური ქართველი კომპოზიტორის გარდაცვალებას, მისი მუსიკა ღრმა ბავშვობიდანაა ჩემი ყოველდღიურობის განუყოფილი ნაწილი, თუმცა ერთი ამბავი მაინც გამორჩეულად მახსოვს: როცა პირველად ძალიან პატარამ ლანა ღოღობერიძის ფილმი „როცა აყვავდა ნუში“ ვნახე, ბევრი არაფერი დამამახსოვრდა, მისი ძალიან ამაღელვებელი მუსიკა კი სამუდამოდ ჩამრჩა გონებაში. დღესაც, სადაც არ უნდა ვიყო, საკმარისია, ამ თემის პირველი რამდენიმე ბგერა გავიგო, რომ თვალწინ ველოსიპედზე შემომსხდარი ზურა ყიფშიძე და თინათინ ვარდანაშვილი მიდგება. დარწმუნებული ვარ, ამ თავისთავად შესანიშნავი ფილმის მრავალწლიანი წარმატების ერთ-ერთი განმსაზღველი სწორედ გია ყანჩელის მუსიკაა. 

ამ ტექსტს რომ ვწერდი, ჩემს თავს ვკითხე პირველი რომელი სიმღერა გახსენდება და რომელი ფილმიდან-მეთქი, დიდხანს არ მიფიქრია: სოფია კოპოლას 1999 წელს გამოსული ფილმი „თვითმკვლელი ქალწულები“.


ამბავი, რომელიც ფილმში ვითარდება, თავისთავად ძალიან შთამბეჭდავია, რაც ლოგიკურია, ფილმი ხომ ჯეფრი იუჯიდინისის ამავე სახელწოდების ძალიან კარგ რომანს ეფუძნება, ამას ემატება ძალიან კარგი სამსახიობო ანსამბლი (კირსტენ დანსტი მაინც გამორჩეულად კარგია), დებიუტანტი რეჟისორის საინტერესო ხედვა, თუმცა მისი საუნდტრეკი Air-ს კომპოზიცია Playground love თავის თავში მოიცავს სურათის მთელ სათქმელს და უნაკლოდ ასახავს ფილმის (ისევე როგორც წიგნის) მრუმე გარემოს და ქმნის დაძაბულობას, რომელიც დიდი ტრაგედიის დადგომის წინ ჰაერში ტრიალებს ხოლმე. 

მართალია ფილმისთვის ცუდ კრიტიკად ითვლება მხოლოდ ერთი მიმართულების შექება, რადგან კარგი ფილმი მთლიანობაში უნდა აღიქმებოდეს, თუმცა გამონაკლისები არსებობს, მეც რამდენიმე ასეთი გავიხსენე, და თქვენი საყვარელი საუნდტრეკი რომელია? 

ავტორი: მაშო სამადაშვილი