მუსიკა | ცა

მუსიკა რთველში - წინანდლის ფესტივალი

8 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით წინანდალში კლასიკური მუსიკის ფესტივალი ჩატარდება. 

პროგრამა ისეთია, რომ იმაზე კი არ ვფიქრობ, რომელ კონცერტზე უფრო მინდა წასვლა, ვცდილობ გავერკვე, რომელი კონცერტის გაცდენა ნაკლებად დამწყვეტს გულს. თანაბრად მაღალი დონის კონცერტები იშვიათია ასეთ ხანგრძლივ ფესტივალებზე. როგორც წესი პომპეზური გახსნის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის კონცერტი იმართება. ასევე პომპეზური დახურვისას, მსმენელს მეორე სუპერ-ვარსკვლავი მოევლლინება ხოლმე. ხოლო ფესტივალის მსვლელობისას ერთ-ორ გამორჩეულ მუსიკოსს თუ გადაეყრები. წინანდლის ფესტივალს ეს არ ახასიათებს, რაც ფესტივალის ფილოსოფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

შუადღის და საღამოს კონცერტებზე ერთნაირად მაღალი რანგის მუსიკოსები გამოდიან. დამწყები შემსრულებლები, მსოფლიოში აღიარებული არტისტები და პუბლიკის ფავორიტები ანსამბლებში ერთად უკრავენ. პან-კავკასიურ ორკესტრს, რომელიც სპეციალურად ფესტივალისათვის შეიქმნა და მთლიანად ახალგაზრდა მუსიკოსებით არის დაკომპლექტებული, ისეთი მუსიკოსები უდირიჟორებენ, როგორებიც არიან ჯანანდრეა ნოსედა, ფესტივალის მუსიკალური დირექტორი და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დირიჟორი, პიანისტი სერ ანდრას შიფი, მევიოლინე პინჩას ცუკერმანი, მანჩესტერის კამერატას მთავარი დირიჟორი გაბორ ტაკაკს-ნაგი და სხვები. 

ჯანანდრეა ნოსედა

ჩემი გემოვნებით, პროგრამიდან, რომლის სრულად ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ, მე მოვნიშნე რამდენიმე კონცერტი:


პირველ რიგში, ლიზა ბათიაშვილის ორივე გამოსვლა. ლიზა არც ისე ხშირად ჩამოდის საქართველოში და ამ შანსის გამოტოვება არ შეიძლება. პირველ დღეს ის ჩაიკოვსკის ერთადერთ სავიოლინო კონცერტს დაუკრავს, რომელიც მევიოლინეების ევერესტია. მეორე დღეს კი ვილონჩელისტ გოტიე კაპიუსონთან და პიანისტ ნინო გვეტაძესთან ერთად შეასრულებს შოსტაკოვიჩის და მენდელსონის კამერულ ნაწარმოებებს. 

საინტერესო პერსონაჟია იოავ ლევანონი, რომელიც სულ თხუთმეტი წლის არის და ახლა იმ საშიშ ასაკს უახლოვდება, რომელიც ყველა ვუნდერკინდს აქვს გადასალახი. ან დარჩება ზრდასრულ ასაკში საინტერესო პიანისტად, ან ყოფილი ვუნდერკინდის სახელს დასჯერდება. დღეს კი ის ყველაზე ახალგაზრდა და ნამდვილად განსაკუთრებული შემსრულებელია წინანდალში.

პინჩას ცუკერმანი

მძიმე არტილერიიდან მიშა მაისკის (ჩელო), სერ ანდრას შიფს (ფორტეპიანო), და პინჩას ცუკერმანს (ვიოლინო) გამოვარჩევდი. სამივე იმდენად აღიარებული და წლების მანძილზე სტაბილურად კარგი შემსრულებელია, რომ წარმატებული კონცერტები გარანტირებული გვაქვს. 

ანდრას შიფი

ახალგაზრდებიდან ჯორჯ ლი და იან ლისეცკი მინდა ვახსენო. ორივე პიანისტს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. 

იან ლისეცკი

კიდევ ერთი პიანისტი, რომელსაც კლასიკისგან შორს მყოფი ბევრი ადამიანი თავის ექსტრავაგანტული ჩაცმულობით იცნობს - იუჯა ვანგია. ჩემთვის ის იმ პიანისტებს მიეკუთვნება, რომლებსაც მე სპრინტერებს ვუწოდებ, მაგრამ, როგორც ყველაფერი ზემოთ თქმული, ესეც გემოვნების საკითხია. ოლიმპიური თამაშების დევიზი „Citius, Altius, Fortius“ („უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერ“), წმინდა სპორტული მოწოდებაა და მუსიკაში ასეთ მიდგომას არ ვემხრობი. თუმცა, თავისთავად, როდესაც ასეთი ცნობილი და მოთხოვნადი მუსიკოსი ჩამოდის საქართველოში, მისი კონცერტის გამოტოვება არ ღირს.

იუჯა ვანგი

სასიხარულოა ფესტივალში ქართველი მუსიკოსების ნინო გვეტაძის (ფორტეპიანო), სანდრო ნებიერიძის (ფორტეპიანო), ანა ჭანიას (ვიოლინო), ლიზი რამიშვილის (ჩელო) და ქეთევან ქემოკლიძის (მეცოსოპრანო) მონაწილეობა. სუხიშვილებისა და რუსთავის სახელმწიფო ანსამბლი ქართულ ელფერს შესძენენ ფესტივალს. პროგრამა მართლაც რომ მრავალფეროვანია, ბახის მოსმენა მანდოლინაზეც კი იქნება შესაძლებელი. 

ნინო გვეტაძე

წინანდლის მამული ისტორიულად ყოველთვის სიახლის გამავრცელები ადგილი იყო საქართველოში. ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდში, როდესაც იქ ალექსანდრე ჭავჭავაძე ცხოვრობდა. პირველი როიალი და, შესაბამისად, ევროპული კლასიკური მუსიკაც იქ აჟღერდა, პირველი ბილიარდის მაგიდა, ეტლი, პირველად ბოთლში ჩამოსხმული ქართული ღვინოც კი ამ ადგილს და ოჯახს უკავშირდება. ასე რომ, ბუნებრივია დღეს აქ მსოფლიო დონის ფესტივალის დაფუძნება.

სხვათაშორის, ევროპელი მეღვინეები და სხვა სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კლასიკური მუსიკა ყურძნის ზრდასა და მის კარგ ხარისხს უწყობს ხელს. ბევრ მათგანს ვენახებში დინამიკები აქვთ დამონტაჟებული და ვაზს მოცარტს, შუბერტს, შოპენს ასმენინებენ.


ვინ იცის, იქნებ, წლევანდელი მოსავალი წინანდლის სიახლოვეს სულ სხვანაირი იყოს, რადგან კონცერტები უმეტესად ღია ცის ქვეშ გაიმართება და არემარეს კლასიკური ჰანგები მოეფინება.

ავტორი: თამრიკო კვაჭაძე